კრიზისი ნობელის პრემიებსაც შეეხო
ალფრედ ნობელის ფონდმა კრიზისის „წყალობით“ საკუთარი აქტივების მეხუთედი დაკარგა. ამის შედეგად პრესტიჟული პრემიების ფულადი ეკვივალენტის ოდენობა, შეიძლება, შემცირდეს. ამის შესახებ ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მიქაელ სოლმანმა ამ დღეებში განაცხადა. მისი თქმით, წლევანდელმა ლაურეატებმა 1,5 მილიონი დოლარი მიიღეს, მაგრამ მომავალი წლიდან ეს თანხა შეიძლება შემცირდეს. 2008 წლის ბოლოსთვის ალფრედ ნობელის ფონდის ანგარიშზე 407,2 მილიონი დოლარი იყო. ფონდი 100 წელიწადზე მეტი ხნისაა. თავის დროზე, ცნობილმა შვედმა მეწარმემ და ქიმიკოსმა ახლობლებს 4,5 მილიონ დოლარად ფასიანი ქაღალდების ყიდვა უანდერძა, რომლიდან მიღებული პროცენტებიც პრემიების გაცემაზე უნდა დახარჯულიყო. 2009 წლის პრემიების გაცემა ნობელის ფონდს 17,5 მილიონი დოლარი დაუჯდა. ამ თანხაში შედის როგორც თავად პრემიები, ასევე სტუმრების მიღება და ძვირფასი საზეიმო ბანკეტი. ნობელის პრემიების გადაცემის ცერემონია ტრადიციულად 10 დეკემბერს ეწყობა. უკანასკნელ ხანებში ეს ღონისძიება სტოკჰოლმის საქალაქო რატუშის ცისფერ დარბაზში ეწყობა. წელს ნობელის პრემიის ლაურეატი ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამაც გახდა, რამაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია მსოფლიოში.