ოსლო კვლავ უძვირესი ქალაქია
ბრიტანული კომპანია „პრაის რანერის“ მიერ სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევის თანახმად, მსოფლიოს უძვირეს ქალაქად კვლავ ოსლო რჩება და ეს ზედიზედ მესამე წელიწადია, ასეა. ნორვეგიის დედაქალაქში ფასები საშუალოზე 35,4 პროცენტით მეტია. სამომხმარებლო კალათა, რომელიც 26 დასახელების სხვადასხვა პროდუქტისგან შედგება, ყველაზე იაფი ინდოეთის უდიდეს ქალაქ მუმბაიშია. სამომხმარებლო კალათაში ისეთი პროდუქტები შედის, როგორებიცაა: რძე, ბიგ-მაკი, ავტობუსის ბილეთი, ბენზინი, საბავშვო პამპერსი, ქალთა ჰიგიენისა და კოსმეტიკის საგნები, სიგარეტი, წიგნები, კინოთეატრის ბილეთი, არაყი, კოკა-კოლა, ყავა, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკა. ამ ჩამონათვალში ფუფუნების საგნები არ მოხვდა. უძვირესი ქალაქების რეიტინგში მეორე ადგილზე დანიის დედაქალაქი კოპენჰაგენი გავიდა, სადაც ფასები საშუალოზე 16,6 პროცენტით მეტია. მესამეა ბრაზილიური სან-პაულო. მეოთხე ადგილზე ყველასთვის საოცნებო ქალაქი პარიზია, ნიუ-იორკი კი მოულოდნელად ბოლოდან მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა შანხაის, ბანგკოკისა და მუმბაის შემდეგ. კრიზისის შედეგად ლონდონმა სიძვირის მხრივ მოწინავე პოზიციები დაკარგა და ახლა ბრიტანეთის დედაქალაქი რეიტინგში მოკრძალებულ მეოცე ადგილზეა. ევროპაში ყველაზე იაფი ქალაქები ვარშავა, პრაღა და ვილნიუსია. ამასთან, აშკარაა, რომ უკანასკნელ პერიოდში ევროპის სახელმწიფოების დედაქალაქებს შორის ფასების მხრივ განსხვავება სულ უფრო და უფრო ნაკლებია.