ინტიმური საუბრები
არ მინდა, არაკაცის სახელი შემერქვას
საშინელ მდგომარეობაში ვარ. ისეთი რამ შემემთხვა, თავი რომ მოვიკლა, ის მირჩევნია. ვიცი, გასამხელადაც სამარცხვინოა, მაგრამ თავს ვერ ვერევი და აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. საქმე ისაა, რომ ჩემი ძმის საცოლე შემიყვარდა. გიგა და ია თითქმის ერთი წელია, ერთმანეთს ხვდებიან, ოფიციალურ საცოლედ და საქმროდ ითვლებიან, მაგრამ მე მხოლოდ ერთხელ მყავდა ჩემი სარძლო თვალმოკვრით დანახული. ამას წინათ კი, გიგამ ია სახლში მოიყვანა, რომ ოჯახისთვის ოფიციალურად გაეცნო და იქ დამთავრდა ჩემი ცხოვრება: სახეში შევხედე თუ არა, კინაღამ გული წამივიდა. ასეთი რამ მხოლოდ წიგნებში თუ წამიკითხავს და ყოველთვის მეცინებოდა ამგვარ სენტიმენტალობაზე. იმას როგორ წარმოვიდგენდი, რომ თავად აღმოვჩნდებოდი სიყვარულის ხაფანგში თავიან-ფეხიანად გაბმული?!
რა თქმა უნდა, არავის წარმოდგენაც კი არ აქვს, რა დღეში ვარ. სიკვდილი მენატრება. ვიცი, რომ ეს, ყველაფერ დანარჩენს რომ თავი დავანებოთ, კაცობის ღალატია, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ არის. წარმოდგენა არ მაქვს, გიგა ცოლად რომ მოიყვანს იას, ერთ ბინაში როგორ უნდა ვიცხოვროთ. სიამოვნებით გადავიკარგებოდი სადმე, ან უცხოეთში წავიდოდი სამუშაოდ და უკან აღარ დავბრუნდებოდი, მაგრამ ამ წასვლასაც იმხელა თანხა სჭირდება, ჩემი ხელფასით ათ წელიწადში ვერ დავაგროვებ. ახლა გადავწყვიტე, სანამ რამე გზას ვეწევი, ცალკე, ქირით გავიდე საცხოვრებლად ყველაზე მოშორებულ გარეუბანში, ან, სულაც, სხვა ქალაქში ან რაიონში დავსახლდე და აღარასოდეს ჩამოვიდე თბილისში.
ჩემი ამბავი, თუნდაც ერთმა ადამიანმა რომ გაიგოს, ზუსტად ვიცი, არაკაცის სახელი შემერქმევა. წადი მერე და იმართლე თავი! ვინ დამიჯერებს, რომ ყველაფერი თავისთავად, ჩემდაუნებურად დამემართა?!
დათო, 24 წლის.
მამაჩემმა ცოლად ჩემი ძმაკაცის დედა მოიყვანა
ჩემი მშობლები რომ გაიყარნენ, 14 წლის ბიჭი ვიყავი და უსაშველოდ მტკივნეულად განვიცადე ეს ამბავი. დედა სულ ტიროდა და ისეთ დღეში იყო, ჩემთვის, პრაქტიკულად, არ ეცალა. მამაჩემმა სცადა, დამლაპარაკებოდა, მაგრამ მისი დანახვაც არ მინდოდა. ბოლოს მაინც გამომიჭირა სალაპარაკოდ და იძულებული გავხდი, მომესმინა. ცხადია, 14 წლის მოზარდისთვის ძნელია, მამისგან მიტოვებულის სტატუსით ცხოვრება. იმ პერიოდში ისე მძულდა მამაჩემი, გულში ვნატრობდი, ნეტავი მოკვდეს-მეთქი. რა თქმა უნდა, ეს ამბავი მაშინვე მოედო მთელ უბანს და სირცხვილით გარეთაც ვეღარ გავდიოდი. იმ დღეს კი, როცა მამამ დამიმარტოხელა და სასაუბროდ დამსვა, სიმწრისგან და ბოღმისგან ლამის გავსკდი. გული მწყდებოდა, რომ პატარა ვიყავი და მამას ვერ მოვერეოდი, თორემ ის, რომ შვილი მამას არ უნდა შეეხოს, არც კი მახსენდებოდა.
ჩვენი საუბარი ვერა და ვერ აეწყო. მე ისეთი სახით ვიჯექი, რომ მამაჩემს თავის გასამართლებელი ყოველი სიტყვა შუაზე უწყდებოდა და აღარ იცოდა, როგორ წარემართა საუბარი. ბოლოს ძალები მოიკრიბა და პირდაპირ მითხრა, იმედი მაქვს, კაცურად გამიგებ. იყო დრო, დედაშენი მიყვარდა, ახლაც დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ეს სიყვარული აღარ არის. სრულიად შემთხვევით გავიცანი ქალი, რომელმაც თავი დამაკარგვინა. რა თქმა უნდა, ყველასთვის ჯობდა, ეს არ მომხდარიყო, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ არის. ვიცი, შენს ასაკში ძნელია ამის გაგება, მაგრამ, იმედი მაქვს, რომ გაიზრდები, როგორც კაცი კაცს გამიგებ... – დანარჩენი სიტყვები აღარ მომისმენია. ცოტა ხანს კიდევ ვიჯექი, მერე კი უხმოდ ავდექი და წამოვედი, ისე, რომ არც „ნახვამდის“ მითქვამს ნირწამხდარი მამაჩემისთვის და არც იქვე სკამზე დადებული ფულით სავსე კონვერტისთვის მიხლია ხელი, რომელიც მან ჩემს მოსაქრთამად დადო. გულდამძიმებულს, ძალიან მინდოდა, ჩემს ძმაკაცთან – ნიკასთან მივსულიყავი და გული გადამეშალა, მაგრამ გადავიფიქრე, რადგან გამახსენდა, რომ ეს ბოლო ხანებია, გამირბოდა და თავს მარიდებდა, სალაპარაკოდაც კი არ მიჩერდებოდა, ჩვენთან მოსვლაზე ხომ, ლაპარაკიც ზედმეტია. ვერც ტელეფონით ვუკავშირდებოდი – მოგვიანებით გავიგე, სპეციალურად გამოუცვლია ნომერი, მე რომ არ დამერეკა. სახლშიც მივაკითხე რამდენჯერმე, მაგრამ კარი არავინ გამიღო. რამდენიმე დღის შემდეგ კი მითხრეს, ბინა გაყიდეს და სხვაგან გადავიდნენო. ვერაფრით ვხვდებოდი, რა ხდებოდა, ლამის ჭკუიდან შევიშალე, მაგრამ ორიოდე თვეში ყველაფერი გაირკვა: ის საოცარი ქალი, რომელმაც მამაჩემს თავი დაავიწყა და ოჯახი მიატოვებინა, ნიკას დედა აღმოჩნდა. არადა, გარდა იმისა, რომ მე და ნიკა ვძმაკაცობდით და ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით, დედაჩემი და დედამისიც უახლოესი დაქალები იყვნენ.
ჩვენი მშობლების „წყალობით“, მე და ნიკამ ერთმანეთი შევიძულეთ და აღარც ჩვენი მშობლების დანახვა გვინდოდა. ისე შევედით ასაკში, ერთმანეთს აღარ შევხვედრივართ.
მამაჩემს ეგონა, რომ გავიზრდებოდი, კაცურად გავუგებდი და გავამართლებდი მის სიყვარულს, მაგრამ პირიქით მოხდა. მრცხვენია, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ახლაც თავმოყვარეობა მელახება, როცა გამახსენდება, როგორ არაკაცურად მოგვექცა მე და დედას. ერთი თვის წინ კი მამაჩემი გარდაიცვალა და არც პანაშვიდზე მივსულვარ, არც გასვენებაში. გულიც კი არ შემტოკებია, რომ დამირეკეს, გამოგიტყდებით და, პირიქით დამემართა. გამიხარდა-მეთქი, ნამდვილად ვერ ვიტყვი, მაგრამ შვებით კი ამოვისუნთქე.
მომიტევოს უფალმა.
აკო, 38 წლის.
ჩემმა მულმა ბინის გამო შური იძია
სიყვარულით გავთხოვდი. ჩემი ქმარი არაჩვეულებრივი ადამიანი აღმოჩნდა. მთელი ათი წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ უშვილო გამოვდექი, ჩემზე ბედნიერი ქალი დედამიწაზე არ მეგულებოდა. თვალებში შევციცინებდით ერთმანეთს. ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ შვილი მაინც რომ არ გვეყოლა, ახალშობილი გოგონა ვიშვილეთ. ბავშვმა სულ სხვა სითბო და ხალისი შემოიტანა. არ ვიცი, რამდენი ანგელოზი შემოჰყვა ჩემს ნესტანს თან, მაგრამ ოჯახი, აშკარად, რომ იტყვიან, წაღმა შემობრუნდა – დროის უმოკლეს მონაკვეთში ყველა წვრილმანი თუ მსხვილმანი პრობლემა მოგვარდა. ერთადერთი, რაც დისკომფორტს გვიქმნიდა, ჩემი მულის პრეტენზიები იყო. საქმე ისაა, რომ მე და ჩემი ქმარი მამამთილის დანატოვარ ბინაში ვცხოვრობდით და რადგან ამდენ ხანს შვილი არ გვყავდა, ჩემმა მულმა ბინის „დათრევა“ განიზრახა. მას ორი გოგონა ჰყავდა და ბინაც დიდი ჰქონდა, მაგრამ აღარც მალავდა და პირდაპირ მოითხოვდა, ჩვენი ბინა მის ერთ-ერთ შვილზე გადაგვეფორმებინა. ერთი პერიოდი კინაღამ დაითანხმა ჩემი ქმარი. მერე კი, ბავშვი რომ ავიყვანეთ, ლამის გადაირია, მამაჩემის დანატოვარი ვიღაცის შვილს რატომ უნდა დარჩესო. ერთი კარგი სკანდალი მოგვიწყო და ბოლოს დაგვემდურა. თავიდან ამას ძალიან განვიცდიდი, მაგრამ ეს ყველაფერი ახალმა ბედნიერებამ დამავიწყა: ნესტანის აყვანიდან ერთი წლის შემდეგ დავფეხმძიმდი და ბიჭი მეყოლა, კიდევ ორი წლის შემდეგ კი – გოგონა. მე და ნუკრი (ჩემი ქმარი) ბედნიერებისგან ჭკუაზე არ ვიყავით. ვინც კი გვიცნობდა, ყველა ხარობდა ჩვენი ბედნიერებით. სამი შვილი ისე გავზარდეთ, გაჭირვებაც გვქონია, მაგრამ ერთხელაც არ დაგვიწუწუნია, არც არავის მივდგომივართ კარზე. ბავშვები რომ წამოიზარდნენ, ჩემი მული მხოლოდ მაშინ შემოგვირიგდა. ჯერ აქტიურად დაიწყო ჩვენთან სიარული, მერე, შეიძლება ითქვას, ჩაგვისახლდა – ღამითაც რჩებოდა დღეების განმავლობაში და ოჯახის საქმეებშიც დაიწყო ცხვირის ჩაყოფა, ბოლოს კი ძალიან უცნაურად იქცეოდა: ჩემს უმცროს შვილებს ხან რას მოუტანდა საჩუქრად, ხან სად წაიყვანდა, სულ აქებდა და ადიდებდა, ნესტანს კი ხაზგასმით არ აქცევდა ყურადღებას და ხანდახან ვატყობდი, რომ აგრესიულადაც კი ექცეოდა. ამას ძალიან განვიცდიდი, რადგან ბავშვიც გრძნობდა მამიდის დამოკიდებულებას და თვითონაც შესაბამისი განწყობა გაუჩნდა მის მიმართ.
ერთხელ ჩვენი კარის მეზობელი, ხანდაზმული ქალი, ლილი დეიდა იყო ჩვენთან შემოსული და ამ დროს ჩემი მულიც მოვიდა. როგორც ყოველთვის, უმცროსებს რაღაც საჩუქრები მოუტანა, მოეფერა, შეაქო, მერე უთხრა, დღეს ცირკში მიმყავხართო. ნესტანისკენ კი არც გაუხედავს. საწყალი ბავშვი, იდგა ცრემლიანი თვალებით და ელოდებოდა, იქნებ მეც მითხრას რამეო. და, მამიდამაც უთხრა: შენ ვერ წაგიყვან, მეტი ბილეთი არ იყოო. ბავშვი უხმოდ გავიდა თავის ოთახში, ჩემმა მულმა კი ბავშვების ტანსაცმლის მომზადება დაიწყო. მაგრამ, მე ვიტყოდი, სასწაული მოხდა: ბავშვებმა უარი უთხრეს მამიდას ცირკში წასვლაზე და ნესტანის ოთახში გავიდნენ. ჩემი მული მეზობელსაც არ მოერიდა და ერთი ამბავი ამიტეხა, ბავშვებს ჩემ წინააღმდეგ ამხედრებო. მაშინ ლილი დეიდამ ვეღარ მოითმინა და უთხრა, ბოდიშს ვიხდი, თქვენი ოჯახის საქმეში რომ ვერევი, მაგრამ შენც და შენი ძმაც ჩემს კალთაში გაიზარდეთ და მაქვს უფლება, თუნდაც როგორც მოხუცმა ქალმა გითხრა, რომ ცუდად იქცევი, არ შეიძლება ბავშვების ასეთი გარჩევა ერთმანეთისგან. შენც შვილების დედა ხარ და ცოდვას ნუ იდებ კისერზე, იცოდე, ცუდად მოგიბრუნდება ყველაფერიო.
ამ სიტყვების გაგონებაზე ისეთი წიოკი აუტეხა ლილი დეიდას, მგონი, მთელ ქუჩას ესმოდა. შენ ვინ გეკითხებაო, – მთელი ხმით გაჰკიოდა. ლილიმ კი წყენით, მაგრამ წყნარად უპასუხა, ბავშვობიდანვე ავი და კონფლიქტური იყავი, არც შურიანობა გაკლდა და ეს თვისებები ქალობაშიც გამოგყოლია, მაგრამ მარტო ეს რომ იყოს, რა უჭირს. დარწმუნებული ვარ, რაღაც ცუდი გაქვს ჩაფიქრებული. მე რომ შენი ძმა ვიყო, სახლში არ შემოგიშვებდი და ბავშვებს სათოფეზე არ მიგაკარებდიო. მე ტირილი დავიწყე, ჩემმა მულმა – ყვირილი, ლილი დეიდა კი ადგა და გავიდა. ჩემმა მულმა კიდევ კარგა ხანს იქოთქოთა, მერე თავისი მოტანილი საჩუქრები პარკში ჩაიყარა, ერთი კარგად გამოგვლანძღა მე და ნუკრი და კარი გაიჯახუნა.
ლილი დეიდა რომ არ ცდებოდა, ამაში რამდენიმე წლის შემდეგ დავრწმუნდი: ჩემმა მულმა ჩემს უმცროს შვილებს უთხრა, თქვენ ნამდვილი შვილები ხართ, ნესტანი კი აყვანილიაო. დაიწყო ბავშვების დამუშავება უფროსი დის წინააღმდეგ და შედეგსაც მიაღწია – უკვე მოზარდობის ასაკში ჩემმა უმცროსმა შვილებმა ნესტანი გაინაპირეს და ერთ-ერთი წაკინკლავების დროს, წამოაძახეს კიდეც, აყვანილი ხარო. არ იცით და ვერც წარმოიდგენთ, რა ტრაგედია დატრიალდა ჩემს ოჯახში. ნესტანი სახლიდან გარბოდა, მე ხმამაღლა ვტიროდი, ჩემს ქმარს კინაღამ ინფარქტი დაემართა. ბოლომდე მოწესრიგებული სიტუაცია ახლაც არ მაქვს და არც ვიცი, როგორ რა განვითარდება. იმედს ვიტოვებ, რომ ბავშვები გაიზრდებიან და თვითონ დაარეგულირებენ ურთიერთობას. „კეთილ“ ხალხს რა გამოლევს და ერთმა ენა მომიტანა, შენი მული დადის და ყველგან ლაპარაკობს, აბა, რა ეგონათ, ჩემს ჯინაზე ვიღაცის ნაბიჭვარი რომ იშვილეს და შვილები დაყარეს, მაგას შევარჩენდიო?!
თურმე, მთელი ეს სიბინძურე იმაზე შურის საძიებლად მოიფიქრა, მის შვილებს ჩვენი ბინა რომ არ დავუმტკიცეთ.
მართალია, მთელმა უბანმა გაიგო მისი ავქალობის შესახებ და თითქმის არავინ არც კი ესალმება, მაგრამ იმას, უკაცრავი პასუხია და, ფეხებზე ჰკიდია. რაც მთავარია, თავისას მიაღწია, ჩემს ბედნიერებით სავსე ოჯახში გესლი დათესა და რა იქნება მომავალში, კაცმა არ იცის.
თათია, 40 წლის.
ძმამ და ძმისშვილმა
ქუჩაში დამტოვეს
ცოლი ადრე მომიკვდა და მცირეწლოვანი ქალ-ვაჟი მარტომ გავზარდე. მეორედ დაოჯახებაზე აღარც მიფიქრია – არ მინდოდა, ბავშვებს დედინაცვლის ენისა და ხელის სიმწარე ეგრძნოთ. თან გადავყევი და გამიმართლეს კიდეც. კარგები გამოვიდნენ – წესიერები, განათლებულები. გოგონა გერმანიაში წავიდა სასწავლებლად და იქ გათხოვდა ემიგრანტ ქართველზე. საქართველოში ჩამოსვლას წელიწადში ერთხელ თუ ახერხებდა. მართალია, ძალიან მენატრებოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ კარგად ცხოვრობდა, ბედნიერი იყო და ეს მამშვიდებდა. ვაჟი ჩემთან დარჩა. მანაც ევროპული განათლება მიიღო და კარგ ადგილას მუშაობდა. ერთადერთი, იმას ვნატრობდი, ცოლი შეირთოს და ოჯახს მოეკიდოს-მეთქი.
ერთ დღესაც, ერთი ლამაზი გოგონა მოიყვანა სახლში და მითხრა, ჩემი საცოლეაო. სიხარულისგან კინაღამ გადავირიე. ცოტა ხანში ნიშნობაც მოვაწყვეთ და ქორწილის დღეც დავნიშნეთ. ზაფხული იყო და გადავწყვიტეთ, სექტემბრის ბოლოს ერთი კარგი ქორწილი გადაგვეხადა. მაგრამ ყველაფერი უკუღმა დატრიალდა: ნიშნობიდან რამდენიმე დღის შემდეგ ჩემთან ჩემი ძმა და ძმისშვილი მოვიდნენ და ლამის ტირილით მთხოვეს, ერთი თვით ბინა უნდა ჩაგვიდო ბანკში. რაღაც ვალი დაგვედო და ერთ თვეში უკან დაგიბრუნებთო. მე ასეთი რაღაცეების ძალიან მეშინია, მით უმეტეს, რომ ჩემს შვილს ამ ერთი ბინის მეტი არაფერი გააჩნია, თანაც, ეჭვი შემეპარა, ამხელა თანხას ერთ თვეში როგორ იშოვიან-მეთქი და უარი ვუთხარი. მაგრამ ისინი ჩუმ-ჩუმად მისულან ჩემს ბიჭთან და ხვეწნა-ტირილი დაუწყიათ, ნუ დაგვღუპავო. ამასაც შესცოდებია, თანაც, ბიძისთვის ვერ უკადრებია უარი და ბინა დააგირავა. როგორც მოველოდი, ისე მოხდა: ჩემმა ძმამ და ძმისშვილმა ფული ვერ დაგვიბრუნეს და ჩვენი ბინა აუქციონზე გაიყიდა. გარდა იმისა, რომ მე და ჩემი შვილი ქუჩაში დავრჩით, ჩემს ბიჭს ქორწილიც ჩაეშალა და მთელი ცხოვრება აეწეწა. ჩემი ძმა და ძმისშვილი კი გადასარევად გრძნობენ თავს – ვალიც გაისტუმრეს და არც თავიანთი ბინა დაუკარგავთ. იმდენად უსინდისოები აღმოჩნდნენ, სანახავადაც კი არ მოდიან. საწყალი ჩემი შვილი თვალებში ვეღარ მიყურებს.
რამდენიმე თვე ქირით ვიცხოვრეთ, მაგრამ ძალიან გაგვიჭირდა. ჩემს ქალიშვილსაც არაფერს ვატყობინებ – ორსულად არის და არ მინდა, ინერვიულოს. ახლა ერთადერთი გზა დაგვრჩენია: ჩემს ბიჭს სამსახურიდან იტალიაში აგზავნიან ერთი წლით სამუშაოდ. იქაც კარგი ანაზღაურება ექნება და, რომ ჩამოვა, კარგ თანამდებობას ჰპირდებიან. მანამდე კი მოხუცთა თავშესაფარში უნდა მიმიყვანოს, რადგან მარტო ვეღარ მოვუვლი თავს. ნათესავებთან ან მეგობრებთან სამადლოდ მისვლა კი არ მინდა. ან, ვინ მიგიღებს მოსავლელ მოხუცს, ყველას საკუთარი თავი გასჭირვებია.
ძმა და მისი ოჯახი კი სამუდამოდ დავკარგე.
ბენო, 70 წლის.
ჩემი ყოფილი ცოლი
საბედისწერო ქალია
ძალიან მიყვარდა ჩემი ცოლი, გამოგიტყდებით და, ახლაც მიყვარს, მაგრამ შეუძლებელია მასთან ცხოვრება – სულ ხიფათსა და უბედურებას უნდა ელოდე, რაღაც ცუდს, გაუთვალისწინებელ მარცხს, წაგებას, ჯანმრთელობის შერყევას, ანუ, ყველაფერ უარყოფითს. არადა, საოცრად კეთილშობილი ადამიანია, უაღრესად თბილი, ხელგაშლილი, ყველაზე მზრუნველი და ყველას გულშემატკივარი. თან, ლამაზიც არის, ნიჭიერიც, დინჯი და გაწონასწორებულიც. რატომ ხდებოდა ასე, არ ვიცი, მაგრამ, საკმარისი იყო, ვინმეზე მზრუნველობა ეთავა, რომ, მართალია, იმ კონკრეტულ პრობლემას მოუგვარებდა, მაგრამ იმ ადამიანს რამე სხვა შეემთხვეოდა, აბსოლუტურად გაუთვალისწინებელი. საქმეშიც ასე იყო – ერთ კონკრეტულს აგვარებდა და უფრო გლობალური პრობლემა ჩნდებოდა. ერთი სიტყვით, რასაც გაეკარებოდა, ის საქმე დაღუპული იყო. არ ვიცი, რისი ბრალია, რატომ ხდებოდა ასე. ხშირადაც მიფიქრია ამაზე, მაგრამ დასკვნა ვერ გამოვიტანე. ბოლოს კი მივხვდი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარდა, მასთან ცხოვრება აღარ შემეძლო – სულ დაძაბული ვიყავი, რაღაც ცუდის მოლოდინში და ასეთმა ყოფამ დამღალა. გაყრა რომ გადავწყვიტე, მიზეზი არც დამიმალავს. ყველაფერი რომ მოისმინა, მიტკლის ფერი დაედო, თვალები ცრემლით აევსო და ჩუმად მითხრა, ალბათ, მართალი ხარო. სულ ეს იყო, არც სკანდალი აუტეხავს, არც ახსნა-განმარტება დაუწყია. მხოლოდ ის მითხრა ბოლო დღეს, ოღონდ შენ იყავი კარგადო – და წავიდა.
ვაღიარებ, რომ სინდისის ქენჯნას განვიცდი, ასე რომ მივატოვე ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანი, მაგრამ მეც აღარ შემეძლო ასე მუდმივად სტრესების ქვეშ ცხოვრება. არადა, ვგრძნობ, რომ უმისოდ მიჭირს. ხანდახან ვფიქრობ, ხომ არ შევურიგდე-მეთქი, მაგრამ ჯერ ბოლომდე ვერ გადამიწყვეტია, არ ვიცი, როგორ მოვიქცევი.
გია, 32 წლის.
რედაქციაში შემოსული უამრავი წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.
„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.
ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com
ან მოიტანოთ რედაქციაში
წერილის სახით.