კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ ფილმში ითამაშა მილიარდერ სერჟ დასსოს პროტოტიპის როლი ჟან-პოლ ბელმონდომ და რა აკავშირებს მას ოდესიდან ემიგრირებული ბლოხების ებრაულ ოჯახთან


„ის, რომ ადამიანი ცაში აიჭრა კაცობრიობა საფრანგეთს უნდა უმადლოდეს“, – ეს სიტყვებია დაწერილი ძველ პლაკატზე, რომელიც პარიზის ცენტრალურ ავიაკლუბშია გამოფენილი. ეს კლუბი ტრიუმფალურ თაღთან ახლოს მდებარეობს და ამ პლაკატის გარდა, იქ შეხვდებით თითქმის ყველა ფრანგი ავიაკონსტრუქტორის თუ პილოტის ფოტოს, რომელთაც ფრანგული ავიაციის შექმნაში წვლილი მიუძღვით. ტყავის ქურთუკებში და „პილოტკებში“ გამოწყობილი ადამიანების ფოტოების გვერდით, შეუმჩნეველ, ბანალურ შლაპაში, შარფით და ბუღალტრულსათვალიანი მოხუცის ფოტოც არის მოთავსებული, რომლის სახელი – მარსელ დასსო, პირდაპირ ასოცირდება ფრანგულ ავიაციასთან. მისი შვილი, სერჟ დასსო 2009 წლის „ფორბსის“ მილიარდერთა რეიტინგში 5,4 მილიარდი დოლარით 90-ე პოზიციაზე იმყოფება.

ოდესელი ექიმის შვილი, მოშე ბლოხი ოჯახთან ერთად, მეოცე საუკუნის დასაწყისში გაიქცა რუსეთის იმპერიიდან და პარიზში დასახლდა. 1909 წელს მას გადაწყვეტილი ჰქონდა უნივერსიტეტში ჩაბარება, მაგრამ ფრენის სურვილმა და სიყვარულმა გადააფიქრებინა. ახლომხედველმა მოშემ მსოფლიოში პირველ საავიაციო სასწავლებელში, პარიზის აერონავტიკის უმაღლეს სკოლაში ჩააბარა გამოცდები, სადაც აეროპლანების აშენების შესწავლა დაიწყო.

მეოცე საუკუნის დასაწყისში ავიამრეწველობა ფრანგების ნაციონალურ ინდუსტრიად იყო ქცეული. 183 ათასი მუშა და ინჟინერი სამ ათასამდე ქარხანაში აეროპლანების აგებით იყო დაკავებული. პირველი მსოფლიო ომის დასაწყისისთვის მოშე ბლოხი, რომელიც იმ დროისთვის ფრანგულ სტილზე გადავიდა და მარსელ ბლოკად იქცა, საკმაოდ მაღალი ავტორიტეტით სარგებლობდა ავიატორებს შორის. 1915 წელს მან მიიღო პატენტი საჰაერო ქანჩ „ეკლეირზე“, რომელიც ახალი პრინციპებით იყო შემუშავებული. ეს ნაკეთობა ფირმა „კაუდრონმა“ შეიძინა, რომელმაც გამანადგურებლების სერიული წარმოება დაიწყო და სწორედ ამ ავიაგამანადგურებლების საშუალებით მიაყენეს „ანტანტის“ ქვეყნებმა მნიშვნელოვანი ზიანი გერმანელებს. 1918 წელს ბლოკი ანრი პოტეზთან ერთად ქმნის ორადგილიან გამანადგურებელს „სეა-4“-ს, ხოლო 1928 წელს ბომბდამშენ „ემბე-60“-ს.

1930 წელს მარსელ ბლოკმა მეგობრებთან ერთად ჩამოაყალიბა „ავიონს მარსელ ბლოკი“, რომელსაც მოგვიანებით, მემარცხენე ძალების მთავრობაში მოსვლის შემდეგ, ნაციონალიზაცია გაუკეთდა, მაგრამ ამის მიუხედავად ბლოკი მაინც განაგრძობდა თვითმფრინავების წარმოებას. მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, კაპიტულირებულ საფრანგეთში ფაშისტებმა ნადირობა დაიწყეს ავიაკონსტრუქტორებზე და პირველი, ვინც დააკავეს და გერმანიაში გადაიყვანეს, მარსელ ბლოკი იყო. გერმანელების ყველა შემოთავაზებაზე მარსელმა „უარი“ ამაყად განაცხადა, რადგან მისი შვილი სერჟი პარტიზანების რიგებში იყო, ხოლო მისი უფროსი ძმა პოლ დარიუს ბლოკი, სულაც შარლ დე გოლის მხარდამხარ იბრძოდა. სწორედ პოლ დარიუსის მეტსახელი „დასსო“ რაც ფრანგულიდან შეიძლება ითარგმნოს როგორც „შტურმის მოთავე“ გახდა შემდგომში ბლოხების საგვარეულოს ახალ გვარი.

ომის პერიოდი მარსელმა ბუჰენვალდის საკონცენტრაციო ბანაკში გაატარა. გერმანელებმა ვერ მოახერხეს მისგან საჭირო ინფორმაციის მოპოვება. სამაგიეროდ, ჯოჯოხეთურ პირობებში ამყოფებდნენ. ომის დასრულების შემდეგ მარსელი პარიზში დაბრუნდა, მაგრამ ადამიანს აღარ ჰგავდა. ბუჰენვალდური ჯოჯოხეთის შემდეგ ის თითქმის დაბრმავებული, ნახევრად პარალიზებული და საშინლად გამხდარი იყო. ძმისა და შვილის დახმარებით, მან მაინც მოახერხა თავისი ფირმის აღორძინება და მას „დასსო“ დაარქვა. მისი ხელმძღვანელობით დაპროექტდა და აიგო 90-მდე სხვადასხვა დასახელების თვითმფრინავი, მათ შორის ფრანგული ავიაციის სიმბოლო „მირაჟ III“ და საბრძოლო „მისტერი IV“. აღსანიშნავია, რომ მარსელ დასსო და მისი შვილი სერჟი, რომელმაც ღირსეულად შეცვალა მამა დაკავებულ თანამდებობაზე, ფილიპ ლაბორის ფილმში „მემკვიდრე“ ჟან-პოლ ბელმონდოს გმირის პროტოტიპები გახდნენ.

1986 წელს, 95 წლის ასაკში, მარსელ დასსო გარდაიცვალა და ფირმას სათავეში მისი შვილი, სერჟ დასსო ჩაუდგა. ის კომპანია „დასსო ავიეიშენის“ 50,5 პროცენტს ფლობს კომპანიის დარჩენილი წილი ევროპული ჰოლდინგის „ეუროპა აერონავტიკ დეფენსის“ კუთვნილებაა. სერჟ დასსოს შესახებ არცთუ ბევრი ინფორმაცია მოიპოვება. ერთხანს იგი პოლიტიკაში წავიდა და „კონსერვატიული“ პარტიის წევრი იყო. მას საკმაოდ თბილი და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტთან ჟაკ შირაკთან, რომელიც თითქმის მამამისის, მარსელ დასსოს მუხლებზე იყო გაზრდილი. სხვათა შორის, თავის ერთ-ერთ გამოსვლაში ჟაკ შირაკს ნათქვამი აქვს, რომ თანამედროვე საფრანგეთის ისტორია, არა შარლ დე გოლიდან, არამედ დასსოების საგვარეულოდან დაიწყო.

სერჟი, რომელმაც 1996 წელს სინგაპურში გამართულ ავიაშოუზე გააკვირვა დამსწრეები – 72 წლის ასაკში, ვირტუოზული აფრენა და რამდენიმე რთული ტრიუკის ჩატარებაც შეძლო გამანადგურებელ „მირაჟით“, ავიაბიზნესთან ერთად ბოლო ხანებში მასმედიითაც დაინტერესდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მედიამაგნატი სწორედ ის არის, რადგან მის კუთვნილებაშია 70-მდე დასახელების გაზეთი და ჟურნალი, მათ შორის მსოფლიოში განთქმული – „ლე ფიგარო“, „ლექსპრესი“ და „ლექსპანსიონი“. ამას გარდა, დასსო ქველმოქმედებითაც არის დაკავებული და მისი დაფინანსებით 2004 წელს ქალაქ კორბეი-ესონში ისლამური კულტურის სახლი აშენდა, რომელიც რამდენიმე მეჩეთისგან შედგება.


скачать dle 11.3