კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ეძახიან წარმოშობით ქართველ „თამბაქოს ბარონ“ ივანე სავიდის „ბერძენ აბრამოვიჩს“


ივანე სავიდი რუსეთის საქმიან და პოლიტიკურ წრეებში ცნობილი პიროვნებაა და მის სახელს არაერთი სკანდალი უკავშირდება. არის ჰოლდინგ „აგროკომის“ მფლობელი და რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი მმართველი პარტიიდან – „ედინაია როსიადან“. წარმოშობით ქართველ ბერძენს, სავიდის, რუსეთში „როსტოველ ოლიგარქს“ უწოდებენ, თავისი მეგობრები კი „ბერძენ აბრამოვიჩად“ მოიხსენიებენ და თვითონაც ასე უწოდებს საკუთარ თავს. მართალია, მსოფლიოში ცნობილ ოლიგარქ, რომან აბრამოვიჩამდე მას ბევრი აკლია, მაგრამ, ორივეს მსგავსი გატაცება აქვს – ფეხბურთი. უკვე არაერთი წელიწადია, სავიდი როსტოვის საფეხბურთო კლუბის მფლობელია. რუსული ბიზნესგამოცემა, „ფინანსის“ მონაცემებით, 2008 წელს ივანე სავიდი 240 მილიონი დოლარის ქონებას ფლობდა. 2009 წელს კი, იმავე გამოცემის მონაცემებით, მისი სიმდიდრე რუსეთში გამეფებული ფინანსური კრიზისის გამო 100 მილიონ დოლარამდე შემცირდა.

სავიდი ყოველთვის ხმამაღლა აცხადებს, რომ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტისა და ამჟამინდელი პრემიერის, ვლადიმირ პუტინის ახლო მეგობარია. „ედინაია როსიას“ ბოლო წინასაარჩევნო კამპანიაში სავიდიმ ნებაყოფლობით 3-4 მილიონი დოლარი დახარჯა.

მართალია, სავიდი თავგამოდებით ამტკიცებს, რომ საქართველო მისი სამშობლოა, რომელმაც მეცხრამეტე საუკუნის 30-იან წლებში შეიფარა მისი ბერძენი წინაპრები და, როგორც პიროვნება, საქართველოში ჩამოყალიბდა, ის მაინც მხარს უჭერს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და საქართველოს მათი აღიარებისკენაც კი მოუწოდებს. აღსანიშნავია ისიც, რომ აფხაზეთთან ივანე სავიდის განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, რადგან მისი მეუღლე, კირიაკი სავიდი, სოხუმელი ბერძენია. მათ ჰყავთ ორი ვაჟი – გეორგისი და ნიკოსი. როგორც ივანე სავიდი ამბობს, იგი 15 წლამდე საქართველოში იზრდებოდა. ჰყავდა ქართველი ბებია და ქართული ენაც კარგად იცის.

სავიდი, გარდა ბიზნესისა და პოლიტიკისა, ქველმოქმედებითაცაა დაკავებული. მისი მთავარი მოწოდება ამ კუთხით, ეკლესიების მშენებლობაა. ის აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობასაც ეწევა – რუსეთის ბერძნული ასოციაციების გაერთიანების პრეზიდენტია.

ივანე სავიდი 1959 წლის 27 მარტს საქართველოში, წალკის რაიონის სოფელ სანტაში დაიბადა, რომელიც ბერძნებით იყო დასახლებული. მისი მშობლები, ეგნატე და კლეონიდი სავიდები, უბრალო მშრომელები იყვნენ. „დავიბადე საქართველოს ერთ პატარა, ლამაზ, მაღალმთიან სოფელში, სადაც სულ 120-მდე სახლი იყო. აქ ოჯახი იმით ფასობდა, თუ რამდენი შვილი ჰყავდა. ხუთ შვილზე ნაკლები სირცხვილად ითვლებოდა. მეც დიდი ოჯახის ნაბოლარა, მერვე შვილი ვიყავი.

ივანე სავიდი 15 წლის იყო, როცა დედამისმა მოზარდისგან დამოუკიდებლად, მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო: ბიჭი საშუალო სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად როსტოვში უნდა გადასულიყო, სადაც ერთ-ერთ ინსტიტუტში მისი უფროსი ძმა სწავლობდა.

სავიდი აღნიშნავს, რომ დედამისის ქალიშვილობის გვარი ასლანიდი იყო. ეს გვარი როსტოვში მეცხრამეტე საუკუნიდან იყო დაკავშირებული თამბაქოს ბიზნესთან. ვინ იცის, იქნებ, დედის ინტუიცია იყო, რომ მან შვილი სწორედ როსტოვში გაგზავნა ცხოვრების გზაგასაყარზე, ქალაქში, რომელმაც ისევ და ისევ თამბაქოს ბიზნესის წყალობით მილიონები მოუტანა მის პირმშოს?!

ბერძნების მასობრივი რეპატრიაციის პროცესში, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო, სავიდის და-ძმები და მშობლები ისტორიულ სამშობლოში გადავიდნენ საცხოვრებლად. იგი იხსენებს, რომ, მამამისს, რომელიც მაშინ 88 წლის იყო, ძალიან გაუჭირდა მშობლიური ადგილების მიტოვება საქართველოში, განსაკუთრებით კი ბერძნული ეკლესიისა, რომელიც სოფელ სანტაში მდებარეობდა და მათი მთავარი სალოცავი იყო. სწორედ მაშინ დაჰპირებია ივანე მამას, რომ მსგავს ეკლესიას საბერძნეთშიც ააგებდა.

ივანე სავიდიმ, მშობლებისა და დედმამიშვილებისგან განსხვავებით, როსტოვში დარჩენა არჩია. „როსტოვის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმომედგინა, ამიტომაც ვარჩიე აქ დარჩენა. მიმაჩნდა, რომ როსტოვშიც შეიძლებოდა თავის გამოჩენა“, – აცხადებს ბიზნესმენი. როგორც ჩანს, მას ალღომ არ უმტყუნა. როსტოვში საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ მან საბჭოთა არმიაში სავალდებული სამხედრო სამსახური გაიარა. შემდეგ კი, როსტოვის სახალხო მეურნეობის ინსტიტუტის მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების ფაკულტეტი დაასრულა.

1980 წელს სავიდიმ მუშაობა როსტოვში, დონის თამბაქოს ფაბრიკაში დაიწყო. „როსტოვში არც ჩაწერილი ვიყავი, არც ბინა მქონდა და არც სამუშაო. ერთ დღესაც, ქალაქის ცენტრალურ (ლენინის) მოედანზე მშიერი, უსაქმოდ ვიჯექი და ვფიქრობდი, რა მეშველებოდა. უცებ გაზეთში წავიკითხე განცხადება, რომ თამბაქოს ფაბრიკა იწვევდა მუშებს, რომლებსაც კვების უფასო ტალონებს დაურიგებდნენ. ტალონის რაციონში რძეც შედიოდა. მეორე დღესვე მივედი, აღმოჩნდა, რომ თამბაქოს ფაბრიკაში ურთულესი საქმე მელოდა: თამბაქოს მთელი ნარჩენები მე უნდა დამელაგებინა. ირგვლივ საშინელი მტვერი იდგა. მიუხედავად ამისა, მაინც ბედნიერი ვიყავი, რადგან საჭმელი და ცხელი რძე გარანტირებული მქონდა. ასე დაიწყო ჩემი შრომითი კარიერა“, – ღიმილით იხსენებს სავიდი და დასძენს, რომ წარმატებისკენ მან ურთულესი გზა და ყველა სამსახურებრივი თუ ცხოვრებისეული საფეხური გაიარა.

ბიზნესმენის თქმით, „თამბაქოს ოჯახში“ შესვლა ძალიან რთული გამოდგა, რადგან საწარმოში არაერთი დინასტია მუშაობდა. მან დონის თამბაქოს ქარხანაში ყველა საფეხური გაიარა – მუშიდან დაწყებული, დირექტორობით დამთავრებული. 1982-1986 წლებში სავიდი ხარატად მუშაობდა. 1986-1987 წლებში აღჭურვილობის შეკეთების ოსტატი გახდა. 1987 წელს ის საამქროს უფროსად დააწინაურეს, 1988-1989 წლებში მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების განყოფილების უფროსი გახდა, 1989 წელს – დირექტორის მოადგილე, 1991-1993 წლებში კი თამბაქოს ქარხნის დირექტორის პირველი მოადგილე.

1993 წლიდან ივანე სავიდი კომპანია „დონსკი ტაბაკის“ (საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სახელმწიფო ფაბრიკა კერძო კომპანია გახდა) გენერალური დირექტორია. ეს თანამდებობა მას 2003 წლამდე, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატობამდე ეკავა.

1998 წელს ივანე სავიდი როსტოვის საკანონმდებლო კრების დეპუტატად აირჩიეს. 2003 წლის დასაწყისში ის ხელმეორედ აირჩიეს ამ საკანონმდებლო ორგანოს წევრად. 2003 წლის დეკემბერში სავიდი ახალ სიმაღლეს იპყრობს პოლიტიკურ ასპარეზზე – რუსეთის მეოთხე მოწვევის სახელმწიფო დუმის დეპუტატი ხდება. 2004 წლიდან ის დუმის საბიუჯეტო და საგადასახადო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო. 2007 წლის დეკემბერში კი რუსეთის ახალი, მეხუთე მოწვევის დუმის დეპუტატი გახდა სახელისუფლებო პარტია „ედინაია როსიადან“. ამჟამად იგი საკანონმდებლო ორგანოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტისა და საპარლამენტო კომისიის წევრია, რომელიც საბერძნეთთან ურთიერთობების საკითხზე მუშაობს. სავიდი რუსეთ-ბელარუსის საპარლამენტო კრების საგარეო პოლიტიკის კომისიის თავმჯდომარეცაა.

ბიზნესიდან პოლიტიკაში „გადაბარგებული“ მოღვაწე ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატია. დაჯილდოებულია რამდენიმე სახელმწიფო ჯილდოთი. მათ შორისაა მეორე ხარისხის ორდენი სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის, რომელიც მას როსტოვის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ერგო 1999 წელს. 2003 წელს მას რუსეთში ღირსების ორდენი მიანიჭეს. 2008 წელს სავიდიმ მეოთხე ხარისხის ორდენი მიიღო სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის, რუს და ბერძენ ხალხებს შორის მეგობრობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

ივანე სავიდიმ 2000 წელს საკუთარი სახელობის საქველმოქმედო ფონდი დააარსა. ის მჭიდროდ თანამშრომლობს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის როსტოვის ეპარქიასთან, აფინანსებს ბავშვთა სახლებს, პირადად მონაწილეობს მართლმადიდებლური სიწმიდეების აღდგენაში. მას დიდი წვლილი მიუძღვის როსტოვში წმიდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობაში. მისი თაოსნობით აიგო სულიწმიდის სახელობის ეკლესია საბერძნეთში, დასახლება პროხომში. აღსანიშნავია, რომ ეს ეკლესია ზუსტი ასლია იმ ტაძრისა, რომელიც წალკის რაიონის სოფელ სანტაში დგას.

სამი წლის განმავლობაში, 2002-დან 2005 წლამდე, სავიდი საფეხბურთო კლუბ „როსტოვის“ პრეზიდენტი იყო. მისი პრეზიდენტობის პერიოდში კლუბის ყველაზე დიდი მიღწევა აღმოჩნდა 2003 წელს რუსეთის თასის ფინალში გასვლა მოსკოვის „სპარტაკთან“, სადაც „როსტოვი“ დამარცხდა. 2006 წლის იანვარში ის როსტოვის საფეხბურთო კლუბ „სკას“ პრეზიდენტი გახდა, თუმცა, ფინანსური პრობლემების გამო, 2008 წლიდან ამ კლუბიდანაც წავიდა. თავად ამბობს, რომ როსტოვული კლუბების დაფინანსება მას სახელისუფლებო წრეებიდან სთხოვეს, რაზეც უარი ვერ თქვა და ამ სფეროში უანგაროდ აკეთებდა ყველაფერს.

2006 წელს ივანე სავიდის თავის ისტორიულ სამშობლოში, საბერძნეთში, ცნობილი საფეხბურთო კლუბ, „პაოკის“ შეძენა სურდა, თუმცა, ეს ვერ შეძლო. თავად ძალიან გულდაწყვეტილი იყო, რომ რუსეთში მოღვაწე ოლიგარქს ბერძნებმა ადგილობრივი ბიზნესმენი არჩიეს. აღსანიშნავია, რომ თავის დროზე კლუბი „პაოკი“ თურქეთიდან დევნილმა პონტოელმა ბერძნებმა შექმნეს და, ივანე სავიდის წინაპრებიც თავის დროზე, სწორედ ამ თემის საცხოვრებელი არეალიდან განდევნის შედეგად აღმოჩნდნენ საქართველოში.

ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ „დონსკი ტაბაკმა“ სავიდის ხელმძღვანელობის პერიოდში სერიოზულ ფინანსურ წარმატებებს მიაღწია. მისი 10-წლიანი დირექტორობის განმავლობაში „დონსკი ტაბაკში“ წარმოების მოცულობა ოთხჯერ გაიზარდა. ამას, შესაბამისად, თანამშრომელთა რაოდენობის გაორმაგებაც მოჰყვა. ექსპერტების აზრით, ამ საწარმოს წარმატების საიდუმლო ის არის, რომ ყოველწლიურად მილიარდობით ღერ იაფფასიან სიგარეტს უშვებს, რომლის ძირითადი მომხმარებლებიც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და სხვა ძალოვანი უწყებები და მათზე დაქვემდებარებული საჯარისო ნაწილები არიან. საინტერესოა, რომ, კვლევების თანახმად, რუსეთის არმიის შემადგენლობის 95 პროცენტი ნიკოტინზეა დამოკიდებული. ბოლო წლების განმავლობაში „დონსკი ტაბაკის“ ანგარიშზე რუსეთის მთელი სიგარეტის წარმოების 10 პროცენტამდეა. სხვათა შორის, „დონსკი ტაბაკი“ რუსეთის ერთ-ერთი უძველესი ფაბრიკაა – დონის თამბაქოს ფაბრიკა ჯერ კიდევ 1857 წელს დააარსა ადგილობრივმა ვაჭარმა ასმოლოვმა.

ივანე სავიდი პრესასთან არც პრობლემებზე საუბარს გაურბის. ის აღიარებს, რომ 2000 წლიდან მისი წარმოება რეალური საფრთხის წინაშე დადგა. „ჩემი იაფი სიგარეტი, თანაც, უფილტრო, აღარავის უნდოდა, დანარჩენ ბაზარს კი უკვე უცხოელები აკონტროლებდნენ“, – აღნიშნავს ბიზნესმენი. ამიტომაც, მან საკუთარი ბიზნესის გადასარჩენად უცხოური ბრენდების გამოშვება გადაწყვიტა. „ასე დასრულდა ბერძნული წარმოშობის დეპუტატის რუსული პატრიოტიზმი“, – ირონიულად შენიშნავდა წლების წინ რუსული პრესა. 2005 წლიდან „დონსკი ტაბაკმა“ ბაზარზე სიგარეტის ორი ახალი მარკა გამოუშვა – „კონტინენტი“ და „კისი“, რომლებიც ბრიტანული ფირმის, „ინოვეიშნ ტობაკო კომპანის“ ლიცენზიით გამოვიდა. ბოროტი ენები ამბობდნენ, რომ ეს გაურკვეველი წარმოშობის ბრიტანული კომპანია იყო, რომელიც 2004 წელს ოფშორულ ზონაში დარეგისტრირდა. მის ინკოგნიტოდ დაარსებას სავიდის უკავშირებდნენ და, აქედან გამომდინარე, ფინანსურ მაქინაციებშიც ადანაშაულებდნენ, მაგრამ ვერაფრის დამტკიცება ვერ შეძლეს.

ბიზნესმენი სავიდი კანონთან მიმართებაში ყოველთვის სიფრთხილეს ავლენდა. 2003 წლიდან, როგორც კი რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი გახდა, კანონმორჩილმა მეწარმემ „დონსკი ტაბაკში“ თავისი კუთვნილი წილი – აქციების 78 პროცენტი მეუღლეზე გადააფორმა, რომელიც მანამდე დიასახლისი იყო.

საინტერესოა, რომ ივანე სავიდიმ, რომელიც ყოველთვის დასავლურ მენეჯმენტს აკრიტიკებდა, თავადაც იგივე სტილი აირჩია. მისმა კომპანიამ არაპროფილურ ბიზნესში დაიწყო ფულის დაბანდება. 2000 წელს „დონსკი ტაბაკმა“ მეფრინველეობის ფაბრიკა, „დონი 25-ის“ 19 პროცენტი შეისყიდა, შემდეგ კი – „დონბასხლების“ 5 პროცენტი. მანვე შეიძინა ხორცის გადამამუშავებელი საწარმო „ტავრის“ საკონტროლო პაკეტი და საკონსერვო ქარხანა „ბაგაევსკის“ აქციების 75 პროცენტი. 2004 წლიდან ჰოლდინგი „დონსკი ტაბაკი“ ღია სააქციო საზოგადოებად – „ჯგუფ აგროკომად“ გარდაიქმნა. ამჟამად „აგროკომის“ მოღვაწეობის მთავარი მიმართულებებია: თამბაქოს წარმოება („დონსკი ტაბაკი“) და ხორცის გადამამუშავებელი საწარმოები (როსტოვის ძეხვის ქარხანა „ტავრი“, ხორცის კომბინატი „როსტოვსკი“, ნოვოროსიისკისა და მოროზოვსკის ხორცის კომბინატები). „ჯგუფ აგროკომის“ აქტივებს შორისაა ასევე სავაჭრო ცენტრი „XXI ვეკ“ და სტადიონი „ოლიმპ XXI ვეკ“. „აგროკომის“ მთავარი შემადგენელი ნაწილი „დონსკი ტაბაკი“, კვლავ რჩება რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს თამბაქოს მწარმოებლად და დღესდღეობით 35 დასახელების სიგარეტს უშვებს, მათ შორის, ბრენდებს: „XXI ვეკ“, „დონსკი ტაბაკ“, „ნაშა მარკა“, „პრიმა დონა“ და სხვა.

2009 წლის მაისში მან აფხაზეთში, ახალ ათონში, უძველესი მართლმადიდებლური სიწმიდე დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალის ხატი ჩააბრძანა, რომელიც სიმონ კანანელის სახელობის მონასტერში მოათავსეს. აღსანიშნავია, რომ სავიდის მიერ ორგანიზებულ ამ ღონისძიებას რუსეთის დუმის თავმჯდომარე ბორის გრიზლოვი და სხვა მაღალი რანგის რუსი პოლიტიკოსებიც დაესწრნენ.

„როგორც საქართველოში დაბადებული და რუსეთში მცხოვრები მართლმადიდებელი ბერძენი, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ერის შვილი პატივისცემას იმსახურებს. მჯერა, რომ კავკასია რუსეთის ინტერესების ზონად დარჩება. ჩემი წინაპრებიც დევნილები იყვნენ, მაგრამ ჩემს მშობლებს საქართველოში ცხოვრებისას ეს არასდროს უგრძნიათ. აუცილებელია კომპრომისის გამონახვა, თუ ხალხებს აღარ შეუძლიათ ერთად ცხოვრება“, – აცხადებს რუსეთის დუმის დეპუტატი. სავიდის თქმით, საბერძნეთის ის ნაწილი, რომელშიც მისი წინაპრები ცხოვრობდნენ, ოსმალებმა მეცხრამეტე საუკუნეში დაიკავეს. „სამი დღის განმავლობაში თურქებმა 15 ათას ბერძენს მხოლოდ იმიტომ მოჰკვეთეს ენები, რომ მათ მშობლიურ ენაზე არ ემეტყველათ. ოცდამეერთე საუკუნეში მსგავსი რამ მხოლოდ ცუდ მოგონებებად უნდა დარჩეს“, – აღნიშნავს იგი. სამწუხაროდ, ამ მრწამსის, ქართულ ნიადაგზე გაზრდილი წარმოშობით ბერძენი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი დღესაც განაგრძობს რუსეთის საკეთილდღეოდ მოღვაწეობას, იმ რუსეთისა, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში ისევე იქცევა, როგორც მისთვის საძულველი ოსმალები იქცეოდნენ თითქმის საუკუნე-ნახევრის წინ.


скачать dle 11.3