რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: მსურს, შევიძინო „ნისან ალტიმა“. გთხოვთ, დამიხასიათოთ მისი ტექნიკურ-ეკონომიკური მახასიათებლები, საწვავის ხარჯი, გამძლეობა და, რაც მთავარია, მაინტერესებს შეეგუება თუ არა ის ჩვენი გზების პირობებს. მაინტერესებს ისიც, რა ღირს „ნისან ალტიმას“ ახალი და მეორადი მოდელები?
პასუხი: თქვენ, ალბათ, „ნისან ალტიმას“ უკვე მესამე თაობის მოდელს გულისხმობთ, რომელიც 2002 წლიდან გამოდის. ეს გახლავთ საშუალო კლასის „სედანი“, რომელიც სახელდება „ჰონდა აკორდის“, „ტოიოტა ქამრისა“ და „პასატის“ კონკურენტად. „ალტიმა“ საკმაოდ კარგი ავტომობილია, რომლის წარმოება ამერიკაში მხოლოდ ამერიკის ბაზრისთვის ხდება. თუმცა, აქვე დავსძენ, რომ მისი შეძენა ჩვენს პირობებშიც გამართლებულია. რაც შეეხება მის ტექნიკურ მახასიათებლებს: არსებობს „ალტიმას“ ორი ტიპის ძრავა: 2.5 ლიტრი, ოთხცილინდრიანი და 3.5 ლიტრი – ექვსცილინდრიანი. გადაცემათა კოლოფი აქვს როგორც მექანიკური, ასევე ავტომატური. ორივე ძრავა საკმაოდ მძლავრი და განსაკუთრებით ეკონომიურია. 2.5-ლიტრიანის წვა ქალაქის პირობებში 10-11 ლიტრია, 3.5-ლიტრიანისა კი – 12-13 ლიტრი. „ნისანი“ 92-ოქტანიან ბენზინზე მუშაობს, რაც ძალიან დიდი პლუსია ეკონომიის მიზნით, რადგან ამ ოქტანობის საწვავი ყველაზე იაფი ღირს ქართულ ბაზარზე. ეს მოდელები კარგი გამძლეობით ხასიათდება, უსაფრთხოებაც მაღალ დონეზეა. ყველა კომპლექტაციაში წარმოდგენილია თანამედროვე მართვის უსაფრთხოების ელექტრონული სისტემები, როგორებიცაა: „აბეესი“, მოცურების საწინააღმდეგო და სხვა. სულ ახალი, 2009 წლის მოდელის ფასი მერყეობს 19-26 ათასი დოლარის ფარგლებში (კომპლექტაციის მიხედვით), ხოლო ნახმარის (2002-2008 წლების) შეძენა შეგიძლიათ 8-17 ათასი დოლარის ფარგლებში.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ფორდ მონდეო“. როგორ შეიძლება გამოსწორდეს ავტომატურ კოლოფთან დაკავშირებული პრობლემები?
პასუხი: გააჩნია, კონკრეტულად რა პრობლემები აქვს კოლოფს, ამის შესახებ ხელოსანი გეტყვით. თუმცა, აქვე დავსძენ, რომ „მონდეოს“ გადაცემათა ავტომატური კოლოფი საკმაოდ სუსტი აქვს და ხშირად გამოდის მწყობრიდან. ძირითადად, მისი რემონტი საკმაოდ ძვირი ჯდება, რის გამოც მძღოლები, ხშირ შემთხვევაში, მექანიკურ კოლოფებს აყენებენ მასზე, ანუ, საერთოდ ცვლიან.