რონალდუს სკანდალური აღიარება: „ჩემს კოლექციაში მარია შარაპოვაც არის“
მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელს, კრიშტიანუ რონალდუს, ფული არ აკლია, მაგრამ მისი მენეჯერები მუდმივად ახალ გზებს ეძებენ იმისთვის, თუ როგორ გაამრავლოს პორტუგალიელმა ნაშოვნი მილიონები კიდევ უფრო მეტად და პლანეტის ყველაზე მდიდარ ფეხბურთელად იქცეს. სწორედ მისი მენეჯერების იდეა იყო ის პროექტი, რომლის განხორციელებაც რონალდუმ უკვე დაიწყო. სპეციალურად მოწვეული მწერალი ახალ წიგნს წერს, რომელშიც რონალდუს მეგობარი ქალების სრული სია იქნება წარმოდგენილი და მათი ურთიერთობისა და დაშორების მიზეზებზე იქნება მოთხრობილი. მართალია, დეტალები ჯერ უცნობია, მაგრამ ქალთა ჩამონათვალი უკვე გახმაურდა და, ყველასთვის მოულოდნელად, მათ შორის რუსი ჩოგბურთელი, მარია შარაპოვა აღმოჩნდა, თუმცა, ჯობია, ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ.
ბრაზილიელი ფორვარდი, ევროპის „ოქროს ბუცის“ მფლობელი მარიო ჟარდელი, თავის დროზე პორტუგალიაში თამაშობდა. ჰოდა, მაშინ, როცა სუპერ-მარიო მოედანზე დარბოდა, მისი დაიკო, ჯორდან ჟარდელი, პოდიუმზე დანარნარებდა. სწორედ მაშინ გაიცნო მან რონალდუ და, როგორც ამბობენ, მარიოს დიდი სურვილი ჰქონდა, კრიშტიანუს მისი დაიკო ცოლად მოეყვანა, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა, რადგან ჯორდანი ღამის კლუბების ხშირი სტუმარი იყო და თუ იქ რონალდუ არ ახლდა, ნებისმიერს მიჰყვებოდა ერთი ღამის გასატარებლად. ამიტომ, მათი რომანიც მალევე დასრულდა.
ჟარდელის შემდეგ რონალდუს გულს ასევე სამოდელო სამყაროს წარმომადგენელი, კარინა ფერო ახარებდა. კრიშტიანუ მას მთელი წლის განმავლობაში ხვდებოდა, მერე კი კარინამ კარიერის გაგრძელება იტალიაში არჩია და რომანსაც წერტილი დაესვა. როგორც რონალდუ ამბობს, კარინასთან დაშორებამ გული დასწყვიტა და დეპრესიაში ჩააგდო. დეპრესიიდან კი მის გამოყვანას ყოფილი „მის ბრაზილია“, დანიელა აგუიარი ცდილობდა, მაგრამ სამთვიანმა „პროცედურებმა“ სათანადო შედეგი ვერ გამოიღო და წყვილი ერთმანეთს დაშორდა. მერე იზაბელ აგუიარის ჯერი დადგა, მაგრამ სულ რაღაც ორ თვეში იზაბელმა რონალდუ „სხვა“ ქალთან გამოიჭირა და ხელი დაუქნია. ის სხვა კი მოდელი დიანა ჩავესი გახლდათ. დიანამ და კრიშტიანუმ ერთად თვეზე მეტი ვერ გაძლეს, რადგან პორტუგალიელმა სტრიპტიზ-კლუბში გაიცნო ნურია ბერმუდესი – ქალი, რომელზეც ფეხბურთელები გიჟდებოდნენ და მისი „დაგემოვნება“ რონალდუმაც გადაწყვიტა, ეს კი დიანამ ვერ აიტანა...
ნურია არ იყო ის ქალი, რონალდუს დიდხანს რომ ჰყვარებოდა და თვალი ისევ ჩავესების გვარის წარმომადგენელს, ოღონდ ამჯერად სორაიას დაადგა. სორაია ჩავესის ერთადერთი ნაკლი ის იყო, რომ იგი რონალდუზე 12 წლით უფროსი გახლდათ. სორაიამ ურთიერთობის მეორე თვეზე მოსთხოვა: ან ცოლად მომიყვანე, ან შენი თავი არ მაქვსო და წყვილიც ერთმანეთს უმტკივნეულოდ დაშორდა. მერე იყო, რონალდუმ ესპანელი მოდელი, მერჩე რომერო რომ გაიცნო და მასთან ერთად თითქმის ერთი წელი გაატარა. მერჩეს ძალიან გაუმართლა, რადგან მათი ურთიერთობა არდადეგებს დაემთხვა და რონალდუმაც საყვარელ ქალს თითქმის მთელი მსოფლიო მოატარა და იახტითაც ასეირნა, მაგრამ ინგლისში დაბრუნებულ მერჩეს ლუსიანა აბრეუს სახით ხიფათი ელოდა. გოგონამ კრიშტიანუ თამაშის შემდეგ გაიცნო და თვალების ფახულით თავი რესტორანში დააპატიჟებინა, რესტორნიდან სახლამდე კი ერთი ნაბიჯი რომ არის, კარგად მოგეხსენებათ.
და, ჯემა ატკინსონის ჯერიც დადგა. ჯემა ბრიტანელი მოდელი და ტელეწამყვანი იყო, მაგრამ დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა. რონალდუმ იგი ტელევიზორში ნახა და, სანამ არ გაიცნო, არ მოასვენა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ჯემას ცხოვრებაში აღმავლობის პერიოდი. მან პრაქტიკულად ორ თვეში 3 მილიონი ევროს ღირებულების კონტრაქტები გააფორმა და საცხოვრებლადაც პორტუგალიელთან გადავიდა. მას ჯამაგირი ტელევიზიაშიც გაუზარდეს, რადგან რონალდუს ქალზე ბევრი ტელეკომპანია ნადირობდა. კრიშტიანუმ ისიც გაიგო, რომ ჯემა თავის დროზე მის თანაგუნდელს, ალან სმიტს ჰყვარობდა და სწორედ სმიტი გახდა წყვილის დაშორების მიზეზი. ატკინსონმა რონალდუს „რქები“ დაადგა – როცა პორტუგალიელს არ ეცალა, ალანთან გარბოდა, ეს კი პაპარაცებს არ გამოჰპარვიათ, შედეგად, პორტუგალიელი ჯემას დაშორდა, სმიტი კი, მისი მოთხოვნით, სერ ალექს ფერგიუსონმა „მანჩესტერიდან“ გაუშვა.
ჯემას შემდეგ რონალდუმ ერთი თვე „დაისვენა“ და სკანდალშიც გაეხვა. იგი ლონდონელმა მეძავებმა „ჩაუშვეს“ და თქვეს, რომ კრიშტიანუ მათი სტუმარი გახდა, მაგრამ დიდი ძუნწი ვინმე გამოდგა და ფულს ვერ იმეტებდა. პორტუგალიელმა სკანდალს თავი ინდოელ მსახიობთან ბიპაშა ბასუსთან რომანის გაბმით დააღწია. ბიპაშა და რონალდუ ბრიტანეთის ყველაზე ლამაზ წყვილად მონათლეს, რასაც იმანაც შეუწყო ხელი, რომ დევიდ ბექჰემი და მისი ვიქტორია ამერიკაში იყვნენ გადასულები. გაგიკვირდებათ და, ბასუს რონალდუ ინდური ტრადიციების გამო დაშორდა. ლამის მთელმა ერმა მოუწოდა ბიპაშას, მაგ კაცს ან ცოლად გაჰყევი, ან შეეშვიო და ბოლივუდის მსახიობმაც გაცლა ამჯობინა.
ინდოელი მსახიობიდან რონალდუ ჯერ კაროლინა ბაჩიზე გადაერთო, მაგრამ, მას შემდეგ, რაც ქალმა ცოლად შერთვა სთხოვა, ლონდონის ჩვენებაზე ჩასული კაროლინა პატროჩინიომ გაიცნო და ერთი თვით ინგლისში დატოვა, თუმცა კაროლინამ რონალდუსთან კოტრიალს იტალიაში კარიერის გაგრძელება არჩია და ლუსია გარსიას ჯერი დადგა. სიმართლე რომ ითქვას, ლუსიას არ გაუმართლა, რადგან სწორედ მათი რომანის დაწყებიდან ერთ კვირაში „მანჩესტერი“ შეკრებაზე წავიდა. პორტუგალიელმა ქალს დაუბარა, დამელოდეო, მაგრამ გარსია არ დაელოდა, რადგან პრაქტიკულად მეორე დღესვე დაწერეს ბრიტანულმა გაზეთებმა, რომ კრიშტიანუ ვიღაც ქერათმიან ქალთან ერთად გამოჩნდა. მაშინ ვერავინ გაიგო, ვინ იყო გრძელფეხება ლამაზმანი, რომელიც თავსაბურავით ესტუმრა რონალდუს ნომერს, მაგრამ ახლა ფეხბურთელმა აღიარა, რომ ეს მარია შარაპოვა იყო. მაშამ და კრიშტიანუმ ერთმანეთი შემთხვევით ნახეს ღამის ბარში და მოილაპარაკეს, რომ, ჭორების თავიდან ასაცილებლად, რონალდუს ნომერში გადაეკრათ თითო ჭიქა. „გადაკვრები“ მხოლოდ ერთ კვირას გაგრძელდა, რადგან რუს ჩოგბურთელს ტურნირები ელოდა, რონალდუს – „მანჩესტერი“ და მათ რომანს პერსპექტივა არ ჰქონდა.
მერე იყო ხანმოკლე რომანები ნიკი გაციანსა და ტიზ კუნინგემთან, რის შემდეგაც რონალდუმ გაიცნო ნირეიდა გალიარდო – ქალი, რომელიც კინაღამ ცოლად მოიყვანა, მაგრამ, კინაღამ არ „ჩაითვალა“, რადგან ბოლო მომენტში პორტუგალიელმა უარი თქვა, აქაოდა, ოჯახის შექმნისთვის მზად არ ვარო. არადა, ნირეიდასთან რომანი წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა.
ესპანეთში გადასვლის წინ რონალდუს გვერდით გამოჩნდა იმოჯენ ტომასი – სკანდალურად ცნობილი ქალი, რომელიც არცთუ იშვიათად საზოგადოებაში მოღეღილი მკერდით ჩნდება. ამიტომაც, მათი ურთიერთობა მალევე დასრულდა. სამაგიეროდ, გამოჩნდა პერის ჰილტონი ქალი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრესად ითვლება, მაგრამ, იმის გამო, რომ პერისს ფეხბურთელი ლოგინში არ მოეწონა, მასთან რომანის გაგრძელებაზე უარი თქვა.
ამჟამად რონალდუს გვერდით ესპანელი რაფაელა ფიკოა, მაგრამ, ამბობენ, პორტუგალიელი მასაც მალე დაშორდება, რადგან ფიკოს უკვე წამოსცდა, ცოლად როდის მომიყვანო.