ბეტინის 16 მილიონს ედავებიან
იტალიელმა ველომრბოლელმა პაოლო ბეტინიმ კარიერა ორი წლის წინ დაასრულა, მაგრამ მისი სახელი გასულ კვირას პრესის ფურცლებზე კვლავ გამოჩნდა. იტალიის საგადასახადო სამსახური ვეტერან სპორტსმენს, რომელსაც კარიერის განმავლობაში ყველა დონის შეჯიბრება აქვს მოგებული, 16 მილიონ ევროს ედავება.
„ბეტინი შემოსავლებს მალავდა. წერდა, თითქოს მონტე-კარლოში ცხოვრობდა, მაშინ, როცა იტალიაში იყო და ამით გადასახადებს არიდებდა თავს. საერთო ჯამში, მის მიერ დამალული გადასახადების საერთო რაოდენობამ 16 მილიონ ევროს გადააჭარბა და ამას დავამტკიცებთ“, – აცხადებენ იტალიელი სამართალდამცველები.
„არასდროს მესმოდა, რატომ უნდა გადამეხადა აურაცხელი ფული კანონებში, რომლებიც რამდენიმე ადამიანმა მიიღო. მე ეს ფული ოფლით მოვიპოვე – ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით. ვიხდიდი ფულს, თუ რამეს ვყიდულობდი, ვიხდიდი ელექტროენერგიის, გაზის, გზის, დასუფთავებისა და წყლის გადასახადს, ანუ ფულს ვიხდიდი იმაში, რასაც რეალურად მოვიხმარდი, ხოლო სად ვიცხოვრებ, არავისი საქმე არ არის. მე ამ თანხის შესანარჩუნებლად ბოლომდე ვიბრძოლებ,“ – ასეთია ბეტინის პასუხი.
შეგახსენებთ, რომ შარშან გადასახადების დამალვის გამო სკანდალი მოტორბოლაში მსოფლიოს ჩემპიონის, ვალენტინო როსის გარშემო ატყდა. მაშინ ვალენტინოს ყველაფერი დაუმტკიცეს და 35 მილიონითაც დააჯარიმეს.