კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დავიწვრილოთ წელი


წვრილი წელი ყველა ასაკის ქალის ოცნებაა. მანდილოსნის სხეულის სილამაზის ხაზგასასმელად ჯერ კიდევ ჩვენი ძველები ამბობდნენ: მისი წელი ბეჭედში გაეტევაო. ბეჭდისა რა მოგახსენოთ, მაგრამ „ლერწამისტანიანი“ ქალბატონები მამაკაცებში განსაკუთრებული წარმატებით რომ სარგებლობენ, ალბათ, არავინ შეგვედავება, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ წვრილწელიანი ქალები უფრო ლაღები, ამაყები, საკუთარ თავში დარწმუნებულები და მოხდენილები არიან და, თანაც, ძალზე კომფორტულად გრძნობენ თავს, განსაკუთრებით კი – ცეკვის დროს ან პლაჟზე.

ჭორი გავრცელდა, იდეალური ზომების სტანდარტი – 90-60-90 – უნდა შეიცვალოსო. შესაძლოა, ასეც არის, მაგრამ, ღმერთმა იცის, ეს როდის მოხდება. მანამდე კი, კარგი იქნება, თუ კვირაში ერთი-ორჯერ მაინც დადგებით სარკესთან, გაიშიშვლებთ წელს და ყველა მხრიდან კარგად დააკვირდებით – ხომ არ გაგიჩნდათ ეს საშინელი და არამკითხე ნაკეცები? და თუ რამე საეჭვო შენიშნეთ, ნუ შეშინდებით – ჩვენ მიერ შემოთავაზებული ხუთი მარტივი ვარჯიშით, თუკი, რა თქმა უნდა, ინტენსიურად, „ჩაგდებების“ გარეშე და დიდი ხნის განმავლობაში შეასრულებთ, არათუ დაიბრუნებთ საოცნებო 60 სანტიმეტრს, არამედ დიდხანს შეინარჩუნებთ კიდეც.

პირველი ვარჯიში – მუხლი ზემოთ

დადექით სწორად, მოხარეთ მარჯვენა მუხლი, ასწიეთ ზემოთ და შეახეთ მარცხენა ხელის იდაყვი. შემდეგ ხელი და ფეხი შეანაცვლეთ. გააკეთეთ ეს ვარჯიში 50-ჯერ (დაიწყეთ 20-ით, ყოველდღე 10-10 მოუმატეთ და 50-ზე შეჩერდით).

მეორე ვარჯიში – ორმაგი ეფექტი

ორივე ხელში დაიჭირეთ თითო ჰანტელი. გაშალეთ ფეხები მხრების სიგანეზე და დადექით სწორად. ტანი ნელა გადახარეთ გვერდზე (მარჯვნივ), მარჯვენა ხელი დატოვეთ ძირს დაშვებული, სწორ მდგომარეობაში, მარცხენა კი იდაყვში ნელ-ნელა მოხარეთ და ჰანტელი ბარძაყიდან მკერდის გასწვრივ ხაზამდე „ააგორეთ“ თქვენს სხეულზე, ტანის საწყის მდგომარეობაში დაბრუნებისას კი, უკან „ჩამოაგორეთ“ და გასწორდით. შემდეგ იგივე მოძრაობა გააკეთეთ მეორე მხარეს.

ვარჯიში თავიდან შეასრულეთ 20-ჯერ, მერე კი, ისევე, როგორც პირველი ვარჯიშის შემთხვევაში, ადით 50-მდე და ასე განაგრძეთ.

მესამე ვარჯიში – რწევა

დაჯექით თურქულად. წელში გასწორდით და ორივე ხელი კეფაზე შემოიწყვეთ ისე, რომ იდაყვები გაშლილი გქონდეთ. გადაიხარეთ მარჯვნივ, შეეცადეთ, რომ იდაყვის წვერი შეახოთ იატაკს და დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. გააკეთეთ იგივე ვარჯიში მეორე მხარეს. ვარჯიშის რაოდენობა – 25-25 ორივე მხარეს.

მეოთხე ვარჯიში – ისევ იდაყვი და მუხლი

დაწექით პატარა ხალიჩაზე, ხელები ამოიდეთ თავქვეშ და იდაყვები გაშალეთ. მოხარეთ მარცხენა ფეხი, დააყრდენით ტერფი იატაკს და მოხრილ მუხლზე შემოიდეთ მარჯვენა ფეხი ისე, რომ მარჯვენის მუხლი მარცხენა მხრისკენ გქონდეთ მიშვერილი. მარცხენა ხელით წამოწიეთ თავი (მარჯვენა მკლავი იატაკზე გქონდეთ დაყრდნობილი) და მარცხენა იდაყვი შეახეთ მარჯვენა მუხლს. დაუბრუნდით საწყის პოზიციას და შემდეგ იგივე გაიმეორეთ მარჯვენა იდაყვით და მარცხენა მუხლით. ვარჯიშის რაოდენობა – იგივე.

მეხუთე ვარჯიში – შეტყუპებული ფეხები

დაწექით ხალიჩაზე მარჯვენა მხარეს. ფეხები გაასწორეთ და შეატყუპეთ. მარცხენა ხელით გაიკეთეთ დოინჯი, მარჯვენა მკლავი (იდაყვამდე) დააბჯინეთ იატაკზე, ხოლო მტევანზე თავი დააყრდენით. შეეცადეთ, შეტყუპებული ფეხები მაქსიმალურად ასწიოთ გვერდულად, რამდენიმე წამს გააჩერეთ ჰაერში და დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას.

ორივე მხარეს გააკეთეთ 25-25 ვარჯიში (დაიწყეთ 5-5 ვარჯიშით).

წარმატებას გისურვებთ!


скачать dle 11.3