კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ჩააბარეს სათვალთვალოდ დიმა ლორთქიფანიძის შვილს და როგორ აპირებს ის მამის რეკორდის მოხსნას

პარლამენტარი დიმა ლორთქიფანიძე მრავალშვილიანი მამაა – მის დიდ და ტრადიციულ ოჯახში შვიდი შვილი ცხოვრობს და მალე შვილიშვილსაც ელოდებიან.  უფროსი ლორთქიფანიძე 19 წლის არის, ყველაზე უმცროსი  კი – ორის.  და-ძმა ლორთქიფანიძეები  ძალიან წესიერი, ზრდილობიანი და კეთილი ბავშვები არიან, თან, საკმაოდ დამოუკიდებლებიც – არც საკუთარი თავის მოვლა უჭირთ და   ერთმანეთზეც  ზრუნავენ.  ჩვენი რესპონდენტები, 9 წლის გიორგი და 6 წლის მარიამი,  სკოლაში ერთად სწავლობენ, გიორგი კარგი მოსწავლეც არის და პრანჭია მარიამის „თვალთვალსაც“ ასწრებს. ის პოლიტიკაშიც უკვე ისე ერკვევა, რომ მამის კოლეგებისგან  განსხვავებით ზუსტად იცის, ვინ არის „ჩახუტებული“ პრეზიდენტთან და ვინ – არა.;

გიორგი: მე ვარ გიორგი ლორთქიფანიძე, ვსწავლობ მეოცე სკოლაში. ჩვენი სკოლა გერმანული სკოლაა, მაგრამ მარტო გერმანულს კი არა, ქართულსა და მათემატიკასაც გვასწავლიან.

მარიამი: გერმანული იმიტომ უნდა ვისწავლოთ, იმ ქვეყანაში რომ წავიდეთ, იქაურებს გავაგებინოთ, თუ რამე მოგვინდა. გერმანია ისეთი ქვეყანაა, რომელიც ჩვენგან ძალიან შორს არის.

გიორგი: ადრე ეგ ქვეყანა ჩვენი მტერი ქვეყანა იყო, ეხლა დაძმობილებულები ვართ.

– გიორგი, კარგად სწავლობ?

– სულ ათებს ვიღებ. მათემატიკა მიყვარს ძალიან, იმიტომ რომ, მათემატიკა ტვინს ავარჯიშებს, მსოფლიოში ვინც არის ყველაზე მდიდარი, ისინი მდიდრები იმიტომ გახდნენ, რომ სკოლაში მათემატიკას სწავლობდნენ კარგად. მე ქართულიც მიყვარს, ცოტა გერმანულია ძნელი, იმიტომ, რომ მასწავლებელი გვყავს ძალიან მკაცრი. დილით სკოლაში რომ მივდივარ, სულ მიხარია და არასდროს არ მეზარება, პირიქით, არ მომწონს სკოლა რომ მთავრდება. ერთხელ მარტო წამოვედი სკოლიდან, ავტობუსში შეცდომით ავედი და სახლის ნაცვლად ვაგზლის მოედანზე წამიყვანა. მე სულაც არ შემეშინდა, არ ჩამოვედი ავტობუსიდან და უკან გამოვყევი. უფრო რომ ამრეოდა გზა, პატრულს გავაჩერებდი და ისინი წამომიყვანდნენ სახლში.

– მარიამ, შენ როგორ სწავლობ?

მარიამი: მე ყოველდღე ბაჭიებს მიწერენ და უკვე ბევრი ბაჭია მაქვს შეგროვილი.

გიორგი: მარიამს სწავლაზე მეტად თავისი თოჯინები და პრანჭიაობა უყვარს. სულ სარკეში იყურება, თმებს ისწორებს, ტანსაცმელს იცვლის. ხან ბებოს ჰპარავს ფეხსაცმელს და ხან – დედას. სარკის წინ დადგება ხოლმე და მღერის, ვითომ მომღერალი იყოს. ჩემი ცოლი შენნაირი რომ იყოს, ცოლად არ მოვიყვან.

მარიამი: შენც ხომ ხარ პრანჭია? მარტო მე ნუ მაბრალებ.

გიორგი: შენ სკოლაშიც კი იპრანჭები. მერე ვინმე ბიჭმა რამე უნდა გითხრას და მე თავი უნდა გავუხეთქო... მე ჩამაბარეს მარიამი სათვალთვალოდ, ხო მოირბენ ხოლმე ჩემთან, დამეხმარეო. ეტყობა, ბიჭებს ეპრანჭები...

მარიამი: დიახ და შეყვარებულიც მყავს.

გიორგი: მერე ჩუმად მითხარი, ეხლა არ თქვა, თორემ ის ბიჭიც გაიგებს და თავში აუვარდება. ისე, მე ისეც გავიგებ, ვინ არის ის ბიჭი... ჩემი მეგობრები მეტყვიან. სკოლა იმითაც არის კარგი, რომ ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც ჭირში და ლხინში ჩემ გვერდით არიან. აი, თუ არ მაქვს კალამი, მაშინვე მათხოვებენ. ბიჭებმა კარგი მეგობრობა ვიცით, გოგოებმა – არც ისე: ხან პენალს წამართმევენ, ხან წიგნს დამიმალავენ. ვეუბნები: თუ მოგწონვართ, მითხარით, ასეთ ხრიკებს ნუ მიწყობთ-მეთქი (იცინის). როცა ბიჭები ვჭიდაობთ და ვერთობით, გოგოები საერთოდ არ მოდიან ჩვენთან, ისინი ვერც დაგვეჭიდებიან, მაშინვე დავამარცხებთ.

– გიორგი, სახლში ბავშვები ბევრნი რომ ხართ, კარგია?

– დიახ, ჩემი ორი ძმა დიდები არიან – 19 და 18 წლის, თათია 16 წლისაა, ელენე 15 წლის, მე 9 წლის ვარ, მარიამი 6 წლისაა, ლუკა კი ყველაზე პატარაა და ჯერ 2 წლისაა. სახლში ბევრნი რომ ვართ, ძალიან კარგია. ბევრი საჭმელი და ტანსაცმელი გვჭირდება, მაგრამ, სამაგიეროდ, ერთმანეთს ვეხმარებით.

– ხომ არ ჩხუბობთ და-ძმა?

– სკოლაში არ ვჩხუბობთ, მაგრამ სახლში მაგრად ვჩხუბობთ მე და მარიამი. ხან რაზე მაჩხუბებს, ხან რაზე, მერე ყველაფერი მე მბრალდება.

– ბავშვებო, სკოლის გარდა კიდევ სად დადიხართ?

მარიამი: მე დავდივარ ფორტეპიანოსა და სიმღერაზე, იმიტომ რომ, როცა გავიზრდები, მომღერალი უნდა გამოვიდე.

გიორგი: მამასთან ერთად დავდივართ მთებში და გორებზე, აგარაკიც გვაქვს დუშეთის რაიონში. მე ადრე დავდიოდი ცურვაზე, კარგად ვცურავ. აბონემენტი გათავდა და იმიტომ ვეღარ მივდივარ ლაგუნა-ვერეზე, ეხლა ჭადრაკზე დავდივარ. კიდევ ფლეიტაზე ვუკრავ, ბევრ კონცერტს ვატარებთ ხაშურში, ქუთაისში, კახეთში. მაგას ჰქვია გასტროლები, მაგრამ სხვაგან არ წაგვიყვანეს, იმიტომ, რომ უპატრონო ბავშვთა სახლები მანდ არის. მე ძალიან მსიამოვნებს, რომ ობოლ ბავშვებს ვეხმარებით. მათ რომ მთხოვონ, სულ დავუკრავ, არ დამეზარება.

– მამიკოც ხომ არ უკრავს ფლეიტაზე?

– არააა! მამიკოს მაგისი ნიჭი არ აქვს. სახლში მაქვს ფლეიტა, მაგრამ მამიკომ დაკვრა ვერ ისწავლა. ვასწავლიდი, ვასწავლიდი, მაგრამ ვერ ისწავლა. მე დავძლიე და უკვე მეიოლება ფლეიტაზე დაკვრა. მე ფორტეპიანოზეც ვუკრავ.

მარიამი: ფორტეპიანოზე მეც ვუკრავ და მეც გამოვდივარ კონცერტებზე. მამიკო ჩემს კონცერტებზე მოსვლას ვერ ახერხებს, ეტყობა, დათო ბაქრაძე არ უშვებს.

– გიორგი, შენც მუსიკოსი ხომ არ უნდა გამოხვიდე?

გიორგი: დიახ, მე ეხლაც ვუკრავ ორკესტრთან ერთად და მერეც დავუკრავ. დიდი კონცერტები უნდა გავმართო, გასტროლებზე ხაშურის მაგივრად სხვა ქვეყნებში წავალ. ადრე მინდოდა გამოვსულიყავი ისეთი ექიმი, ვინც ოპერაციებს ატარებს. მერე შემეზიზღასავით, რომ ჭრიან ადამიანებს და ორგანოებს რომ უღებენ. თან, შეიძლება, შემოგაკვდეს ადამიანი და დაგიჭირონ. ეხლა გადავიფიქრე ექიმობა, თან ფლეიტისტი მინდა რომ ვიყო და თან – პატრული. კი ვფიქრობ, რომ, ვაითუ ტყვია გამარტყან, მაგრამ პატრულები ძალიან კეთილები არიან, დამნაშავეებს იჭერენ, ადამიანებს ეხმარებიან. მე უნდა დავიჭირო ისინი, ვინც კლავს და ქურდობს, კიდევ ჩემს სამშობლოს რომ დასჭირდეს, მე დავიცავ მტრისგან, ერთგული ადამიანის ვალია, რომ სამშობლო დაიცვას, მაგრამ მე ჩვეულებრივი პატრული კი არა, პატრულების უფროსის უფროსი უნდა გავხდე, აი, ის კაცი რომ არის, ვანო რომ ჰქვია..

– მერაბიშვილი?

– ხოო! მე რომ გავიზრდები, ეგ უკვე დაბერებული იქნება, მაგას გავუშვებ და მაგის ადგილზე ვიმუშავებ.

– შენ პოლიტიკოსობაც ხომ არ გინდა?

– ეგ არ იქნება ჩემი საქმე. პოლიტიკოსობა ძნელია, სულ ტელევიზორში უნდა იყო და ილაპარაკო, ვიღაცას არ მოეწონება შენი ლაპარაკი და შეგაგინებს. მერე სხვაც გაგინებს და გაიმართება მიტინგი შენ წინააღმდეგ. ხანდახან მეგობრები მეტყვიან ხოლმე: ბიჭო, შენი მამა დავინახეთ ტელევიზორშიო, მეც ვეტყვი ხოლმე, რომ პარლამენტში რომ მუშაობს იმიტომ გამოდის ტელევიზორში, თორემ ისე ვინ გამოიყვანდა?

– მამა პარლამენტში რას აკეთებს?

– რასაც სხვა პარლამენტარები – კანონებს იგონებენ ერთად და მერე იმ კანონებს იცავენ.

– იცი, კანონი რა არის?

– კანონი არის... აი, როგორ ვთქვა, ის რაღაც, რომ უნდა დაიცვა. კანონები ინახება სეიფებში, ვისაც ბევრი კანონი აქვს სეიფში, ის უმრავლესობაშია, ვისაც ცოტა კანონი აქვს სეიფში, ის – უმცირესობაში. კანონი ყველა ქვეყნებში არსებობს, თუ პარლამენტარი კანონს ვერ მოიფიქრებს, დათო ბაქრაძე ხელფასს არ გადაუხდის, ამიტომაც, ვინც თვითონ ვერ იგონებს, შეიძლება, მეზობელი ან ნათესავი დაეხმაროს.

– მამას უხდის ხელფასს დათო ბაქრაძე?

– ხო, მამა იცავს კანონებს, იმდენ ხელფასს არ უხდის, როგორიც მდიდარ პოლიტიკოსებს აქვთ, მაგრამ უხელფასოდ კი არ მუშაობს.

– პარლამენტში ყოფილხარ?

– დიახ, ახალ წელს ვიყავი, ნაძვის ხის ზეიმზე, კარგად გაგვართეს იქ. ჩემს ცხოვრებაში პირველად დავინახე ნამდვილი დავით ბაქრაძე. ის სიტყვით გამოვიდა, კარგი კაცია, საჩუქრებიც დაგვირიგა, მერე „კალიდორში“ ვიარე, მაგარი წითელი ხალიჩები ეფინა. იქ რომ გავიარე, ჩემი თავი პრეზიდენტი მეგონა. თურმე, პრეზიდენტის სასახლეში უფრო მაგარი ხალიჩებია, მაგრამ მე იქ ვინ დამპატიჟებს?!

– გიორგი, შენ ისიც გეცოდინება, ოპოზიცია და პოზიცია რას ნიშნავს?

– პოზიცია ნიშნავს პრეზიდენტთან ჩახუტებას, ოპოზიცია – არჩახუტებას. აი, პოლიტიკოსები არიან ჩახუტებულები პრეზიდენტთან, ოპოზიციონერები – ლევან გაჩეჩილაძესთან. მე ეგ კაცი მომწონს, რაღაცნაირად მომწონს, ვაჟკაცივითაა... კიდევ კარგი კაცია გუბაზ სანიკიძე, პაატა დავითაიაც კარგია. მე მიშაც მომწონს, ბევრ ადამიანს ეხმარება, მაგრამ ზოგჯერ ხალხს ტყუილუბრალოდ არ უნდა იჭერდეს, თუ ეს გამოსწორდება, მე მიშას სულ დავუჭერ მხარს.

– მარიამ, შენც ნამყოფი ხარ პარლამენტში?

მარიამი: არა, მე პატარა ვარ და იქ არ შემიშვებენ. როცა გავიზრდები, მაშინ მივალ იქ, იმ წითელ ხალიჩაზე გავლა მეც მინდა.

– გიორგი, შენი ოცნება რა არის?

გიორგი: მე მინდა, რომ მქონდეს ისეთი კარგი სახლი, როგორიც მდიდარ პოლიტიკოსებს აქვთ, იმიტომ, რომ ჩემი სახლი დაბზარულია. ფულს ვიშოვი სახლისთვის, ხელფასი ხომ მექნება. თუ მომცემენ, ბანკიდანაც გამოვიტან კრედიტს, კიდევ მინდა კარგი მანქანა და კარგი ცოლ-შვილი.

– კარგი ცოლ-შვილი როგორია?

– ცოლი რომ ქოფაკი არ არის და სულ რომ არ გეჩხუბება, თან, მოვლილი და წესიერი რომ არის, შვილებიც წესიერები უნდა იყვნენ. მეც ბევრი შვილი უნდა მყავდეს, მამას უნდა ვაჯობო და რვა შვილი უნდა გავაჩინო...



თამუნა სამადაშვილი


скачать dle 11.3