ექიმის რჩევები
კითხვა: 10 კვირის ორსული ვარ. გინეკოლოგმა ყელ-ყურის ექიმთან გამგზავნა საკონსულტაციოდ. არც სურდო მაქვს, არც ყელი მტკივა და არც ყურები. რაში მჭირდება ეს კონსულტაცია?
პასუხი: ორსულს, თუ ზედა სასუნთქი გზების რომელიმე ჩირქოვანი ან ანთებითი დაავადება აქვს, უფრო მეტი ყურადღება სჭირდება საკუთარი თავის მიმართ. საქმე ის გახლავთ, რომ ზედა სასუნთქი გზების ქრონიკული ინფექცია მხოლოდ დედას კი არა, ნაყოფსაც ვნებს. ბევრი საკუთარ ჯანმრთელობას უგულისყუროდ ეკიდება, მაგრამ ბავშვის მიმართ ასეთივე დამოკიდებულება ყოვლად გაუმართლებელია. აჯობებდა, მკურნალობა დაორსულებამდე დაგეწყოთ. ასე რომ, თუ ექიმი საჭიროდ მიიჩნევს, მკურნალობის კურსი აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ.
კითხვა: გთხოვთ, მითხრათ, ვნებს თუ არა სიგარეტის მოწევა მხედველობას. რა პროცედურებია სასარგებლო თვალებისთვის?
პასუხი: თამბაქო უარყოფითად მოქმედებს სისხლძარღვებზე – მათ შევიწროვებას იწვევს.
მხედველობის გასაუმჯობესებლად რაციონში უნდა შეიტანოთ A, E და C ვიტამინების შემცველი პროდუქტები. სასარგებლოა სტაფილოს წვენი. A ვიტამინით მდიდარია პომიდორი, ღვიძლი, ნესვი, ხაჭო. C ვიტამინით ციტრუსები.
კითხვა: რა არის კრონის დაავადება და შესაძლებელია თუ არა მისგან განკურნება?
პასუხი: კრონის დაავადება ნაწლავების ქრონიკული მორეციდივე ანთებითი დაავადებაა, რომლის მიზეზი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ამ პათოლოგიისგან ბოლომდე განკურნება შეუძლებელია. მკურნალობის მიზანი მხოლოდ სიმპტომების მოხსნა და პაციენტის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
კითხვა: ერთი კვირის წინ სიმაღლიდან ჩამოვვარდი და ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და ტვინის შერყევა მივიღე. საავადმყოფოში დაწოლაზე უარი ვთქვი. გთხოვთ მითხრათ, რამდენი დღე დამჭირდება წოლითი რეჟიმი, შეიძლება თუ არა ამ ხნის განმავლობაში კომპიუტერთან მუშაობა ან როდიდან შემიძლია, განვაგრძო ფიზიკური ვარჯიში.
პასუხი: თავის ტვინის შერყევისას სიმშვიდე და წოლითი რეჟიმი 7-10 დღის განმავლობაშია რეკომენდებული. ამ პერიოდში არ შეიძლება კითხვა და კომპიუტერთან მუშაობა, მერე კი ისევ უნდა მიმართოთ ექიმს. ფიზიკური ვარჯიშის დაწყება შეიძლება ტრავმიდან ერთი თვის შემდეგ, მაგრამ ამისთვის მკურნალი ექიმის ნებართვაა საჭირო.
კითხვა: იწვევს თუ არა ნარკოტიკების გამოყენება შიზოფრენიას?
პასუხი: ნარკოტიკის გამოყენება შიზოფრენიას არ იწვევს, თავად შიზოფრენიამ კი შეიძლება, ნარკოტიკების მოხმარების პროვოცირება მოახდინოს – შიზოფრენიით დაავადებულისთვის ეს ერთგვარი სოციალური ადაპტაციის ფორმაა. საქმე ის გახლავთ, რომ შიზოფრენიით დაავადებულის ქცევა მრავალ კითხვას უჩენს გარშემო მყოფთ, ხოლო როცა იგი ნარკოტიკებს იღებს, ნარკომანთა ჯგუფში ადაპტირდება და თავს ნორმალურად გრძნობს.
კითხვა: გადაეცემა თუ არა მემკვიდრეობით აორტის კოარქტაცია? რა გართულებები შეიძლება განვითარდეს ოპერაციის შემდეგ?
პასუხი: აორტის კოარქტაცია აორტის თანდაყოლილი შევიწროებაა, ზოგჯერ სანათურის სრულ დახურვამდეც კი. აორტის კოარქტაციის მემკვიდრეობით გადაცემის შემთხვევები ცნობილია. მკურნალობის ერთადერთი რადიკალური მეთოდია ოპერაცია. ოპერაციის შემდეგ ავადმყოფთა 95 პროცენტს უწესრიგდება არტერიული წნევა, უუმჯობესდება საერთო მდგომარეობა და პროგნოზიც საიმედო ხდება.
კითხვა: ბოლო დროს წნევა მაწუხებს. გავიკეთე ანალიზები, გამოვიკვლიე თირკმელები, გული. ყველაფერი ნორმაში მაქვს. ექიმები წნევის დამწევი პრეპარატების მიღებას მირჩევენ, მაგრამ მიზეზის დადგენა ვერ შეძლეს. მივიღო თუ არა ეს პრეპარატები?
პასუხი: არტერიული წნევის მატების კონკრეტული მიზეზის დადგენა ყოველთვის ვერ ხერხდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მკურნალობა არ უნდა დაინიშნოს. ჰიპერტონიის მკურნალობა საჭიროა და შესაძლებელიცაა.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
კახა ჯანაშია