რატომ უნდა მიაქციოთ ყურადღება ზამთარში სუნთქვას და რა გართულებებს იწვევს ხშირი ანგინა
საკმაოდ აცივდა და შესაბამისად, გახშირდა კიდეც ვირუსული დაავადებები. ხშირ შემთხვევაში, ადამიანები უბრალო გაციებას, სურდოს და გრიპს სათანადო ყურადღებას არ აქცევენ, ეს ამ სეზონის ჩვეულებრივ დაავადებებად მიაჩნიათ. ამ დროს ყურები ხშირად დაგუბებულია. ეს კი შესაძლოა, სმენის დაქვეითების მიზეზიც კი გახდეს. ზამთრის დაავადებების მიმართ ზერელე მიდგომა არასწორია და შესაძლოა, ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიში სახე მიიღოს. გართულებული დაავადების მკურნალობა საკმაოდ ძნელი და ხანგრძლივია, ვიდრე დაწყებით სტადიაში. მიაქციეთ ყურადღება სმენას და ყურის დაგუბების ან შუილის შემთხვევაში აუცილებლად გაესინჯეთ ექიმს. ასევე, არასწორი სუნთქვით განვითარებული პათოლოგია შეიძლება, სიკვდილის მიზეზიც კი აღმოჩნდეს. როგორც სახელმწიფო უნივერსიტეტის ¹2 კლინიკის ყელ-ყურ-ცხვირის დეპარტამენტის ექიმი გიორგი გოგნიაშვილი გვირჩევს, ზამთარი ის დროა, როცა ადამიანმა არ უნდა წაუყრუოს ყურის დაგუბებას, სწორად ისუნთქოს და მიხედოს ცხვირს, რათა შემდგომი გართულებები ადვილად აიცილოს თავიდან.
– სურდოს, ანგინის, გაციების პერიოდი დგას. ამ სეზონზე ბევრი უჩივის ამ პროცესების მიმდინარეობის დროს სმენის დახშობას, ყურის დაგუბებას, ყელის ტკივილს და ცხვირში გაჭედვას. საშიშია თუ არა ადამიანის ჯანმრთელობისთვის ეს ჩამონათვალი?
– სწორად აღნიშნეთ. ეს პერიოდი ამ მხრივ, მართლაც რთული გადასატანია ნებისმიერი ჩვენგანისთვის. ზამთარში ხშირად მოჰყავთ ჩვენთან ბავშვები ხშირი ანგინებით. მოიმატა ქრონიკული ტონზილიტებით დაავადებამ. საერთოდ, როცა პაციენტებთან საუბარს ვიწყებ და საფუძვლიანად გამოვკითხავ ხოლმე ანამნეზს, საინტერესო რამ ირკვევა. კერძოდ, ადამიანები 38-40 წლის ასაკში აღნიშნავენ, რომ ბავშვობაში ხშირად ჰქონდათ ანგინა, არ აქცევდნენ ყურადღებას. სამწუხაროდ, მათ უკვე აღენიშნებათ რევმატიული გართულებები, კერძოდ, სახსრების ტკივილი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები... ამ დროს ჩვენი ჩარევა აუცილებელია, რადგან ინტოქსიკაცია ორგანიზმში მუდმივად მიმდინარეობს. ასევე, საგრძნობლად მომატებულია ალერგიული ფონი. ეკოლოგია დაბინძურებულია ამდენი გამონაბოლქვით, მშენებლობებით და ასე შემდეგ ადენოიდები ანუ პოლიპები, ამ ალერგიული ფონის გამოც მწვავდება. კერძოდ, ადენოიდები იზრდება და შესაბამისად, იწვევს ყურის დაგუბებას. ადენოიდები იზრდება ზუსტად იმ მიდამოში, სადაც შუა ყური იხსნება ატმოსფერულ ჰაერთან ანუ ცხვირ-ხახაში. გაზრდილი ადენოიდი აწვება ამ ხვრელს და ირღვევა ყურს შორის ვენტილაცია. სხვათა შორის, მინდა გითხრათ რომ, ბევრი არ აქცევს ყურადღებას ყურის დაგუბებას და ჰგონიათ, ეს დროებითია, მალე გაივლის და პრობლემაც გადაიჭრება. გარწმუნებთ, ეს ასე მარტივად არ ხდება. დაგუბება მნიშვნელოვანია, რადგან ის ნელ-ნელა იწვევს ყურის პათოლოგიებს. სითხე ვითარდება შუა ყურში, შემდეგ ეს სითხე იწვევს ბავშვებში სმენის დაქვეითებას. ამიტომ, ვურჩევ ხოლმე ყველა მშობელს, რომ განსაკუთრებით დიდი ყურადღება მიაქციოს ბავშვის სმენას. ეს კი საკმაოდ მარტივია. მაგალითად, თუ ბავშვი ზის ტელევიზორის ეკრანთან ახლოს და ხმა იმაზე მეტად აქვს აწეული, ვიდრე საჭიროა, ეს იმაზე მეტყველებს, რომ თავისი სმენა არ აკმაყოფილებს და ითხოვს უფრო მაღალ ბგერულ სიხშირეებს. თუ ის დაძახებაზე არ იხედება, ესეც საყურადღებოა. რასაკვირველია, თუ ის როგორც ამ ასაკში სჩვევიათ, სპეციალურად არ უყრუებს. ბევრი მშობელი ამბობს ხოლმე, ჩემს ბავშვს წაყრუება უყვარს, რამეს რომ ვეტყვი, მიუყრუებს და პასუხს არ მცემსო. დამიჯერეთ, ეს მიდგომა არასწორია. ბავშვის სწორად განვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს სმენას. ამ მხრივ, ჩვენს სფეროში ობიექტური დიაგნოსტირება საკმაოდ მარტივია და უმჯობესია, ეს პრობლემა ბავშვობის ასაკშივე გაარკვიოთ. უმკურნალოთ მას, რომ შემდგომში მას საკმაოდ სერიოზული დაავადებების გამოვლენა და გამწვავება არ მოჰყვეს.
– გრიპის, გაციების ან სურდოს დროს, ყურის დაგუბების შემთხვევაში, ბევრი აფთიაქში ყურში ჩასაწვეთებელ საშუალებებს ყიდულობს და ამით ებრძვის პრობლემას. საშიშია თუ არა ამ დროს თვითმკურნალობა?
– თვითმკურნალობა ამ დროს ძალიან საშიშია. არადა, სამწუხაროდ, ამას ბევრი მიმართავს. გრიპის ან გაციების შედეგად ყურის დაგუბება დამოკიდებულია ვესტახის მილის გამავლობაზე ანუ ცხვირიდან გამოწვეულ ყურის დაგუბებაზე. ამ დროს ექიმის რეკომენდაციის გარეშე, თვითმკურნალობა, აფთიაქში ნაყიდი თავად შერჩეული ჩასაწვეთებელი წამლების გამოყენება ცუდ შედეგს იძლევა. თუ არ მოხდა ამ დროს ცხვირის, ეგრეთ წოდებული გახსნა, ყურში რაც არ უნდა იწვეთოთ, გარდა იმისა, რომ გაიუარესებთ მდგომარეობას, სხვა შედეგს ვერ მიიღებთ. ოტო-ლარინგოლოგთან ვიზიტი და შესაბამისი, სწორი მკურნალობის კურსის ჩატარება კი, პრობლემას თავიდან აგაცილებთ. გეტყვით იმასაც, რომ ბავშვობის ასაკში სმენის გაუარესება, თუ მას სათანადო ყურადღებას არ მიაქცევს მშობელი, ასაკში შესვლისას, შესაძლოა, ოპერაციის მიზეზიც გახდეს. ყურის დაგუბებამ, დაახლოებით, მაქსიმუმ, ათ დღეში ან ორ კვირაში უნდა გაგიაროთ. თუ ამის შემდეგ პრობლემა რჩება, აუცილებლად უნდა მოხდეს მისი დროული ლიკვიდაცია.
– ბევრი უჩივის ხშირად ანგინას და ამ დროს ერთადერთ გამოსავლად გლანდების ამოჭრა მიაჩნიათ, მით უმეტეს ცივ სეზონზე. თქვენ რას იტყვით, ასე პრობლემას მარტივად გადავჭრით?
– მე გეტყვით, რომ ანგინა სასის ტონზილების ანთებას ანუ გლანდების ანთებას ეწოდება. თუ ბავშვს ან მოზარდს წელიწადში დაახლოებით, ოთხჯერ ან მეტჯერ აქვს ანგინა და ამ დროს აღინიშნება ყელის ტკივილი მაღალი სიცხით, ასევე, აღენიშნება პერიოდულად მუხლის არეში ტკივილი, უჭირს ზედმეტად მოძრაობა, იოლად იღლება, ამ შემთხვევაში, უნდა იფიქროთ, რომ საჭიროა, შესაბამისი გამოკვლევების ჩატარება ტონზილებზე. ქრონიკული ტონზილიტი, რასაკვირველია, საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. თუმცა, აქვე იმასაც გეტყვით რომ, გლანდებზე სასწრაფო ოპერაცია არასდროს ხდება. ეს არის ქრონიკული პროცესი, რომელიც ორგანიზმში ნელ-ნელა იწვევს ინტოქსიკაციას. შესაბამისად, როცა ქრონიკული პროცესი გამოიკვეთება კვლევის საფუძველზე, ამ დროს სხვა დაავადებების ლიკვიდაცია გართულებულია, რადგან ჩირქი, რომელიც ტონზილებშია, შხამავს ორგანიზმს. ამიტომ უმჯობესია მისი თავიდან მოცილება და ამოკვეთა. ქრონიკული ტონზილიტი, შემდგომში იწვევს რევმატიზმს, ჯირკვლის, გულის პათოლოგიებს... ამიტომ, ვამბობ, დროულად უნდა მოხდეს მათი ამოკვეთა.
– როგორ მოვუაროთ ცივ ამინდში ყურებსა და ყელს?
– ეცადეთ, ყურში ბანაობის დროს არ ჩაგივიდეთ წყალი, ქუჩაში კი – მტვერი. ბანაობის შემდეგ კარგად გამოიწმინდეთ ყურები. გლანდების გაუარესებისგან თავის დაცვა ძალიან რთულია. გირჩევთ, თუნდაც უბრალო გაციების ან გრიპის დროს, აუცილებლად მიხედოთ ცხვირს, რომ არ გართულდეს სიტუაცია და არ გადავიდეს ის სინუსიტში, ჰაიმორიტში და არ დაგემართოთ ცხვირის წიაღების ანთება, რაც ძალიან რთული მოსარჩენია. ასევე, ნუ გახვალთ დაბანილი ცივ ამინდში გარეთ, ქუჩაში გასვლისას კი ატარეთ ქუდი და კაშნე, რომელიც ყელს და ყურებს იცავს ზამთარში.
– საშიშია არასწორი სუნთქვა და დროთა განმავლობაში თუ იწვევს ადამიანის სიკვდილს?
– არასწორი სუნთქვა, ძირითადად იწვევს სმენის დაქვეითებას. როგორც გითხარით, ბავშვებში ადენოიდები ანუ პოლიპები პრობლემას ქმნის. ამ დროს ირღვევა შუა ყურის ვენტილაცია. ვითარდება ანთების სტადია, შემდეგ გადაიზრდება ექსუტაციურ ოტიტში ანუ სითხოვან შუა ყურის ანთებაში. გარდატეხის ასაკამდე ეს დაავადება ძალიან ხშირია, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ბავშვის სწორ სუნთქვას. საერთოდ, ცხვირით ნორმალური სუნთქვა ადამიანის ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ცხვირის ფუნქცია თუ მოშლილია, დიდი შანსია განვითარდეს დეკომპენსირებული დაავადებები და მკურნალობა დიდ დროს მოიცავს. ბრონქიალური ასთმის შეტევაც კი, არასწორი სუნთქვის შედეგი შეიძლება აღმოჩნდეს. რაც შეეხება არასწორი სუნთქვით განვითარებულ პათოლოგიას და მისგან გამოწვეულ სიკვდილიანობას, მე ამ საკითხით უკვე დიდი ხანია დაინტერესებული ვარ და გამოცდილი კოლეგებისგანაც ვიღებ ინფორმაციას. არსებობს ხორხის აბსტრუქციით სიკვდილიანობა. ძალიან საშიშია ბავშვებში ცრუკრუპი. ამ დროს ლეტალური შემთხვევა არ არის გამორიცხული, რადგან არ ხდება ფილტვებში ჰაერის გადატყორცნა. ასევე, ღრმა სასუნთქ სისტემაში პათოლოგიამ შესაძლოა, ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს. ყური არის ტვინთან მჭიდრო კავშირში. ყველანაირი ინფექცია, რომელიც ყურში ხვდება, დიდი შანსია გავრცელდეს ტვინში, გამოიწვიოს მენინგიტი, ცეფალიტი და სხვა სიცოცხლისთვის საშიში დაავადებები. თუ დროულად არ მიხედა ადამიანმა თავს, სამწუხაროდ, სიკვდილისგან ვერ იქნება დაზღვეული.