როგორ გადაიყვანა გალიანომ მაყურებელი პარალელურ სამყაროში
გიბრალტარელი ბრიტანელი ჯონ გალიანო მოდის სფეროში ყველაზე დიდი ექსცენტრიკულობით, ეპატაჟური ქმედებით და ყველაზე არანორმალური სამოსით გამოირჩევა. კოლექციებს და მასში გაერთიანებულ თემებს, რომ თავი დავანებოთ, პოდიუმზე მისი ჩვენების ბოლოს გამოსვლა, ცალკე სანახაობაა. ყოველთვის უჩვეულოდ ჩაცმული „ჯონი“ ხელოვნების ნიმუშია თავადაც და მოდის სამყაროსაც ახალ-ახალი სიურპრიზებით ანებივრებს. მისი ყველა კოლექცია, ნამდვილ სენსაციას იწვევს, მათ შორის იყო პირველიც, სადიპლომო ჩვენება, რომლითაც დიზაინერმა სენ მარტინის კოლეჯი წარჩინებით დაამთავრა. კოლექციის თემა იყო ფრანგული რევოლუცია და ის ერთგვარ რევოლუციურ ნაბიჯად იქცა მოდის ინდუსტრიაში. სამოსს უკვე აღარ უყურებდნენ როგორც უბრალოდ სიშიშვლის დასაფარ ქსოვილების გროვას. ჯონ გალიანომ თქვა, რომ ის ქალს აცმევს და ხდის და მის მიერ გახდილი ქალიც კი ხელოვნების ნიმუშია. აღსანიშნავია, რომ მოდის კრიტიკოსებს უჭირთ გალიანოს კოლექციების შეფასება. მის მიერ წარმოდგენილი პრეტ-ა-პორტეს კოლექცია უკვე დიდი ხანია, რაც გასცდა ყოველდღიური სამოსის სტილს და საკუთარ თავში ოტ-კუტიურის ელემენტებსაც მოიაზრებს. გალიანომ ისეთ დონეზე აიყვანა კერვის ხელოვნება, რომ მის მიერ შექმნილი კაბა, მუზეუმის ექსპონატია და არა წვეულებაზე თავის მოსაწონებლად გადაცმული უბრალო შავი კაბა.
შემოდგომა-ზამთრის კოლექცია ჯონ გალიანომ 2009 წლის მარტში წარმოადგინა, რომელიც ჩვენებაზე შეკრებილი ელიტური საზოგადოებისთვის ერთგვარ ახდენილ სიზმრად იქცა. ეს იყო სიზმარი, რომელსაც ბავშვობაში ხშირად ვხედავდით, ბებიას ნაამბობი ლამაზი ზღაპრის შემდეგ. რუსულ-ბალკანური ფოლკლორით შთაგონებულმა ჯონ გალიანომ, პოდიუმზე შექმნა ჯადოსნური ილუზია იმისა, რომ მოდელები შორეული ზღაპრიდან მისტიკური გვირაბით პირდაპირ გალიანოს ჩვენებაზე აღმოჩნდნენ. პოდიუმზე გაშვებულმა საპნის ბუშტებმა, რომელსაც ლაზერული განათება ჯადოსნურ იერს აძლევდა, მაყურებლებს მართლა დაავიწყა სად იმყოფებოდა. გალიანომ პრეტ-ა-პორტეს სამოსით, კაცობრიობას ყოველდღიური პრობლემები დაავიწყა, წაიყვანა ბრიტანეთიდან შორს და გადაიყვანა პარალელურ სამყაროში, სადაც ცხოვრება იდეალიზებულია. მოდის კრიტიკოსებმა ეს ჩვენება ერთგვარ გაქცევადაც კი შეაფასეს, გაქცევად იმ რეალობიდან, რომელსაც მიუხედავად „ზეამაღლებულობისა“, გალიანო ყოველდღე ეჩეხება, თუნდაც მაშინ, როცა მდინარის სანაპიროზე ვარჯიშობს და ბევრ უსახლკაროს ხვდება. მართალია, მოდელები ძალიან უცნაურად გამოიყურებოდნენ, განიერი, გაბერილი ქვედაბოლოები ეცვათ და პიჯაკები, რომელსაც სახელოები დაბმული ჰქონდა, მაგრამ, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ კოლექციაში წარმოდგენილი ანსამბლები, ჩვენების შემდეგ არაჩვეულებრივ პიჯაკად, ქვედაბოლოდ, ქუდად და აქსესუარებად დაიშლებოდა. სამოსს განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა ფეხსაცმელები. შვიდსანტიმეტრიან პლატფორმაზე „შემხტარი“ მოდელები, რომელთა ფეხსაცმელებსაც ბეწვის „პომპონები“ ამშვენებდა, არაამქვეყნიური სახით დადიოდნენ პოდიუმზე. ჩვენების ბოლოსკენ გალიანო დაუბრუნდა მის საყვარელ, ტრადიციულ, ტერიტორიას, სადაც წარმოადგინა რამდენიმე ფენად შეკრული, ვერცხლისფერ ტონებში გადაწყვეტილი კაბები. მათ მართლაც თან სდევდა რომანტიზმის ის დელიკატური ნიშნები, რომელზეც ასე გიჟდებიან გალიანოს თაყვანისმცემლები. ალბათ, ამ ფაქტმაც დაუბინდა ერთგვარად გონება იმ ადამიანებს, ვინც ჩვენებიდან, დიდი ხნის შემდეგ მიხვდა, რომ კოლექციიდან ბევრს ვერაფერს ჩაიცმევდა. ის კი არა, მან ფერის არჩევანიც კი, მინიმალურამდე დაიყვანა. მხოლოდ ვერცხლისფერ-ნაცრისფერი ტონებით შეგვიძლია, შევიმოსოთ ზამთარში გალიანოს მიხედვით.