რატომ არ აწუხებს ნინო მუმლაძეს „სუშნიაკები“
ნინო მუმლაძე: როცა სახლში რამე ფუჭდება, ჩემი რეაქცია იმაზეა დამოკიდებული, რა მაქვს გასაკეთებელი. თუ ისეთი რაღაც გაფუჭდა, რაც არ მჭირდება, საკმაოდ მშვიდად ვარ. პანიკიორი ნამდვილად არ ვარ. „ცხელი ხაზითაც“ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ვისარგებლებ, თუ მართლა გამოუვალი სიტუაცია იქნება. რაც შეეხება საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებას, თუ იმ წუთში ფინანსური შესაძლებლობა მაქვს, ვცდილობ, მე მოვაგვარო. ჩხირკედელობა და საკუთარი ხელით რაღაცის შეკეთება, ეს უფრო კაცის საქმეა. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მიმაჩნია.
– ბევრი მამაკაცი ლურსმანსაც ვერ მიაჭედებს.
– ასეთი მამაკაცებისთვის არსებობენ ხელოსნები, რომლებიც უნდა დაიქირაონ და ისე მოაგვარებინონ პრობლემა, ცოლი არ შეწუხდეს. (იცინის) ელემენტარული რაღაცეების გაკეთება მეც შემიძლია, მაგრამ ხელოსნად ნამდვილად ვერ გამოვდგები. ნათურის გამოცვლას და ტელეფონის სადენის გადაბმას რა უნდა.
– ჩხირკედელა ბავშვი არ იქნებოდი...
– არა. მე ზღაპრების შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავი მთელი ბავშვობა და სპექტაკლებს ვდგამდი. (იცინის) ამით ვერთობოდი. თავიდანვე გამოვავლინე იმის ნიჭი, რასაც ახლა ვაკეთებ.
– საყიდლებზე წახვალ?
– დიდი სიამოვნებით. ბაზარში ვერ დავდივარ, მაგრამ სუპერმარკეტებში და მაღაზიებში საკმაოდ ხშირად ვიძენ იმას, რაც მჭირდება. ვარჩევ ჩემი გემოვნებით. სია არ მიმაქვს. ისედაც კარგად ვიცი, რა უნდა ვიყიდო.
– ყოფილა შემთხვევა, როცა ფული შემოგიფლანგავს?
– ფულს არ ვფლანგავ. ფულთან დაკავშირებით ძალიან პრაგმატული და მოწესრიგებული ვარ. თითქმის არასოდეს მეხარჯება იმაზე მეტი, ვიდრე განსაზღვრული მქონდა.
– ძალიან დასაფასებელი თვისება გქონია. ესე იგი, გამოდგები ოჯახში.
– (იცინის) რა ვიცი, ვნახოთ. უბრალოდ, წინასწარ ვიცი, რაში რამდენი უნდა დავხარჯო, რომ ფული მეყოს.
– მეოჯახე ხარ? იცი, მაგალითად, როგორ უნდა ამოიყვანო ტანსაცმელზე მიკრული საღეჭი რეზინი?
– ვიცი – ძმრის საშუალებით. უნდა დაასხა, აშუშხუნდება და ამოვა. სანთლის ლაქას კი ცხელი უთოს და ქაღალდის ხელსახოცის საშუალებით ამოიყვან.
რაც შეეხება კერძების მომზადებას, ჩემს სახლში იმდენი ქალია, რომ სამზარეულოში ფუსფუსი არ მჭირდება. ისინი აკეთებენ ყველაფერს. მე სალათებს ვამზადებ გემრიელს და კიდევ საუზმისთვის რაღაც-რაღაცეებს.
– „რაღაც-რაღაცეები“ ჩვენც გვასწავლე.
– ბოსტნეული მიყვარს ძალიან და გასწავლით საზაფხულო კერძს. უნდა აიღო წითელი ბულგარული წიწაკა, ბლომად ლორი, ან ბეკონი, რბილი ყველი, დაკონსერვებული სიმინდი, კამა და მარილი. მაიონეზი არ უნდა, შეგიძლია, ცოტა ცოცხალი კიტრი გახეხო და შეურიო. ყველს გახეხავ და ბეკონს და ბულგარულ წიწაკას ჩხირებად დაჭრი. ძალიან ცოტა ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენიც უნდა მოასხა. ძალიან გემრიელია. ექსკლუზიურად ჩემი რეცეპტია. (იცინის).
– რა არის პახმელია?
– ზუსტად რა არის პახმელია, არ ვიცი. მაგრამ თუ სადმე, ფართიზე უხარისხო სასმელი დავლიე, შეიძლება თავი ამტკივდეს. „სუშნიაკები“ არ მაწუხებს.
– ეტყობა ჯერ მაგდენი არ დაგილევია.
– როგორ არ დამილევია. როცა ხალხი ერთობა, მეც არ ვამბობ უარს დალევაზე, რატომაც არა. მიყვარს მარტინი, მაგრამ მარტინით ვერ დათვრები. დავლევ ძალიან ხარისხიან არაყს და ვისკის. ტრადიციულ ქეიფზე ღვინოსაც მივირთმევ ხოლმე, მაგრამ ბევრს არა. ბევრი ღვინო უსიამოვნო შეგრძნებებს მიჩენს.
– თავის ტკივილს რით მკურნალობ?
– ჩვეულებრივი ტკივილგამაყუჩებლით. არა, ხაში არ მიყვარს. ბოსტნეულის წვნიანს კიდევ შევჭამ. უჰ, დამავიწყდა, ლუდი მიყვარს ძალიან და ძალიან ბევრს ვსვამ, განსაკუთრებით, ზაფხულში. არ შემიძლია უგემური კერძის ჭამა და ეს არის ჩემი უბედურება, ამიტომ ძალიან მიჭირს წონაში დაკლება. ყველა დიეტის მთავარი პირობა სწორედ მარილზე უარის თქმაა, რაც არ შემიძლია.
– შეგიძლია, ტანსაცმელი გადაიკეთო, ნემსი გემარჯვება?
– კი. რა თქმა უნდა, მირჩევნია ახალი და კარგი ვიყიდო, მაგრამ შემიძლია, რაღაც შევცვალო და გავაახლო სამოსი. ღილის დაკერებაზე აღარ არის საუბარი. ღილს ორი წლის ასაკშიც ვაკერებდი, თანაც ძალიან მონდომებულად. დავდიოდი და დედაჩემის პალტოდან დაწყებული, ცხვირსახოცით დამთავრებული ყველაფერზე ღილებს ვაკერებდი. ასეთი ჰობი მქონდა ორი წლის ასაკში. (იცინის) როგორ არ მხვდებოდა, ამის გამო, მაგრამ მე მაინც განვაგრძობდი ჩემსას.