კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები


დედინაცვალმა გათხოვებაში ხელი შემიშალა

უკვე ხანდაზმული ქალი ვარ. ისე წამივიდა ცხოვრება, რომ ოჯახი ვერ შევქმენი. საკმაოდ კარგი გოგო ვიყავი და მომწონებელიც ბევრი მყავდა და მთხოვნელიც, მაგრამ ჩემი დედინაცვლის მოსაწონი არც ერთი არ აღმოჩნდა. ყველას რაღაცას უწუნებდა და უარით ისტუმრებდა. საკმარისი იყო, გაეგო, რომ ვინმეს მოვწონდი, რომ მაშინვე ჩაშლიდა ხოლმე. ისე იყო ჩემზე გადაფოფრილი, მთელ სამეზობლოსა და საახლობლოს სალაპარაკოდ ჰქონდა, ასეთი მზრუნველი დედინაცვალი კი არა, დედაც არ იქნებაო. თავიდან მეც მეგონა, კარგი ბედი უნდა ჩემთვის-მეთქი, მაგრამ მერე, ერთმა ახლობელმა ამიხილა თვალი: თავისი შვილების ძიძად და შინამოსამსახურედ სჭირდები და იმიტომ არ გაძლევს გათხოვების საშუალებასო. რომ დავაკვირდი სიტუაციას, მივხვდი, რომ მართალი იყო – ჩემნაირ უენო და მუქთა ვირის მუშას (უკაცრავად უხეში გამოთქმის გამო) ვის ნახავდა. ისეთ იზოლაციაში მომაქცია, მისი შიშით კაცი აღარ მეკარებოდა. მამაჩემიც დაარწმუნა თავის მზრუნველობაში და დამტოვეს გაუთხოვარი. მეც შევეგუე ბედს და მთელი ჩემი ცხოვრება ჩემი ნახევარი და-ძმის აღზრდას შევალიე. მერე, იმათ რომ შექმნეს ოჯახები, მათი შვილებიც მე გავზარდე. ცოდვას ვერ ვიტყვი, პირადად მე ცუდად არ მექცეოდნენ, მაგრამ ახლა, როცა უკვე მოვხუცდი და აქეთ მჭირდება მოვლა და მკურნალობა, ჩემთვის აღარავის არ სცალია. წლების განმავლობაში დარწმუნებული ვიყავი, ამაგს დამიფასებდნენ და უპატრონოდ არ დამტოვებდნენ, მაგრამ დეიდა და მამიდა კი არა, მოხუცებული და საპატრონო დედა აღარ უნდათ ახალგაზრდებს, თითქოს თვითონ არასდროს დაბერდებიან.

არც ისეთი დავრდომილი ვარ, მაღაზიაში მაინც რომ ვერ შევძლო ჩასვლა, არც სკლეროზი მაქვს, მაგრამ დილით, სახლიდან რომ გაიკრიფებიან, გარედან მიკეტავენ კარს, მიკრძალავენ გაზის ან გამათბობლის ანთებას და მათი მოსვლამდე ვზივარ გაყინული. და თუ მომშივდა, გაბლიკულ საჭმელს ვჭამ.

არ ჯობდა, თუნდაც უიღბლოდ გავთხოვილიყავი? მართალია, შეიძლება, შვილი უარესად მომქცეოდა, მაგრამ მისთვის საყვედურის თქმის უფლება მაინც მექნებოდა. ამათ კი, ერთხელ ვუსაყვედურე, თანაც ძალიან მსუბუქად და, ისე დამიბაკუნეს ფეხი, ისე დამაყვედრეს ყოველი ლუკმა, თითქოს არანაირი ამაგი არ მქონდეს გაწეული.

მაგრამ, რას ვიზამ, ასეთი ყოფილა მოხუცი შინაბერის ბედი.

თამარი, 74 წლის.



თინეიჯერების მშობლების

საქციელი ძალიან მიკვირს

ხშირად მიწევს რუსთაველის პროსპექტზე ფეხით გავლა და რამდენჯერმე დავინახე ორი გოგონა, ასე 18-20 წლის, რომლებიც დასეირნობენ ხოლმე ერთმანეთს მიხუტებული, თანაც ძალიან ნეტარი სახეებით. ისეთი გამომეტყველებით დადიან, რომ აშკარად არ გესიამოვნება. მაშინვე ეჭვი გაგიჩნდება მათ ორიენტაციაზე. ერთხელ სადღაც ვთქვი ამის შესახებ და დამცინეს – ცხოვრებას ჩამორჩიო. თურმე, საკმაოდ გავრცელებული ყოფილა ეს სოდომ-გომორის ცოდვა, განსაკუთრებით კი პატარა გოგოებში (თუმცა, როგორც გავიგე, არც ზრდასრული ქალები აკლებენ ხელს). ამ კატეგორიის ლაწირაკები (გოგოებს ვგულისხმობ) ბიჭებშიც ისეთივე წარმატებით „დაგრიალებენ“, როგორც ერთმანეთში. თან, რაც ყველაზე საშინელია, ცდილობენ, თავიანთი თანატოლებიც ჩაითრიონ ამ სიბინძურეში.

გაოცებული ვარ ხოლმე, როცა გვიან ღამით პატარა გოგოებს ვხედავ ქუჩაში, მთვრალები რომ ეტორღიალებიან კაცებს (ან – ერთმანეთს). სულ იმაზე ვფიქრობ, ყველა ასე უპატრონო როგორ არის? და თუ ჰყავთ მშობლები, როგორ არიან მოსვენებით, ღამის პირველ-ორ საათზე 15-16 წლის გოგონა სახლში რომ არ არის? ნუთუ არასდროს გასჩენიათ სურვილი, როცა შვილი, თანაც ამ ასაკის, სისტემატურად შუაღამისას ან გამთენიას მიდის სახლში, ერთხელ მაინც გადაამოწმოს?!

დოდო, 44 წლის.



მამაჩემის მაგალითმა

გონზე მომიყვანა

ძალიან მიყვარს ქალები. 16 წლიდან მოყოლებული, იმდენი ქალი მყავდა, სათვალავი ამერია. არ გეგონოთ, რომ ამით ვტრაბახობ, უბრალოდ, იმიტომ გიყვებით, რომ მერე მთავარი სათქმელი გიამბოთ. ჩემი ამ დონჟუანობით თუ კაზანოვობით შეწუხებული მყავდა მშობლები. სულ ამაზე მეჩხუბებოდნენ, განსაკუთრებით – მამაჩემი. პირველ ცოლს რომ გავშორდი (რა თქმა უნდა, სხვა ქალის გამო), ჩემმა მშობლებმა რძლის მხარე დაიჭირეს და, შეიძლება ითქვას, ჩამქოლეს, ისეთი დღე მაყარეს. განსაკუთრებით მამაჩემი მამტყუნებდა და რას არ მიწოდებდა. ერთხელ ისიც კი მითხრა, მე მგონი, სამკურნალო ხარ და ექიმთან უნდა წაგიყვანოო. მეორე ცოლის შერთვამდეც არაერთი რომანი მქონდა. მანანა რომ შევირთე, თითქოს დავწყნარდი, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ გამოჩნდა ქალი, რომელმაც თავიც დამავიწყა და ცოლ-შვილიც. მამაჩემმა მაშინვე შემატყო და მკაცრად გამაფრთხილა, თუ გონზე არ მოხვალ, სახლიდან გაგაგდებ და შენს მამობაზეც ხელს ავიღებო. ამჟამად არ ვმუშაობ, ჩემი ცოლშვილიანად მამის კმაყოფაზე ვარ და არანაირად არ მაწყობს მისი განაწყენება, რადგან ვიცი, თუ გაბრაზდა, თავის მუქარას აუცილებლად შეასრულებს და, ცოლზე რომ აღარაფერი ვთქვა, შვილებს როგორ შევხედო თვალებში, ამხელა კაცი მართლა სახლიდან რომ გამაგდონ მშობლებმა. ამის გამო თავი მოვიკატუნე და შეძლებისდაგვარგად ვცდილობდი, „ჭკვიანად“ მოვქცეულიყავი, თან სულ მამაჩემს ვუყურებდი თვალებში. სიბრაზემ გაუარა თუ არა-მეთქი. რამდენიმე ხანში ჩემდა გასაოცრად აღმოვაჩინე, რომ მამა ძალიან დამიტკბა, აღარაფერზე აღარ მეჩხუბებოდა, ძალიან გვიანაც რომ მივსულიყავი სახლში, ერთ საყვედურსაც აღარ მეუბნებოდა. საერთოდ, ძალიან მკაცრი კაცია, ოჯახის წევრები, როგორც იტყვიან, „ჩესტზე“ ჰყავს, ყველა თვალებში შესციცინებს, რომ მისი გული მოიგონ და მრისხანება არ დაიმსახურონ. ბოლო ხანებში კი ისეთი მომბალი იყო, ბავშვებმაც კი შეამჩნიეს. ყველას გვეფერებოდა, საჩუქრებით გვანებივრებდა, განსაკუთრებით კი დედაჩემს ჰყვებოდა თან. საწყალი ქალი ისეთი გულაჩვილებული იყო, სულ ცრემლი ჰქონდა თვალზე. ისიც კი მითხრა, ამ კაცს ვეღარ ვცნობ, ისევ ისეთი გახდა, შეყვარებულობის პერიოდში რომ იყოო. ამ სიტყვებმა რაღაცნაირად დამადარაჯა. უცებ მივხვდი, რომ მისი ასეთი ცვლილების უკან რაღაც ძალიან სერიოზული იმალებოდა და გადავწყვიტე, თვალყური მედევნებინა მისი ყოველი ნაბიჯისთვის. სინდისზე ხელი ავიღე და ჯერ მობილური „გავუჩითე“, შემდეგ კი რამდენჯერმე უჩუმრად გავყევი უკან და ფაქტზეც წავასწარი: ჩემი მორალისტი მამიკო საკმაოდ ახალგაზრდა ქალს შეხვდა (სხვათა შორის, ვარდების თაიგულით ხელში), მერე რესტორანშიც წაიყვანა და ისეთი აღფრთოვანებული და ბედნიერი სახით შესციცინებდა, მივხვდი, ყურებამდე იყო შეყვარებული, მისი „დათბობა“ კი, მართალია, უნიჭო, მაგრამ, ერთგვარი შირმა იყო. იმას კი ვერ მიხვდა, რომ ასეთი შეცვლით უფრო მეტ ეჭვს გამოიწვევდა.

„მასალები“ რომ შევაგროვე, გადავწყვიტე, კაცურად დავლაპარაკებოდი, რადგან დედაჩემის ბედნიერ სახეს ვეღარ ვუძლებდი. მხოლოდ ახლა მივხვდი, რა ტკივილს ვაყენებდი ჩემს ცოლ-შვილს ჩემი აღვირახსნილობით.

ერთ დღესაც, მარტო რომ ვიყავით სახლში, ვუთხარი, შენთან სერიოზული სალაპარაკო მაქვს-მეთქი. მაშინვე მიხვდა, რა საქმეც მქონდა და თვითონვე გადამიხსნა გული: შენც კაცი ხარ და უნდა გამიგო, ახლა, ამ ასაკში მეწვია ნამდვილი სიყვარული. მთელი ცხოვრება თქვენზე ვარ გადაყოლილი, საკუთარ თავზე არასდროს მიზრუნია და, ბოლოს და ბოლოს, მეც ხომ მაქვს უფლება, პირადი ცხოვრება მოვიწყოო. მიუხედავად ჩემი ცხოვრების სტილისა, მამაჩემს მაინც ვერ გავუგე. რა თქმა უნდა, შეიძლება, დაოჯახებულ, ასაკოვან კაცსაც შეუყვარდეს ნამდვილი სიყვარულით, მაგრამ 60 წლის ასაკში ვიღაც საეჭვო წარსულის მქონე ქალის გამო ამხელა ოჯახის მიტოვებას რომ გადაწყვეტ, მე მგონი, მთლად ჯანმრთელად არ უნდა იყო. არ დავუმალე ჩემი აზრი და ყველაფერი პირდაპირ ვუთხარი. არ მოელოდა ჩემგან ასეთ შეტევას და ჩემი ცოდვები გამახსენა. მეც არ დავინდე და ვუთხარი, ეტყობა, გენეტიკურად შენგან გადმომეცა-მეთქი. მერე ისიც დავამატე, დარწმუნებული ხარ, რომ იმ შენს „ტურფას“ მართლა უყვარხარ ამხელა ოჯახის მქონე ამ ხნის კაცი-მეთქი? აშკარად ეწყინა – არც ისეთი ბებერი ვარ, როგორც შენ გგონია, თანაც, ნამდვილად ვიცი, რომ ვუყვარვარო. მაშინ ვუთხარი, შეირთავ, მაგრამ მთელ ჩემს ქონებას ჩემს ოჯახს დაუტოვებ და შენთან ვიცხოვრებ-მეთქი, – შევთავაზე მამაჩემს. ამაზე ცოტა შეიჭმუხნა – რა, ჩემი ნაგროვები ქონებიდან არაფერი მეკუთვნისო?

მე კი ასე მითხრა, მაგრამ როგორც ჩანს, გულზე ცუდად მოხვდა და მართლა უთქვამს, რაც მე ვუთხარი. მეორე დღეს თვითონ გამიყვანა ცალკე ოთახში და ყურებჩამოყრილი გამომიტყდა, მართალი ყოფილხარ, იმას მხოლოდ ჩემი ქონება სდომებიაო. რა გითხრა-მეთქი, – დავინტერესდი. მამაჩემმა თავი ჩაღუნა და, ისე, რომ თვალი ვერ გამისწორა, აღიარა: ასე მითხრა, აბა, ცარიელ-ტარიელი შენისთანა ბეხრეკი რაში მჭირდება, თან ერთი მატარებელი შთამომავლებითო.

მამა ძალიან დიდხანს იყო განცდებში, მაგრამ მერე ნელ-ნელა გაუარა. სხვათა შორის, უნდა ვაღიარო, რომ მამაჩემის ამ მაგალითმა გონზე მომიყვანა. ამჟამად ჩემზე ერთგული, მზრუნველი და მეოჯახე ქმარი მეორე არ მეგულება.

ლაშა, 35 წლის.



გწერთ ყველაზე უბედური მამა

შარშანდლამდე უბედნიერესი კაცი ვიყავი. მყავდა უსაყვარლესი მეუღლე და შესანიშნავი შვილი. ერთადერთი, რაც ჩვენი ოჯახის ბედნიერებას ჩრდილავდა, ის იყო, რომ შვილიშვილი არ გვყავდა. ვერ გადავაწყვეტინეთ ჩვენს ვაჟს ცოლის შერთვა. ყოველთვის, როცა კი ამ თემაზე დავუწყებდით ლაპარაკს, სიტყვას ბანზე გვიგდებდა. თან სულ იმას გვიმეორებდა, სანაშენე ბუღა ხომ არ ვარ, ცოლი მარტო იმიტომ შევირთო, რომ შთამომავლობა გავაგრძელო, თუ არ შემიყვარდა, ისე ქალთან როგორ უნდა ვიცხოვროო. გულში ვერც ვამტყუნებდი, მაგრამ ეს ოხერი სიყვარული რომ ძალიან იგვიანებდა, იმაზე ვნერვიულობდი. საშველი რომ აღარ დაადგა ამ საქმეს, ჩემს ცოლსა და ცოლისდას ვთხოვე, ქალები თქვენ ხართ, დატრიალდით, გაიკითხეთ, გამოიკითხეთ, იქნებ ვინმე კარგი გოგო მოძებნოთ და გავაცნოთ ამ ბიჭს, ეგებ მოეწონოს, შეუყვარდეს და გვეშველოს რამე-მეთქი. ქალებს ჩემი აზრი მოეწონათ და დატრიალდნენ. ხან ვინ გააცნეს სანდროს, ხან – ვინ, მაგრამ ყველა დაიწუნა. ბოლოს მოტყუებით ერთი ახლობლის ოჯახში გაიყოლეს, ვითომ რაღაც საქმეზე. ამ ოჯახსაც გასათხოვარი გოგო ჰყავდა. კარგი გოგო იყო ძალიან, ლამაზი, მშვიდი, წყნარი, საქმიანი, მაგრამ რატომღაც არ თხოვდებოდა. ძმა ჰყავდა ორი-სამი წლით უფროსი, ისიც უცოლო და განიცდიდა ოჯახი – ბიჭს ცოლი ვერ მოუყვანია, სანამ ამ გოგოს არ გავათხოვებთ. არ გვინდა, რძალს გაუთხოვარი მული სახლში დავახვედროთო. ჩვენი არ იყოს, ისინიც ათას გზასა და ხერხს მიმართავდნენ, რომ თავიანთი ქალიშვილი საიმედო პატრონისთვის ჩაებარებინათ.

ჩემი ცოლისა და სანდროს „საქმიანი“ ვიზიტის ნამდვილი მიზეზი და მიზანი ყველამ იცოდა თავად სანდროსა და იმ გოგონას გარდა. ამიტომ, ვითომ საქმეზე მოლაპარაკების შემდეგ ჩემი ცოლ-შვილი უპატივცემულოდ აღარ გამოუშვეს და სუფრა გაშალეს – ერთად ვივახშმოთო. როგორც ჩვენში ხდება ხოლმე, ვახშამი ხალისიან წვეულებაში გადაიზარდა. სანდრო მთელ ოჯახს მოეწონა და ამას არც მალავდნენ, განსაკუთრებით კი გოგონას ძმა არ მალავდა თავის კეთილგანწყობას. ჩემს ცოლსაც ძალიან მოეწონა მომავალი სარძლო, თან, ძალიან გახარებული იყო, რომ ოჯახის ყველა წევრი აღფრთოვანებული იყო მისი შვილით.

სანდროც კმაყოფილი დაბრუნდა იმ ოჯახიდან, მაგრამ გოგონაზე არაფერი უთქვამს, მის ძმას კი ისე დაუმეგობრდა, სახლშიც კი მოჰყავდა ხოლმე. ჩვენ გვიხაროდა, ვფიქრობდით, ალბათ, ძმის ნდობის მოპოვება უნდა და მერე მიხედავს გოგოსაცო, მაგრამ რძალი და შვილიშვილი კი არა, ისეთი ღვთის რისხვა დატრიალდა ჩემს თავს, ორჯერ ვცადე თავის მოკვლა და, სამწუხაროდ, ორჯერვე გადამარჩინეს. ახლა სასოწარკვეთილებისგან აღარ ვიცი, რა ვქნა და ამიტომ უფრო გადავწყვიტე, თქვენთვის მომეწერა. ჩემი ცოლი ლოგინად არის ჩავარდნილი, გაჟონვა დაემართა და არ ვიცი, კიდევ რამდენი დღის სიცოცხლე უწერია. ცხადია, დაგაინტერესათ, რა უბედურება დამემართა. ძალიან მიჭირს ამის ასე საქვეყნოდ გახმაურება, მაგრამ, რადგან გადავწყვიტე მოწერა, ბარემ ბოლომდე ვიტყვი: ერთ დღეს სანდრომ ის ბიჭი მოიყვანა სახლში. ჩემმა ცოლმა ასადილა, მერე კი ბიჭები სანდროს ოთახში შევიდნენ. ჩემმა შვილმა დედამისს უთხრა, სერიოზული საქმე გვაქვს და არავინ შემოხვიდეთო. ნახევარი საათის შემდეგ ჩემმა ცოლმა ყავა და ნამცხვარი დააწყო სინზე და დაუკაკუნებლად შეუღო კარი და უცებ ისეთი იკივლა, ლამის ჭაღი ჩამოვარდა, სინიც გაუვარდა ხელიდან და ყველაფერი დაიმსხვრა. ამ ყველაფერს სანდროს ღრიალი მოჰყვა, – ხომ გითხარი, არ შემოხვიდეთო. საქმე ისაა, რომ ელისო შვილის ოთახში იმ დროს შევიდა, როცა გურიკო და ის ბიჭი ერთმანეთს ტუჩებში კოცნიდნენ. რა მოჰყვებოდა ამ ყველაფერს, ხომ წარმოგიდგენიათ. ამ ჩემს ავადმყოფ შვილს კი კარი იმიტომ არ ჩაუკეტავს შიგნიდან, რომ ეჭვი არ აგვეღო. თურმე, კარგა ხანია, გვიმალავდა, მაგრამ იმ დღეს იძულებული გახდა, ეღიარებინა. პირდაპირ გვითხრა, „ცისფერი“ ვარ, ასეთი გამაჩინა ღმერთმა, ეს ჩემი არჩევანი არ არისო. მერე ისიც დაამატა, ვიცოდი, რომ ამას ვერასდროს შეეგუებოდით, ამიტომ ყველაფრის თადარიგი წინასწარ დავიჭირე. ერთ კვირაში მე და ჯაბა ევროპის ერთ ქვეყანაში მივფრინავთ, რომელში – არ გეტყვით, რადგან ამას აზრი არ აქვს. თქვენ ჩემნაირი შვილი არ გინდათ, მე კი – აქ დაბრუნება. ასე რომ, ყველაფერი მოგვარდებაო.

უკვე წელიწადი ხდება, რაც წავიდა. სად არის, არ ვიცით, არ გვეხმიანება. მართალია, ვერასდროს შევეგუები მის „ცისფერობას“, მაგრამ მაინც შვილია და ძალიან მეშინია, რამე არ დაემართოს. თანაც, რაღა დაგიმალოთ და, მენატრება კიდეც. ეს სიკვდილიც რომ აღარ მოდის!.. ახლა მე ყველაზე უბედური მამა ვარ.

გივი, 58 წლის.



რედაქციაში შემოსული უამრავი წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com

ან მოიტანოთ რედაქციაში

წერილის სახით.


скачать dle 11.3