რატომ დაშორდა ეკა ხოფერია პირველ ქმარს და როგორ იპოვა – მეორე
ეკა ხოფერიას ცხოვრების დღიურის ფურცლები ბავშვური მოგონებებით, გაგრაში ბებიასთან გატარებული დღეებით არის აღბეჭდილი. ასეთი შთამბეჭდავი მომენტები მის ცხოვრებაში მერეც იყო, როცა უმაღლესში ჩააბარა, მუშაობა გაზეთში, შემდეგ ტელევიზიაში დაიწყო, გათხოვდა, გაუჩნდა შვილი, ქმარს გაშორდა, ისევ გათხოვდა, ზღვისპირა ქალაქში ზღაპრული ქორწილი გადაიხადა, შეეძინა მეორე შვილი – ნიკოლოზი. დღეს ტელეწამყვანი ამბობს, რომ თავის ახლანდელ ქმართან, ექიმ მიშა ხუჯაძესთან თავს ბედნიერ ქალად გრძნობს და იმ დღეს აღტაცებით იხსენებს, როცა მას შეხვდა.
– ოჯახში მეორე გოგო ვარ. დედაჩემი თვრამეტი წლის იყო, მარიკა რომ გააჩინა, წელიწად-ნახევრის შემდეგ მე გავჩნდი, შვიდი წლის შემდეგ კი – თეა. სხვათა შორის სახელები სამივეს მამამ დაგვარქვა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე ბიჭი უნდოდათ, ოჯახში განებივრებული ვიყავი, რითაც მარიკა დაიჩაგრა. თვითონაც ისეთი ტიპი ვიყავი, რომ უფრო მეტ ყურადღებას ვითხოვდი. მაშინ ძიძები იშვიათი იყო და ყველაფერს დედაჩემი აკეთებდა. ბებიაჩემი იშვიათად ჩამოდიოდა თბილისში.
– როგორც ვიცი, ბებიას, დედის დედას ჰგავხარ. მოგვიყევი მასზე.
– ბებია ნახევრად აფხაზი იყო, ბაბუა – ქართველი, რომელიც ძალიან ადრე გარდაიცვალა, 27 წლის ასაკში. მისი მკვლელობა იმდროინდელ წყობას უკავშირდება. ომში წავიდა, იქიდან რომ ჩამოვიდა, ბათუმში კომენდანტად მუშაობდა და შემდეგ სოფელში დასახლდნენ. როდესაც მეკითხებიან, ვის ჰგავხარო, ვპასუხობ – ბებიას-მეთქი, ძალიან ძლიერი ბუნების, მაღალი, ლამაზი, წარმოსადეგი გარეგნობის ქალი იყო, უკან გადაწეული თმით. მთელ ოჯახს მისი იმედი ჰქონდა. ძალიან ლამაზი სახლი გვქონდა და ვატყობდი, უნდოდა, სხვასაც ასე ლამაზად ეცხოვრა. დიდ ყურადღებას აქცევდა იმასაც, როგორ გამოიყურებოდი, რა გეცვა. ერთი მხრივ, ავტორიტარული, მეორე მხრივ, ძალიან მშვიდი ბუნების ქალი გახლდათ. არ მახსოვს, ჩვენთვის ეყვიროს. ერთს გადმოგვხედავდა და ვხვდებოდით, რაღაც ისე რომ არ იყო. არ მიყვარს საქმის გარჩევა, მით უმეტეს, ხალხში, რაღაც ეტიკეტს ყოველთვის ვიცავ და ბებიაც ასეთი იყო. მიაჩნდა, რომ შეკამათება, ასეთი ფორმით, მიუღებელი და უხერხულია.
– როგორია გაგრაში გატარებული დღეების შთაბეჭდილებები?
– გაგრაში სხვადასხვა ქვეყნებიდან და ქალაქებიდან ჩადიოდნენ ტურისტები, ძალიან კარგი კურორტი იყო და ყველა ჩვენს ლამაზ სახლში ჩერდებოდა. ბებია ახერხებდა, ყოველთვის ლამაზად გაეწყო სუფრა. ახლა, ვატყობ, რომ ამან ჩემშიც გაიღვიძა. მეც მიყვარს, როდესაც ჩემთან მოდიან და ვუმასპინძლდები. შთამომავლობით გადმოგვეცა დიდი, ოვალური მაგიდა, რომელიც მინდა, აქ გადმოვიტანო და ჩემი ქმარიც ეთანხმება ამ აზრს. ისეთი კერძების კეთებით ვერ დავიკვეხნი, როგორსაც ბებია აკეთებდა, სამაგიეროდ, ყველაფერს ლამაზად ვაწყობ და ირგვლივ სიმყუდროვეს ვქმნი. ასე რომ, იქაური ამბები მთელი ცხოვრებაა, იმიტომ, რომ 17 წლამდე ყოველ ზაფხულს გაგრაში ვატარებდი. საერთოდ არ გვინდოდა არც ლიკანი, არც ბორჯომი, არანაირი კურორტი გარდა გაგრისა. იქ საკავშირო მასშტაბით მყავდნენ მეგობრები, ზოგი ბალტიისპირეთიდან იყო, ზოგი – სომხეთიდან, მოსკოვიდან. დეიდაჩემი მუშაობდა სანატორიუმ „საქართველოში“ ადმინისტრატორად, სადაც ყველა ცნობილი საბჭოთა რეჟისორი, მომღერალი იყრიდა თავს. მაგალითად, ნიკიტა მიხალკოვის ცოლი, შვილები, დები, სულ იქ ისვენებდნენ. ეს ყველაფერი ჩემთვის იყო უფასო თეატრი და კინო, საიდანაც ბევრ რაღაცას ვიგებდი.
– დები ხოფერიები რით განსხვავდებით ერთმანეთისგან?
– მარიკა ყველაზე სერიოზული, ჭკვიანი, ცოტა გულჩათხრობილი და ფენომენალური მეხსიერების პატრონია. შეეძლო ერთი წაკითხვით ყველაფერი დაემახსოვრებინა, მაგრამ ცოტა ზარმაცი იყო. მე, პირიქით, დიდი ნიჭით არ ვიყავი დაჯილდოებული, უბრალოდ, მქონდა სწავლის კოლოსალური ენერგია. ჩემი ქმარი დამცინის, ეკას სამი წლიდან ახსოვს რაღაცეებიო. მახსოვს, სკოლაში რომ წამიყვანეს, ვთქვი – მორჩა, ჩემი ცხოვრება შეიცვალა, ახლა სულ უნდა ვიმეცადინო-მეთქი. მართლაც, არავინ მაძალებდა, ამდენი მესწავლა, მაგრამ სულ ვსწავლობდი და ეს ძალიან მხიბლავდა. საჯაროდ რომ გამოვსულიყავი და ლექსი ან რაღაც მეთქვა, პრობლემა არ იყო. თეა საერთოდ სხვა ფენომენია, ის ჩემთვის ყოველთვის იქნება ყველაზე მაგარი, ლამაზი და ჭკვიანი. ჩემი აზრით, ძლიერ ადამიანად ჩამოყალიბდა. პატარა რომ იყო და დედა სამსახურში მიდიოდა, გარკვეული დროით ჩვენ ვუვლიდით, დროდადრო მეზობლის ქალი ამოირბენდა და დაგვხედავდა.
ერთხელ ვნახეთ, მეზობლის ქალი იატაკზე როგორ უსმევდა მასტიკას. შევედით სახლში, ავიღეთ კარაქი, დედაჩემის ახალი ქვედაბოლო და დავიწყეთ იატაკის წმენდა. დედა არასდროს გვეჩხუბებოდა ლარნაკის, თეფშის ან ჭიქის გატეხვაზე. მას ესმოდა, რომ ბავშვი ამას განგებ არ გააკეთებს. მხოლოდ ტყუილზე გვეჩხუბებოდა. მამაჩემის სიმკაცრეზე კი ლეგენდები დადიოდა. გოგოები ჰყავდა და მიაჩნდა, რომ ჩვენ მიმართ ძალიან მკაცრი უნდა ყოფილიყო. მამა იმდენად ლამაზი იყო, სკოლაში პირდაპირ მეუბნებოდნენ, მშობელთა კრებაზე მამა მოვიდესო. სკოლაში რომ შევიდოდა, ნახევარი სკოლა უკან მიჰყვებოდა. ბოლო წლებში ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის დირექტორი იყო. ვიცი, რომ სპეციალურად მიდიოდნენ ვიღაცეები მის სანახავად. რაც შეეხება დედას, ლამაზი არა, მაგრამ ძალიან ეშხიანი იყო, არაჩვეულებრივი ტან-ფეხი ჰქონდა. მამა ცხრა წლით დიდია დედაზე. საინტერესო წყვილი იყო.
– რაში გამოიხატებოდა მისი თქვენდამი სიმკაცრე?
– მაგალითად, მამასთვის უნდა გვეთხოვა, რომ უფლება მოეცა, ცეკვაზე მევლო. მე და მარიკას „მზიურში“ უნდა გვემღერა, ლიკა გოცირიძე ჩვენი ოჯახის ახლობელია და მას უნდოდა ძალიან. მართლა კარგი მონაცემები გვქონდა, მაგრამ არ გაგვიშვა. ერთადერთი, რაზეც გამიშვა, მერე ცოტა რომ წამოვიზარდე – თამარ იშხნელთან ვემზადებოდი. აი, მეცხრამეტე საუკუნის გიტარა მოსწონდა. ჩემთვის სულერთი იყო, ოღონდ რაღაცაზე მევლო და რაღაც მეკეთებინა. ერთი პერიოდი ჩოგბურთზე, კალათბურთზე დავდიოდი და ესეც მოსწონდა. იცოდა, რომ ჯანმრთელობისთვის კარგი იყო. ცეკვას და სიმღერას კი სხვანაირად უყურებდა. ფიქრობდა, ესენი სულ გასტროლებზე ივლიან და სწავლას ჩამორჩებიანო. აბსოლუტურად დედის და მამის გაზრდილები ვართ. მამა დედას, რაც ჩვენს მოვლას ეხებოდა, ყველაფერში ეხმარებოდა – ეს იყო ჩვენი სწავლა-განათლება. როდესაც გაგრიდან ჩამოვდიოდით, ბუნებრივია, ჩვენს მეტყველებაში ბევრ რუსულ სიტყვას აწყდებოდა და ამაზე საოცრებები ემართებოდა – დაიწყეთ ისევ გაუგებარ ენაზე საუბარიო. თვითონ წარმოშობით სოხუმიდან არის და რომ გავიზარდე, მერე შევამჩნიე, რომ არანაირი იქაური აქცენტი არ ჰქონდა. სუფთა ქართული სალიტერატურო ენით ლაპარაკობდა. ამ დროს არანაირი კავშირი არ ჰქონდა ფილოლოგიასთან. მისთვის რაღაც რომ უნდა მომეყოლა, ჯერ კარგად უნდა დამელაგებინა. ცოტა ავტორიტარიზმი იყო ამ ყველაფერში. ჩვენთვის ისინი იყვნენ იდეალები. მაგალითად, დედაჩემი გარეგნობით ისე მომწონდა, სულ ვამბობდი, რომ გავიზრდები, მისნაირი თხელი, ტანადი და ჩაცმული ვიქნები-მეთქი. ძალიან კარგი გემოვნება ჰქონდა და დღემდე ვფიქრობ, ერთ-ერთი გემოვნებიანი ქალია თბილისში. ჩემზე კარგად გამოიყურება. თავის კლასიკურ სტილს არ ღალატობს. ბევრს არ სჯერა, რომ ამხელა შვილები ჰყავს.
– მამათქვენი უკმაყოფილებას არ გამოხატავდა ოჯახში სამი ქალიშვილის გამო?
– ხშირად იშველიებდა მუხრან მაჭავარიანის ერთ-ერთი ლექსის ბოლო ფრაზებს – კაცი ჯავრით აღარა ვარ, სამი შვილის მამა ვარ და სამივენი ქალები არიანო. თუმცა მერე, რომ გავიზარდეთ, ეამაყებოდა, რომ მისი გოგოები მთებს ატრიალებენ. მეც მინდოდა ძმა, მაგრამ, ალბათ, დედამ ვეღარ გარისკა, ძალიან დაიღალა.
– თქვენი პირადი ცხოვრებით თუ იყვნენ დაინტერესებულები?
– მამა, თავისი სიმკაცრის მიუხედავად, მისი ქალიშვილი ცხოვრების მეგზურად ვის აირჩევდა, ამ გადაწყვეტილებას აბსოლუტურად მას ანდობდა. არ მახსოვს, ჩვენს პირად ცხოვრებაში რაიმე ფორმით ჩარეულიყვნენ. მე მათი დახმარება უფრო მჭირდებოდა, იმიტომ, რომ ანანო რომ გაჩნდა, მუშაობა უნდა დამეწყო. ულაპარაკოდ მოკიდეს ხელი ბავშვს, ჩვენ გავზრდით და შენ შენი საქმე გააკეთეო. მაშინ „რუსთავი 2-ში“ მუშაობა იმას ნიშნავდა, რომ საერთოდ არ ეკუთვნოდი საკუთარ თავს. ძალიან ძლიერი შემადგენლობა დამხვდა, ასე იოლად ერთ ფრაზასაც ვერ ვიტყოდი ეთერში.
– იყო პერიოდი, როცა რადიკალურად განსხვავებული სფერო გიტაცებდა, ვიდრე ჟურნალისტიკაა.
– მერვე კლასში ვიყავი, როცა წავიკითხე სტატია „სიენენის“ ერთ-ერთ ცნობილ ჟურნალისტ კრისტიან ამამპურზე, რაღაცამ მომხიბლა ამ ისტორიაში. ამიტომ მეათე კლასიდან უკვე მინდოდა, რომ ჟურნალისტიკაზე ჩამებარებინა, რაზეც მითხრეს – მოდი, ჯერ შენ რამე პროფესია დაიჭირე ხელში, ფილოლოგიურზე ჩააბარე და ჟურნალისტი ისედაც გახდებიო. ჟურნალისტი ხომ ის ადამიანია, რომელიც ცოტ-ცოტა ყველაფერზეა ინფორმირებული. მინდოდა, პოპულარული ვყოფილიყავი, უბრალოდ, მაშინ ვერ ვხვდებოდი, რომ ეს იყო ჟურნალისტიკა. მსახიობობა ნამდვილად არ მდომებია. მერე ჩავაბარე ასპირანტურაში. მითხრეს, კარგი იქნება თუ სადმე ჟურნალ-გაზეთებში დაწერო. დედაჩემმა დაურეკა თავის ახლობელს, რომელიც „დრონში“ მუშაობდა. ადამიანი ჟანგბადით გაჟღენთილ სივრცეში რომ მოხვდება, ჩემთვის ყველაფერი ასე იყო. მივხვდი, რომ აქ ბევრი საინტერესო რამ ხდება და შეიძლება ამ ყველაფრის ნაწილი გავხდე, ძალიან მომეწონა. მაშინ იწყებდა თავისუფალი პრესა ჩამოყალიბებას. პარალელურად, მუშაობა დავიწყე სააგენტოში, შემდეგ ლუბა ელიაშვილმა მიმიყვანა „იბერიაში“. მას უნდა ვუმადლოდე, რომ ტელეჟურნალისტი ვარ. მერე იყო რადიო „ფორტუნა“, სადაც გოგა ხაინდრავამ წამიყვანა. ანანო რომ გაჩნდა, ვთქვი, რომ „რუსთავი 2-ის“ დრო მოვიდა. სახლიდან ქალაქის ტელეფონზე დავურეკე ნიკა ტაბატაძეს, რომელიც იმ დროს „რუსთავი 2-ის“ დირექტორი იყო. ერთ კვირაში დამირეკე, ჩემს ხელმძღვანელებს, კიწმარიშვილს და დვალს დაველაპარაკებიო, – მითხრა. რაღაც პერიოდის შემდეგ დავრეკე და გიორგი სანაიამ მიპასუხა. გიორგის გაზეთში მუშაობის დროიდან ვიცნობდი. ვკითხე – შინაურულად გამიგე, რა ხდება-მეთქი. მგონი, ჩვენთან იწყებ მუშაობასო. მერე ნიკა დამელაპარაკა და მითხრა, მოდიო. ძალიან ბევრი რაღაც მასწავლეს ნიკამ, ეროსიმ და დვალმა. ძალიან მალე გავხდი ტელევიზიის დამრტყმელი ძალა.
– შენს კარიერაში კიდევ ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი იყო: სანაიას მკვლელობა, ტელევიზიაში უშიშროების შემოსვლა, „ვარდების რევოლუცია“, შენი ტელევიზიიდან წამოსვლა, შემდეგ „იმედის“ ცნობილი მოვლენები. ბოლოს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, ეს პერიოდებიც გაიხსენე.
– თავს ასეთი უბედურება დაგატყდა, შენი კოლეგა მოკლეს. შენ ამაზე რეპორტაჟი უნდა გააკეთო და არა ვინმესთან დაჯდე და იჭორაო. „ვარდების რევოლუცია“ რომ მოხდა, საინფორმაციოს უფროსი ვიყავი და ვამბობდი, საქართველოს უახლოეს ისტორიას ეკრანიდან ვუყურებ-მეთქი, კედელზე უამრავი მონიტორი იყო ჩამოკიდებული. ამ კადრებს ყოველ წუთს ვუყურებდი და ვამბობდი, ორ წამში ეს ყველაფერი მოხდება და დამთავრდება. ისე ვიყავი გადაღლილი, ვფიქრობდი, ნეტავ, ოდესმე თუ დადგება დრო, სახლში ვიჯდე, როგორც ყველა ნორმალური ადამიანი და მეორე მხრიდან ვუყურო-მეთქი. რეკორდი მოვხსენით და ვამბობდი, დარტყმიდან დარტყმამდე ვცხოვრობთ-მეთქი.
– შენს პირად ცხოვრებაშიც თითქოს ასევე აეწყო ყველაფერი – დარტყმიდან დარტყმამდე. არ მეთანხმები?
– პირად ცხოვრებაში საწუწუნო არაფერი მაქვს, ძალიან ბედნიერი ქალი ვარ. ვინც შემხვედრია და ვინც გვერდით მყოლია, მათი მხრიდან მხოლოდ სიყვარულს და პატივისცემას ვგრძნობდი. არასდროს არავის დავუმცირებივარ და ჩემთვის არ უღალატია. ალბათ, იმიტომ ვძლებდი იქით, კარიერას ვგულისხმობ, რომ აქეთ სრული სიმშვიდე და ხელშეწყობა მქონდა. ანანოს მამას შვიდი წლის თანაცხოვრების შემდეგ დავშორდი. როგორც ამბობენ, მეშვიდე წელი კრიზისულია. შეიძლება, ეს სამსახურის გამო მოხდა. შეიძლება, თავიდანვე ვერ გავთვალეთ რაღაც ორივემ. მივხვდით, რომ ჩვენს შორის არ იყო დიდი სიყვარული და უბრალოდ, კარგი მეგობრები ვიყავით. ვამბობდით კიდეც, რომ ალბათ, თავიდანვე მაგარი მეგობრები ვიქნებოდითო, ერთმანეთის ისე კარგად გვესმოდა. დარწმუნებული ვარ, ჩემი ბედნიერების სჯერა და ასევე მეც მინდა, რომ ეს ადამიანი ბედნიერი იყოს. დღეს კარგი ურთიერთობა გვაქვს. მე რომ ანანო მიყვარს და ანანოს – მამამისი, ეს ხომ ისედაც გასაგებია. რა თქმა უნდა, გული მეც დამწყდა და მასაც, ოჯახი დაინგრა, მაგრამ ეს ჩემი ცხოვრების სტილია, ასე ვცხოვრობ, არასდროს ვთამაშობ. თუ სიყვარული არ არის და გული არ გიძგერს, არ გაქვს, მოლოდინი რომ ახლა მას ვნახავ, ასეთი ცხოვრება არ მინდა. ჩემსა და მიშკას შორის სულ სხვა რაღაც მოხდა. აღმოჩნდა, რომ 33 წელი ორივე თურმე ასე იმიტომ ვცხოვრობდით, რომ ერთმანეთს შევხვედროდით. რა თქმა უნდა, მეც მყვარებია, მასაც ჰყვარებია და ყველა ამ ისტორიას და გრძნობას ჩვენს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მაგრამ ის, რაც ჩვენ შორის მოხდა, მართლაც განსაკუთრებულია.
– როგორ მიიღო ანანომ დედამისის ქორწინება სხვა მამაკაცთან?
– შეიძლება მტკივნეულად, მაგრამ გაგებით. ანანოს ბუნებრივი ეჭვიანობა ჰქონდა, რომ დედამისს ვიღაც სხვაც უყვარს ანანოს გარდა. ხელოვნურად არაფერი გაგვიკეთებია, მით უმეტეს, მიშკას არ აქვს ის მომენტი, რომ ითამაშოს. მან იცის, რომ ანანოს ჰყავს არაჩვეულებრივი მამა, მაგრამ ალბათ, აქვს პრეტენზია, რომ იყოს მისთვის ძალიან კარგი და ახლობელი ადამიანი. სადაც კი წავალთ, ვცდილობთ, ანანოც ჩვენთან ერთად იყოს. საქორწინო მოგზაურობაშიც კი გვყავდა. არ მინდოდა, გულში მტკივნეულად ჩარჩენოდა, რომ დედა საფრანგეთში წავიდა და მე ასე ადვილად დამტოვა. არც მომეწონებოდა ადამიანი, რომელსაც იმდენი ტაქტი არ ექნებოდა, რომ ბავშვთან ურთიერთობა შეშლოდა. გარწმუნებ, ასეთი არც შემიყვარდებოდა, ძალიან კარგად ვერკვევი ადამიანებში. მშვენივრად ეტყობა თვალებში, კეთილია თუ არა.
– სად გაიცანი მიშა ხუჯაძე?
– ჯერ ეს ერთი, მართლა არ ვფიქრობდი გათხოვებაზე. ჩემი საქმიანობის გაგრძელებასა და, ანანოს განათლებაზე ვფიქრობდი და ბუნებრივია, სამომავლოდ, ჩემს პირად ცხოვრებაზეც. ჩემი მეგობარი ხატია შამუგია დამცინის, სულ გათხოვილი ხარ, გასათხოვარი ვერ გამოგიჭირეო. მიშკა ნინო შუბლაძის ქორწილში გავიცანი. ნინოს მეგობრები ერთ სუფრასთან ისხდნენ და თანამშრომლები – მეორე სუფრასთან. ცხადია, პირველი შეხვედრისთანავე ვერ დავუშვებდი, რომ შეიძლებოდა, ჩვენ შორის რაღაც სერიოზული მომხდარიყო. ჩვენ უფრო მას შემდეგ დავახლოვდით, რაც „რუსთავი 2-დან“ წამოვედი. ალბათ, მეტი დრო გამომიჩნდა და იმიტომ. მძიმე მომენტებში მხარში ამომიდგა. ჩემთვის სასიამოვნო იყო, რომ ზედმეტ კითხვებს არ სვამდა. ვიცოდი, მას ჩემგან არაფერი სჭირდებოდა და იმიტომ არ მეგობრობდა ჩემთან, რომ ცნობილი ჟურნალისტი ვარ. მივხვდი, რომ უბრალოდ, შეუყვარდა ქალი, რომელსაც ეკა ხოფერია ჰქვია. სადღაც ოთხ თვეში, ეს სიახლოვე უფრო დიდ გრძნობაში გადავიდა.
– ვიცი, ბათუმში ძალიან ლამაზი ქორწილი გქონდათ. რა მოსამზადებელი პერიოდი უძღოდა მას წინ და რა ხარჯებთან იყო დაკავშირებული?
– აბსოლუტურად არარეალური იდეები გვქონდა ამასთან დაკავშირებით. ჯერ გვინდოდა, ქორწილი ევროპის რომელიმე ქალაქში გვქონოდა, მაგრამ მერე მივხვდით, იქ ვერავის წავიყვანდით და ამდენი ფულიც არ გვქონდა. მერე კიევში გვინდოდა და მივხვდით, რომ მაინც ნაკლები ხალხი წამოვიდოდა იქ და უხერხული იქნებოდა. მერე გადავწყვიტეთ, სადმე ზღვისპირა ქალაქში გაგვეკეთებინა, სადაც რამდენიმედღიანი დროსტარების საშუალება მოგვეცემოდა. შენ იცი, როგორ მიყვარს ზღვისპირა ქალაქი და ასე გაჩნდა ბათუმის იდეა. კაბა თამუნა ინგოროყვამ შემიკერა. საერთოდ, თამუნას ბევრ საკითხში ვენდობი. გარდა იმისა, რომ დახვეწილი დიზაინერია, არაჩვეულებრივი დედაა. ორსულობის დროს რომ დავდიოდი თამუნასთან, ბევრ რჩევას ვიწერდი. მან მირჩია საბავშვო ეტლი, რომელიც საოცარი თანხები დაჯდა, მგონი, მსოფლიოს ვარსკვლავების შვილები დადიან იმ ეტლით. მიშკას საერთოდ არ ჰქონდა ნანახი კაბა, მაგრამ ჩემს გემოვნებას ენდობოდა. სამი წელი მუშაობდა საფრანგეთში. მისი მეგობრები ჩამოდიოდნენ ქორწილში და უნდა მოგვეფიქრებინა, სად, რამდენი დღით გაჩერდებოდნენ, ვინ წაიყვანდა და მოიყვანდა მანქანით. მათ უნდა ჩამოეტანათ ჩვენი მოგზაურობისთვის ვიზა. მერე ბარგი დავკარგეთ და ბევრი პრობლემა გვქონდა. მე და მიშკას შეცდომა ის იყო, რომ ქორწილი საკუთარ თავზე ავიღეთ. ჩვენდა გასაკვირად, რესტორანში არ ჩართეს კონდიციონერები. ვერ წარმოვიდგენდით, თუ შეიძლებოდა, ეს პრობლემა ყოფილიყო, იმდენად ყველა დეტალი გავთვალეთ. ცოტა სასაცილო იყო, ზოგი პულტს ეძებდა, რომ კონდიციონერები ჩაერთო, ზოგი ფანჯრებს აღებდა. ამაზე ძალიან ვინერვიულე. თანხობრივად არ მახსოვს, რა დაჯდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი ჩვენ დავაბინავეთ სასტუმროში, მაინც კოლოსალური თანხა დაჯდა. თუმცა, ეს იყო ასკაციანი ქორწილი.