როდის გადის მალხაზ გველუკაშვილი ციხეში ტრანსში და რა ლექციებს უტარებს ის პატიმრებს
მეტაფიზიკოსმა მალხაზ გველუკაშვილმა, რომელიც 21 მარტს დააკავეს სახელმწიფო გადატრიალებისა და ტერორისტული აქტის მომზადების მცდელობის ბრალდებით, ქალაქის სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მალხაზ გველუკაშვილი სასჯელს გლდანის საპყრობილეში იხდის, სადაც საკუთარ სულიერ მდგომარეობაზე თავად ზრუნავს – ის თანამოსაკნეებს საინტერესო ლექციებს უტარებს, ღამღამობით კი, გლდანის ციხის საკანში ტრანსში გასვლასაც ახერხებს. როგორც მეტაფიზიკოსის მეუღლე თამრიკო ღადალაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, მალხაზ გველუკაშვილს საყვარელი საქმიანობისთვის არც გისოსებს მიღმა დაუნებებია თავი და მუშაობს წიგნზე, რომელიც დღის სინათლეს მეტაფიზიკოსის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ იხილავს.
თამრიკო ღადალაძე: მალხაზის სასამართლო პროცესი საკმაოდ უხმაუროდ ჩატარდა. იქიდან გამომდინარე, რომ მალხაზის დაკავება საკმაოდ სკანდალურად მოხდა, სასამართლო პროცესიც რეზონანსული უნდა ყოფილიყო, თუმცა პროცესის მიმდინარეობა თითქმის არ გაშუქებულა. ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რომ მალხაზი სახელმწიფოს გადამტრიალებელი არ იყო და სასამართლო პროცესიდან ახალ სკანდალებს ვერ შექმნიდნენ. პროკურატურას მალხაზის წინააღმდეგ თითქმის არაფერი ჰქონდა – იარაღი, რომელიც ნივთმტკიცებად იდო საქმეში, 15 ადამიანის საქმეში ფიგურირებდა. ტელეფონის ნომრების უმეტესობა, რომელიც საქმესთან დაკავშირებით არსებობდა, ჩემს მეგობრებს ეკუთვნოდათ. არც ერთ სასამართლო პროცესზე არ მოუყვანიათ, ეგრეთ წოდებული მოწმე, რომელზეც თქვეს, რომ სოფელში იყო. მალხაზმა ბოლოს ირონიით განაცხადა სასამართლო პროცესზე: თუ თქვენ გინდათ, რომ გამომიყვანოთ, როგორც ქვეყნის დამაქცევარი, კი ბატონო, იყოს ასეო. მალხაზს მიუსაჯეს ხუთი წელი: სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის 2 წელი, ხოლო ტერაქტის მომზადების მცდელობისთვის – სამი.
– ეს საკმაოდ მძიმე ბრალდებებია, ასე ლმობიერი რატომ აღმოჩნდა სასამართლო თქვენი მეუღლის მიმართ?
– სასჯელის გარკვეულ ნაწილზე შედგა საპროცესო გარიგება და მალხაზს მიესაჯა მინიმალური სასჯელი. მე გამოძიებას ვერ ჩავატარებ, რომ სიმართლე დავადგინო, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვარ, მალხაზის მიმართ კარგად დადგმული სცენარი გათამაშდა. უკვე შემიძლია ვთქვა, რომ მალხაზის დაკავება მარტო მთავრობას არ აწყობდა და ამით სხვებიც ინტერესდებოდნენ. მალხაზი პატიმრობას ატარებს გლდანის მერვე საპყრობილეში. ეს მისთვის პირველი პატიმრობაა, თუმცა ყველაფერს ყოჩაღად გაუძლო. ციხეშიც კარგი პირობები აქვს, მეც გლდანში ვცხოვრობ და უფრო იოლად ვახერხებ მის ნახვას. მოგეხსენებათ, პატიმრის შენახვა გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. არ ვიცი, როგორ შევძლებ მის ნახვას, თუ სადმე გადაიყვანენ. მალხაზს არაფერი დაუტოვებია, მე არ ვმუშაობ. დარწმუნებული ვარ, დასაქმებას ვერც მოვახერხებ. ჩვენი ოჯახის ერთ-ერთ წევრს უარი უთხრეს სამსახურზე იმის გამო, რომ მალხაზის ახლო ნათესავია. ახლა ვის აწყობს, სამსახურში სახელმწიფო გადატრიალებაში ბრალდებული ადამიანის ცოლი ჰყავდეს? კი საუბრობდნენ იმაზე, რომ მე ვიღაც-ვიღაცეებმა ბევრი ფული გადამიხადეს, მაგრამ თუ ვინმე იმ ასი ათასს მაჩვენებს, აუცილებლად მივცემ წილს (იცინის).
– როგორ გრძნობს თავს მალხაზი საპატიმროში?
– ნორმალურად. მალხაზი ძალიან ძლიერი პიროვნებაა და პატიმრობას უძლებს. ის კომუნიკაბელური ადამიანია, უკონფლიქტო და არავისთან პრობლემები არ აქვს. სასჯელს იხდის 7 ადამიანთან ერთად, ზოგი კრიმინალია, ზოგი კი მსუბუქი მუხლით არის გასამართლებული. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს. მას შეუძლია, რომ თავის ჯანმრთელობასაც მიხედოს და სხვებსაც მოუაროს. იყო დრო, როცა ის პაციენტებს იღებდა და სხვადასხვა დაავადებებს მკურნალობდა. ჰქონდა მკურნალობის საკუთარი მეთოდი და საკმაოდ კარგ შედეგებს იღებდა. მან შეიმუშავა წამლის ფორმულა, რომელიც ძალიან ეფექტური იყო სიმსივნეების საწყის ეტაპზე. მალხაზმა ეს წამალი გამოსცადა ახლობლებზე, ნათესავებზე, თუმცა წამლის ოფიციალურად დარეგისტრირება ვერ შეძლო, რადგან მას ყველა თვალსაზრისით იგნორირებას უკეთებდნენ. როგორც ვიცი, მალხაზი ციხეშიც ბევრს მუშაობს, წერს. პრესის გარდა, კითხვის საშუალება არ აქვს, რადგან ციხეში წიგნების შეტანა არ შეიძლება. ბიბლიოთეკაში კი ისეთი წიგნები აქვთ, რაც ახლა მალხაზს აღარ აინტერესებს. ეგნატე ნინოშვილის მოთხრობებს ახლა არ წაიკითხავს. სასამართლო პროცესზე პროკურორი დაჰპირდა მალხაზს, რომ ყველა საჭირო სპეციალიზებული ლიტერატურით მოამარაგებდნენ, მაგრამ ეს დაპირება დაპირებად დარჩა. მალხაზს ეს ლიტერატურა ძალიან სჭირდება, რადგან როდესაც ნაშრომზე მუშაობს, ციტატები უნდა გამოიყენოს. როგორც მითხრა, მონახაზებს აკეთებს და როცა გაათავისუფლებენ, წიგნს გამოსცემს. მას უკვე გამზადებული აქვს ერთი ნაშრომი, სწორედ მისი დასაბეჭდი თანხების მოსაძიებლად იყო წასული საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში და არა სახელმწიფო გადატრიალებისთვის საჭირო თანხების საშოვნელად. მალხაზი ერთი კვირის ჩამოსული იყო ევროპიდან, როცა დააპატიმრეს.
– რა ინფორმაცია გაქვთ, ციხეშიც აკეთებს მეტაფიზიკურ პროგნოზებს?
– მალხაზს არ შეუძლია ცხოვრება თავისი საქმიანობის გარეშე. მას შეიძლება, ახლაც აქვს პოლიტიკური პროგნოზები, მაგრამ როდესაც ჩვენ ერთმანეთს შეზღუდული დროით ვხვდებით, ამ პერიოდს პოლიტიკაზე საუბრისთვის ნამდვილად ვერ დავკარგავთ. სანამ მალხაზს დააკავებდნენ, იცოდა, რომ რთული პერიოდი ჰქონდა. მაგრამ, იმას ვერ წარმოიდგენდა, რომ დააკავებდნენ, მკითხავი მაშო ხომ არ არის, რომ ამაზე ესაუბრა, ამისთვის ფანტაზია არ ეყოფოდა. (იცინის) ვიცი, რომ ის ადამიანები, ვისთან ერთადაც მალხაზი საკანშია, სიამოვნებით ისმენენ მის საუბრებს. მართალია, ლექციებისთვის პატარა აუდიტორია ჰყავს, მაგრამ მალხაზი ისეთი მოსაუბრეა, დარწმუნებული ვარ, საინტერესო ლექციები გამოსდის. მას თემა რომ ჩაუგდო, ორგეგაბაიტიან ინფორმაციას მოგაწვდის. მალხაზის თანამოსაკნეებზე იმასაც კი ხუმრობდნენ, მისი საკნიდან პროფესორები თუ არა, დოცენტები მაინც გამოვლენო. (იცინის) მალხაზი მთელი ცხოვრება წერს ლექსებს და როგორც ვიცი, ახლაც ასეა. ლექსებს წერს და პატიმრებსაც უკითხავს. რამდენიმე ლექსი ჩავიწერე და ვინახავ. მალხაზი ასევე მედიტაციასაც მიმართავს. ეს ჩვენი საყვარელი გატაცებაა. ციხეში მედიტაციისთვის შესაფერისი დრო ღამეა, როდესაც სხვა პატიმრებს სძინავთ. ღამით არც ის შეუშლის ხელს პატიმრებს და არც მას დაურღვევენ სიმშვიდეს, როცა სიჩუმეა აბსოლუტური რელაქსაცია და ტრანსულ მდგომარეობაში გასვლა უფრო იოლია. ცეკვა-თამაშითა და ტანტრული მოძღვრებით ტრანსში ვერ გადიან, თუმცა ეს მართლაც რომ, საინტერესო პროცესია. (იცინის).