რა სიამოვნებს გარკვეული დოზით მარიტა ჯანაშიას და რატომ დადიოდა ის ჩალურჯებული თვალებით
როგორც იცით, სულ ახლახან „ელიტ მოდელ ლუქ ჯორჯიას“ გამარჯვებული 17 წლის მარიტა ჯანაშია გახდა, რომელიც საკმაოდ თავისებური და კარგი გარეგნობით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ მარიტა ჯერ მხოლოდ 17 წლის არის, ის საკუთარ გარეგნობაზე ყოველთვის ზრუნავს და თავის მოვლის ისეთ საშუალებებს მიმართავს, რაც მისი ასაკისთვისაა შესაფერისი.
– მარიტა, როგორ უვლი თავს და ამისთვის რამდენი დრო გჭირდება?
– ჩემი ასაკიდან გამომდინარე, არ მჭირდება განსაკუთრებული კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება. ყოველდღიურადაც მსუბუქ მაკიაჟს ვხმარობ, ან საერთოდ არაფერს ვისვამ, არ მიყვარს სახის გადატვირთვა. ერთადერთი რის გამოყენებაც ხშირად მიწევს ეს არის მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალებები, რადგან გადაღებებსა და ჩვენებებზე ვიზაჟისტები ინტენსიურად მიკეთებენ მაკიაჟს.
– მოდელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჰქონდეს ლამაზი და კარგი სხეული. რას აკეთებ ფორმის შესანარჩუნებლად?
– რაც შეეხება ფორმის შენარჩუნებას, ეს ჩემთვის ძალიან მარტივია, რადგან ყოფილი მოციგურავე და ბალერინა ვარ. საბედნიეროდ, არ მიწევს დიეტის დაცვა, მაგრამ იმის გამო, რომ მუდამ ფორმაში ვიყო, ყოველდღე დავდივარ კლინიკა „მედიში“ და ვვარჯიშობ.
– როდისმე თუ დაგიძინია მაკიაჟით, თუ ყოველთვის იშორებ?
– კი, დამიძინია და დედაჩემი სულ მაგის გამო მსაყვედურობს. მაკიაჟი კანს ძალიან აფუჭებს, მაგრამ ხანდახან ისეთი დაღლილი მოვსულვარ სახლში, რომ მაკიაჟის მოშორების თავიც არ მქონია. ისე მაკიაჟის მოსაშორებლად ყოველთვის ვიყენებ „ლორეალის“ რძეს.
– ალბათ გადაღებებზე სულ სხვადასხვანაირ მაკიაჟს გიკეთებენ. გიყვარს ექსპერიმენტები?
– ჩვენებებსა და გადაღებებზე მიყვარს ექსპერიმენტები. ბევრჯერ მქონია ძალიან ექსტრავაგანტური მაკიაჟი. ერთხელ ერთ-ერთ ჩვენებაზე ძალიან უცნაური მაკიაჟი გამიკეთეს და ქუჩაში ხალხი შეშინებული და უცნაური სახით მიყურებდა.
– ჩაცმულობის როგორი სტილი გიყვარს? ალბათ ექსტრავაგანტური სამოსის ჩაცმაც ხშირად გიწევს.
– სპორტული სტილი ძალიან მიყვარს, ყოველდღიურად კლასიკურად არ ვიცვამ, თითქმის სულ ჯინსებით და კედებით დავდივარ. მაგრამ, თუ ქასთინგი მაქვს, მაშინ უკვე შესაფერისად ვიცვამ. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს ექსტრავაგანტურად ჩაცმაც.
– ასეთ სამოსში თავს კომფორტულად გრძნობ?
– კომფორტულად არა, მაგრამ ექსტრავაგანტურად ვგრძნობ თავს და ეს რაღაც დოზით მსიამოვნებს, ოღონდ არა ყოველდღიურ ცხოვრებაში. თუმცა, ზოგიერთი სამოსი შეიძლება, იყოს ექსტრავაგანტურიც და იმავდროულად კომფორტულიც.
– თმას როგორ უვლი?
– ერთ-ერთი ჩვენების დროს თმა გამიუფერულეს და დამიწვეს. ახლა ვცდილობ ნიღბების საშუალებით თმის სტრუქტურა ცოტათი მაინც აღვიდგინო. ალბათ, ჩინეთში რომ წავალ, იქ ძალიან დაიტვირთება ჩემი თმა.
– სახეზეც ხომ არ იკეთებ ხილის ნიღბებს?
– არა სახეზე არანაირ ნიღაბს არ ვიკეთებ, რადგან ჯერ მხოლოდ 17 წლის ვარ და არ მიმაჩნია საჭიროდ ჩემს ასაკში ნიღბები და კრემები გამოვიყენო. რაც შეეხება ხილს, მარწყვს და ბანანს სიამოვნებით მივირთმევ.
– ბავშვობაში პრანჭია იყავი?
– კი, ძალიან. დედაჩემის ფეხსაცმელს და ტანსაცმელს ვანადგურებდი, ბებიაჩემს სამკაულებს ვართმევდი და დავდიოდი ასე ასხმული. წითელი ტუჩის საცხის სიყვარული დღემდე შემომრჩა და ამის გამო სულ მეჩხუბებიან დედა, ბებია და ქალბატონი ია. ჩრდილებს რაც შეეხება, ბავშვობაში ძალიან მიყვარდა მათი წასმა, განსაკუთრებით ლურჯი ფერის, სულ ჩალურჯებული თვალებით დავდიოდი და დედას გულს ვუხეთქავდი.
– თუ ხმარობ ბოდი-ლოსიონებს, დუშ-გელებს?
– დუშ-გელს ვხმარობ, ბოდი-ლოსიონი არ მიყვარს, შეიძლება ათასში ერთხელ წავისვა.
– როგორი სურნელის სუნამო გიყვარს?
– არ მიყვარს ტკბილი სურნელი, ცოტა გრილი და ცივი სუნამოები მომწონს. მაგრამ ბოლო ერთი წელია ლანკომეს „თრეასურეს“ ვიყენებ. მართალია, ცოტა მოტკბო სურნელი აქვს, მაგრამ ძალიან მომწონს.
– როგორ ფიქრობ, ბიჭი არ უნდა უვლიდეს თავს?
– აუცილებლად უნდა უვლიდეს, ოღონდ ისე არა ზოგიერთმა ბიჭმა, რომ იცის – კრემებს, ლოსიონებს და ნიღბებს ხმარობენ ქალებზე უფრო ინტენსიურად. თუმცა, ზომიერების ფარგლებში ყველაფერს უნდა აკეთებდეს იმისთვის, რომ სასიამოვნოდ გამოიყურებოდეს. უპირველეს ყოვლისა, უნდა ვარჯიშობდეს. სუნამოს დასხმის საწინააღმდეგოც არაფერი მაქვს, მაგრამ ცისფერი ლინზების გაკეთების და თმის გასწორების წინააღმდეგი ნამდვილად ვარ.
– როდესაც ვიღაც მოგწონს, უფრო მეტად იპრანჭები?
– კი, დიდი ხანი ვფიქრობ რა ჩავიცვა და შეიძლება, ამ ყველაფერს მსუბუქი მაკიაჟიც დავუმატო.
რჩევა: ჩემი აზრით, ყველა ქალი ძალიან ლამაზია, უბრალოდ, ფორმის შესანარჩუნებლად უნდა ივარჯიშოს, შეძლებისდაგვარად მოუაროს თავს და რაც მთავარია, ხშირად შეახსენოს საკუთარ თავს, რომ ძალიან მომხიბვლელია.
ნათია უტიაშვილი