პაატა ბურჭულაძეს წარმატებული პრემიერა ესპანეთის დედოფალმა პირადად მიულოცა
რამდენიმე დღის წინ, ბარსელონას ლიცეოს დიდ თეატრში ჯუზეპე ვერდის „ტრუბადურის“ პრემიერა გაიმართა. სპექტაკლში მონაწილეობს საოპერო ხელოვნების თანავარსკვლავედი: მარკო ბერტი, ლუჩანა დინტინო, დირიჟორი – მარკო არმილიატო. ფერანდოს პარტიას ქართველი ბანი – პაატა ბურჭულაძე ასრულებს.
სპექტაკლები სრული ანშლაგით მიმდინარეობს, რის გამოც ბარსელონას ლიცეომ დეკემბერში „ტრუბადურის“ 19 წარმოდგენა დანიშნა.
პრემიერას ესწრებოდნენ ესპანეთის კულტურის მინისტრი ანჯელეს გონსალეს სინდი, ბარსელონას მერი ჯორდი პერეუ, ესპანეთის სამეფო ოჯახი და მისი აღმატებულება დედოფალი სოფია. სპექტაკლის შემდეგ დედოფალმა პირადად მიულოცა წარმატებული გამოსვლა და საკუთარი შთაბეჭდილება გაუზიარა ქართველ ბანს.
2010 წელს პაატა ბურჭულაძეს 55 წელი უსრულდება, ამ თარიღთან დაკავშირებით, საიუბილეო კონცერტები მსოფლიოს წამყვან თეატრებში იგეგმება.
პირველი გალა-კონცერტი 21 იანვარს, ფონდ „იავნანას” ეგიდით, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში გაიმართება. პაატა ბურჭულაძესთან ერთად ცნობილ არიებსა და დუეტებს შეასრულებენ მსოფლიოს ვარსკვლავები: მარჩელო ალვარესი (ტენორი), მიშელ კრაიდერი (სოპრანო) და ამბროჯო მაესტრი (ბარიტონი).