რის გამო გაუჩნდა იარა სახეზე ამერიკელ სენატორ ჯონ მაკკეინს და როგორ გახდა ის „ბლოგერ-მილიონერი“
10 ყველაზე სკანდალური, საინტერესო და უცნობი ფაქტი
მის არჩევას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად მთელი ქართული პოლიტელიტა ელოდა. ქართველი ჩინოვნიკები ღიად უჭერდნენ მას მხარს და ერთ-ერთ მათგანს საკუთარი ავტომობილის სახელმწიფო ნომრის ნაცვლად ამ ადამიანის გვარიც კი ჰქონდა დაწერილი. ვიეტნამის ომის გმირს, სტაჟიან სენატორსა და საქართველოს მეგობარ ჯონ მაკკეინს საინტერესო ბიოგრაფია აქვს. დღევანდელ რუბრიკაში შემოგთავაზებთ მის შესახებ გავრცელებული საინტერესო ფაქტების ტრადიციულ ტოპ-ათეულს.
1. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო აკადემიაში სწავლის პერიოდში მაკკეინს ასამდე საყვედური აქვს მიღებული. მას ყველაზე მეტად დისციპლინის დარღვევის, სამხედრო წესდების მიმართ დაუმორჩილებლობის, გაუწმენდავი ფეხსაცმლის ჩაცმისა და მეთაურების მიმართ ბილწი სიტყვების გამოყენების გამო საყვედურობდნენ. დამაკმაყოფილებელ ნიშნებს ის მხოლოდ იმ საგნებში იღებდა, რომელთა შესწავლაც აინტერესებდა: ისტორია და ინგლიური ლიტერატურა. 1958 წელს ეგრეთ წოდებული „დასწრების რეიტინგის“ მიხედვით, აკადემიის 899 კურსდამთავრებულიდან, მაკკეინი 894-ე ადგილზე იყო.
2. 1967 წლის 26 ოქტომბერს ჯონ მაკკეინი 20 გამანადგურებლისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად ვიეტნამში, ჰანოის ცენტრში მდებარე ელექტროსადგურს ბომბავდა, როდესაც იგი საბჭოთა ოფიცერმა, იური ტრუშეჩკინმა ჩამოაგდო. მაკკეინმა მოასწრო კატაპულტირება, მაგრამ ტბაში ჩავარდნისას, ორივე ხელი და მარჯვენა ფეხი მოიტეხა. დატყვევების მომენტში ის კონდახებით სცემეს ვიეტნამელმა ჯარისკაცებმა და სიკვდილის პირას მყოფს, უარი უთხრეს ჰოსპიტალში გადაყვანაზე. ის პირდაპირ დაკითხვაზე წაიყვანეს, მაგრამ, მოგვიანებით მას მაინც აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება. 1967 წლის 21 დეკემბერს 26-კილოგრამდაკლებული და სრულიად გაჭაღარავებული მაკკეინი, რომელსაც მასავით ტყვედ ჩავარდნილმა ამერიკელებმა მეტსახელად „თეთრი ტორნადო“ შეარქვეს, ჰანოის ტერიტორიაზე მდებარე ტყვეთა ბანაკში გადაიყვანეს. ბანაკში მაკკეინს ყოველდღიურად აწამებდნენ, მაგრამ ვიეტნამელებმა მისგან ვერანაირი ინფორმაციის მიღება ვერ მოახერხეს. 1969 წელს ის გადაიყვანეს ციხეში, რომელსაც სახელად „ჰოალო“ ერქვა მაგრამ ამერიკელები მოფერებით „ჰანოი ჰილტონს“ ეძახდნენ. საერთო ჯამში, მაკკეინმა ტყვეობაში 5 წელიწადი გაატარა და იგი 1973 წლის 17 მარტს გაათავისუფლეს. ცნობისათვის, იარა, რომელიც მაკკეინის სახეს „ამშვენებს“, მან არა ტყვეობაში, არამედ 2000 წელს, მარცხენა ლოყაზე მელანომის მოსაშორებელი ოპერაციის დროს მიიღო.
3. გენეალოგიის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ჯონ მაკკეინი და საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში მისი ოპონენტი, ბარაკ ობამა, შორეული ნათესავები არიან. ხოლო ის ფაქტი, რომ ჯონ მაკკეინი შოტლანდიის მეფის, რობერტ პირველი ბრიუსის შთამომავალია, სიმართლეს არ შეესაბამება. ამერიკელმა ისტორიკოსებმა დაადგინეს, რომ მაკკეინის ბებია არ მიეკუთვნებოდა შოტლანდიელი მონარქების საგვარეულოს და ფაქტი, რომლითაც მაკკეინი თავს იწონებდა ამომრჩეველთა წინაშე, მტკნარი სიცრუე აღმოჩნდა.
4. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატ ჯონ მაკკეინს (იმის მიუხედავად, რომ ის ამერიკელი ხალხის თვალში უშიშარი გმირის ტიტულს ატარებს), მაინც აქვს კონკრეტული ფობია: გერონტოფობია – სიბერის შიში. პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში იგი გახდებოდა ყველაზე ასაკოვანი არჩეული პრეზიდენტი ამერიკის ისტორიაში. ამ ფაქტის გამო იგი ხშირად ხუმრობდა კიდეც ამომრჩეველთან შეხვედრის დროს, მაგრამ, რეალურად, მაკკეინს ეშინოდა, რომ ასაკის გამო ამერიკელები მას მხარს არ დაუჭერდნენ და არჩევანს მასზე გაცილებით ახალგაზრდა და ენერგიულ ბარაკ ობამაზე შეაჩერებდნენ. მაკკეინის მსგავსი გერონტოფობიით პლანეტაზე მილიონობით ადამიანი არის დაავადებული.
5. ჯონ მაკკეინი ინტერნეტის აქტიური მომხმარებელია. ერთ-ერთ შეხვედრაზე მან იხუმრა: რომ არა ინტერნეტის საძიებო საიტები, გამიჭირდებოდა ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურის პოვნაო. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ მიმდინარეობს შერჩევის პროცესი, მაკკეინმა განაცხადა: „თქვენ არ იცით, რა სარგებლობა მოაქვს „გუგლს“, იქ აბსოლუტურად ყველაფრის მოძიება შეიძლება, თუნდაც ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურის“. სხვათა შორის ქალბატონის არჩევა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად მაკკეინს მისმა თანაპარტიელებმა ურჩიეს. ამერიკის პრეზიდენტობის არც ერთ კანდიდატს არ წარუდგენია ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატის პოსტზე ქალი და ამით მაკკეინმა საკუთარი სახელი ჩაწერა ისტორიაში.
6. 2008 წლის 21 ოქტომბერს, რუსეთის წარმომადგენელმა გაეროში, ვიტალი ჩურკინმა, განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის სახელზე ჯონ მაკკეინის საარჩევნო შტაბიდან მოვიდა ექვსგვერდიანი წერილი, რომელშიც პრეზიდენტობის კანდიდატი რუსეთის მთავრობას 35-50 ათასი დოლარის ოდენობის ფინანსურ დახმარებას სთხოვდა. მოგვიანებით, მაკკეინის პრეს-სპიკერმა ბრაიან როჯერსმა განაცხადა, რომ წერილი რუსების ხელში შეცდომით მოხვდა.
7. „ალ ქაიდა“ და პირადად უსამა ბინ ლადენი, აქტიურად უჭერდნენ მხარს რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატ ჯონ მაკკეინს. ტერორისტების აზრით, მაკკეინი მხოლოდ იმიტომ უნდა გამხდარიყო ამერიკის პრეზიდენტი, რომ გაეგრძელებინა ჯორჯ ბუშის დაწყებული „წამგებიანი“ საქმე და საბოლოოდ გაენადგურებინა „აღმოსავლეთის დაპყრობის“ ამერიკული ოცნება. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ „ალ ქაიდა“ მართლა იყო დაინტერესებული მაკკეინის გაპრეზიდენტებით, რადგან, მათი აზრით, რესპუბლიკელი პრეზიდენტი კიდევ უფრო მეტ საბაბს მიცემდა მათ ტერორისტული საქმიანობისათვის.
8. „მე მივიღე უცხოპლანეტელების მხარდაჭერა“, – განაცხადა ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ჯონ მაკკეინმა. განაცხადა, რომ ის იმყოფებოდა როზუელში, ადგილზე, სადაც, გასაიდუმლოებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, 1947 წელს დაეშვა უცხოპლანეტელების საფრენი „თეფში“ და სწორედ იმ ადგილას მაკკეინს ჰქონდა ხილვა, სადაც მას მხარდაჭერას უცხადებდნენ არამიწიერი არსებები. ამერიკული პრესის მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ უცხოპლანეტელების მხარდაჭერა მაკკეინის მეუღლის სინდის დამსახურებაა, რადგან ამერიკელების უმეტესობას პირველი ლედობის ყოფილი კანდიდატი უცხო პლანეტიდან მოვლენილი რასის წარმომადგენლად მიაჩნია.
9. ჯონ მაკკეინი არაერთხელ ჰყავთ შემჩნეული პლაგიატობაში. საარჩევნო მარათონის პერიოდში იგი თითქმის ყველას უყვებოდა თუ როგორ ჩამოუყალიბდა მას მტკიცე ხასიათი. ტყვეობაში ყოფნის პერიოდში ის ექვსი თვე ჰყავდათ კარცერში გამომწყვდეული და ამ ხნის განმავლობაში მასთან პერიოდულად შედიოდა ვიეტნამელი ჯარისკაცი, რომელიც სილიან იატაკზე ხატავდა ქრისტიანულ ჯვარს და შემდგომ ფეხით ანადგურებდა. მაკკეინი ამბობს, რომ ამ ფაქტმა მის რწმენაზე დადებითად იმოქმედა და იგი უფრო გაძლიერდა შინაგანად. ყველაზე საინტერესო კი ამ მონათხრობში ის არის, რომ ზუსტად მსგავსი ისტორია აქვს თავს გადახდენილი ალექსანდრ სოლჟენიცინს გულაგში ყოფნის პერიოდში, რაც მან მოგვიანებით აღწერა თავის წიგნში.
10. ამერიკის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჯონ მაკკეინი გახდა „ბლოგერ-მილიონერი“, ანუ მის ვებ-დღიურს გაუჩნდა მემილიონე მკითხველი. არიზონელი სენატორი 2006 წლიდან მიკრო-ბლოგების ყველაზე ცნობილ პორტალ www.twitter.com-ზე საკუთარ ბლოგს უძღვება და მისი მკითხველის რაოდენობამ 2009 წლის ნოემბერში მილიონს გადააჭარბა. მაკკეინის დარად, მემილიონე მკითხველი ბრიტნი სპირსის ბლოგსაც გამოუჩნდა, ხოლო ბარაკ ობამას ბლოგს 1,7 მილიონი ადამიანი კითხულობს. www.twitter.com-მა 2006 წელს დაიწყო ფუნქციონირება და მალე ის ყველაზე პოპულარულ ბლოგ-საიტად გადაიქცა მსოფლიოში, რომელსაც ყოველდღიურად 55 მილიონი ადამიანი კითხულობს.