იშტაზე მოსული
ანუ „… ნავთქურა კარაპეტასია, ვისაც უნდა, იმას მისცემს“
სრულიად საქართველო, უფრო ზუსტად, მისი განათებული და მისგან დარჩენილი ადგილი „ჯადოსნური ღამისთვის“ (ესე იგი, ახალი წლისთვის) ემზადება. ხელისუფლებამ თბილისის ცენტრალური ქუჩა საფუძვლიანად გაანათა (ერთი ისაა, არავინ იცის, როდის მოხვდება თავში საახალწლო ჭაღი, რაც, უდავოდ, კარგის ნიშანი იქნება) და მერე რა, რომ საქართველოს ამა თუ იმ სოფელსა თუ დაბაში შუქი ზოგჯერ რამდენიმე ათეული წელია, წამლადაც არ უნახავთ. ოღონდ, ბუნებრივია, ეს ვერც საახალწლო განწყობას გვიფუჭებს და ვერც წინასაახალწლო სამზადისის იშტას გვიკარგავს. უფრო მეტიც, მას შემდეგ, რაც ერთი სკანდალი (კოდური სახელწოდებით: „უნდოდა თუ არა ერთ მსახიობს მეორე ტელეჟურნალისტთან სექსი“) გადავაგორეთ, არც მეორემ დაახანა და არც მესამემ, თუმცა მთავარი ინტრიგა მაინც მესამეშია. ამ ინტრიგის მთავარი გმირი კი – ახალ ქართული რეალობის სექს-სიმბოლო შორენა ბეგაშვილი, რაც, სხვათა შორის, იმასაც ნიშნავს, რომ, თუკი ქართველი ავადმყოფი, საბჭოთა ავადმყოფივით, ყველაზე ჯანმრთელი ავადმყოფია, პოსტრევოლუციურ საქართველოში, საბჭოეთისგან განსხვავებით, სექსიც არის და მისი სიმბოლოც (ანუ ჭეშმარიტად „ვაშა, ამ ახალ საქართველოს!“)! შესაბამისად, ქართული ელმედია ქართველ საზოგადოებას (რომელსაც ზემოხსენებული „ჯადოსნური ღამის“ გატარება 300 000-ს დამატებულ 50 000 დევნილთან, ცხინვალის რეგიონს მიყოლებულ ახალგორთან, აფხაზეთს მიყოლებულ კოდორის ხეობასთან და ნაგვის ბუნკერებში მქექავ თანამემამულეებთან ერთად მოუწევს) აუწყებს, რომ დავით ბაგრატიონი ყოფილ „შეყვარებულ“ შორენა ბეგაშვილს ემუქრება (დამეთანხმებით, ჩვენი გმირების ასაკის გათვალისწინებით, სიტყვა „შეყვარებული“ არაადეკვატურია), რამეთუ მათი ინტიმური თანაცხოვრების დეტალები სამზეოზე გამოიტანა. ბუნებრივია, ქალისა და მამაკაცის უფლებები კარგა ხანია, გათანაბრდა (დიდება პირველ ფემინისტებს!), ხოლო ლალი მოროშკინას წიგნის შემდეგ, აწი უკვე სწორედ მამაკაცები უნდა ძრწოდნენ იმის შიშით, რომ სასიყვარულო-საგმირო საქმეებს ქალები „გაუბაზრებენ“. ბუნებრივია, „ნავთქურა კარაპეტასია და, ვისაც უნდა, იმას მისცემს“, ოღონდ, სამწუხაროდ, გამოდის, რომ თეორიულად 100 000-ის ბევრი მსურველი გვყავს, რეალურად …