კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით ჰგავს ბიჭოლას სახლი პედრო ალმადოვარის ფილმს

მართალია, დიზაინერი ბიჭოლა უკვე ლონდონში იმყოფება, მაგრამ მისი თბილისური სახლის ინტერიერის გადაღება მანამდე მოვახერხეთ, სანამ ის მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ მოდის კოლეჯში, „სენ-მარტინიში“ სასწავლებლად გაემგზავრებოდა. ბიჭოლას თბილისური ბუდე დიღომშია, სახლში შესულებს ძალიან გულღია მასპინძლები და საოცრად თბილი აურა დაგვხვდა. ყველაზე მნიშვნელოვანი, რითაც ბიჭოლას სახლი გამოირჩევა, არა მხოლოდ მისი კედლები და ინტერიერი, არამედ იქ მცხოვრები ადამიანები არიან. თბილისში უკვე იშვიათად თუ შეხვდებით ისეთ ოჯახებს, სადაც სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები ერთად ცხოვრობენ.

ბიჭოლა: ვგიჟდები სახლში ყოფნაზე. ჩემი მეგობრებისგან სულ მესმის, რომ სახლში სიმყუდროვე უნდათ, მოსწონთ მარტო ცხოვრება, სიმშვიდე. მე კი პირიქით ვარ, ძალიან მომწონს, როდესაც ვიცი, რომ სახლში მოსულს სასიამოვნო ჟრიამული დამხვდება, ყველა რაღაცას აკეთებს. სადილის დროს იმდენი ვიკრიბებით, გეგონება, ვიღაცის დაბადების დღეა.

რაც შეეხება თავად ბინას, ფერები ისეა გადათამაშებული, რომ ძალიან ჰგავს ალმადოვარის ფილმების სახლების ინტერიერს, სადაც ბევრი სხვადასხვა ფერია. ბიჭოლასთან განსაკუთრებით ჭარბობს მკვეთრი ლურჯი, ნარინჯისფერი და მოყავისფრო ტონები. ყველაზე ჭრელი კი თავად დიზაინერის ოთახია, თუმცა მას ალმადოვარის გავლენით არ შეუქმნია თავისი ოთახის ინტერიერი. სწორედ ამ ოთახში დგას ძველი საკერავი მანქანა, რომელიც მას პატარაობისას ნათესავებმა აჩუქეს. ესეც ძალიან არატრადიციული ჟესტია, რადგან, ალბათ, უცხოა, როდესაც შენს ვაჟიშვილს ხატვისა და ჭრა-კერვის განსაკუთრებულ ნიჭს შეამჩნევ და ცდილობ, მისი ეს ნიჭი განუვითარო.

ბიჭოლა: ჩემს მშობლებს არასდროს ჰქონიათ პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი დის თოჯინებისთვის კაბები შემეკერა. ჩემი მშობლების მხრიდან გმირობის ტოლფასია ის, რომ ადრეულ ასაკში დანახული ნიჭი კარგად განმივითარეს.

ბიჭოლას საძინებლის თავზე კედელზე აქვს გამოფენილი ის დიპლომები და სიგელები, რომლებიც მას აქამდე მიუღია. იქვეა მისი აკადემიის პერიოდის ნახატები და ის ნივთები, რომლებიც დიზაინერს სასიამოვნო მოგონებებთან აკავშირებს, მაგალითად, ბოლო ზარის მაისური, რომელიც განსაკუთრებულად არის მოხატული.

მშობლების საძინებელი იაპონურ სტილშია გადაწყვეტილი, განსაკუთრებულ სიხალისეს ოთახს იაპონური დეტალებით მოხატული წითელი გადასაფარებელი და უზარმაზარი მარაო აძლევს. მკვეთრი წითელი ფარდებია მისაღებ ოთახში, რომელიც ძალიან უხდება ხის ავეჯს.

– არ გღლის სახლში ამდენი ფერი?

– არა, პირიქით, მომწონს. ერთ ტონში გადაწყვეტილი სახლები ცოტა მომაბეზრებელია და, თან, სტანდარტული. ჩემი ბინა ნახატივით არის, სადაც ბევრი ფერია, რომლებიც თვალს გჭრის. ისიც ძალიან მომწონს, რომ, გარდა ავეჯის ფერადოვნებისა, სახლში ბევრი ნახატია და, საერთოდ, მთელი ბინა აქსესუარებით არის დატვირთული. მათ შორის არის ჩემი ნახატებიც. მიყვარს დატვირთული კედლები, რომელიც ყველაზე მეტად ქმნის სახლზე შთაბეჭდილებას. ალბათ, მარტო რომ ვიცხოვრებ, ჩემს სახლს მაინც სხვაგვარად მოვაწყობ, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი – იქ ბევრი ფერი იქნება. სამოსში უფერო ფერის გამოყენება მომწონს, მაგრამ ინტერიერში – პირიქით.

– ანუ, შეგიძლია, ინტერიერის დიზაინზეც იმუშაო?

– ამ საქმის კეთებას სერიოზულად არ ვაპირებ, რადგან ეს სულ სხვა პროფესიაა, მაგრამ, თუ ვინმე ჩემს მეგობარს ან ახლობელს დასჭირდება, სიამოვნებით დავეხმარები, თუმცა, უნდა იცოდეს, რომ, თუ მთხოვს, უნდა მენდოს კიდეც და მზად იყოს ექსპერიმენტებისთვის.



ანა სარალიძე


скачать dle 11.3