მეორე „მერცხალი“
კანალიზაციის შეუცვლელი როლი ქართულ განათლებაში
ქართული განათლების სისტემას ისე დაებედა, რომ რეფორმა ერთია და მინისტრი – მრავალი (ოღონდ არც ისე მრავალი, რომ ხელის ერთ თითებზე ვერ დაეტიოს). ამის მიუხედავადაც, ახალ ქართული განათლების მამის საპატიო ტიტულს დღემდე ბ-ნი ლომაია ფლობს. ამ უკანასკნელმა (რომელსაც ეს ჩვენი „ლეიბორისტები“ დღემდე კანალიზაციის სპეციალისტად მოიხსენიებენ), ყველა დანარჩენ სიკეთესთან ერთად, შექმნა ახალ ქართული საგანმანათლებლო მითი, რომ მეტად პროზაული საქმის სპეციალისტსაც კი (გინდა, კანალიზაცია ეძახე და გინდა – სხვა რამ) შეუძლია, საგანმანათლებლო მწვერვალების დაპყრობა. თუმცა ისიცაა, რომ თავისი განუმეორებელი შტრიხი ამ მითში ბ-ნმა ნიკა გვარამიამაც შეიტანა, რადგან ცოტა ქვეყანა თუ დაიკვეხნის, რომ განათლება გენპროკურორს ჩააბარა (აღარაფერს ვიტყვი თავად ბ-ნი გვარამიას, მართლაც, გამორჩეულ ინდივიდუალურ მახასიათებლებზე: ის ჯერ ხალხის რჩეული იყო, შემდეგ გენპროკურორიც, იუსტიციისა და განათლების მინისტრიც და, რაც ყველაზე მთავარია, ამ ყოველივემ სწავლის გაგრძელება აფიქრებინა!). თუმცა, როგორც ჩააბარა, ისეთივე წარმატებით გადმოიბარა. ყველას და, მათ შორის, თავად პრობაციისა და ა. შ. მინისტრის გასაკვირადაც კი, ამ პოსტზე ბ-ნი შაშკინი დაინიშნა. ერთი შეხედვით, სად ერეკლე (ამ კონკრეტულ შემთხვევაში პრობაციისა და ა. შ. მინისტრი) და მისი ცოლი თეკლე (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, განათლების სამინისტრო), თუმცა, თუ კარგად დავუკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ მოვლენები უნარ-ჩვევების ლოგიკით განვითარდა (ანუ ქართული განათლების სისტემა ისევ იქ არის, რასაც ამოემყნო): მოგეხსენებათ, „პირველი მერცხალი“ ბ-ნი ლომაია რუსულენოვანია (რუსული საშუალო სკოლა დაამთავრა), ბ-ნი შაშკინიც რუსულსკოლაგამოშვებულია (ანუ უკვე „მეორე მერცხალია“). ჩვენ, ბუნებრივია, არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო ადამიანების მშობლიური ენისა (თუმცა, მაგალითად, ბ-ნ გვარამია რუსულ ლიტერატურას არ წყალობდა), მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ ბ-ნი ლომაია გვარწმუნებდა, ძველი ქართული მწერლობა რთულიაო (თუმცა დღემდე ვერაფრით დავადგინე, რაც არ უსწავლია, როგორ ერთულა), სავარაუდოა, რომ „შუშანიკის წამება“ ბ-ნი შაშკინისთვისაც ენის გასატეხი იქნება. როგორც უნდა იყოს, ახალი მინისტრი ახალ როლში თვითდაჯერებულად შევიდა, მეტიც, გვითხრა, რომ ამიერიდან განათლების სისტემის პრიორიტეტი მოსწავლე და მასწავლებელი იქნება, რაც გვაფიქრებინებს, რომ „ლეიბორისტების“ ზემომოხმობილ შეფასებაში ურევია ჭეშმარიტების მარცვალი, რადგან არ არის გამორიცხული, აქამდე განათლების სისტემის პრიორიტეტი კანალიზაციაც ყოფილიყო.