რომელი მცენარეა შხამიანი და რთულია თუ არა ჭანჭყატის გაზრდა
ალბათ, ბევრჯერ შეუქმნია თქვენთვის ამა თუ იმ მცენარეს სირთულეები მოვლასთან დაკავშირებით. ზოგიერთი მათგანი მართლაც, რომ პრეტენზიულია და დიდი ძალისხმევაა საჭირო მის გასახარებლად. ასეთ მცენარეთა რიცხვს მიეკუთვნება ჭანჭყატი. თუ თქვენ ბინაში უკვე გაქვთ ან სურვილი გაქვთ, მოაშენოთ ეს მცენარე საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მებაღე-დიზაინერის, თენგიზ პაპავას რჩევებს კარგად გადახედეთ და გარწმუნებთ, ამ პრეტენზიული მცენარის მოვლა აღარ გაგიჭირდებათ.
– ბატონო თენგიზ, მოგვიყევით ჭანჭყატის შესახებ...
– ჭანჭყატი ძალიან პოპულარულია დეკორატიულ მცენარეთა შორის. მისი სილამაზე ძირითადად ფოთლებშია. არსებობს ორი სახეობის ჭანჭყატი: ჭრელფოთოლა და მწვანეფოთოლა. აქვს ლამაზი, უჩვეულო ნაყოფი. მცენარე მარადმწვანეა, ტყავისებური პრიალა არათანაბარი ფოთლებით და წვრილად დაკბილული დაბოლოებებით. გამოყვანილია სხვადასხვა ფორმის ფოთლებიანი ჭანჭყატები. არსებობს მინიატურული ჭანჭყატიც ყვითელდაბოლოებიანი ფოთლებით.
– შესაძლებელია ამ მცენარის ოთახში გაზრდა?
– იაპონური ჭანჭყატი სწორედ ბინისთვისაა განკუთვნილი. დანარჩენი სახეობა კი, შეგიძლიათ, ჩარგოთ ღია გრუნტში და ბაღების გასალამაზებლად გამოიყენოთ. ის შესანიშნავია ეზოებში, მაგრამ თუ ამის პირობები არ გაქვთ, შეიძინეთ იაპონური ჭანჭყატი და გაახარეთ ბინაში.
– როგორი ფორმა აქვს ამ მცენარეს და რა ზომის შეიძლება გავზარდოთ ის?
– მცენარე თავისი აღნაგობით სიმაღლისკენ მიისწრაფის. გვერდითი ამონაყარები ფოთლებთან კუთხეებიდან გამოდის და მცენარე ბუჩქის ფორმას იღებს. იოლია მისი გაკრეჭვა და სასურველი ფორმის მიცემა. ამიტომ, ხშირად ნახავთ მას სუბტროპიკულ პარკებში. ჭანჭყატი ნელ-ნელა იზრდება და დიდხანს, დაახლოებით, 3-4 წელიწადს ინარჩუნებს ფოთლებს. ცუდ პირობებში ამ მცენარეს ზრდის ერთი ტალღა აქვს ადრე გაზაფხულზე. თუ თქვენს ჭანჭყატს ზრდის მეორე ტალღაც აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ კარგად უვლით. მცენარის ზრდის დასრულებაზე მიუთითებს ბასრი, მსხვილი კვირტები ამონაყრების თავზე. ზრდის სეზონი იწყება მაშინ, როდესაც კვირტები იშლება და იქიდან ახალი მწვანე ფოთლები ჩნდება.
– კიდევ რაზეა დამოკიდებული მცენარის თავისუფალი ზრდა?
– ზრდის რიტმი და დასვენება დამოკიდებულია მინერალური სასუქებით განოყიერებაზე: ზრდის დაწყებისას სასურველია აზოტის, შუა პერიოდში – კომპლექსური სასუქის, ხოლო კვირტების გამოჩენისას – კალიუმ-ფოსფატის შეტანა ნიადაგში. მცენარის დასვენებისას კი, უნდა შეწყვიტოთ ყველა ეს პროცედურა.
– რით მრავლდება ჭანჭყატი?
– ის მრავლდება კალმით. სასურველია, კალამი კვირტების გახსნამდე აიჭრას. მწვანეფოთოლა სახეობა უფრო იოლად ფესვიანდება, ვიდრე ჭრელფოთოლა. გამოიყენეთ ის ღერო, რომელზედაც ფოთოლია. ჩარგვამდე კალამს მიზანმიმართულად სჭირდება დამუშავება გეტეროაუკსინით ან სხვა სტიმულატორით. გირჩევთ, ნიადაგი იყოს თბილი და დადგით მკვეთრ გაფანტულ განათებაზე. პირდაპირი მზის სხივები ამ მცენარეს არ სჭირდება. დაფესვიანება ხდება მხოლოდ ნოტიო ატმოსფეროში, სილისა და ტორფის ნაზავში.
– წელიწადის რომელ სეზონზეა რეკომენდებული მცენარის დაფესვიანება?
– თუ გაზაფხულზე არ არის შესაბამისი პირობები, ანუ თბილი გარემო, შეგიძლიათ, ზაფხულში დააფესვიანოთ, როგორც კი მცენარის ზრდის ტალღა დასრულდება. დაფესვიანების შემდეგ ჩარგეთ შემდეგნაირად შეზავებულ ნიადაგში: ორი წილი ნაკელიანი და თითო წილი ფოთლიანი მიწა, ტორფი და სილა. არ დაუშვათ მიწის გამოშრობა. ეს გავლენას მოახდენს ახალი, ნაზი ფოთლების წვეროებზე. გამოშრობის შემთხვევაში ფოთლები ჩამოჭკნება და ზრდასაც აფერხებს. ამიტომ, უმჯობესია, ნიადაგი ტენიანი იყოს, თუმცა არც ჭარბი ტენიანობაა კარგი. ყოველთვის ეცადეთ, ნიადაგი არ გამოშრეს და არც ძალიან ჭარბად მორწყათ.
– როგორ გამოვაზამთროთ ჭანჭყატი?
– ამ მცენარის გამოზამთრება შეგიძლიათ ფართო დიაპაზონის ტემპერატურაზე, მაგრამ უმჯობესია, გრილი პირობები შეუქმნათ. მცენარე ცოტა ხნით ყინვასაც კი უძლებს. ამიტომ, ზამთარში მის გაზრდას ნუ შეუშინდებით.
– ზოგადად, ჭანჭყატი პრეტენზიული მცენარეა?
– დიახ, მართალია, ის ძალიან ლამაზია, მაგრამ პრობლემური მოსავლელია. ახასიათებს ფოთოლცვენა. ამის მიზეზი შეიძლება იყოს მავნებლები, არასწორი მოვლა ან პირობების მკვეთრი შეცვლა. ამ ყველაფერზე მცენარე ფოთოლცვენით რეაგირებს. ამიტომ, თქვენ კარგად უნდა გაარკვიოთ, რის გამო სცვივა ფოთოლი, რომ დროულად უშველოთ. ალბათ, სწორედ ასეთი უცაბედი ფოთოლცვენის გამოა, რომ ბევრი თავს არიდებს მის გაზრდას.
– ხშირად ეტანება ჭანჭყატს მავნებელი?
– მიუხედავად იმისა, რომ ჭანჭყატი თითქმის მთლიანად შხამიანია მსხვილფეხა ბალახის მჭამელებისთვის, არ არსებობს ისეთი მავნებელი, რომელიც მას არ ემტერება. ის ტკბილად მისართმევია – ტკიპასთვის, ობობასთვის და კიდევ ბევრი სხვა მწერისთვის.
როგორ გადავარჩინოთ ასეთ შემთხვევაში მცენარე და რით ვუშველოთ მას?
– ტყავისებური ფოთლებიდან მავნებლების ჩამორეცხვა შეგიძლიათ ცარცის ხსნარით. ამას გარდა, მცენარე კარგად იტანს სპირტის შესხურებას და სხვა ქიმიურ პრეპარატებს. ამ საშუალებებით არც მცენარეს დააზიანებთ და მასზე გადამტერებულ მავნებლებსაც იოლად დახოცავთ.