კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ნიშნავს ძაღლის გადამეტებული აგრესია და როგორი ძაღლის გამოსწორებაა შეუძლებელი


რა უნდა იცოდეს ქალაქში მცხოვრებმა ძაღლმა? საკმაოდ ბევრ რამეს უნდა მიაქციოს ყურადღება ძაღლის პატრონმა მისი აღზრდისას. შეიძლება, ერთი შეხედვით, ეს არასერიოზულად მოგეჩვენოთ, მაგრამ, თუ რამდენიმე ნიუანსს არ გაითვალისწინებთ, საქმე სასაცილოდ აღარ გექნებათ. ამ საინტერესო თემის შესახებ საქართველოს ცხოველთა დაცვისა და ჯიშიანი ძაღლების მოყვარულთა საზოგადოების თავმჯდომარე, კინოლოგი, ბექა მეტრეველი მოგითხრობთ.

– როდიდან უნდა დავიწყოთ ძაღლის გაწვრთნა?

– სასურველია, ძაღლის გაწვრთნა დაბადებიდან დაიწყოთ. პროფესიულ წვრთნასა და აღზრდას შორის დიდი სხვაობაა. ძაღლის კულტურული აღზრდა დაბადებიდან იწყება, ხოლო შემდგომ, გარკვეული ასაკიდან, ჯიშიდან გამომდინარე, მისი პროფესიული აღზრდა გრძელდება. ქალაქში მცხოვრებმა ძაღლმა პირველ ყოვლისა, შინაურისა და გარეულის გარჩევა უნდა იცოდეს. ძაღლს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს ზედმეტი აგრესია, ის უნდა იყოს დაბალანსებული ფსიქოლოგიის მიერ, რათა ქუჩაში სეირნობის დროს ვინმე საფრთხედ არ მოეჩვენოს და მოულოდნელად არ დაგლიჯოს. ძაღლს ქუჩაში არავისზე არ უნდა ჰქონდეს აგრესია, რა თქმა უნდა, თუ ის ადამიანი საფრთხეს არ უქმნის მას ან მის პატრონს. კარგი სამოსამსახურეო ჯიშისა და სახლში იდეალური მცველი ძაღლიც კი, ყველას უნდა აძლევდეს ქუჩაში მისი მოფერების უფლებას. თუ მოფერების უფლებას არ მისცემს, თავის არიდება ჩხუბში მაინც არ უნდა გადაიზარდოს. ძაღლი გარეთ ყველასთან ურთიერთობას უნდა შეეჩვიოს, ხოლო სახლში – არა, აქ მან თავის ფუნქცია უნდა შეასრულოს. არ არსებობს, კარგად აღზრდილმა ძაღლმა ზრდასრულ ასაკში შინაური და გარეული ვერ გაარჩიოს. როცა სახლში სტუმარი მოდის, მას ძაღლი გულღიად უნდა დახვდეს, ხოლო თუ სტუმარმა ბოროტი ქმედება გამოავლინა და ოჯახზე შეურაცხყოფის მიყენება დააპირა, ან სხვა დროს მალულად შემოპარვა გადაწყვიტა, ამ შემთხვევაში ძაღლს რეაგირება აუცილებლად უნდა ჰქონდეს. სწორად აღზრდილი ძაღლი სწორად იმეგობრებს პატრონთან.

მეორე, რაც აუცილებლად უნდა იცოდეს ძაღლმა, არის პატრონის გვერდით სიარული. ეს პატრონს უადვილებს ძაღლთან ერთად საავტომობილო გზის გადაკვეთას; მესამე, რაც უნდა იცოდეს – პირბადის გაკეთებაა, ამას ძაღლი ლეკვობიდან უნდა შევაჩვიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაგიჭირდებათ. მაგალითად, 3 წლის ძაღლს რომ პირბადე გაუკეთოთ, შეიძლება, გაგიჟდეს და ერთი საათი მის მოხსნაზე იწვალოს. ძაღლს აუცილებლად უნდა ესმოდეს რამდენიმე ბრძანება, რომელიც ადამიანთან თანაცხოვრების პროცესში გამოადგება.

– მაგალითად, რომელი ბრძანება?

– „დაჯექი“, „დაწექი“ და „დამელოდე“. ხშირ შემთხვევაში, ბრძანება „დამელოდე“ ძალიან გამოსადეგია. მაგალითად, სასურსათო მაღაზიაში ძაღლის შეყვანა არაჰიგიენურია, რამაც, შესაძლოა, ვინმეს დისკომფორტი შეუქმნას. ამიტომ, ძაღლი უნდა დავაბათ და ვუბრძანოთ, რომ დაგველოდოს.

– კიდევ რა უნდა ვასწავლოთ ძაღლს ლეკვობიდან?

– ძაღლს ლეკვობიდან უნდა ვასწავლოთ, რომ არავითარ შემთხვევაში რეაგირება არ ჰქონდეს კატაზე.

– რატომ?

– პირადად მე, ამ რამდენიმე წლის განმავლობაში დაახლოებით ასამდე შემთხვევა მსმენია იმის შესახებ, რომ ძაღლი დაიღუპა მაშინ როდესაც კატას მისდევდა. არც ერთ ბრძანებას არ შეასრულებს ძაღლი, თუ მან კატა დაინახა და მასზე რეაგირება მოახდინა.

– ძაღლი და კატა ხშირ შემთხვევაში ვერ ეგუებიან ერთმანეთს. რა მეთოდით შეიძლება ამის განეიტრალება?

– ძაღლი ლეკვობიდან უნდა შევაჩვიოთ, რომ კატა მისი მტერი არ არის. ამისთვის საუკეთესო საშუალებაა ლეკვის კნუტთან თამაში. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ამისთვის არავითარ შემთხვევაში არ უნდა აიყვანოთ კნუტი ქუჩიდან, რადგან ის, შეიძლება, დაავადებული იყოს. არც დიდი კატაა რეკომენდებული, რადგან მან, შეიძლება, ლეკვს ზიანი მიაყენოს. თუ ლეკვს ერთხელ მაინც ვათამაშებთ კნუტთან, მას უკვე უჩნდება გრძნობა, რომ ის მისი მტერი არ არის. თუ ეს რამდენჯერმე განმეორდება, თან, ქუჩაშიც ავუკრძალავთ კატისკენ გაწევას, ძაღლი მიეჩვევა და ზრდასრულ ასაკში კატაზე რეაქცია აღარ ექნება.

– საერთოდ, რატომ მისდევს კატას ძაღლი?

– ძაღლი მისდევს ყველაფერს, რაც კი გარბის – მას ფსიქოლოგიურად აქვს ასეთი ფორმირება. შეიძლება, ადამიანი მიდიოდეს და ძაღლს მასზე რეაქცია არ ჰქონდეს, მაგრამ, როგორც კი გაიქცევა, ისიც გაეკიდება.

აღზრდის პროცესში არსებობს გარკვეული გადახრებიც. მიუხედავად იმისა, რომ ჯიშებს თავისი დანიშნულება აქვს, მაგალითად, როტვეილერი, რომელიც სამოსამსახურეო ჯიშის ძაღლია, იგივე კანე კორსო, შეიძლება, გაიზარდოს უზომოდ კეთილი. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ჩემს მეგობარს ჰყავდა როტვეილერი, რომელიც უნიკალური ჯიშის წარმომადგენელი იყო და იმპორტირებული იყო მოსკოვის ერთ-ერთი წამყვანი ძაღლსაშენიდან. მის პატრონს სამჯერ გაუძარცვეს ბინა და სამივეჯერ ეს ძაღლი ეზოში იწვა და რეაქცია არ ჰქონია.

– მიზეზი?

– ის ბუნებრივად იყო კეთილი, რბილი ხასიათის და კაცთმოყვარე, მას ცხოვრებაში არავისთვის უკბენია. როტვეილერმა იცოდა საქანელაზე ხტუნაობა, ორ ფეხზე დადგომა, ბრძანება – „მოკვდი“! და ასე შემდეგ.

– ასეთ შემთხვევაში რა არის გამოსავალი?

– ამ შემთხვევაში ყველაზე მარტივი გამოსავალი ინსტრუქტორია. ასეთი ძაღლის გამოსწორება უპრობლემოა. ინსტრუქტორი დაანახვებს მას, რომ მისთვის ყველა ადამიანი კარგი და სანდო არ არის. ის ეცდება, ხასიათის სწორად ფორმირებასა და ფსიქოლოგიურ დაბალანსებას. ამას ნებისმიერი ნორმალური ინსტრუქტორი „ხუთიანზე“ გააკეთებს. ხდება ისეც, რომ აღზრდის პროცესში საბოლოოდ ძალიან აგრესიულ ძაღლს მივიღებთ. თუ ძაღლი გადამეტებულად აგრესიულია, 100-დან 99 შემთხვევაში ინსტრუქტორი ვერ შველის, რადგან მისი ფსიქიკური აურა დარღვეულია. მისთვის ყველა ბოროტი და საშიშია. თუ ძაღლს აგრძნობინე, რომ ადამიანზე ძლიერია, მისი დამკავებელი კაციშვილი ვეღარ იქნება. სხვათა შორის, გადამეტებული აგრესიაც სიმხდალეა. ლეკვის აყვანამდე აუცილებელია, გაიგოთ მისი მშობლების ფსიქიკური მდგომარეობა, რადგან ნებისმიერი აშლილობა გენეტიკურად გადადის. ამიტომ, უნდა ვეცადოთ, რომ ფსიქიკურად ჯანმრთელი ძაღლების ნაშიერი ავიყვანოთ.


скачать dle 11.3