ანი ცინაძე: „როგორც მამაკაცი მომექცევა, მეც ისე მოვექცევი“
ლალი ტოტიკაშვილის 23 წლის მოდელი ანი ცინაძე, რომელიც ძალიან სასიამოვნო და საინტერესო ადამიანია, დაახლოებით ორი წელია, აქტიურად გამოდის პოდიუმზე. ის ამჟამად არ მუშაობს, თუმცა დამთავრებული აქვს ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, ზოგადი, გამოყენებითი და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი.
ანი: ძალიან სასიამოვნოა მოდელობა, ხშირად ხარ ყურადღების ცენტრში. კომპლიმენტების მოსმენაც ძალიან მსიამოვნებს, შეიძლება, მათი ნაკლებად მჯერა, მაგრამ, ტყუილიც, რომ იყოს, მაინც ძალიან სასიამოვნოა.
– ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც კომპლიმენტს გაუღიზიანებიხარ?
– კი, როგორ არა, ძალიან მწყენია, მაგრამ ახლა იმდენად აღარ ვაქცევ ყურადღებას. ვიცი, რომ ყველანაირი ტიპის ადამიანი არსებობს და ყველაფერს არ უნდა მიაქციო ყურადღება. ახლა ძირითადად „გავატარებ“ ხოლმე და საერთოდ არ ვბრაზდები, თუმცა არ ვიმჩნევ, „იგნორს“ ვუკეთებ.
– მოდი, დაახასიათე საკუთარი თავი.
– ცოტა მერყევი ვარ, იშვითად ვბრაზდები, მაქსიმალურად შემიძლია, მოვითმინო, მაგრამ მერე ავფეთქდები ხოლმე. საერთოდ, ყველაფერზე ვნერვიულობ, პატარა დეტალსაც ვაქცევ ყურადღებას. წყენას არ ვიდებ გულში, მაგრამ, როდესაც იმავეს გამიმეორებენ, მერე ძველიც მახსენდება და ვფეთქდები. ამ დროს ბევრს ვლაპარაკობ, თან – მაღალი ხმით.
– თბილი ხარ?
– თბილი ვარ, მაგრამ გამოხატვა არ შემიძლია, მიჭირს სითბოს გამომჟღავნება. ძალიან ყურადღებიანიც არ ვარ და არც მე მიყვარს ზედმეტი ყურადღება – მაწუხებს, ძალიან მოსაბეზრებელია.
– განსაკუთრებით მამაკაცებისგან?
– დიახ, თუნდაც მესიჯებით. კარგი, ერთხელ მოგწერს, მოგიკითხავს ადამიანი, მაგრამ დღეში რამდენჯერმე მოწერა ძალიან მოსაბეზრებელია. როგორც უნდა მომწონდეს ბიჭი, ბევრჯერ რომ მწერს მესიჯს ან მირეკავს, ძალიან ვწუხდები. მირჩევნია, ადამიანთან წყნარი ურთიერთობა მქონდეს, დღეში ერთხელ მოგიკითხოს, მერე საღამოს დაგემშვიდობოს, არ არის აუცილებელი, მთელი დღე ხელში გეჭიროს ტელეფონი, ურეკო და წერო მესიჯები.
– როგორც ყველა გოგონას, შენც გეყოლება თაყვანისმცემლები.
– თითქმის ყველა ტიპის თაყვანისმცემელი მყავს, თუმცა, ჩემამდე მოსვლა ძნელია. დაველაპარაკები, მაგრამ ახლოს ვერ მოვუშვებ, მათთან უფრო დისტანციური ურთიერთობა მაქვს.
– მაგრამ მაინც, რა შემთხვევაში აძლევ მამაკაცს შანსს?
– კარგი ხასიათის, მხიარული, კომუნიკაბელური უნდა იყოს, წარბაწეული არ უნდა იჯდეს. რომ მიხვალ ადამიანთან, კი არ უნდა დაიძაბო, პირიქით, მასთან ბოლომდე კარგად და თავისუფლად უნდა გრძნობდე თავს. ქართველი კაცების უმეტესობა კი ასეთია, რატომ გაიღიმე, რატომ გაიხედე გვერდზე... ამიტომ, ძალიან დაძაბული ხარ მასთან. მირჩევნია, მამაკაცი იყოს ლაღი, თავისუფალი, რაც უნდა უთხრა, დაგამშვიდოს – გაივლისო და მერე შენც მის მიმართ უკვე კარგად განეწყობი. როდესაც ადამიანთან დაძაბული ხარ, მერე შენც უკვე ჯიბრით ექცევი.
– შენც შეგიძლია, ასე მოექცე მამაკაცს?
– როგორც ის მომექცევა, მეც ისე მოვექცევი. თავიდან, შეიძლება, ცუდად მოიქცეს, წარბი ასწიოს, მე მაინც გავუღიმო, მაგრამ, ამას მესამედ, მეოთხედ, მეხუთედ რომ აკეთებს, მეც უკვე ვბრაზდები. ის რომ შენიშვნას მაძლევს, მეც შენიშვნას ვაძლევ. არ ჯობია, წყნარად იყოს? ასეთი მამაკაცები უფრო დაკომპლექსებულები არიან, საკუთარ თავში ჩაკეტილები და უნდათ, რომ ქალიც ასეთი იყოს. მე უფრო უკონფლიქტო და მხიარული ადამიანები მომწონს. ბევრს, რატომღაც, მოსწონს სერიოზული მამაკაცები, მე არ მხიბლავენ ასეთები. ბიჭი უშუალოდ ჩემთან ურთიერთობაში უნდა იყოს მხიარული.
– როგორი ფიქრობ, ქალი საყვარელი მამაკაცისთვის ყოველთვის საინტერესო არ უნდა იყოს?
– ცოტა იდუმალი და საინტერესო კაციც უნდა იყოს და ქალიც, ყოველთვის ახალს უნდა პოულობდნენ ერთმანეთში.
– საყვარელმა მამაკაცმა რამე რომ აგიკრძალოს, როგორი რეაქცია გექნება?
– არ მიყვარს რაღაცეებს რომ მიკრძალავენ, ძალით გავაკეთებ და საერთოდ დავანებებ იმ ადამიანს თავს. არც გამომწვევად ვიქცევი და ისეც არ ვიცმევ, რომ რამე ამიკრძალოს, ამიტომ, გავბრაზდები. პირიქით, კაცს უნდა სიამოვნებდეს, როდესაც გვერდით კარგი ქალი ჰყავს. მეც მესიამოვნება, გოგონები რომ შეხედავენ ჩემ გვერდით მყოფ მამაკაცს.
– ყველა ქალს აქვს პატარ-პატარა სასიყვარულო გატაცებები.
– როდესაც რაღაც ეტაპამდე მივა ჩემი ურთიერთობა ბიჭთან, უკან ვიხევ, ურთიერთობის გასერიოზულების მეშინია, იმიტომ, რომ არ მინდა, მერე დავშორდე, ჯობია, ეს თავიდანვე მოხდეს. მირჩევნია, გული დამწყდეს, ვიდრე სერიოზული პრობლემა შემექმნას. როდესაც ვხვდები, რომ იმ ადამიანის მიმართ გრძნობა მიჩნდება, მა0შინვე ვწყვეტ მასთან ურთიერთობას, რადგან, თუ ურთიერთობას გავაგრძელებ მერე გულს გავყვები და გონებას – ვეღარ.