კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო ხტებოდა თემიკო ჭიჭინაძე მეორე სართულიდან


ჩაკეტილ სივრცეში ადამიანი თავის ყველაზე უარყოფით მხარეებს აჩენს, უმძაფრდება აგრესია, შური და ამბიცია, რომ იყოს ყველაზე მაგარი მათ შორის, ვინც ამ სივრცეში თავის დამკვიდრებას ცდილობს. „კლინიკის“ გმირისგან განსხვავებით, თემიკო ჭიჭინაძე ლაღად და უდარდელად იზრდებოდა, თუმცა არ უჭირს თავისი პერსონაჟის გაგება და ზოგჯერ თანაგრძნობაც კი.


თემიკო ჭიჭინაძე: რომ გითხრათ სერიალი ჩემთვის უცხო ხილი იყო-მეთქი, მოგატყუებთ, მქონდა რაღაც პატარ-პატარა როლები. მაგრამ ის უფრო მინისერიალები იყო, რომელიც ძალიან დიდხანს არ გრძელდებოდა და მეც არ შემისრულებია მთავარი გმირების როლი. ამ სერიალის ხელმძღვანელმა ეკა მჟავანაძემ, რომელიც ჩემი ჯგუფელი და დიდი ხნის მეგობარია, ურჩია გიორგი ლიფონავას, რომ ერთ-ერთ როლზე ვყოფილიყავი განხილული. როდესაც ერთმანეთს შევხვდით, იქ იყო მთელი ჯგუფი, რომელსაც „კლინიკაზე“ უნდა ემუშავა – რეჟისორი, სცენარისტები და ამიხსნეს, თუ რის გაკეთებას აპირებენ, რა უნდათ, როგორი უნდათ, ჩემგან რა უნდათ და საბოლოო ჯამში, რას მიიღებენ. იმდენად გადმომედო ის დამოკიდებულება, რაც მათ ჰქონდათ, იმდენად შეპყრობილები იყვნენ ამ იდეით, რომ სურვილი გამიჩნდა, მეც მიმეღო მონაწილეობა ამ ყველაფერში. ანუ, ორმხრივი დაინტერესება გაჩნდა. სულ ვამბობ, თუ ამ საქმეში ფანატიზმის მომენტები არ არის და არანორმალურად არ გჯერა იმის, რასაც აკეთებ, მაშინ არაფერი გამოვა. ეს ფანატიზმი ამ ადამიანებში დავინახე. ამის შემდეგ, ჩვეულებრივი ქასთინგის შედეგად, როლზე დამამტკიცეს.

– შეიძლება, წლები გაატარო თეატრში და ერთმა ექიმის როლმა სერიალში მსახიობის პოპულარობა გააასმაგოს.

– ასეა. მქონდა რაღაც პროექტები, სადაც ვმონაწილეობდი, რომლის შემდეგაც მაღაზიაში გცნობენ, ქუჩაში გაჩერებენ, რაღაცას გეკითხებიან, მაგრამ ამ დოზით მართლა არ ყოფილა. ყველას აინტერესებს, სულ მეკითხებიან, რა მოხდება, მერე რა იქნება, არ გაკეთილდები? მგონი, არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ „ყურებადი“ პროდუქტი გამოგვდის. რაც შეეხება თეატრს, მისი ხვედრი ასეთია, ცოტა უმადური. არის თეატრალების წრე, რომელიც სულ დადის თეატრში, იცის რა ხდება და შესაბამისად, გიცნობს. ამაში საგანგაშო არაფერია.

– თქვენს პერსონაჟთან ხომ არ გაიგივებენ, რომელიც დიდი სიკეთით არ გამოირჩევა.

– არა, ხუმრობები უკვე წამოვიდა, აი ვინ ყოფილხარ, ახლა გაგიცანით და ასეთი რაღაცეები. ვინც მიცნობს, არა მგონია, ბოროტი ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებდე, თუნდაც თქვენზე. (იცინის) ვერ გავთქვამ მთელ იმ დეტალებს, რომელიც ჩემს გმირს სერიალის განმავლობაში ელის, მაგრამ ზოგადად მაინც ვიტყვი, რომ დახურული სივრცე, გარემო, არა მაინცდამაინც კლინიკა, რომელიც ბურუსითაა მოცული, სადაც ცხოვრობენ არაჯანსაღი ადამიანები, არასუფთა წარსულით, ქმნის ისეთ პიროვნებას, რომლისთვისაც ბოროტება უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა. ყველას თავისი პატარა „სკილეტი“ ჰყავს – ყველა გმირს და ზოგადად ყველა ადამიანს. უბრალოდ, სად და როდის გამოვუშვებთ ამას არავინ იცის. დახურულ სივრცეში მეტია ალბათობა, რომ ეს ჩონჩხი ვერ შეაკავო. იქ არ გაქვს იმის საშუალება, რამეზე გადაერთო, რამით იცხოვრო, გაერთო. მარტო ის ხომ არ არის ცხოვრება, კარიერაში წარმატებას მიაღწიო. ასეთივე და უფრო მეტად წარმატებული უნდა იყო ოჯახში, მეგობრებში, ქალაქში, შენს ქვეყანაში და სხვა. როდესაც ამ ყველაფერს ცდილობ, მაშინ შენი შესაძლებლობები, ცუდიც და კარგიც გაფანტულია, მაგრამ როდესაც ეს წრე ვიწროვდება და ერთ რამეზე ახდენ ფოკუსირებას, მაშინ იქ ბევრ ცუდსაც აკეთებ, რადგან გინდა, რომ იყო პირველი. არ მინდა უხეში შედარება გამომივიდეს, მაგრამ ავიღოთ დათა თუთაშხიას მაგალითი, ვირთხები, რომ არიან კასრში, სადაც ერთმანეთის ჭამას იწყებენ. ზოგადად, ვირთხები ერთმანეთს ხომ არ ჭამენ, მშვენივრად, მეგობრულად ცხოვრობენ. დახურულ კასრში კი ვირთხაც და ადამიანიც სხვანაირად იქცევა.

– თქვენ როგორ გაიზარდეთ?

– ნორმალურად, ლაღად და ამიტომაც არ ვარ ბოროტი. ბევრი სხვადასხვა რაღაცეები მაინტერესებდა. მქონდა ძალიან კარგი ოჯახი, მეგობრები, ბევრი ინტერესი, რომელიც თეატრს, კინოსა და კიდევ სხვა სფეროებს უკავშირდებოდა. სულ სხვადასხვა ტიპის მეგობრები მყავდა. პირველი საშუალო სკოლა დავამთავრე...

– რომელიც მაშინ ძალიან პრესტიჟული იყო.

– კი, იმ პერიოდში ჰქონდა რაღაც განსაკუთრებული ხიბლი. ახლა არ ვიცი, დიდი ხანია აღარაფერი გამიგია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ჩემს სკოლელებთან ვმეგობრობდი. თბილისის უამრავ უბანში მყავდა მეგობარი. პირველი მეგობრობის ამბავი იწყებოდა უბანში, მერე კლასში. წლებთან ერთად, ნელ-ნელა დიაპაზონიც ფართოვდება, ვიღაცა ვიღაცას მოაკითხავს, ის იმის მეგობარია და ასე იკვრება ერთი დიდი წრე. ვიღაც პიროვნებასთან მიჩხუბია და მერე უახლოესი მეგობრები გავმხდარვართ. ალბათ, ახლაც ხდება ასეთი რაღაცეები. ისე არ მინდა გამომივიდეს, რომ იმ დროს ვაფერადებ და რაღაც ზღაპრულს გარემოში ვცხოვრობდით-მეთქი ვამბობ. უბრალოდ, ახლა უფრო მეტად დაიყო სოციალური ფენები, დაიქსაქსა ყველა. ვიღაცას კერძო სკოლაში ან ლიცეუმში მიჰყავს შვილი, ვიღაცას ამის საშუალება არ აქვს...

– მაშინ როგორი იყო თბილისი?

– კარგი. არ ვიცი უკეთესი თუ უარესი, მაგრამ კარგი იყო. სკოლა გავიხსენეთ და გამახსენდა შატალოებიც, რომელსაც თავისი ძალიან განსაკუთრებული ხიბლი და პეწი ჰქონდა. ახლა მგონი შატალოზე არავინ დადის, თუ სკოლაში არ უნდა, გამოაცხადებს ამ ამბავს და სახლში რჩება. მაშინ არ იყო ასე – თუ არ გინდა, არ წახვალ. ასე არ ხდებოდა. თან ეს შატალოც მთელი ამბავი იყო – თავგადასავალი, მეორე სართულიდანაც კი გადავმხტარვარ შატალოს გამო. სკოლიდან გაქცევა რაღაც რომანტიზმთანაც იყო დაკავშირებული. ისეთ საქციელს ჩადიოდი, რომელიც გეკრძალებოდა. ეს მთელი ისტორიები იყო, მილიციის დევნა, კინოში შემოვარდნები, დამალვები. მაგრამ მერე, უკვე ბოლო კლასებში, საერთოდ აღარ ვაცდენდით გაკვეთილებს, გვიხაროდა ერთმანეთის გვერდით ყოფნა. გოგოებს ვეპრანჭებოდით.

– გოგოსთან ურთიერთობაც რომანტიკის ბურუსში იყო გახვეული.

– კი, ზუსტად ასე იყო. ჯერ ერთი, ყველამ ვიცოდით, ვის ვინ მოსწონდა... ის ამის შეყვარებული იყო. ეს ძმაო, იმის შეყვარებულია და იქ მთავრდებოდა ყველაფერი. მაშინ არ იყო ასეთი შეფასება, რას ეძახიან ამას ახლა?! რაღაც უცნაური სიტყვები აქვთ „გერლფრენდი“, „დაბრო მითხრა“... იმ დღეს შემთხვევით, ჩემი ძმაკაცის შვილის საუბარს შევესწარი, რომელმაც თქვა „დაბრო მაქვს აღებულიო“. (იცინის) ჩვენ „დაბროს“ არ ვიღებდით, ჩვენ დროს ამას სიყვარულის ახსნა ერქვა, რაც ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესი იყო, დიდი გზა უნდა გაგევლო. თან ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ამის თქმას ან ახერხებდი, ან ვერა. უფრო ალბათ, აგრძნობინებდი, შენი საქციელით.

– ეს საქციელი უფრო ვაჟკაცური იყო ხომ, მის გამო ჩხუბი და სხვა.

– კი ჩხუბიც იყო, წერილების და ლექსების მიწერაც. არა! ასეთი რამ ჩემს კარიერაში არ მახსოვს, წერილი არავისთვის მიმიწერია, მაგრამ სხვა ბევრი რამ იყო. უფრო სევდიანი, ცოტა გაბრაზებული სახით ესაუბრებოდი ხოლმე იმ გოგოს, რომელიც მოგწონდა. ბუფეტში რომ შემოვიდოდა, ხმამაღლა, ძალიან საქმიანად იტყოდი, რომ მისთვის რიგი დაეთმოთ. რაღაცას მიართმევდი, კორჟიკს არ რამე ეგეთს, ოღონდ ისიც სხვისი ხელით. (იცინის) მერე, ცოტა წამოვიზარდეთ, მთელი თბილისი ჩვენი გვეგონა, ყველა ადამიანის ცხოვრებაში უნდა იყოს ასაკი, როდესაც შენს იქით მხოლოდ ვარსკვლავები გგონია. ამ დროს ყველაზე ბედნიერი და უდარდელი ხარ.

– ჩხუბისთავი იყავით?

– არა, ყველაზე მეტად ჩხუბს ვერ ვიტანდი, მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც იძულების წესით ვჩხუბობდი. ძმაკაცის მიტოვება არასდროს მჩვევია. კარგ ურთიერთობებს არაფერი მირჩევნია, სიმშვიდეს. იყო დიდი ჩხუბებიც, რომელსაც მაშინ „სტრელკა“ ერქვა. „სტრელკა“ მაქვს ალექსანდროვის ბაღში, იტყოდა ვიღაც და მიდიოდა მთელი უბანი. კიდევ იყო ერთი ცნობილი საჩხუბარი ადგილი მთაწმინდელებისთვის – წყარო, სადაც დიდი ამბები ირჩეოდა. მაგრამ, ეს ყველაფერი სერიოზული ტრავმების გარეშე გავიარე, თუ, რა თქმა უნდა, ცხვირს არ ჩავთვლით. ცხვირის ფორმა ორჯერ შევიცვალე. წინა ცხოვრებაში ფეხბურთელი ვიყავი, სერიოზულად ვთამაშობდი და ერთხელ, თამაშის დროს, თავი მომხვდა ცხვირში, ერთხელ კიდევ – ჩხუბში. საბოლოოდ, მივიღე ისეთი ცხვირი, როგორიც მაქვს, მაგრამ ყველა ამბობს, რომ ჩემს გარეგნობას სხვა რაღაცეები შესძინა. ასე, რომ არ ვჩივი ამაზე. (იცინის).

– მერე, როდესაც დაიწყო უძრაობის პერიოდი, ომი...

– 1991 წლიდან მოყოლებული თეატრს მუშაობა არ შეუწყვეტია. სულ ცოტა ხნით, შუაგულ ომის დროს, თეატრი დაიხურა და მერე მალევე აღვადგინეთ მუშაობა. იმ პერიოდში გავაკეთეთ სპექტაკლი „საშობაო სიზმარი“. ზღაპარი, რომელიც ალბათ ძალიან სჭირდებოდა მაშინ ყველას. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული პერიოდები გვაქვს გავლილი ერთად, მაინც ვცდილობდით, მაქსიმალურად გამოგვეყვანა ხალხი მდგომარეობიდან, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო. თბილისიც გაფუჭდა, რა თქმა უნდა. როდესაც ძმა ძმას კლავს, ერთმანეთს აღარ ინდობენ, თბილისი მოექცა ისეთ ბინძურ გარემოში, რომელიც არც თბილისს ეკადრებოდა და არც საქართველოს. ამ სიტუაციიდან გამოსავალი ისევ თეატრი იყო.

– იყავით ომში?

– არა, თუმცა მთელი ამ დროის განმავლობაში ამის რამდენიმე მცდელობა მქონდა.

– ახლა არ ფიქრობთ, რომ სწორი იყო, რომ ვერ წახვედით?

– ამ გადმოსახედიდან შესაძლოა, ასეც იყოს, მაგრამ იმ პერიოდში ბევრი მცდელობა გვქონდა მეც და ჩემს მეგობრებსაც. თუმცა, ახლა აღარ მინდა საუბარი იმ მიზეზებზე, რის გამოც ვერ წავედით. აქ ვგულისხმობ, აფხაზეთის ომს, სადაც უამრავი მეგობარი დავკარგე, საუკეთესოები საუკეთესოთა შორის, რომელიც ალბათ, მოუშუშებელ იარად დამრჩება მთელი ცხოვრება. მაქვს ხოლმე ცხოვრებაში პერიოდები, როდესაც საშიში სიმშვიდისა და ბედნიერების განცდა მეუფლება. ყოველთვის ამ დროს ვარ ყველაზე ფრთხილად. მქონდა ამის შემდეგ ხელის ჩაქნევის სურვილი, მაგრამ ეს არ მოხდა, თორემ მე და თქვენ ერთად არ ვიქნებოდით აქ და არ ვისაუბრებდით.


скачать dle 11.3