ბედის ტორეადორი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-48(466)
ბედს არ უყვარს დამარცხებულები. დამარცხებულები არც ადამიანებს უყვართ. მართალია, ჭკუას არც გამარჯვებულებზე კარგავენ, მაგრამ მათი რიდი აქვთ, კიდევ შიში და ცოტაც – შური. თუმცა შური მაინც პირადულია და მისი რაოდენობისა და ხარისხის დადგენა ცოტა ჭირს. ყოველ შემთხვევაში, თუ გინდა, ცხოვრებაში რამეს მიაღწიო და, საერთოდ, რამეს წარმოადგენდე, უნდა გარისკო. ისიც ხომ არის საყოველთაოდ ცნობილი, რომ, ვინც არ რისკავს, ის არც შამპანურს სვამს. მაგრამ, რისკიც არის და რისკიც... ბედი არც ქარის წისქვილებთან მებრძოლებს სწყალობთ მაინცდამაინც...
***
ვახომ კიდევ ერთხელ ჩამოართვა ხელი ჟანს, მანქანამდე მიაცილა და გამომშვიდობების ნიშნად ერთმანეთზე გადაჭდობილი ორივე ხელი მაღლა ასწია.
– მაგარი კაცია. ძალიან მომეწონა, – მიუბრუნდა დათოს, რომელიც აშკარად არ იზიარებდა მის აღფრთოვანებას, სიგარეტს ეწეოდა და ჩაფიქრებული ათამაშებდა ხელში სანთებელას. ვახოს არ მოეწონა მისი სიჩუმე.
– შენ არ მისმენ? მაგარი კაცია-მეთქი.
– შენ ყველა მოგწონს, – მოკლედ მოუჭრა დათომ და თავი გადააქნია.
– მოიცა, ტო... რა, ცუდი ტიპია? რამე შეეშალა? – გაცხარდა ვახო.
– ახლა შენთან ამაზე ლაპარაკს არ ვაპირებ. ისეთი აჟიტირებული ხარ, სულერთია, მაინც ვერაფერს გაიგებ. მოგვიანებით აგიხსნი...
– არა, მოგვიანებით გვიან იქნება. ახლა მოგიწევს, ამიხსნა. ხომ იცი, რა მოუთმენელი ვარ. ვერ მოვიცდი. თქვი, რა შეეშალა!
– თუნდაც ის, რომ მანქანაში არ ჩაგვიჯდა, – ნიშნისმოგებით ჩაიცინა დათომ.
– რა? – გაუკვირდა ვახოს.
– რა და, რატომ არ ჩაგვიჯდა მანქანაში არც მე და არც შენ, ტაქსი რატომ გამოაძახებინა ოფიციანტს? შენ ასეთ წვრილმანებს ყურადღებას არ აქცევ.
– იმიტომ რომ, არც ღირს ამად. რას ხედავ განსაკუთრებულს და არაჩვეულებრივს იმაში, რომ ნიკუშასთან პირისპირ უნდოდა დარჩენა! ცოტა ხომ არა აქვთ სალაპარაკო?
– ჰო?! შენ ასე ფიქრობ?
– რა თქმა უნდა, – დარწმუნებით თქვა ვახომ.
– მე პირიქით მგონია. რაც ჰქონდათ სალაპარაკო, უკვე ილაპარაკეს ჩვენს მოსვლამდე. ეგ ჟანი საერთოდ არ იცნობს ნიკუშას, დღეს პირველად ნახა.
– სწორედ მაგიტომ, რომ დღეს ნახა პირველად, ბევრი აქვთ ერთმანეთისთვის სათქმელი, – უპასუხა ვახომ და ერთბაშად გაცხარდა: – შენ რა მიტოვებული საყვარელივით ეჭვიანობ, ტო! პირიქით, უნდა გვიხაროდეს, რომ ბოლოს და ბოლოს, ნიკუშას პატრონი გამოუჩნდა. იქნებ ეშველოს რამე!
– უნდა გვიხაროდეს და ცას უნდა ვწვდებოდეთ ბედნიერებისგან, ოღონდ, თუ დარწმუნებულები ვიქნებით, რომ მოვლენები ნიკუშას სასარგებლოდ განვითარდება.
– აბა, ვის სასარგებლოდ უნდა განვითარდეს, ტო?.. – გადაირია ვახო, – შენი ჭირიმე, ხომ იცი, რებუსებზე რა მემართება! პირდაპირ მითხარი, რას გულისხმობ?
დათომ ცხვირი შეიჭმუხნა:
– შენ იცი იმ ნახატის შესახებ, ხომ მართალია?
– მოიცა, რომელი ნახატის... მილიონი რომ ღირს?.. რა არის, იცი? მეეჭვება, ის რაღაც ნაჯღაბნი მაგხელა თანხად გაიყიდოს. მე მასში ამ ფასის მეათედსაც არ გადავიხდიდი.
– ჯერ ერთი, ის სურათი ორ მილიონზე მეტი ღირს. ყოველ შემთხვევაში, ასე თქვეს. მეორეც, შენთვის, შეიძლება, ნაჯღაბნია, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც ასეთ შედევრებს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს – მათ შეძენაში ხედავენ თავიანთი ცხოვრების აზრს.
– რა გამოლევს ამ ქვეყანაზე გიჟებს... – ჩაიბურტყუნა ვახომ.
– მომისმინე. საქმე ის არ არის, ვინ იყიდის იმ სურათს და, მით უმეტეს, ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს იმ ტიპის ფსიქიკური მდგომარეობა.
– აბა, რა გინდა? ხომ გთხოვე, გარკვევით გელაპარაკა!
– მაცდი? სამჯერ მაინც გამაწყვეტინე სათქმელი, – მოთმინება დაკარგა დათომ, – მოკლედ, ასე, მე მაგ ჟანის კეთილ ზრახვებში ეჭვი მეპარება.
– მოიცა, რას ნიშნავს, ეჭვი გეპარება?
– ზუსტად იმას, რაც გაიგე. ეჭვი მეპარება, რომ მაგ ტიპს ნიკუშასთვის სიკეთე უნდოდეს, – დათომ სიგარეტის ნამწვი ფეხით გასრისა.
– აბა, რისთვის ჩამოვიდა, ტო? – ხელები გაშალა ვახომ, – გამაგიჟებთ მე თქვენ!
– იმისთვის, რომ ჩვენს მიამიტ და გულუბრყვილო ძმაკაცს დედამისთან საბოლოოდ გაუფუჭოს საქმე და ერთადერთი მემკვიდრე გზიდან ჩამოიშოროს.
– ნიკუშას ფულები უნდა? არა, ტო... რაში სჭირდება, გრაფია...
– შენც მაგარი ბოთე ხარ ზოგჯერ! – გაცხარდა დათო, – გრაფი რა შუაშია! გრაფებმა ფულის ცნობა არ იციან თუ რაშია საქმე? დაფიქრდი, სანამ რამეს იტყოდე. ეგ არგუმენტი მის გასამართლებლად არ გამოდგება.
– ესე იგი, შენ ფიქრობ, რომ მაგ ფრანგს იმ ფულის ხელში ჩაგდება უნდა?
– აბა, რა! სჭირდება ვიღაც ნიკუშა, რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში საერთოდ არ იცნობდა? ორი მილიონი ცოტა არ არის, ორი მილიონი დოლარი, შეიძლება, ცოტა მეტიც, თანაც, სრულიად უშრომლად, თითის განძრევაც რომ არ დაგჭირდება, ისე აიღებ და ჯიბეში ჩაიდებ – ვინ იტყვის ამაზე უარს? მე ასეთს არავის ვიცნობ. შენ? აი, რატომ ცდილობს ჩვენთან დისტანციაზე ყოფნას... – ვახომ შუბლი მოისრისა.
– არც ისეთი სულელი ხარ, როგორიც ზოგჯერ მგონიხარ.
– ჰმ! – თავი უკმაყოფილოდ გადააქნია დათომ, – ვინ არის სულელი! ეგ შენი სუბიექტური აზრია.
– მოიცა, თუ ის, რაც შენ ახლა თქვი, სიმართლეა, ჩვენ რა უნდა ვქნათ?
– ჯერ არ ვიცი.
– ბიჭო, რომ მოკლას, ტო... – ნერვიულობა დაეტყო ვახოს და აწრიალდა, – ხომ არ გავყვეთ უკან, ჰა?!
– არა, მოკვლით არ მოკლეს. ეგ უკვე მეტისმეტია. რაში სჭირდება? თანაც, ზედმეტად ბანალური სიუჟეტია: საფრანგეთიდან ჩამოსული მამინაცვალი კლავს გერს მისი ქონების ხელში ჩასაგდებად... რა სისულელეა! უბრალოდ, ცოტას „დაამუშავებს“ და ეგ იქნება. ისე, რომ დედამისისკენ აღარასოდეს გაიხედოს, იმან კი – ამისკენ.
– ვინ იმან?
– ელენემ არ გამოიხედოს შვილისკენ. ეგ ჟანი ამას მოახერხებს.
– ისე ხომ თავს იკლავდა შვილზე ზრუნვით... – ხელი ჩაიქნია ვახომ, – გათხოვდა, წავიდა. ერთხელაც აღარ გახსენებია ნიკუშა.
– უსამართლო ნუ იქნები. როგორ არ გაახსენდა. სულ რეკავდა და ფულსაც სისტემატურად უგზავნიდა. ერთი ეგ იყო, არ ჩამოსულა.
– სამაგიეროდ, „მაცნე“ გამოგზავნა.
– ან გამოგზავნა, ან თავისი ინიციატივით ჩამოვიდა. ასეა თუ ისე, ნიკუშა უნდა გავაფრთხილოთ.
– და, რა ვუთხრათ, ფრთხილად იყავი, შენი მამინაცვალი მშრალზე დასმას გიპირებსო?
– დიახ. დროა, ყურები შეიბერტყოს და ცოტა აზრზე მოვიდეს. მილიონები ქუჩაში არ ყრია. მის სიტუაციაში საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ ბილეთს აიღებს და თავის დედიკოსთან გაფრინდება.
ვახომ თავი გადააქნია:
– ვირივით ჯიუტია. ამას არ გააკეთებს.
– უნდა დავარწმუნოთ, რომ თავისი სიჯიუტით ვიღაც ფრანგის წისქვილზე დაასხამს წყალს. მაგას რატომ უნდა დარჩეს ის, რაც კანონით ნიკუშას ეკუთვნის, რა დამსახურებისთვის?
– მართალი ხარ. მაგრამ, ბიჭო, რა არის, იცი? ხომ შეიძლება, ვცდებოდეთ? ხომ მოგვეჭრა თავი სტუმართან?
დათოს გაეცინა:
– მაგარი სანერვიულო იპოვე, ხომ იცი! შენ მაგაზე ნუ იფიქრებ, როგორმე გადავიტანთ მაგ სირცხვილს.
– მაშინ, წავიდეთ!
– სად?
ვახოს გაუკვირდა:
– როგორ თუ სად? ნიკუშასთან. რაღას უნდა დაველოდოთ? მაგის დამუშავებას რა უნდა, ისედაც გულზე არ ეხატება დედამისი, – ვახომ მანქანის გასაღები შეათამაშა ხელში.
– მოიცა, ასე არ გამოვა. რა უნდა ვუთხრათ, ნიკუშას ამბავი არ იცი? გაგიჟდება, რას დამდევთ უკან, რას მამოწმებთო.
– აბა, რა ვქნათ?
– ჯერ ლევანს ხომ არ დაველაპარაკოთ? ვნახოთ, რას გვირჩევს.
ვახოს აშკარად არ მოეწონა ლევანის ასეთი „გაფიარება“.
– გვირჩევს, თორემ, მაგასაც ჭკუა უჟონავს ყურებიდან. რადგან მინისტრია, ვითომ, იმიტომ არის ბრძენი და ყველაფრის მცოდნე? თუ აინტერესებდა ეს ამბავი, დავურეკე და მობრძანებულიყო. იმას ხომ ვერ იტყვის, არავის გავუფრთხილებივარო?
– ეტყობა, არ ეცალა.
– ჰო. რა თქმა უნდა, მაგას არასდროს სცალია. ერთი ეგ არის, მისი გაკეთებული ვერაფერი ვნახე.
– რა გინდა, რას ერჩი ლევანს, რას აშავებს?
– არაფერს, რას უნდა აშავებდეს. პირიქით, ზოგჯერ ზომაზე მეტად ათეთრებს და ეგ სიქათქათე თვალს მჭრის. ლევანი რა, რას ეტყვის ნიკუშას იმაზე მეტს, რაც მე შემიძლია ვუთხრა? ხომ იცი, რომ ჩვენ სამს შორის, ნიკუშას ყველაზე მეტად მე ვუყვარვარ, – წაიტრაბახა ვახომ და საათზე დაიხედა.
– ე, იცი, რომელი საათია? ლევანს დღეს ვეღარ ვნახავთ. რა დღეს, ტო... ოთხ საათში გათენდება. დარწმუნებული ვარ, სახლშია და სძინავს. დილამდე მოგვიწევს მოცდა. პრინციპში, ამაღამ რა უნდა მოხდეს იმისთანა?
– ბიჭო, შენ არ თქვი წეღან, ერთი საათიც ეყოფა ნიკუშას დამუშავებასო? – გაეღიმა დათოს.
– ეე, გააჩნია, ვინ დაამუშავებს, მაგ ფრანგმა იმდენი დალია, თვითონ არის „დამუშავებული“. ვერ ნახე, როგორ უბრჭყვიალებდა თვალები და ქინდრავდა თავს? ახლა ეგენი დაიძინებენ, დილით კი მივადგეთ.
დათო შეყოყმანდა, თუმცა, ბოლოს მაინც დასთანხმდა:
– კარგი, მეც სახლში წავალ, ცოდოა ნათია. ასეთი ჩვევა აქვს სანამ სახლში არ მივალ, არ წვება. ვერაფრით ვერ გადავაჩვიე.
– არა უშავს. ჯერ ახალია, გადაეჩვევა,– ხელი დარდიმანდულად ჩაიქნია ვახომ, – სანამ კარგად არ გამოგიჭერენ, ყველა ეგეთი ანგელოზია: მზრუნველი, ყურადღებიანი და უწყინარი, კნუტივით. ბრჭყალებს მოგვიანებით აჩენენ. გასაქცევ-წასასვლელი რომ აღარსად გაქვს.
– ამას ვინ ამბობს? ბიჭო, ოთხ ცოლს გაექეცი, ოთხს!
– ოთხს არა, ხუთს! – სამი ცოლი მყავდა, სამი! მეოთხეს რაღას მიმატებთ, სამი რა, ცოტაა? მეოთხეს თუ მოვიყვან როდისმე, ალბათ, აღარც გავეყრები.
– რატომ ხარ ასეთი დარწმუნებული?
– იმიტომ, რომ „სიჩქარეში“ ისე ვეღარ „ვაგდებ“, – გაიცინა ვახომ, – ამიტომ, „დატორმუზება“ მომიწევს. ყველა ქალი ერთნაირია, რა – ერთი, რა – სამი...
– არა, არა, ნათია სხვანაირია, – თავი გამოიდო დათომ.
– ჰო. სხვანაირია. სხვა გვარი აქვს, – დაეთანხმა ვახო და მეგობარს მხარზე მოუთათუნა ხელი, – კარგი, კარგი, ნათია კარგი გოგოა, გაგიმართლა. ოღონდ, მართლა. რაც მთავარია, უყვარხარ. დილით სახლიდან გამოსვლის წინ მაინც დამირეკე.
– არ მითხრა, რომ დაგავიწყდება.
– არ დამავიწყდება, მაგრამ შენ მაინც დამირეკე, ისე, ყოველი შემთხვევისთვის...
***
ნათიას მართლა არ ეძინა. სავარძელში მოკალათებულს, თხელი პლედი ჰქონდა მიფარებული და თვლემდა. დათოს ოთახში შესვლა მაშინვე გაიგო. თვალები გაახილა და იდაყვებზე წამოიწია.
– მოხვედი? მადლობა ღმერთს. მოვკვდი ნერვიულობით, – ჩაილაპარაკა საყვედურის კილოთი.
დათომ ნაზად გადაუსვა თმაზე ხელი:
– ხომ იცოდი, სადაც ვიყავი, რაღა განერვიულებდა?
– ჰმ, სწორედ იმიტომაც ვნერვიულობდი, რომ ვიცოდი, სადაც იყავი. ეგ შენი ძმაკაცები გამაგიჟებენ, არც ერთს არ ვენდობი.
– ნათი, გეყოფა, ასე რატომ ლაპარაკობ? ბიჭები შენ პატივს გცემენ და ყველას უყვარხარ.
– კი, როგორ არა. პატივს რომ მცემდნენ, შუაღამისას აქეთ-იქით არ გარბენინებდნენ და თავს დაგანებებდნენ. ხომ იციან, რომ ფეხმძიმედ ვარ!
– ნათი, ფეხმძიმედ ხარ, ავად ხომ არა? თანაც, ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გვქონდა, დამიჯერე. რატომ არ დაიძინე? მოვიდოდი, იქ ხომ არ დავრჩებოდი?
– ჰო, მოხვიდოდი, მაგრამ მანამდე რას გააფუჭებდი, არავინ იცის.
– რა უნდა გავაფუჭო, რას ამბობ? თუ ეჭვიანობ, მინდა გითხრა, რომ სულ ტყუილად, მე მარტო შენ მიყვარხარ.
– არ ვიცი, არ ვიცი... როგორ უნდა დაგიჯერო, როცა საქმით საპირისპიროს ამტკიცებ? ერთხელაც არ დაგირეკავს და არ გიკითხავს ჩემი ამბავი. იმიტომ, რომ კარის ზღურბლს გადააბიჯებ თუ არა, აღარ გახსოვვარ.
– მნიშვნელოვანი საქმე მქონდა-მეთქი, ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი. ვერ შევძელი, დამერეკა. რატომ ჭირვეულობ პატარა ბავშვივით? – დათოს შეწუხებული, გაღიზიანებული ხმა ჰქონდა.
– რაო, უკვე მოგბეზრდი? – ტუჩები სატირლად გაბუსხა ნათიამ, – ხომ ვამბობდი, შენი მეგობრები შენზე ცუდ გავლენას ახდენენ-მეთქი!
დათომ ამოიოხრა:
– ნათი, იცი, როგორ მეძინება? ხვალ სამსახურშიც ხომ უნდა წავიდე? კიდევ უამრავი საქმე მაქვს. შენც ხომ დაიღალე, წამოდი, დავიძინოთ.
– ახლა რაღა დამაძინებს, სადაცაა, გათენდება.
– თუ შენი ეს ჭირვეულობა ორსულობის ბრალია, გავუძლებ როგორმე, – დათოს ნერვებმა უმტყუნა, – თვითონ არ იცი, რა გინდა.
– რა მინდა? მე რა მინდა? – ასლუკუნდა გოგო, – მე მინდა, გვერდით ისევ ის კაცი მყავდეს, რომელსაც ცოლად გავყევი. ვერ ატყობ, როგორ შეიცვალე? ჩემთან ყოფნა აღარ გინდა, თვალი სულ გაძრომაზე გიჭირავს.
– უსამართლოდ მდებ ბრალს იმაში, რაც არ დამიშავებია. კარგი. დავჯდები შენ გვერდით, სახლიდან ფეხს აღარ გავადგამ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ესეც არ მოგეწონება. სულ გადაირევი, ფული რომ აღარ მექნება.
– მე სახლში ჯდომას არ გთხოვ. მშვენივრად იცი, რა მინდა შენგან და ნუ ცდილობ, თავი იმაზე სულელად მომაჩვენო, ვიდრე სინამდვილეში ხარ. სულ ცოტა ყურადღება მჭირდება. გავგიჟდები ამდენი სიმარტოვით, ლამის კედლებს დავუწყო ლაპარაკი, – ნათია ასლუკუნდა.
დათოს გული აუჩვილდა, ცოლს მოეხვია და ბავშვივთ დაუწყო მოფერება.
– ჩემი პატარა, სულელი გოგო... მერე, რატომ ხარ მარტო? დედაშენს დაურეკე და მოვიდეს.
– დედაჩემს თავისი ოჯახი აქვს და მთელი ჯარი ჰყავს მისახედი. რა ვუთხრა, მაგათ თავი დაანებე, აქ მოდი და მე გამართე-მეთქი?!
– კარგი, კარგი, გეყოფა ტირილი. ხომ იცი, შენ რომ ტირი, ჩვენი პატარაც ტირის და ცოდოა.
– რამდენი გცოდნია?! მერე, რატომ მატირებ და მანერვიულებ? საერთოდ, რატომ მომიყვანე ცოლად, ხომ გყავდა ეგ მეგობრები? უჩემოდაც მშვენივრად ხარ ხოლმე მათთან.
– ოღონდ ახლა დამშვიდდი და გპირდები, ერთი კვირით სადმე წაგიყვან და იქ გვერდიდან არ მოგცილდები.
– კი, როგორ არა! შენ სულ ასე მატყუებ! უკვე მერამდენედ მპირდები.
– არ გატყუებ, უბრალოდ, ვერ მოვიცალე, ჩვენი და ჩვენი შვილის მომავლისთვის ვზრუნავ. მინდა, რომ ყველაფერი საუკეთესო ჰქონდეს. იცი, ახლა რას ვიზამ?
ნათიამ ცრემლები ხელისგულებით მოიწმინდა და ღიმილით გააქნია თავი.
– ხელში აგიყვან და ისე წაგაბრძანებ საძინებელში.
– ძირს არ დამაგდებ? რომ ვერ მომერიო?
– აბა, რას ამბობ, საყვარელო! ისე ვერასდროს დამძიმდები, რომ ვერ მოგერიო!
დათომ ცოლს წელზე მოხვია ცალი ხელი და, ის იყო, ასაყვანად დაიხარა, რომ ჯერ მობილურმა დარეკა. ნათიას სახიდან ღიმილი მაშინვე გაქრა.
– აჰა! ახლა ვინღა რეკავს, ეს რა უბედურებაა?!
– ეტყობა, ვიღაცას ნომერი შეეშალა, – დათოსაც არ ესიამოვნა მოულოდნელი ზარი.
– არ უპასუხო. რეკოს, რამდენიც უნდა. ან, საერთოდ გამორთე. რა გახდა, ბოლოს და ბოლოს?!
– მართალია. გამოვრთავ! – დათომ მობილური აიღო, მაგრამ, ეკრანს დახედა თუ არა, სახე შეეცვალა და გამორთვის ნაცვლად საპასუხო ღილაკს დააჭირა თითი.
– გისმენ, ლევან! სად უნდა ვიყო, სახლში ვარ. ახლა ვაპირებდი დაძინებას... ნათია?.. არა, არა, ჯერ არ დავწოლილვართ. არ იქნება უხერხული. მოდი... – დათომ ტელეფონი გათიშა და ცოლს დამნაშავესავით გახედა.
– რას მიყურებ? ასეც ვიცოდი. ისევ შენი ძმაკაცები... ესე იგი, ვათენებთ.
– არა. შენ დაწექი და დაიძინე, მე და ლევანს სალაპარაკო გვაქვს.
– არც მთხოვო. ფეხს არ მოვიცვლი აქედან. უნდა გავიგო, რა საქმე გაქვს ამისთანა.
დათოს გულს შემოეყარა. კარგად იცოდა თავისი ცოლის ჯიუტი ხასიათის ამბავი. მით უფრო მაშინ, როცა ასე იყო გაღიზიანებული. აუცილებლად უნდა მოეფიქრებინა რამე, რაც ნათიას დაყოლიებაში დაეხმარებოდა. თუ ოთახიდან ვერ გაიყვანდა, მაშინ ვერც ლევანთან საუბარს შეძლებდა. ნათია მკაცრად წარბშეკრული იჯდა და აშკარად არ აპირებდა ადგილიდან დაძვრას.
***
ლევანმა მანქანა გააჩერა და ცოლს გამომცდელი მზერა მიაპყრო.
– მართლა არ გინდა, რომ წამოხვიდე?
– არა, – თავი გააქნია თინიკომ. შევცდი, ჩემი მანქანით უნდა წამოვსულიყავი. რად მინდოდა ტაქსი?
– სახლში მიგიყვან. ეს არ არის პრობლემა. უბრალოდ, მინდოდა, ჩვენს საუბარს შენც დასწრებოდი.
– რისთვის? მირჩევნია, შორს ვიყო ამ სიბინძურისგან.
– ამით რისი თქმა გინდა?
– იმის, რომ ეს ყველაფერი უკვე გულს მირევს.
– მოიცა, რა გამოდის, მე სიბინძურეში ვიქექები? – ლევანი თინიკოსკენ მიტრიალდა და თვალებში ჩახედა, – თიკა, შენ ფიქრობ, რომ ამ საქმიდან სარგებლის ნახვა მინდა?
– არაფერს არ ვფიქრობ, ლევან, გეფიცები. ძალიან დავიღალე და, რაც ნაკლებს ვიფიქრებ, უკეთესი იქნება ჩემთვის.
ლევანმა სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა.
– შენ ხომ იცი, ისეთს არაფერს ჩავიდენ, რაც მე არ მეკადრება.
– ვიცი, – მოკლედ მიუგო ქალმა, მაგრამ ლევანი არ დააკმაყოფილა მისმა პასუხმა.
– ჩემში ეჭვი გეპარება?
– ლევან, ხომ იცი, რომელი საათია? სახლში მიმიყვანე და მოვრჩეთ ამ თემაზე ლაპარაკს.
– შენ ფიქრობ, რომ იმ მილიონების ხელში ჩაგდება მინდა?
– არაფერს არ ვფიქრობ-მეთქი, უკვე გითხარი და არ გატყუებ. ერთადერთი, რაც ახლა მინდა, ჩემს შვილთან ყოფნაა.
ლევანმა სიგარეტის ნამწვი ფანჯრიდან გადააგდო და მანქანა დაძრა...
***
... ნიკუშა გულაღმა იწვა. ფართოდ გახელილი თვალები ჭერზე ჰქონდა მიშტერებული. უნდოდა, დაეძინა, მაგრამ ფიქრებს თავს ვერ უყრიდა, ვერ ურიგდებოდა იმ აზრს, რომ გვერდით ოთახში ეძინა კაცს, რომელთანაც, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც აკავშირებდა რაღაც და ეს „რაღაც“ დედამისი იყო. რესტორანში ყოფნისას კიდევ ვერ აცნობიერებდა იმას, რომ გადაწყვეტილება ჰქონდა მისაღები. უცებ სასტუმრო ოთახიდან ხმაური მოესმა. ადგა, შარვალი სწრაფად ამოიცვა და გავიდა. ჟანი წიგნების თაროებთან იდგა და ათვალიერებდა. ფეხის ხმაზე შემობრუნდა.
– შენც არ გძინავს?
– მეძინა და გამეღვიძა, – იცრუა ნიკუშამ.
– ფხიზელი ძილი გცოდნია. შევეცადე, არ მეხმაურა, – გაიღიმა ჟანმა. ნიკუშამ იგრძნო, რომ ტყუილს მიუხვდნენ და გაწითლდა.
– არ მეძინა. ვაპირებდი ჩაძინებას და ხმაური შემომესმა. ჩვენი ბიბლიოთეკით დაინტერესდით?
– ჰო. ფრანგი ავტორები ორიგინალში? – ჟანმა ნიკუშას გადახედა, – კითხულობდი ფრანგულად?
– ჰო. იყო დრო, როცა მარტო ფრანგულად ვკითხულობდი.
– ახლა?
ნიკუშამ მხრები აიჩეჩა:
– ახლა? არ ვიცი. უნდა დავფიქრდე, რომ გავიხსენო, ბოლოს რა წავიკითხე.
ჟანმა წიგნი დახურა და თაროზე დადო.
– კარგი მეგობრები გყოლია.
– ჰო. კარგები არიან, – ნიკუშამ გაიღიმა, – განსაკუთრებით, ვახო. თუმცა, არა, ვერც ერთს ვერ გამოვარჩევ. ეგენი რომ არ ყოფილიყვნენ, არ ვიცი, რა მეშველებოდა. ლევანი რატომ არ მოვიდა, არ ვიცი. ეტყობა, არ ეცალა. არა უშავს, მოგვიანებით გაგაცნობ.
– მე ვიცნობ ლევანს.
ნიკუშა გაოცდა:
– ლევანს? საიდან?
– თუ შენს მინისტრ მეგობარს გულისხმობ, მე მას პარიზში შევხვდი. მე, მან და ელენემ ერთად ვივახშმეთ.
– არ ვიცოდი, – თავი გადააქნია ნიკუშამ და მოიღუშა, – ეს ვიზიტი მისი სამინისტროს საქმიანობასთან რომ არ იქნებოდა დაკავშირებული, ფაქტია.
– არა, რა თქმა უნდა. ელენეს დაურეკა და შეხვედრა სთხოვა.
– მართლა? – ნიკუშა დაიძაბა.
ჟანმა თავი დაუქნია.
– შეიძლება გავიგო, რაზე ისაუბრეთ?
– შენზე. ოღონდ, ყველაფერი ვერ გავიგე. ქართულად ლაპარაკობდნენ.
– თქვენ ქართული საკმაოდ კარგად იცით, – ორაზროვნად ჩაილაპარაკა ნიკუშამ.
– ეს კომპლიმენტია, – არ წამოეგო მის ანკესს ჟანი, – ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, უბრალოდ, მოინახულა. ძველი რაღაცეები გაიხსენეს. ელენეს ძალიან გაუხარდა მისი ნახვა, შენც გახსენებდნენ.
ნიკუშამ ეჭვით შეხედა მამინაცვალს. ჟანი ისევ უღიმოდა და ნიკუშა ვერ მიხვდა, რას მალავდა ამ ღიმილის მიღმა ეს უცნაური ფრანგი...
***
დათომ კარი გააღო და ლევანს გზა დაუთმო.
– შემოდი, შემოდი... მარტო ხარ?
– ჰო. თიკა არ წამოვიდა და სახლში მივიყვანე. ამიტომაც შემაგვიანდა.
დათომ მხრები აიჩეჩა:
– არ წამოვიდა? მოგყავდა?
– რატომ მეკითხები? რატომ არ უნდა წამომეყვანა.
– რა ვიცი, მეგონა, თიკას უმალავდი ამ ამბავს.
– რა ამბავს? დათო, შენ რაზე მელაპარაკები? – გაცხარდა მოულოდნელად ლევანი.
– შემოდი, შემოდი, დავსხდეთ და ისე ვილაპარაკოთ.
– ნათია სად არის? – ლევანმა ოთახი მოათვალიერა.
– ძლივს დავითანხმე, დაწოლილიყო. ამ ბოლო დროს სულ უფრო მიჭირს მასთან ლაპარაკი, ყველაფერზე წუწუნებს და ჭირვეულობს.
– ჰმ, აბა, რა გეგონა, ცოლად თვრამეტი წლით უმცროს ბავშვს რომ ირთავდი?! თავიდანვე მზად უნდა ყოფილიყავი ამისთვის. ჯერ სად ხარ. შვილი გაგიჩინოს!..
დათომ საყვედურით შეხედა მეგობარს და ბართან მივიდა:
– დალევ რამეს?
– დავლევ და დასალევიც მოვიტანე, – ლევანმა საფირმო პარკი გაუწოდა.
– რად გინდოდა, სასმელის მეტი რა მაქვს?
– ასეთი არ გექნება. საფრანგეთიდან ჩამოვიტანე. ასეთი შამპანური გასინჯულიც არ გექნება.
– ქალბატონმა ელენემ ხომ არ გამოგატანა? – ჩაიცინა დათომ.
– შენი ირონია უადგილოა, – ლევანმა ჭიქა გამოართვა, – რა ქენით, შეხვდით?
– შევხვდით და სწორედ მაგიტომაც უნდა მენახე დღესვე.
– რაო, იჩხუბეს? გააფრინა ჩვენმა ძმაკაცმა და გააგიჟა ის უწყინარი, ღიმილიანი კაცი?
– შენ რა იცი, როგორია? – დათომ პირთან მიტანილი ჭიქა მაგიდაზე დადგა და ლევანს ეჭვით გადახედა.
– ვიცი. პარიზში ყოფნისას შევხვდი.
დათომ ჩაიცინა.
– რა გაცინებს?
– მერე კიდევ იტყვი, რომ იმ სურათის ბედი არ გაინტერესებს. მე გაცილებით ადრე მივხვდი ამას.
ლევანი შეიჭმუხნა:
– მართლა? მაინც როდის?
– შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, რომ ვიცი, რაც ჩაიფიქრე.
– არაფერიც არ იცი... – ლევანმა სცადა, სიმშვიდე შეენარჩუნებინა, მაგრამ ნელ-ნელა მოთმინებას კარგავდა.
– როგორ არ ვიცი, სახეზე გაწერია ყველაფერი.
– დათო... მეტისმეტი ხომ არ მოგდის? ძმაკაცი კი ხარ, მაგრამ ასეთი ტონით ჩემთან ლაპარაკს არ გირჩევ. ვერც იმას ავიტან, რაღაც სულელური ფრაზებით ცდილობდე ჩემგან ინფორმაციის მიღებას. რას მეთამაშები?
– კარგი, პირდაპირ გეტყვი: მე ვიცი, რატომ მიხვედი პარიზში ელენესთან. მე ვიცი, რატომ ცდილობ, არ გამოგეპაროს არც ერთი ნაბიჯი, რომელსაც ნიკუშა გადადგამს და ბოზიც კი მიუჩინე ამისთვის...
– დათო, გეყოფა! ჩემს მოთმინებას ნუ სცდი. არ გირჩევ!.. – ლევანი აწრიალდა.
– მოიცა, ჯერ არ დამიმთავრებია. ორი მილიონი დოლარი ცოტა ნამდვილად არ არის. მით უმეტეს, როცა მისი შოვნა მარტივად შეიძლება.
– შენ ასე გგონია?
– დარწმუნებული ვარ. გასაკეთებელი ბევრი არაფერია. მთავარია, ნიკუშა დარწმუნდეს იმაში, რომ ეს ფული მხოლოდ მას ეკუთვნის და – მორჩა.
ლევანი ჭიქას ჩააშტერდა:
– ესე იგი, შენი აზრით, მთავარი ნიკუშას დარწმუნებაა.
– პირველ ეტაპზე – კი. მერე საქმე გაცილებით ადვილია. ორ მილიონს ორ დღეში და ორ კვირაში ვერ დახარჯავს. მოინდომებს, სადმე დააბანდოს და ამაში ჩვენ დავეხმარებით.
ლევანმა თვალები მოჭუტა:
– შენ, გეტყობა, სერიოზულად გიფიქრია ამაზე.
– შენ არა? – ირონიულად ჩაეკითხა დათო და ჭიქები ისე შეავსო, – ეს შამპანურიც ხომ იმიტომ მოიტანე, ჩვენი მომავალი გამარჯვების სადღეგრძელო რომ დავლიოთ?
ლევანმა მაშინვე არ უპასუხა, შამპანური ნელა მოსვა და ხმადაბლა ჰკითხა:
– შენ მართლა ფიქრობ, რომ მე ისეთი ნაძირალა ვარ, ბავშვობის მეგობარს ფულს ავახევ? სერიოზულად მაინტერესებს. მართლა ასეთი წარმოდგენის ხარ ჩემზე?
დათომ მხრები აიჩეჩა:
– ნაძირალა რა შუაშია? ჩვენ ხომ უცხოები არ ვართ. როცა შენს მეგობარს მოულოდნელად მილიონები აცვივა თავზე, გვერდზე ხომ არ გადგები?
– გაგიჭირდა, დათო? არ გყოფნის ბენზინიდან შემოსული ფული?
– არც იმდენი შემომდის, შენ რომ გგონია. მინისტრის ხელფასზე მეტი ნამდვილად არ იქნება. არ გინდა, ლევან, ორივემ ვიცით ფულის ფასი. ხომ მართალია?
– არა, არ არის მართალი. მე სხვისი არაფერი მჭირდება, მით უმეტეს, ის რაც ჩემი ძმაკაცის საკუთრებაა. მაგრამ იმ სურათთან დაკავშირებით სხვა ვითარებაა. ყველაფერს ვერ მოგიყვები, იმიტომ, რომ ეს საიდუმლო მარტო მე არ მეკუთვნის, მაგრამ, დამიჯერე, ნიკუშას მილიონებზე ნამდვილად არ ვნადირობ.
– აბა, რა გინდოდა პარიზში?
– საქმიანი მივლინება მქონდა.
– ვისთან, ელენესთან? – ჩაიცინა დათომ.
– ტყუილად იცინი, ელენე ისე მოვინახულე, შეიძლება, არ დამიჯერო, მაგრამ ნიკუშაზე სალაპარაკოდ მივედი. არ მინდა, ეგ სულელი ყველაფრის გარეშე დარჩეს.
დათომ თითები გაატკაცუნა:
– ჰოო? მაშინ ჩემს ეჭვს აქვს საფუძველი.
– რას გულისხმობ? თუ კიდევ იმაზე იწყებ ლაპარაკს, რომ ნიკუშას ფულები ჩვენიც არის, ვდგები და მივდივარ.
– არა, არა, სხვა პრობლემაა. მაგრამ ესეც ნიკუშას ეხება.
– რა მოხდა, ჟანი უკან ხომ არ გაამგზავრა უარით?
– სწორედ მაგ ჟანის აქ ჩამოსვლა მაღელვებს.
– რატომ?
– ვერ ვენდობი. მით უფრო, იმის შემდეგ, რაც ახლა მითხარი.
ლევანი დაფიქრდა და თავი გადააქნია:
– ვერაფერი გავიგე.
– გაუგებარი რა არის? ეგ ჟანი კარგი საქმისთვის არ უნდა იყოს ჩამოსული. რა გარანტია გვაქვს, რომ ყველაფერს უკუღმა არ დაატრიალებს? ვერ დავიჯერებ, რომ ნიკუშაზე შესტკივა გული. აბა, დაფიქრდი: ახალგაზრდა კაცი, ფრანგი, წარჩინებული, ჯირითსა და დროსტარებას გადაყოლილი, ფუფუნებას შეჩვეული. რატომ მოინდომებს მილიონები სხვას დაუთმოს, მით უმეტეს, თავის გერს? არ ვარ მართალი? ნიკუშა ელენეს ერთადერთი შვილია. ამ ჟანს შვილი საერთოდ არ ჰყავს. სამაგიეროდ, ჰყავს ცოლი, რომელსაც ორ მილიონ დოლარად შეფასებული სურათი აქვს. გეკითხები, უნდა უნდოდეს ჟანს, რომ ეს სურათი სხვისი საკუთრება გახდეს? შენ რომ იყო მის ადგილას, გენდომებოდა?
– ძალიან გთხოვ, კონკრეტულად ჟანზე ვილაპარაკოთ, – არ ესიამოვნა ლევანს დათოს არგუმენტი, – ესე იგი, შენ ფიქრობ, რომ ჟანი ხელს შეუშლის ნიკუშას დედამისთან შერიგებას?
– კი არ ვფიქრობ, დარწმუნებული ვარ ამაში.
– და... ძალიან ნერვიულობ.
– ჰო, და, მგონი, ამაში არაფერია გასაკვირი.
– რა თქმა უნდა. ასეთი შორს მიმავალი გეგმები გქონია, ნიკუშას მილიონებთან დაკავშირებით, რომ... – ლევანმა ჭიქა გამოცალა და ადგა. დათომ უკმაყოფილოდ ახედა მეგობარს.
– რას მიყურებ? შენ იცი, რომ მაგ გრაფს ფული თავზე საყრელად აქვს და ცოლზე გიჟდება? ორი მილიონი... ორი მილიონი დოლარი მისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს.
– სამაგიეროდ, ნიკუშასთვის ნიშნავს და არ უნდა დავუშვათ, რომ ისევ მათხოვრად დარჩეს. უნდა ვიცოდე, ჩვენთან ხარ თუ არა.
ლევანმა თმა შეისწორა:
– რა გინდა, რომ გავაკეთო?
– მგონი, ამ ჟანს სერიოზულად უნდა დაელაპარაკო.
– და, რა ვუთხრათ, არ გაბედო, ჩვენს ძმაკაცს ფული არ დააწეროო-მეთქი? თუ, თითი დავუქნიოთ, ზედმეტი არაფერი გაბედოო?!
– ესე იგი, ჩვენთან არ ხარ, – დაასკვნა დათომ.
– სისულელეა, რასაც შენ ფიქრობ, დიდი სისულელე.
– ვახოს ასე არ მიაჩნია. პირიქით, ისიც კი თქვა, შესაძლოა, ნიკუშას ლიკვიდაციის საფრთხეც არსებობდესო.
– რაო? ლიკვიდაციის საფრთხე? ჰა, ჰა, ჰა... – ლევანმა ხმამაღლა გაიცინა, – ეტყობა, ვახო ბოლო დროს, დეტექტიურმა სერიალებმა გაიტაცა. კარგი, რა... მორჩით ამ სისულელეს და საქმეს მოჰკიდეთ ხელი. მე არ ვარ თქვენსავით მოცლილი, პრობლემები თავზე საყრელად მაქვს. ვერ ხედავთ, რა ხდება ქვეყანაში? ხვალ კიდევ რა იქნება, არავინ იცის.
– ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ამ საქმესთან კავშირი არა აქვს, – გესლიანად გამოსცრა დათომ.
– სამაგიეროდ, ჩემთან აქვს საქმე. მოკლედ, წავედი და, თქვენ იცით, როგორ უმასპინძლებთ სტუმარს. არ არის ცუდი კაცი, დამიჯერეთ. ისე, თუ კიდევ გაგიჩნდებათ რამე სერიოზული არგუმენტი მის თაღლითობასთან დაკავშირებით, დამირეკეთ...
გაგრძელება შემდეგ ნომერში