როგორ იპოვა აფხაზეთში მცხოვრებმა მამიდამ თავისი ლატვიელი ძმისშვილი და რა კავშირშია ამ ისტორიასთან სანკტ-პეტერბურგი
47 წლის ნათელა ტარასის ასული ხუფენია ეძებდა: 31 წლის ტიმურ პანკინს (ბუკინს) და 51 წლის ნინა პანკინას (ბუკინას).
ისტორია: ვეძებ ძმისშვილს, 1978 წელს ქალაქ რიგაში დაბადებულ ტიმურს (პანკინს, ან ბუკინს) და დედამისს, 51 წლის ნინა პანკინას (ბუკინას). მე ის მხოლოდ ფოტოზე მყავს ნანახი. სამწუხაროდ, ჩემი ძმა ახალგაზრდა გარდაიცვალა და მან სიცოცხლეში ვერ მოასწრო შვილის საქართველოში ჩამოყვანა. ძალიან მინდა, ვიპოვო ჩემი ძმისშვილი. დამოუკიდებლად ამას ვერ ვახერხებ, რადგან, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი ტიმური ლატვიაში, ქალაქ რიგაში ცხოვრობს. ძალიან გთხოვთ, დამეხმაროთ მის პოვნაში, ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია „თბილისელების“ მკითხველმა 7 სექტემბრის ნომერში გაიცნო. ქალბატონი ნათელა თავის ძმისშვილს და გარდაცვლილი ძმის მეუღლეს უკვე წლებია, ეძებდა და ეს ძებნა დღემდე უშედეგოდ გრძელდებოდა, რადგან, როგორც აღმოჩნდა, არც ნინა და არც ტიმური უკვე დიდი ხანია, ლატვიაში აღარ ცხოვრობდნენ. მათ პოვნაში დაგვეხმარა ედიკ მორგოშია, რომელმაც, თავის მხრივ, სწორედ ჩვენი დახმარებით იპოვა მშობელი მამა და ამის შესახებ თვითონ უამბობს ჩვენს მკითხველს.
– ქალბატონო ნათელა, რა გრძნობა გაქვთ ახლა, როდესაც, ღვთის წყალობით, ტიმურიც და ნინაც ნაპოვნები არიან?
– ძმის გარდაცვალების შემდეგ მათი პოვნა ჩემი უმთავრესი მიზანი იყო. რა აღარ გავაკეთე ისინი რომ მომეძებნა, ყველანაირად ვცდილობდი, მაგრამ ვერ ვახერხებდი. ჩვენი ისტორია მკითხველმა უკვე იცის, ამიტომ, გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ვალერი მძიმედ დაავადდა და ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა. მთელი თავისი სიცოცხლე მიზნად და ნატვრად ჰქონდა შვილის ჩამოყვანა ან უფრო ხშირად მონახულება. სიკვდილის წინ მან მე მთხოვა, რომ მეპოვა ტიმური. შვილის დარდი მას იმქვეყნად გაჰყვა. წარმოიდგინეთ, რა ბედნიერი ვარ ამჟამად, რადგან ძმას ეს სურვილი შევუსრულე. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ და იმ ადამიანს, ვინც ისევ თქვენი დახმარებით იპოვა თავისი მამა და მეც ასე დამეხმარა.
– აპირებთ თუ არა ძმისშვილის ნახვას ან როგორი იყო თქვენი პირველი საუბარი?
– როდესაც გავიგე, რომ ნინა და ტიმური ნაპოვნები არიან, ვერ დავიჯერე, სიხარულისგან ვტიროდი. ეს მართლაც დიდი სიხარულია. ჯერჯერობით მათთან მხოლოდ სატელეფონო კავშირი მაქვს, მაგრამ იმედს არ ვკარგავ, რომ ისინი, ოდესმე ჩამოვლენ და მე ვნახავ ჩემს ძმისშვილს.
ინტერვიუ ედიკ მორგოშიასთან
– მოგვიყევით, როგორ მოახერხე ნინასა და ტიმურის პოვნა?
– დამეთანხმებით, ალბათ, რომ ამას თქვენი ინსტრუქტაჟის გარეშე ვერ შევძლებდი, ძალიან რთული საქმე ყოფილა ადამიანის მოძებნა. მას შემდეგ, რაც მამაჩემის პოვნაში დამეხმარეთ, მე და ჩემს მეუღლეს, ოლიას, არაერთხელ გვისაუბრია თქვენს საქმიანობაზე და ძალიან გვინდოდა, რამენაირად მადლობა გადაგვეხადა თქვენთვის ამ სასწაულისთვის. როდესაც დამირეკეთ და დახმარება მთხოვეთ, ძლივს დაველოდე ორშაბათს, რომ იმ ბოლო ცნობილ მისამართზე წავსულიყავი, იმდენად მაინტერესებდა, ვიპოვიდი თუ არა მათ. აღმოჩნდა, რომ ისინი იქ დიდი ხანია, აღარ ცხოვრობდნენ. მათი ფოტოც ვაჩვენეთ მეზობლებს, მაგრამ ვერც ერთმა ვერ გაიხსენა (ყველა მეზობელი ახალი გადმოსული იყო), რამაც გაართულა ძებნა. შემდეგ განვათავსეთ განცხადება ქალაქ რიგის ადგილობრივ გაზეთ „MKL LATVIA-ში“. თქვენ წარმოიდგინეთ, ჟურნალისტს შეეშალა და ამ ისტორიას სულ სხვა ფოტო დაუდო. ძალიან გვეწყინა მე და ოლიას ეს ამბავი, რადგან სწორედ ფოტოზე ვამყარებდით დიდ იმედებს, თქვენთან ერთად, რა თქმა უნდა.
იმის შემდეგ, რაც გაზეთში განთავსებულმა განცხადებამ ვერ გაამართლა, ჩვენ გადავწყვიტეთ, განმეორებით გამოგვექვეყნებინა განცხადება, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ სტატიამ მაინც გამოიღო შედეგი – გამოგვეხმაურა ტიმურის მეგობარი, რომლისგანაც გავიგეთ, რომ ის დედასთან ერთად საცხოვრებლად სანკტ-პეტერბურგში გადასულა. მან მოგვცა ნინას ტელეფონის ნომერი და ასე დავუკავშირდით.
– ედიკ, თქვენ თვითონ მამა ჩვენი დახმარებით იპოვეთ. ახლა რა გრძნობა გქონდათ, როდესაც აბსოლუტურად უცხო ადამიანს დაეხმარეთ ნათესავის პოვნაში?
– იმ დღიდან, რაც მე მამა მაპოვნინეთ და გამაბედნიერეთ, სულ მინდოდა, მეც გამებედნიერებინა ჩემნაირი პრობლემების მქონე ადამიანი, ამიტომ ჩემთვის თქვენი, ასე ვთქვათ, დავალება, ერთგვარი სიხარულიც იყო. ნინასა და ტიმურის პოვნაში არანაკლები როლი ითამაშა ჩემმა მეუღლემ. ოლია საპასპორტოშიც კი იყო მისული და აქტიურად მეხმარებოდა. ორივეს ძალიან გვინდოდა დახმარების გაწევა. მართლაც, სასწაულის ტოლფასი გრძნობაა, დღემდე ვერ ვიჯერებ, რომ დაგეხმარეთ.
– როგორც ვიცი, თქვენ და თქვენი მეუღლე, საქართველოში აპირებთ საცხოვრებლად ჩამოსვლას. მაინტერესებს, ლატვიაში დაბადებულმა და გაზრდილმა ეს ამბავი როგორ გადაწყვიტეთ?
– რაც მამაჩემი ვიპოვე და საქართველოში ჩამოვედი, ყველა ნათესავი გავიცანი. ძალიან თბილი და საყვარელი ხალხია. მე და ოლიამ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს გარეშე ცხოვრებას ვეღარ შევძლებთ. მართალია, დავიბადე და გავიზარდე ლატვიაში, მაგრამ გენებით ხომ ქართველი ვარ. დიდხანს ფიქრი არ დაგვჭირვებია. ახალ წელს საქართველოში ვხვდებით ნაპოვნ მამასთან ერთად. ვფიქრობ, რომ საქართველო ჩემი სამშობლოა და აქ ცხოვრება არ გამიჭირდება. მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რაც თქვენ შეძელით და გააკეთეთ. ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ვფიქრობ, ტიმურისა და ქალბატონი ნათელას ცხოვრებაც ასევე სასიკეთოდ შეიცვლება.
თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.