როგორ ეფერებოდა ჩელეს უცხო ქალი ცოლის თვალწინ და როდის უჭირს ხოლმე ყველაზე მეტად მას
ჟურნალისტების და, საერთოდ, ყველასთვის საყვარელი მეგობარი ჩელე საუბარში ყოველთვის გულახდილი რესპონდენტია. ბევრისგან განსხვავებით, მისთვის არ არის თემა, რაზეც, შეიძლება, კომპლექსი გაუჩნდეს. მის ცხოვრებაში ყველაფერი ისე აეწყო, როგორც უნდოდა რომ ყოფილიყო. ოჯახურ ყოფაში თავს ბედნიერად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ყველაზე მეტად ცოლქმრობაში გაუმართლა. ადრე თუ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა, ახლა მისი საზრუნავი ცოლი და შვილია. ოჯახის უფროსი დატვირთული დღის ბოლოს სახლში პამპერსებით და პროდუქტებით სავსე მიიჩქარის.
– როგორი გრძნობაა, როცა ოჯახის უფროსი გქვია?
– თავისუფლებასაც თავისი დადებითი აქვს და ოჯახსაც. მგონი, ოჯახს არც აქვს უარყოფითი მხარე, თუ სიყვარულითა და პატივისცემით არის შექმნილი. ადამიანი როცა დგამ ამ ნაბიჯს, ყველაფერი გაანალიზებული გაქვს, უნდა იცოდე, რომ ბევრი რაღაც უნდა მოიკლო. როცა თავისუფალი ხარ და მუშაობ, შეიძლება, მთელი ხელფასი შენს თავზე და მეგობრებზე დახარჯო. ცოლის შერთვა შეზღუდვა მაინც არ არის. იმ თავისუფალ დროს ოჯახს ახმარ, ფუჭად ხომ არ ხარჯავ. სხვანაირი ხდები, როცა შვილი გყავს, რადიკალურად იცვლება შენი ცხოვრება. ბევრი ადამიანი ვიცი, ცოლი მოუყვანია და ისევ ისე გაუგრძელებია თავისი ცხოვრება, არაფერი შეცვლილა. ამ შემთხვევაში არ ამართლებს. როგორც შენ გაქვს ოჯახის მიმართ მოთხოვნა, ასევე აქვს ოჯახს შენ მიმართ. მარტო კაცი არ არის ოჯახის ბურჯი. კარგი გრძნობაა, ქმარი რომ ხარ. შეუგუებლობის მომენტი არ ყოფილა, იმიტომ რომ, მე და ჩემი ცოლი დაქორწინებამდე დიდხანს ვიცნობდით ერთმანეთს, ვიცოდით, რა გვინდოდა და ამიტომ ეს მომენტი არ ყოფილა.
– ბევრი ცოლ-ქმარი ვიცი, ერთმანეთის ამბავი რომ არ აინტერესებთ. შენს ცოლს აინტერესებს, სად მიდიხარ, ვისთან ერთად ხარ, რას აკეთებ?
– სულ მაგაზე ვფიქრობდი, ისეთი ცოლი არ შემხვდეს, მისგან ყურადღება მომაკლდეს-მეთქი. ცოლს თუ არ აინტერესებს ქმრის სამსახური და საქმიანობა, მაშინ პრეტენზიაც არ უნდა ჰქონდეს ძალიან ბევრ რამეზე, რასაც ქმარი არ მიიღებს. თუ არაფერი გაინტერესებს, მაშინ შენი კეთილდღეობაც დაივიწყე. შენ, შეიძლება, კარგი ცხოვრება გინდოდეს, ფუფუნება და... ჩემი ცოლი ხშირად დამყავს ჩემს საქმეებზე და ეს მსიამოვნებს. ის საქმე გამოვა თუ არ გამოვა, ორივეზეა დამოკიდებული. ბევრი ცოლი მინახავს, ქმარს რომ საყვედურობს – არ ინდომებ, არ ცდილობო. შენ დაუდექი გვერდით და, თუ არ გამოვა, დაინახავ, რის გამოც არ გამოვიდა. თეატრიდან ჩართვები მაქვს და ბევრ სპექტაკლს ვაფიარებ. ყოფილა შემთხვევა, რომ ცოლს უთქვამს, ის არ არის კარგი, ეს არ არის კარგიო. მაშინ, ვეკითხები, რატომ არ არის კარგი და ის თავის აზრს მეუბნება. არ არის აუცილებელი, ჩხუბით უთხრა. ყურადღება დიდი რამეა – როგორც ქალს სიამოვნებს, ასევე სიამოვნებს კაცსაც. დაურეკე და უთხარი, რომ ამისა და ამის გამო ვერ ახერხებ სახლში დროზე მოსვლას, რა პრობლემაა.
– მეც ეგ არ მიკვირს? ესე იგი, შენ აბარებ ანგარიშს ცოლს?
– უმეტესწილად, ვურეკავ, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, ვერ დამირეკავს – ვთქვათ, ტელეფონი დამიჯდა ან მანქანა გამიფუჭდა... ისეთი დამოკიდებულება არ გვაქვს ერთმანეთთან, რომ ეთქვა – არა, შენ სადღაც იყავი და რაღაცას მიმალავო. ეგ პრობლემა არ მქონია და მაგ მხრივ ბედნიერი ვარ. ყველა ქალს აქვს გაკონტროლების მომენტი. ანალოგიურად „მურტალი“ იქნება, შენი ცოლი რომ არ მოვიდეს ღამის 12 საათზე სახლში და არ დაურეკო და არ მოიკითხო. როგორც თავიდან ააწყობ ყველაფერს, ისე იქნები მთელი ცხოვრება. ის არის ცოლი, ღვთისგან გაქვს ჯვარი დაწერილი, გყავთ საერთო შვილი და უნდა გაინტერესებდეს. ადამიანი ხომ, როგორც წესი, ცუდზე ფიქრობს ხოლმე.
– ისე, ეჭვიანობა სასიამოვნო გრძნობაა?
– იცი, რა არის? ჩვენ, ქართველები, ცოტა სხვანაირი ხალხი ვართ. შეიძლება, ეჭვიანობის გამო მოკვდე, გული გაგისკდეს. ეს შეყვარებულობის დროს უფრო მისაღები და სასიამოვნოა. შენ თუ ვიღაცას მალულად ემესიჯები და არ ეუბნები, სად ხარ და საეჭვოდ იქცევი, საშინელებაა.
– როგორია ორი შეყვარებული ადამიანის ურთიერთობის სცენაზე გადატანა?
– ჩემს ცოლს უთქვამს: ცოტა გავღიზიანდები, ფილმში ეროტიკული სცენები რომ ითამაშოო. თავისი გულის ტკივილი ამოთქვა, თუმცა ბევრჯერ „უკაიფია“, როცა სპექტაკლ „მე ვხედავ მზეს“ დასწრებია. ცუცას სცენაა, რომელსაც ქმარი ჰყავს ომში დაკარგული. მე ვწევარ, ეს გოგო მთელს სხეულზე მეფერება და თავის გულის დარდს მიხსნის, რომ ახალგაზრდა ქალია და ქმარი არ ჰყავს.
– რა ადგილებში გეფერება?
– დამაცადე ახლა! ყველგან-მეთქი, ხომ გითხარი! ჩემი ცოლის უკან გოგოები ისხდნენ, არ იცოდნენ, რომ ჩემი ცოლი იყო და უთქვამთ – ნეტა, ჩელეს ცოლი როგორ იტანს ამასო. არაფერი ასატანი ამაში არ არის. არ ვიცი, რას ფიქრობდა ამ დროს ჩემი ცოლი – „ამირან გულში მღეროდაო...“ ადამიანი ვერ გაიგებ, რას ფიქრობს, მაგრამ ზოგადად, როგორც ყველა კაცს ეშინია ქალის დაკარგვის, ქალებსაც ასევე, ეშინიათ კაცის დაკარგვის.
– შენ არ გეშინია? საკმაოდ ლამაზი ცოლი გყავს. მამაკაცები ხომ სულ იმაზე ფიქრობთ, გათხოვილი ქალი როგორ შეაბათ, როცა თავს ათასი სისულელით და ტყუილებით უჭედავთ.
– არანაკლებ ლამაზი ქმარი ჰყავს ჩემს ცოლს, მინდა გითხრა. იცი, რა არის მთავარი? ქალს ძალიან კარგად უნდა იცნობდე. მურმანის ეკალი ყოველთვის ტყდება შუაზე, ოჯახში მესამე პირს კისერი სტყდება. არანაირი შიში არ მაქვს, რომ ჩემი ცოლი რამე ცუდს გააკეთებს, არ ვფიქრობ ამაზე. მე რომ დაძაბული სიტუაცია და ტვინის ბურღვა მქონდეს სახლში, ამ შემთხვევაში ყველაფერი დასაშვებია. ჩვენ ასი პროცენტით ვენდობით ერთმანეთს. ერთი ტყუილი რომ გაგივა, მერე მეორე, მესამე მოჰყვება და ყველაფერს ტყუილზე აგებ.
– სახლში, ალბათ, პროდუქტებითა და პამპერსებით მიდიხარ ხოლმე.
– ჰოო!.. მეზობლები მეუბნებიან, ცხოვრებაში არ გვინახავხარ ღამის 3 საათზე ასეთი დატვირთული მოსულიყავიო და ტაშს უკრავენ, იმიტომ რომ, მაინც სხვანაირი ცხოვრება მქონდა – ვერთობოდი, პოპულარობა და ფული მოვიდა, მანქანა ვიყიდე. სახლისთვის სულ არაფერს ვყიდულობდი. ბევრ პომიდორს, კიტრს, ბადრიჯანს ვიყიდი ხოლმე, ძალიან მიყვარს. სახლში არაჩვეულებრივი ცოლი და შვილი მხვდება. დიდხანს ვცხოვრობდი მარტო და არასდროს მიყვარდა ნახევარფაბრიკატები – უცებ რომ შეჭამ და აღარ არის. ჩავადგამდი ლობიოს, საცივს ვაკეთებდი. ახალ წელს მე გავაკეთე საცივი. რაც მიმაქვს, აკმაყოფილებს. არის ხოლმე შემთხვევა, რომ მირეკავს და მეუბნება, რაღაც მინდა გავაკეთო და ზეთი, ხახვი, კარტოფილი არ გვაქვსო. ამიტომ, ზოგჯერ ორმაგად დატვირთული მივდივარ.
– ოჯახი უძირო ქვევრია. ალბათ, მის გამო ბევრ რამეზე გიწევს უარის თქმა.
– შვილისთვის სიამოვნებით ვხარჯავ. ბევრი რამ მოგვიკლია მეც და ჩემს ცოლსაც, თუნდაც, ჩასაცმელი, გართობა. მთავარი ახლა ის არის, ბავშვს ყველაფერი უნდა ჰქონდეს. შეიძლება, გავგიჟდე, ჩემს შვილს რომ მოშივდეს და საჭმელი არ ჰქონდეს ან გამოსაცვლელი პამპერსი. მოკლებაზე არ არის საქმე, შეიძლება, სულ არაფერი ჩაიცვა. ანალოგიურს ვიღებ ოჯახისგანაც. დაუნახავ ადამიანებს ვერ ვიტან. ჩემი ცოლი ყოველთვის ხედავს იმას, როგორ ვცდილობ და ანალოგიურ სიურპრიზებს მიკეთებს. ყოფილა შემთხვევა, გამოურთმევია ფული და ჩემთვის საჩუქარი უყიდია. რომ ვეტყვი, რა არის ახლა ეს, რად გინდოდა-მეთქი, მეუბნება, მუშაობას რომ დავიწყებ, მერე ცალკე, ჩემი ფულით გაგიკეთებ საჩუქრებსო.
– ფული წყალივით არის. ხელში არასდროს ჩერდება. როგორ იქცევი, როცა არ გაქვს, არადა, იცი, რომ ოჯახში ერთადერთი შემტანი ხარ?
– მარტო მე არ ვნერვიულობ, ჩემი ცოლიც ნერვიულობს. ამ დროს ყველაზე მეტად არ შეიძლება, ადამიანს წიხლი დააჭირო, იმიტომ რომ, შესაძლოა, ამან ოჯახს ზიანი მიაყენოს. ბევრჯერ არ გვქონია კაპიკი ფული, მაგრამ ამას ჩვენთვის ვინახავთ. თვრამეტი წელი, იმ უბანში ვცხოვრობ და კარგად მცნობენ. ავმდგარვარ, მივსულვარ სუპერმარკეტში და რაღაცეები წამომიღია. არ მიყვარს ნისიები, იშვიათად ვიღებ. უხერხულად ვგრძნობ თავს. მეგობრებისთვის, ახლობლებისთვის მითქვამს, მაგრამ ღმერთი არასდროს მწირავს. ზოგჯერ ყოფილა, დილას გამიღვიძია და კაპიკი არ მქონია, დღისით კი უცებ გაჩენილა სამასი-ოთხასი ლარი.
– კარგი ახლა, ჩელე, ვის „აბოლებ“. ეგ მედროგე პავლეს ქვაბში კურდღელი რომ ჩახტა, ისეთი ამბავია. დილითაც ველოდებით, დღისითაც და ღამითაც, მაგრამ სად არის სამასი და ოთხასი ლარი!..
– ზოგჯერ-მეთქი, ხომ გითხარი, ვაა!.. სხვა თუ აკეთებს, შენც გააკეთებ. იმის არ იყოს – კაცი წყალში ჩავარდა და გაიძახოდა, ღმერთი დამეხმარებაო. მივიდა მაშველი, მივიდა ვიღაც... ცოტა შენც გაანძრიე ხელ-ფეხიო, – უთხრეს. მასე თუ დაჯექი და იძახე, ვაი, ფული არ მაქვს, ფული არ მაქვსო, არც არასდროს გექნება. ნერვიულობას ჯობია, მიდგე-მოდგე.
– შენ თუ ხარ „ჩალიჩა“?
– არ ვარ ჩალიჩა. ჩემი ცოლი სულ იმას მეუბნება, „უფხო“ ხარო. ბევრი რამე შემიძლია, გამოვიყენო, მაგრამ არ ვიყენებ. ქვეყანაში რთული მდგომარეობაა, ხალხი მართლა მშიერია. ბევრი ოჯახი ვიცი, რომელსაც თვეში ასი და ორასი ლარი აქვთ შემოსავალი. ასეთ უკიდურესობაზე არ ვფიქრობ. ყველაფერი თუ დაიკარგა და გაწყდა, მაშინ, არ ვიცი, რა შეიძლება გავაკეთო. ახლა სხვა რამეზე ვფიქრობ.
– რაზე?
– კომპიუტერის გადატანა მინდა სადმე სხვაგან. ჩემი ცოლი მეუბნება, ამდენი რამე დევს ოთახებში, სად დავდგაო. ამაზე მაგრად ვხალისობთ. რაღაც არ მოგვეწონება, გადავდგამთ, გადმოვდგამთ. მაინც შევიტან ჩემს ოთახში კომპიუტერს, რომ იცოდე... იცი, ახლა სად მიდგას? სამზარეულოში, სამზარეულოს მაგიდაზე. არ ვეჭიდავები რამეზე. ისედაც ასაკით პატარაა. არ შეიძლება, 18 წლის ბავშვს რამეზე გავუბრაზდე. ხელი უნდა შევუწყო, მეც ხომ ვიყავი მისი წლოვანების. ხანდახან მეუბნება, „ნირიახა“ ხარო. რატომ, იცი? ჩავიცვამ სუფთა მაისურს და ზედ ყველაფერს ვისხამ ჭამის დროს. სადმე რომ მივდივართ, მეუბნება, არაფერი ჭამოო. ჰამბურგერი რომ მეჭიროს თხუთმეტი ცელოფნით შემოხვეული, მაინც ვისვრები. არც მე მსიამოვნებს, როცა კეტჩუპით და მდოგვით მაქვს მოწუწული მაისური, მაგრამ მე მაინც ჩემი ცოლის „ნირიახა“ ქმარი ვარ. კიდევ, რაღაცას რომ ავიღებ, თავის ადგილზე არ ვდებ. სულ კუდში უნდა გდიოო, მეუბნება. სახალისოა ეს ყველაფერი, „ასწორებს“.
ეკა პატარაია