რომელი მოდელები გამოირჩევა ავარიის დროს სიკვდილიანობის მაღალი სიხშირით
ცნობილია, რომ ავტომობილის ზოგიერთი მოდელი განსაკუთრებით გამოირჩევა ავარიის შემთხვევაში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით. მაგრამ, არის ისეთებიც, რომლებიც სპეციალურად შექმნილია იმისთვის, რომ ძალიან მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევის დროსაც კი, დაიცვას ადამიანების სიცოცხლე. ამ თემაზე გვესაუბრა ჩვენი რუბრიკის მუდმივი სტუმარი გიგა ლორთქიფანიძე.
– ამ ბოლო დროს ძალიან მომრავლდა საბედისწერო ავტოსაგზაო შემთხვევები და საშინელებაა, რომ საკუთარ ან სხვა მძღოლის შეცდომას უამრავი სიცოცხლე ეწირება. ამის პირველი გამომწვევი მიზეზი ისაა, რომ საკმაოდ მომრავლდა აგრესიული ტიპის სწრაფი მანქანები და საჭესთან მყოფებიც ძალიან ცოტას თუ ფიქრობენ უსაფრთხოებაზე. საგზაო შემთხვევების ძირითადი პროცენტული მაჩვენებელი „ბეემვეს“ მოდელებზე მოდიოდა. ახალგაზრდა მძღოლების 90 პროცენტს სწორედ ამ მარკის ავტომობილები ჰყავდა. გარდა იმისა, რომ ის ძალიან სწრაფია, რთულად დასამორჩილებელიცაა, მით უფრო, მაღალ სისწრაფეზე. დროთა განმავლობაში „ბეემვეს“ სხვა მოდელებიც წამოეწივნენ, რომლებმაც კიდევ უფრო გაზარდეს ტრაგიკული შემთხვევების რიცხვი.
– მაგალითად?
– პირველი, რომელიც სიკვდილიანობის სიხშირით „ბეემვეს“ არ ჩამორჩება, „სუბარუა“. ის ძალიან მომრავლდა ჩვენს ქვეყანაში. ესაა ძალიან აგრესიული და სწრაფი მანქანა, რომლის შეძენაც საკმაოდ იაფად არის შესაძლებელი. სტანდარტულ „სუბარუებში“ ტურბირებული ძრავები დევს, რომელთა სიმძლავრე 200 ცხენის ძალას აღემატება. ამასთან ერთად, რთული სამართავია. ის, „ბეემვეს“ მსგავსად, უკანა წამყვანი თვლებით არის აღჭურვილი, ანუ, იმ შემთხვევაში, თუ სწრაფი სვლისას სიჩქარეს არასწორად შევცვლით, არასწორად დავამუხრუჭებთ, ან თუ გზის საფარი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მაღალი სიჩქარის დროს შენელება გვჭირდება, ის ძალიან იოლად წყდება ადგილიდან, ანუ, მისი მოცურების ალბათობა, ისევე, როგორც „ბეემვეს“ შემთხვევაში, ძალიან დიდია. მით უმეტეს, თუ „სუბარუს“ ბლოკირებული ხიდი აქვს, ანუ ორივე საბურავი ერთად ბუქსაობს და ერთდროულად ჩერდება. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ხელის მუხრუჭის ეფექტს ვიღებთ. რაც შეეხება ოთხივე წამყვანი თვლებით აღჭურვილ ავტომობილებს, მათი დახვეწილი და მაღალტექნოლოგიურად შექმნილი ელექტროსისტემები ძალიან ბევრ ჩვენს შეცდომას საკუთარ თავზე იღებს და გვიცავს მოცურებისგან. „სუბარუ“ კი სწორედ იმიტომ ღირს ასეთი იაფი, რომ მსგავსი ელექტროსისტემებით აღჭურვილი არ არის, მისი სწორი მართვა მხოლოდ და მხოლოდ მძღოლის ოსტატობაზეა მინდობილი.
– „სუბარუ“ სპორტისთვის შეიქმნა?
– დიახ, ის თავიდანვე სპორტული დანიშნულებით შექმნეს, ანუ გათვლილი იყო იმაზე, რომ მას მხოლოდ მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი მძღოლები მართავდნენ, რადგან, ეს ავტომობილი არაჩვეულებრივად გადის ერთ თხელ მოსახვევს, მაგრამ თუ რამდენიმე მძაფრი მოსახვევი ერთმანეთს ებმება, მაშინ მის მართვას მაღალი კლასის პილოტაჟი სჭირდება. ის მოსახვევში შესვლას იწყებს როგორც წინა წამყვანი თვლებით აღჭურვილი მანქანა, მოსახვევის ნახევარი მონაკვეთის გავლის შემდეგ კი იცვლის სტილს და იქცევა, როგორც უკანა წამყვანი.
– როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს მძღოლი?
– უნდა ვაიძულოთ ავტომობილი, რომ ეგრეთ წოდებულ „ზანოსში“ ჩაჯდეს, რათა რამდენიმე მოსახვევი გადაბმულად გაიაროს. თუ ამას არ ვიზამთ, მაშინ თვითონვე გააკეთებს ამას, მაგრამ მაშინ, როდესაც არ ველოდებით, ანუ მოსახვევისთვის საკმაოდ ცუდ დროს და, ჯამში მივიღებთ სიტუაციას, როდესაც მძღოლი ვეღარ აკონტროლებს ავტომობილს და მანქანა თავად იქცევა ისე, როგორც სურს. მწარმოებლების მიერ ჩადებული სწორედ ეს ხასიათი გამოიყენება სპორტში არაჩვეულებრივად იმ პილოტების მიერ, რომლებმაც კარგად იციან მანქანის მართვა მისი დაუმორჩილებლობის დროსაც კი, ანუ დავიმახსოვროთ, რომ „სუბარუს“ ელექტრონული მაკონტროლებლები არ აქვს და ყველაფერი მექანიკურად მუშაობს.
რაც შეეხება სასიცოცხლო სივრცეს?
– სასიცოცხლო სივრცე, ანუ ადგილი სალონში, „ბეემვესგან“ განსხვავებით, „სუბარუს“ გაცილებით უკეთესი აქვს. „ბეემვეს“ შემთხვევაში სწორედ ეს არის სიკვდილიანობის უმთავრესი მიზეზი. მაგრამ, რადგან „სუბარუ“ სპორტისთვის შეიქმნა, ეს მომენტი გათვალისწინებულია. ის პრობლემა, რომ ის დაბალბრუნიანია, ანუ დაბალი სიჩქარიდანვე ქაჩავს ცხენის ძალებს, ხმაზეც ეტყობა – გუგუნს იწყებს ხოლმე. „ჰონდას“ შემთხვევაში, თუ ძალიან მაღალ სიჩქარეზე ავედით, მანქანა კივილს იწყებს, „სუბარუ“ კი ორთქლმავალივით მიდის და ხმა არ ემატება, ანუ სალონში საერთოდ ვერ ვგრძნობთ სიჩქარეს. თუ, ვთქვათ, 200-ით მივდივართ, ჩვენი აღქმა ამ დროს ისეთია, თითქოს 100-ით ვმოძრაობთ. თუ ამ დროს რთული მოსახვევი შეგვხვდა, სწორედ აქ იწყება პრობლემები. კიდევ ერთი მიზეზი, რაც ავარიების რიცხვის ზრდას იწვევს, ისაა, რომ, ზოგადად, ცხოვრების რიტმი აჩქარდა, ყველას სადღაც ეჩქარება, სადღაც გარბის, მობილურზე საუბრობს და წამებს ითვლის. ეჩქარებათ ასევე სამარშრუტო ტაქსის მგზავრებსაც და მისი მძღოლიც ჩქარობს, რასაც ძალიან ხშირ შემთხვევაში სავალალო შედეგებამდე მივყავართ. სამარშრუტო ტაქსის მძღოლები მიეჩვივნენ დაუსჯელობას და გათამამდნენ, თან, სწრაფი მოდელებით დადიან. მგზავრებით დატვირთული მანქანა ძალიან რთული სამართავია. სავსე და ცარიელი მანქანის მართვა ორი სხვადასხვა მანქანის მართვას ნიშნავს. თუ კონკრეტულ მოსახვევში ცარიელი მანქანით ის 120 კილომეტრი სიჩქარით გაივლიდა, მგზავრებით დატვირთულ მდგომარეობაში 60-ითაც ვერ გაივლის, რადგან ამ დროს გვერდული ინერცია ძალიან დიდია.