კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უქმნის ქალებს ნუგზარ კვაშალი მაქსიმალურ კომფორტს


ნუგზარ კვაშალი: მეც, როგორც ყველა, ისე ვუმკლავდები საყოფაცხოვრებო პრობლემებს – შეძლებისდაგვარად. ვარ ძალიან მოწესრიგებული გადამხდელი – არასდროს დამიგვიანია გაზის, წყლისა და სინათლის გადასახადი. ამიტომ, არანაირი საჯარიმო სანქცია ჩემზე არ განხორციელებულა. როცა სახლში რამე ფუჭდება, საკუთარ თავზე ვიღებ პრობლემის მოგვარებას. მე მაქვს პრინციპი – არ შევიძინო უხარისხო და იაფფასიანი ნივთი. მით უმეტეს, როცა საქმე საყოფაცხოვრებო ტექნიკას ეხება. ანუ, არ ვარ ისეთი მდიდარი, რომ იაფი გადავიხადო. გაცილებით ჯობია, იყიდო ძვირად ღირებული ნივთი, მაგრამ იყიდო ერთხელ და დიდხანს მოგემსახუროს. ახალგაზრდობაში რუსული წარმოების ტელევიზორი ვიყიდე, რომელიც ძალიან მალე გაფუჭდა და ისევ საყიდელი გამიხდა. მეორედაც დაბალფასიანი ვიყიდე, მესამედაც და, ასე, ცხრა ტელევიზორი მაინც გამოვიცვალე, სანამ საბოლოოდ მაინც იაპონური არ შევიძინე. გამოვიდა, რომ იმ ცხრა ტელევიზორში ფული ტყუილად გადავყარე. იმ იაპონურმა ტელევიზორმა კი ოცდარვა წელი იმუშავა, აბა?! ეს კიდევ არ არის სარეკორდო ვადა. სახლში გვაქვს იაპონური მაცივარი „ფილიპსი“ რომელიც ჯერ კიდევ ჩემმა სიმამრმა შეიძინა ძალიან დიდი ხნის წინ, დღესაც ჩართულია, აცივებს, ყინავს და, ერთი სიტყვით, წარმატებით ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. ამიტომაც, ონკანები და ასეთი რაღაცეები ჩვენს სახლში იშვიათად ფუჭდება. რადგან არ „ვჟოჟკობ“, ბევრს ვიხდი, შესაბამისად, დიდხანს მემსახურებიან და, საბოლოოდ, მაინც მოგებული გამოვდივარ.

– ანუ, მიგაჩნიათ, რომ ფასი ყოველთვის შეესაბამება ხარისხს?

– მთლად ასეც არ არის საქმე. რესტორანში რომ შევდიოდი, მენიუს ვიღებდი და კერძს ფასის მიხედვით ვირჩევდი – რაც უფრო ძვირია, უფრო გემრიელი იქნება-მეთქი. პრინციპში, ეს არ არის სწორი, ზოგ შემთხვევაში ამართლებს, ზოგ შემთხვევაში – არა. შეიძლება, საშუალო ფასი გადაიხადო, მაგრამ კარგი პროდუქცია შეიძინო. თერთმეტი წელია, ვირივით მუშაობს და გვიძლებს სარეცხის მანქანა. ოჯახში ძირითადად კაცები ვართ და, როგორი დატვირთვით იმუშავებს, ხომ წარმოსადგენია! ახლა შვილიშვილიც შემეძინა, მაგრამ იმას თავისი სარეცხი მანქანა მოჰყვა (იცინის).

– თქვენ ხშირად დადიოდით გასტროლებზე და ამიტომ „საგარეო მამა“ იყავით. მაშინ ვინ უძღვებოდა ოჯახს?

– მაინც მე ვახერხებდი, თან დამყავდა ოჯახი გასტროლებზე. თუ უცხოეთში ვიყავი წასული, მაშინ ჩემი მეუღლე და ბებია-ბაბუა მენაცვლებოდნენ. ახლა სრული დატვირთვით მე ვმუშაობ. შვილიშვილი ისეთი რაღაც ყოფილა, ორმაგად გამააქტიურა. მთელი ქვეყნის ბაბუა ვიყავი, მაგრამ ასეთი გრძნობა არ არსებობს, ფასეულობები შემიცვალა. მთელი ოჯახი მასზე გადავეწყვეთ. ყველაფრის გადასახადიც მოგვემატა, მაგრამ, მტკიცედ გადავწყვიტე, რომ ჩემს შვილიშვილს არაფერს მოვაკლებ.

– თქვენ პამპერსების ხარისხებშიც კარგად იქნებით გარკვეული.

– რას ამბობ, რას ამბობ, არაჩვეულებრივად! მარტო პამპერსებში კი არა, ბავშვთა კვებაც შევისწავლე. თვეში რვაასლარიანი შვილიშვილი მყავს.

– ხელმარჯვე ხართ?

– ვარ და მიყვარს კიდეც ჩხირკედელაობა. მამაჩემს სახლში ყველანაირი ხელსაწყო-ინსტრუმენტი ჰქონდა. ახლა კიდევ, ისეთი კარგი ინსტრუმენტები შემოვიდა, სულ რომ არაფერი შეგეძლოს, თვითონ გაგაკეთებინებს. რაც სახლში ავეჯი გვაქვს, სულ ჩემი აწყობილია. ისე არ ვარ, რომ რაღაც ავაწყო და ნაწილები დამრჩეს. ხელს რასაც ვკიდებ, ის საქმე ბოლომდე მიმყავს. ონკანს ვერ ვაკეთებ და არც ვცდილობ, რაც არ ვიცი, ჯობია, არც გავეკარო.

– მიგაჩნიათ თუ არა, რომ ეს ყველაფერი ოჯახში კაცმა უნდა აკეთოს?

– რა თქმა უნდა! ქალს რა უნდა ჩაქუჩთან? ქალს სამზარეულოშიც ბევრი საქმე აქვს, თუმცა, ზოგიერთი კაცი სამზარეულოში უფრო მაგარია, ვიდრე ხერხთან და ჩაქუჩთან, მაგრამ ჩემს ოჯახში ასე არ არის. მე მაქსიმალური კომფორტი შევუქმენი ჩემს ქალებს სამზარეულოში. ყველაფერი საუკეთესო უნდა ჰქონდეთ. ტექნიკაც, ავეჯიც, ონკანიც და გაყვანილობაც, რომ ხალისით მოამზადონ გემრიელი საკვები.

– ქალებისთვის კომფორტის შექმნის მომხრე ყოფილხართ!

– აუცილებლად. ქალს გაცილებით მეტი კომფორტი სჭირდება, ვიდრე მამაკაცს, ათჯერ მეტი და, შენ ეს კომფორტი უნდა შეუქმნა. მაშინ მათგან დიდ პატივისცემაში იქნები.

– საყიდლებზე გაიშვებით? პროდუქტს ვგულისხმობ.

– გავიშვები კი არა, მარტო მე დავდივარ. ძალიან მიყვარს ოჯახისთვის ყველაფრის შეძენა, მით უმეტეს, ახლა როცა პატარა ქალბატონი დამემატა. აუ, ვგიჟდები, პატარასთვის სულ რაღაცას ვყიდულობ. ამიტომაც მჭირდება მეტი ფული და არანაირ შემოთავაზებაზე უარს არ ვამბობ (იცინის). კონცერტი კასპში იქნება, თუ ხაშურში მნიშვნელობა არ აქვს. თუ უნდათ, „თოვლის ბებიაც“ ვიქნები, სანამ შემიძლია, ყველაფერი უნდა გავაკეთო.

– სამაგიეროდ შვილიშვილს ყველაზე მეტად თქვენ ეყვარებით.

– ვაიმე, მაგას ვენაცვალე! გამაფუჭა, ძალიან გამაფუჭა! სახლიდან გასვლა აღარ მინდა. თუ გავდივარ, ერთი სული მაქვს, მივიდე და ხელში ავიყვანო. აღარ მაძლევენ უკვე ბავშვს – გააფუჭე, სულ ხელში უნდაო. მე კი არა, იმან გამაფუჭა (იცინის). ძალიან სხვანაირი ბავშვები არიან, 2 თვის არის და ისეთი გამოხედვა აქვს, გელაპარაკება. პატარა ადამიანზე დიდი სასწაული ბუნებაში არ არსებობს. მეც ყოველდღე ამ სასწაულის გავლენის ქვეშ ვარ და ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს.

უმღერით, ხოლმე?

– ვუმღერი, გიტარაზე ვუკრავ მისთვის და მოსწონს, მაგრამ, თუ შია, აღარც ჩემი გიტარა შველის და აღარც სიმღერა. ანგრევს ყველაფერს – გიჟი გურულია.


скачать dle 11.3