შარაპოვა კაცებშიც პირველია
როგორც წესი, წლის ბოლოს ყველა ქვეყანაში სპორტსმენების შემოსავლებს აჯამებენ და საუკეთესოებს ავლენენ. ეს საქართველოში არ ხდება, რადგან აქ ფინანსურ მხარეს ყოველთვის ტაბუ ადევს და გამონაკლისი არც ეს წელია. არაოფიციალურად, ქართველ სპორტსმენთაგან ყველაზე მეტი შემოსავალი, სუფთა ხელფასის სახით, აქვს ზაზა ფაჩულიას, რომელიც წლიურად 4 მილიონ დოლარზე მეტს იღებს, თუმცა, ამბობენ, რეკლამებიც რომ დავაჯამოთ, პირველ ადგილზე კახა კალაძე იქნებაო.
სამაგიეროდ, რუსები არაფერს მალავენ და როგორც სარეკლამო, ისე სახელფასო მონაცემებს ყოველწლიურად აჯამებენ. შარშან პირველ ადგილზე 25,5 მილიონით მარია შარაპოვა იყო და ყველას ეგონა, რომ წელს მაშა პირველ ადგილს დათმობდა, რადგან ტრავმის გამო კორტზე გასვლა იშვიათად უწევდა და ჩოგნის ქნევით მხოლოდ 900 ათასი დოლარი იშოვა. მაშინ, როცა ეს თანხა 2008 წელს თითქმის 5 მილიონი იყო, მაგრამ, ნურას უკაცრავად, მაშამ ახალი სარეკლამო კონტრაქტები მოიძია და ისევ პირველია. ერთი წლის განმავლობაში მიღებული თანხებით რუსი სპორტსმენების საუკეთესო ათეულს ქვემოთ გთავაზობთ და, თავიდანვე გეტყვით, რომ თანხა დოლარებშია მითითებული.
1. მარია შარაპოვა (22 წლის, ჩოგბურთი, 24 მილიონი) – უკვე მოგახსენეთ, რომ მაშამ კორტზე მხოლოდ 900 ათასი დოლარი იშოვა, დანარჩენი კი, სარეკლამო კონტრაქტებით მიიღო. უფრო კონკრეტულად, მაშამ 5 მილიონი „მოტოროლასგან“ ჩაიჯიბა, 3 მილიონი და ახალთახალი „ჯიპი“ „ლენდ როვერისგან“ ერგო, „ქენონმა“ 6 მილიონი გადაურიცხა, „ნაიკმა“ – 7,2 მილიონი კი – „ლედი სპიდ სტიკიდან“ ერგო.
2. ანდრეი კირილენკო (28 წლის, კალათბურთი, 15,3 მილიონი) – „იუტა ჯაზის“ კალათბურთელს თავად რუსებიც ჩამავალ ვარსკვლავად მოიხსენიებენ, მაგრამ ანდრიუშას წლიურ ხელფასად 10 მილიონი დოლარი კიდევ ორი წლის განმავლობაში ექნება, თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ადრე უფრო მეტი ჰქონდა. ასევე ორი წლის განმავლობაში ხუთ მილიონს სარეკლამო კონტრაქტებით „კოკა კოლასგან“ და „ნაიკისგან“ მიიღებს. მთლიანობაში კირილენკო ამერიკულ კალათბურთში მეშვიდე სეზონს ატარებს და წინა ექვსში, საერთო ჯამში, მხოლოდ ხელფასის სახით 86 მილიონი დოლარი მიიღო.
3. ალექსანდრ ოვეჩკინი (24 წლის, ჰოკეი, 12 მილიონი) – ოვეჩკინი ის ადამიანია, რომელსაც შეუძლია, დიდხანს იყოს მშვიდად. 2008 წლის 10 დეკემბერს მან „ვაშინგტონთან “ 13-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ამ ხნის განმავლობაში ხელფასის სახით 124 მილიონ დოლარს მიიღებს. ამას პრემიებიც დაემატება, გატანილი შაიბების ბონუსებიც, შედეგიანი გადაცემებისთვის დაწესებული თანხებიც და... მოკლედ, ოვეჩკინის ბედს ძაღლი არ დაჰყეფს.
4. ანდრეი არშავინი (28 წლის, ფეხბურთი, 11,25 მილიონი) – შარშან რუსეთის ნაკრების ფორვარდი 25-ე ადგილზე იყო, მაგრამ, მას შემდეგ, რაც ლონდონის „არსენალის“ მაისური მოირგო, ხელფასიც გაეზარდა და მეოთხე ადგილზე დამკვიდრდა. ამ თანხიდან სუფთა ხელფასი 7,5 მილიონი დოლარია, დანარჩენი კი რეკლამებზე მოდის, თუმცა სარეკლამოები ბევრს არ იხდიან, უბრალოდ, მათი რაოდენობაა ბევრი. მაგალითად, „ნაიკი“ 450 ათასს უხდის, ინტერნეტ-პოკერკლუბი – 750 ათასს. მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებს შორის არშავინი 37-ე ადგილზეა.
5. ევგენი მალკინი (22 წლის, ჰოკეი, 8,7 მილიონი) – შარშან მალკინის წლიური ხელფასი სულ რაღაც 3 მილიონი იყო, მაგრამ გასული სეზონი ისე ჩატარდა, რომ ახალი, ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს და წლიურად 8,7 მილიონი დაუნიშნეს, ანუ მისი შემოსავალი მთლიანად ხელფასზე მოდის. სავარაუდოდ, გაისად სარეკლამო კონტრაქტებიც დაემატება.
6. ილია კოვალჩუკი (26 წლის, ჰოკეი, 7,5 მილიონი) – კოვალჩუკი რუსული ჰოკეის ისტორიაში უკვე შევიდა ოქროს ასოებით, რადგან 2008 წელს სწორედ მის მიერ გატანილი შაიბით მოიგეს რუსებმა მსოფლიოს პირველობა. სხვათა შორის, კოვალჩუკი ძალიან კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა. არაერთი შეთავაზების მიუხედავად, იგი სარეკლამო საქმიანობაზე უარს აცხადებს და ეს თანხაც მხოლოდ სუფთა ხელფასია.
7. იური ჟირკოვი (25 წლის, ფეხბურთი, 7,5 მილიონი) – არშავინის დარად, ჟირკოვი გასულ სეზონში ოცეულშიც კი ვერ ხვდებოდა, მაგრამ კონტრაქტი ლონდონის „ჩელსისთან“ გააფორმა და რომან აბრამოვიჩის ჯიბეს ჩამოეკიდა. როცა გაირკვა, რომ იურა ლონდონში მიდიოდა, რამდენიმე რუსულმა კომპანიამ სარეკლამო კონტრაქტი შესთავაზა, მაგრამ მან უარი თქვა და ამით თამასა ასწია, თუმცა დამატებითი შემოსავლები ალბათ მომავალი წლიდან იქნება.
8. ïïპაველ დაციუკი (31 წლის, ჰოკეი, 6,7 მილიონი) – ასაკის მიუხედავად, 2007 წელს დაციუკმა „დეტროიტთან“ შვიდწლიანი კონტრაქტი გააფორმა და საერთო ჯამში 46,9 მილიონ დოლარს მიიღებს. ასეთი პატივი კი მას წილად იმიტომ ხვდა, რომ გუნდს ამერიკის რეგულარული ჩემპიონატი ორჯერ მოაგებინა.
9. სერგეი გონჩარი (35 წლის, ჰოკეი, 6 მილიონი) – სერიოგას კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება და „პიტსბურგს“ ახალ ხელშეკრულებას სთხოვს, თუმცა კლუბის ხელმძღვანელები ჯერჯერობით თავს იკავებენ და გონჩარის მომავალიც იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ ჩაამთავრებს იგი წლევანდელ სეზონს. მანამდე კი არც წლიურად 6 მილიონი უნდა იყოს ურიგო.
10. ანდრეი მარკოვი (30 წლის, ჰოკეი, 5,8 მილიონი) – მარკოვს გასულ სეზონში სერიოზული პრობლემა შეექმნა – იგი საკუთარი გუნდის მეკარეს შეეჯახა ვარჯიშზე და ციგურით ფეხის კუნთი ისე გაეჭრა, სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. ამბობენ, ანდრეი ძველებურად ვეღარასოდეს ითამაშებს და ამიტომაც არის ახალი კონტრაქტი ძველზე უარესი, თორემ ადრე 7 მილიონს იღებდაო.