კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: რამდენიმე თვის წინ სხეულზე გამიჩნდა თეთრი ლაქები. ექიმებმა ვიტილიგოს დიაგნოზი დამისვეს. არსებობს თუ არა თანამედროვე მედიცინაში ამ დაავადებისგან განკურნების საშუალება?
პასუხი: ვიტილიგოს შესახებ მოკლე ინფორმაცია ჩვენ უკვე არაერთხელ მოგაწოდეთ, მაგრამ შევეცდებით, უფრო სრულად გიპასუხოთ: ეს არის ძალიან იშვიათი დაავადება. განსაკუთრებული ფერმენტის – ტიროზინაზის წყალობით, ორგანიზმი წყვეტს ფერმენტ მელანინის გამომუშავებას, რის შედეგადაც კანზე თეთრი ლაქები ჩნდება. რატომ ხდება ეს – უცნობია. შესაძლოა, ამის მიზეზი იყოს გენეტიკური დარღვევები ან ბავშვობაში გადატანილი ფსიქიკური ტრავმა. საერთოდ, აღიარებულია, რომ სტრესი უძლიერესი ფაქტორია ვიტილიგოს წარმოსაქმნელად. ეს დაავადება ხშირად ვითარდება ღვიძლის დაავადების ფონზე. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, თანამედროვე მედიცინის მეთოდები ვიტილიგოს მკურნალობის თვალსაზრისით, შედგება ვიტამინოთერაპიის, ულტრაიისფერი და ლაზერის სხივებით მკურნალობისგან, რაც სასურველ საბოლოო შედეგს არ იძლევა.
კითხვა: ხშირად, როცა ძალიან ვიღლები ან ძილი მაკლდება, თვალების ქვეშ კანი ჩამომისივდება ხოლმე. ანალიზები გავიკეთე, მაგრამ სერიოზული არაფერი მჭირს. გთხოვთ, მასწავლოთ რაიმე ხალხური რეცეპტი ამ პრობლემის მოსახსნელად.
პასუხი: ამ პრობლემების მოსახსნელად ყველაზე კარგ შედეგს კომპრესი იძლევა. გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს:
1) ჩაის კომპრესი: ერთჯერადი მწვანე ჩაის 2 ცალი პაკეტი 1-2 წუთით ჩადეთ ნახევარ ჩაის ჭიქა მდუღარე წყალში, შემდეგ კი 5-10 წუთით შედეთ საყინულეში. წამოწექით, დაიდეთ დახუჭულ თვალებზე და 10 წუთის განმავლობაში არ გაინძრეთ.
2) კამის კომპრესი: ორმაგი მარლისგან დაამზადეთ ორი ცალი პატარა პაკეტი, ჩაყარეთ შიგ კამის თესლი, მოუკარით თავი და 1 წუთით ჩაყავით მდუღარე წყალში, მერე გააცივეთ, წამოწექით და დაიდეთ დახუჭულ თვალებზე. გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში.
3) რძის კომპრესი: ანადუღარი რძე გააგრილეთ, დაასველეთ მასში ბამბის ორი ტამპონი, ოდნავ გაწურეთ, წამოწექით და დაიდეთ დახუჭულ თვალებზე. გაიჩერეთ 10 წუთი. პროცედურა გაიმეორეთ სამჯერ. შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით და შემშრალებისთანავე წაისვით მკვებავი კრემი.
კითხვა: გთხოვთ, მასწავლოთ მცენარეული გამწმენდი და მატონიზებელი ექსტრაქტი ნორმალური კანისთვის.
პასუხი: მომინანქრებულ ჯამში მოათავსეთ 30 გრამი ლავანდის ყვავილი, 15 გრამი ლავანდის ფოთლები, 15 გრამი მინდვრის შვიტა, 15 გრამი ცაცხვის ყვავილი, დაასხით 250 მილილიტრი წყალი და თავდახურული ადუღეთ 7-10 წუთის განმავლობაში. შეაგრილეთ იმ ტემპერატურამდე, რომ მის მხურვალებას სახის კანმა გაუძლოს. მიღებული მასის ნაწილი დაიდეთ მთელ სხეულზე, წამოწექით, ზემოდან დაიფინეთ ამავე ნახარშში დასველებული თხელი ნაჭერი და გაიჩერეთ, სანამ გაგრილდება.
განმეორებით გაკეთების წინ, დარჩენილი მასა შეგიძლიათ, გააცხელოთ.
კითხვა: სადღაც წავიკითხე, რომ ცნობილი ქალბატონი, მარკიზა დე პომპადური სახეზე ფერის მოსაყვანად რაღაც განსაკუთრებულ ნიღაბს იკეთებდა. ხომ არ არის ცნობილი ამ ნიღბის რეცეპტი?
პასუხი: მადამ პომპადური მართლაც ამაყობდა თავისი სახის ფერით. სინამდვილეში კი მას ძალიან ფერმკრთალი სახის კანი ჰქონდა და მუდმივად იყენებდა რუჟის მაგვარ კოსმეტიკურ საშუალებას. იკეთებდა რაღაც საიდუმლო ნიღაბს. როგორც გაირკვა, მისი ფეროვნების მთავარი მიზეზი ყოფილა არა რუჟი, არამედ მარტივი ნიღაბი, რასაც ის ყოველ საღამოს იკეთებდა – ეს იყო შაქართან ერთად ათქვეფილი კვერცხის გული, რომლის წყალობითაც მისი სახე თოთო ბავშვის კანივით ბრწყინავდა. სხვათა შორის, შეგიძლიათ, სცადოთ, ნამდვილად არ გავნებთ, ოღონდ, შესაძლოა, სასურველმა შედეგმა პირველივე წასმის შემდეგ არ იჩინოს თავი.
კითხვა: რამდენიმე ხანია, შევნიშნე, რომ იდაყვებზე კანი გამომიშრა, იქერცლება და მოყვითალო-მოყავისფრო ლაქებიც გამიჩნდა. ექიმმა მითხრა, რომ პრაქტიკულად ჯანმრთელი ვარ. მაშ, რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს?
პასუხი: იდაყვებზე კანის გამოშრობა, აქერცვლა და ლაქების გაჩენა, შესაძლოა, გამოწვეული იყოს ორგანიზმში A ვიტამინის ნაკლებობით. ამიტომ, თქვენი მენიუ აუცილებლად უნდა გაამდიდროთ ისეთი საკვებით, რომელიც ჭარბად შეიცავს A ვიტამინს. ასეთებია: კარაქი, თევზი, ხიზილალა, ხახვი, სტაფილო და სხვა. სიმშრალისა და აქერცვლის საწინააღმდეგოდ კარგია, თუ ყოველ საღამოს, ძილის წინ, იდაყვებს დაიბანთ ცხელი წყლითა და საპნით, შემშრალებისთანავე წაისვამთ ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილ მკვებავ კრემს და შეიხვევთ (რომ ლოგინი არ დაგესვაროთ). ლაქების მოსაშორებლად კი იხმარეთ მაწონი, ლომონის წვენი ან 3-პროცენტიანი წყალბადის ზეჟანგი.