რა უნდა გავითვალისწინოთ იმისთვის, რომ დროულად შევძლოთ მხუთავი აირით მოწამლულის დახმარება
სამწუხაროდ, ყოველ ზამთარს ადგილი აქვს მხუთავი აირით მოწამვლის შემთხვევებს და ამ მოვლენით გამოწვეულ სავალალო შედეგებს. პრობლემა სეზონურია, რადგან აცივებასთან ერთად, თავს იჩენს ისეთ ფაქტორთა ერთობლიობა, რომელიც საფრთხის წარმოქმნის შესაძლებლობას განაპირობებს. პრევენციის მიზნით, გრძელი და ცივი ზამთრის წინ, ურიგო არ იქნება თუ შესაბამის ინფორმაციას მივიღებთ ამ საკითხთან დაკავშირებით.
ლოგიკურია, რომ ყოველ ზამთარს ადგილი აქვს მხუთავი აირით მოწამვლის შემთხვევების მატებას, იმ რიცხვთან შედარებით, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში მთელი წლის განმავლობაშია აღრიცხული. ეს საკმაოდ სერიოზული სეზონური პრობლემაა, და ამ მიზეზით გამოწვეულ სავალალო შედეგებს ხშირად საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით ვიგებთ. ხიფათს ძირითადად განაპირობებს ის ფაქტიც, რომ ამ აირად ნივთიერებას არც სუნი აქვს და არც ფერი. მხუთავი აირი წარმოიქმნება ნახშირბადის არასრული წვის შედეგად, რომელსაც ასე ფართოდ ვხვდებით გაზზე მომუშავე გამათბობლებში. მხუთავი აირის წყარო შეიძლება, გახდეს ბუხარი, სამზარეულოს ქურა, გამათბობელი, შიგაწვის ძრავი და ჩვეულებრივი ღუმელიც კი. მხუთავი აირი იწვის ცისფერი ალის სახით. ზემოთ ჩამოთვლილი დანადგარების დამონტაჟება ძალზე სახიფათოა იმ ოთახებში, სადაც საკვამური ან სავენტილაციო სისტემა სრულად არ არის გამართული. ოთახში უნდა იყოს სავენტილაციო საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ნამწვის გარეთ გასვლას და სუფთა ჰაერის შიგნით შემოსვლას. მოწამვლის რისკი განსაკუთრებით მაღალია, როდესაც დანადგარი გაუმართავია, ან სიცივის გამო არ აღებენ ფანჯრებს და ოთახი არ ნიავდება. მხუთავი აირის დანახვა შეუძლებელია, მას არ აქვს სუნი და აქედან გამომდინარე, არ აღიზიანებს ყნოსვის რეცეპტორებს. ამიტომ, ჩვეულებრივ, ადამიანი ვერ გრძნობს საფრთხეს. სწორედ ეს ფაქტორია ამ აირის სახიფათოობის მაჩვენებელი. შესაბამისად, მოწამვლისაგან თავდასაცავდ, ზომები უნდა მივიღოთ წინასწარ, რადგან უშუალოდ ინტოქსიკაციის პროცესს ადამიანი ვერ შეიგრძნობს. მხუთავი აირი სწრაფად შეიწოვება და სისხლში მოხვედრის შემდეგ, ურთიერთქმედებს და რეაქციაში შედის ჰემოგლობინის რკინასთან. ასე წარმოიქმნება კარბოქსიჰემოგლობინი. ასეთ ჰემოგლობინს დარღვეული აქვს თავისი ფუნქცია და აღარ შეუძლია ჟანგბადის მიტანა ქსოვილებთან. ჟანგბადის უკმარისობა უპირველესად, მოქმედებს თავის ტვინსა და გულზე. ეს იწვევს შესაბამის სიმპტომებსა და დარღვევებს. სწორედ მათზე ზემოქმედებაა განსაკუთრებით საშიში, ხოლო შესაბამისი დახმარების აღმოჩენის გარეშე, განვითარდება შეუქცევადი პროცესები ამ სასიცოცხლო ორგანოებში.
მხუთავი აირით ინტოქსიკაციისას განვითარებული სიმპტომები და პირველადი დახმარება
კარბოქსიჰემოგლობინის წარმოქმნის ინტენსიურობა პირდაპირპროპორციულია მხუთავი აირის კონცენტრაციის, ჰაერთან ერთად მისი მოცულობის შესუნთქვისა და შესუნთქვის ხანგრძლივობის. მოწამვლის პირველი სიმპტომები ჩნდება მაშინ, როდესაც სისხლში ერითროციტების საერთო რაოდენობის 16-20 პროცენტი კარბოქსიჰემოგლობინია. ამ დროს ადგილი აქვს თავის ტკივილსა და ცნობიერების, აზროვნების დარღვევებს. 20-30 პროცენტის შემთხვევაში თავის ტკივილი იძენს პულსირებად ხასიათს, ავადმყოფს აქვს გულისრევის შეგრძნება. 30-40 პროცენტის დროს, გულისრევის შეგრძნებასთან ერთად, აღინიშნება ღებინებაც და ავადმყოფი კარგავს გონებას. 50-60 პროცენტში ადგილი აქვს კომას, კონცენტრაციის შემდგომი ზრდა კი იწვევს შეუქცევად პროცესებს და დგება სიკვდილი. ინტოქსიკაციის საფრთხის დაფიქსირებისას, უპირველესად, დაზარალებული სასწრაფოდ უნდა მოვაშოროთ დაბინძურებული გარემოდან. ეს ართულებს ავადმყოფის მდგომარეობას და საფრთხეს უქმნის თვით დამხმარესაც. თავად დაწესებულება კარგად და საგულდაგულოდ უნდა განიავდეს. ავადმყოფს ტანი უნდა გავუთბოთ სხვადასხვა საშუალებებით, ხოლო თავზე უნდა დავადოთ რამე ცივი. ამ ქმედებით ჩვენ გავაფართოვებთ სხეულის ზედაპირულ სისხლძარღვებს და შევავიწროვებთ თავის ტვინისას, ეს კი უზრუნველყოფს მოწამლული სისხლის მოცულობის გაზრდას სხეულში და მის შემცირებას თავის ტვინის მკვებავ სისხლძარღვებში. ასევე ამ სისხლძარღვების სანათურის შევიწროვების გამო, იზრდება წნევა და შესაბამისად, სისხლის ნაკადის სიჩქარე, ამ დროს კი მცირდება მოწამლული სისხლის შეწოვა. ტვინი არის ის ორგანო, რომელიც ყველაზე ფაქიზი ქსოვილისგან შედგება და ადვილად ზიანდება. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ რეგენერაციული პროცესები აქ არ ვითარდება სხვა ორგანოებისაგან განსხვავებით. პირველადი დახმარება ასევე იგულისხმება ავადმყოფის მაქსიმალურ სიმშვიდეში. მისი ტრანსპორტირება უნდა მოხდეს საკაცით, რათა თავიდან ავიცილოთ ზედმეტი არასასურველი ფაქტორები. სიმშვიდის დროს ორგანიზმი მოითხოვს ნაკლებ ჟანგბადს, და შესაბამისად, ამ შემთხვევაში იღებს მას. თუ დაზარალებული უგონოდაა, გამოიყენება სუნთქვის რეფლექსური სტიმულაცია. ამ დროს პერიოდულად უნდა დავაყნოსინოთ ნიშადურის სპირტით დასველებულ დოლბანდზე. თუ დაზარალებულს გონება აქვს დაკარგული, მისი თავი, კისერი და ტანი უნდა მდებარეობდეს ერთ, ჰორიზონტალურ ხაზზე, გულდაღმა. ასე უნდა გავაჩეროთ ცნობიერების აღდგენამდე. ამ პოზაში თავის მდებარეობა ენას არ აძლევს სასუნთქი გზების დახშობის საშუალებას, რომ დაზარალებული არ გაიგუდოს. ასევე, ამ დროს, ამოღებინებულ მასებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დატოვების საშუალება ეძლევა და თავიდან ვიცილებთ ამონაღები მასებით ასპირაციის შესაძლებლობას. სასწრაფოდ უნდა შევუდგეთ ჟანგბადით თერაპიას, რომელიც ფაქტობრივად, ანტიდოტოთერაპიაა მოწამვლის ამ სახეობის შემთხვევაში. ჟანგბადის გატარება უნდა მოხდეს მანამ, სანამ კარბოქსიჰემოგლობინის კონცენტრაცია სისხლში არ შემცირდება 10 პროცენტამდე. ამ უკანასკნელ ღონისძიებას მიმართავენ მხოლოდ საავადმყოფოს პირობებში, რადგან თავად სუფთა ჟანგბადიც, არათერაპიული დოზებით, მომწამლავი ნივთიერებაა. ამიტომ, პროფესიონალის ჩარევაა აუცილებელი. პრობლემისგან თავდაცვის მიზნით, უპირველესად, უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ყურადღებით. უნდა მოვერიდოთ კუსტარულად დამონტაჟებულ გამათბობლებს, მით უმეტეს, საძინებელ ოთახში. საჭიროა, სახლი ან დაწესებულება პერიოდულად საგულდაგულოდ გავანიავოთ. ეს პროცესი ზამთრის სიცივის პირობებში, საკმაოდ არაკომფორტულია, მაგრამ ელემენტარული და საჭიროა.