კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის საშიში ზამთრის პერიოდში სტრესული სიტუაციები და რა კავშირი აქვს ამას სეზონურ დაავადებებთან


ზამთრის ცივ სეზონზე ადამიანის ორგანიზმის იმუნიტეტი საგრძნობლად ქვეითდება. ამის შედეგად კი ბევრი დაავადება იოლად იკიდებს ფეხს ორგანიზმში. ექიმები უკვე დიდი ხანია, გვაფრთხილებენ, რომ უბრალო სურდოსაც კი, თუ მას სათანადო ყურადღებას არ მიაქცევთ, მთელი რიგი დაავადებების გამოწვევა შეუძლია. ასევე, იმ ადამიანებს, ვისაც ხშირად უწევთ სტრესულ სიტუაციებში ყოფნა, ზამთარში გაციების და სხვადასხვა დაავადებებით დასნებოვნების მეტი საფრთხე ემუქრებათ.

თუ რომელი დაავადებებია ამ სეზონზე გავრცელებული, რა საფრთხეს უქმნის ისინი ადამიანის ჯანმრთელობას, რა გართულებებს იწვევს უყურადღებოდ დატოვებული უბრალო სურდო და როგორ დავაღწიოთ თავი შესაძლო საფრთხეს, ამ თემებთან დაკავშირებით ინფორმაციას და გარკვეულ რჩევებს, მოგვაწვდის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე, ბატონი შოთა ცანავა.



– ბატონო შოთა, ზამთრის ცივ პერიოდში რომელი დაავადებების გამწვავებაა შესაძლებელი?

– ამ სეზონზე ის დაავადებები მწვავდება, რომლებიც ზამთრის პერიოდში შემთხვევების მატებით გამოირჩევა. ძირითადად კი, ეს არის გრიპი და გრიპის მსგავსი დაავადებები. ასე რომ, ცივ პერიოდში გრიპი ყველაზე მეტად გავრცელებული ინფექციაა. მას ახასიათებს სეზონურობა და იწყება გვიან შემოდგომით, ხოლო შედარებით მცირდება გაზაფხულის პირს.

– ახლახან აცივდა, თუმცა უკვე გრიპის საკმაოდ ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა. არ მეთანხმებით?

– ზოგადად, ზამთარში რესპირატორული დაავადებები საქართველოში ყოველთვის იმატებს და ამას სპეციალისტები ჩვეულებრივ სეზონურ მოვლენად მივიჩნევთ. როგორც წესი, ჩვენთან გრიპის შემთხვევების მატება სწორედ ახლაა შესაძლებელი, პიკს კი იანვარსა და თებერვალში მიაღწევს. ამ პერიოდში საკმაოდ დიდია აღნიშნული დაავადების შემთხვევათა რიცხვი. წელს, შესაძლოა, იმიტომ დაფიქსირდა გრიპის ბევრი შემთხვევა, რომ ადრე გრიპის დროს არ აკითხავდნენ შესაბამის დაწესებულებებს, ახლა კი „ღორის გრიპის“ საშიშროების გამო, მიაკითხეს და ამიტომაც მოხდა ამ შემთხვევათა დაფიქსირება. სურდო და გაციება ყურადღებას იპყრობს არა კლინიკური სურათის სიმძიმით, არამედ შემდგომი გართულებებით. ამ მხრივ, ისინი ნამდვილად საშიში დაავადებებია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ამიტომ, ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ გრიპის მიმართ ზერელე დამოკიდებულება არ შეიძლება. გაითვალისწინეთ ისიც, რომ არასწორი ან დაგვიანებული მკურნალობა ამ დროს შესაძლოა, ფატალური შედეგითაც კი დასრულდეს. პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე უნდა მიიღოთ სასწრაფო ზომები. თუ შენიშნეთ, რომ ტემპერატურამ მოიმატა, აგტკივდათ თავი, სუსტად ხართ, გაქვთ გამონადენი ცხვირიდან, ხველა, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, აუცილებლად მიმართეთ კონსულტაციისთვის შესაბამის ექიმს და ნუ დაიწყებთ საკუთარი მეთოდებით მასთან ბრძოლას.

– შესაძლოა, უბრალო გაციებამ ან გრიპმა ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს?

– თუ ამ საკითხს თეორიულად მივუდგებით, მაშინ ეს შესაძლებელია. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ მსგავსი რამ იშვიათი მოვლენაა. აი, გრიპის გართულებას კი უამრავი დაავადება ახლავს თან, რომელიც საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ შორს წასული, არანამკურნალები ან არასწორად ნამკურნალები და თავის ნებაზე მიშვებული გრიპი და გაციება, ძალიან საშიშია. მას, კიდევ ერთხელ ვამბობ, ბევრი დაავადების გამწვავება შეუძლია და არ არის გამორიცხული ადამიანის სიკვდილის მიზეზიც ეს გახდეს. ახლა სწორედ ის სეზონია, როცა გრიპით ინფიცირების საკმაოდ მაღალი რისკია, ამიტომ, გირჩევთ ფრთხილად იყოთ. სხვათა შორის, ბევრი გაციებასა და გრიპს შორის სხვაობას ვერ ხედავს და ამბობს, ეს ერთი და იგივეა, რა განსხვავებაა მათ შორისო. მათ გასაგონად მინდა ვთქვა, რომ გაციება გრიპს არ ნიშნავს. გრიპის ვირუსი და მისი გამომწვევი სულ სხვაა. გრიპის გარდა, დაახლოებით ორასი ვირუსი არსებობს, რაც იწვევს ზედა სასუნთქი გზების გაციებას და დაზიანებას. გრიპის ვირუსსა და ამ ვირუსებს შორის, რასაკვირველია, არის რაღაც ნათესაური კავშირი, მაგრამ სიმძიმით ეს დაავადებები საგრძნობლად და აშკარად განსხვავდება ერთიმეორისგან. გრიპი შესაძლოა ადამიანს ერთი კვირა ჰქონდეს, გაციება კი შესაძლოა ტემპერატურული ცვლილებების, გადაციების და თქვენ წარმოიდგინეთ, სტრესის შედეგიც კი იყოს და ამან ქრონიკული ხასიათი მიიღოს. ამიტომ, დიდი მნიშვნელობა აქვს ბანალური რჩევების გათვალისწინებას, კერძოდ, ოთახის განიავებას, ორგანიზმის გაკაჟებას, ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღებას, ყურადღების კონცენტრაციას და ასე შემდეგ. სწორედ ეს რჩევები უნდა გაითვალისწინოთ, რომ პრობლემა აიცილოთ თავიდან და გართულებებისგან დაიზღვიოთ საკუთარი ჯანმრთელობა. შემიძლია, გრიპის გართულების უამრავი შედეგი ჩამოგითვალოთ. გრიპის ვირუსის ცხოველქმედება ყველა ორგანოს შეიძლება შეეხოს. ძირითადად კი, ის აზიანებს სუნთქვით სისტემას, გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ძვლოვან-სახსროვან სისტემას... ჩამონათვალი, დამეთანხმებით, მართლაც დიდია. გრიპის ფონზე თავს იჩენს სხვადასხვა დაავადებათა გამომწვევები, სწორედ ამიტომ არის ის საშიში. გრიპს ისეთი ზიანი არ მოაქვს, როგორც მის ფონზე განვითარებულ მოვლენებს და თუ ეს გართულება სიცოცხლისთვის საშიშია, შესაძლოა, ადამიანი დაიღუპოს. ყველაზე მეტად უნდა გაუფრთხილდეთ ზამთარში ბავშვებისა და მოხუცების ჯანმრთელობას, რადგან მათი იმუნიტეტი შედარებით დაქვეითებულია და გრიპით დაავადების მეტი შანსია.

– კი მაგრამ, რა კავშირი აქვს სტრესულ სიტუაციას ადამიანის გაციებასთან?

– სტრესი და ზოგადად, სტრესული მდგომარეობები, ხელს უწყობს იმ ვირუსების ზემოქმედების გაძლიერებას ორგანიზმზე, რომლებიც ჩვეულებრივ, ანუ არასტრესულ მდგომარეობაში, ვერანაირ ზემოქმედებას ვერ ახდენს ჩვენზე. კერძოდ, სტრესის დროს იმუნური სისტემა დაქვეითებულია, ამ დროს კი როგორც მოგეხსენებათ, ვირუსებიც ადვილად ერევა ორგანიზმს.

– ბატონო შოთა, რომელი საკვები უნდა მიიღოს დიდი რაოდენობით ზამთარში ადამიანმა, რომ ვირუსების შემოტევებისგან დაიცვას საკუთარი ორგანიზმი და შესაბამისად, საფრთხეც აიცილოს თავიდან?

– ზამთარში უნდა ჭამოთ ის, რაც გიყვართ, მაგრამ აუცილებლად უნდა მიიღოთ ვიტამინები. C ვიტამინს ორგანიზმის დამცველობითი ფუნქცია აკისრია ამ სეზონზე. ის უშუალოდ ვირუსებზე კი არა, იმ სუბსტრაქტებზე მოქმედებს, რომლებიც ვირუსებს უწევენ წინააღმდეგობას. აუცილებელია, ზამთარში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ იმუნიტეტის ამაღლებას, მიიღოთ ანტივირუსული საშუალებები, კარგია ვაქცინაციაც. ამ დროს ანტისხეულები დასუსტებულია და ორგანიზმს არ აძლევს საშუალებას ვირუსს ადვილად, საკუთარი ძალებით გაუმკლავდეს. ამ სეზონზე უნდა მოერიდოთ დაავადებულ ადამიანებს, უნდა ატაროთ პირბადეები, არ უნდა გახვიდეთ ახალდაბანილი გარეთ. რაც შეეხება საკვებს, ჭამეთ დიდი რაოდენობით ბოსტნეული, ხილი და სვით ახალგამოწურული წვენები. შეეცადეთ, ზამთრის ყოველდღიური მენიუ მრავალფეროვანი და ვიტამინებით მდიდარი იყოს.

– თუ ვიგრძნობთ, რომ გვამცივნებს, ტანში გვამტვრევს, რა მოვიმოქმედოთ ამ დროს, გართულებების თავიდან ასაცილებლად?

– ამ დროს, ეცადეთ, სახლში დარჩეთ, სვით სითხეები, ჭამეთ ვიტამინებით მდიდარი ხილი და ბოსტნეული. იკვებეთ მსუბუქად. ხშირად გაიზომეთ ტემპერატურა. თუ ტემპერატურა და თავის ტკივილი მოიმატებს, ასევე, სახსრებში გტეხავთ და კუნთები გტკივათ, მოერიდეთ სხვებთან კონტაქტს და საწოლში ჩაწექით გამოსაშუშებლად.


скачать dle 11.3