სად დაპატიჟა ბიონსემ დავიდ კომა და რა ღირდა ქართველი დიზაინერის მიერ მისთვის შექმნილი კაბა
ლამაზი ფერები, დახვეწილი ყველასგან განსხვავებული სტილი, გამოკვეთილი სილუეტი, სექსუალური და ლამაზი ქალი, ეს 25 წლის ქართველი დიზაინერის, დავიდ კომას, იგივე დათო კომახიძის სტილია, რომლის სამოსს უკვე მსოფლიოში ცნობილი ადამიანები იცვამენ და მის შესახებ პოპულარული ჟურნალ-გაზეთები წერენ. ის ამჟამად ლონდონში, მეუღლესთან ერთად ცხოვრობს, რომელიც მას ამ საქმეში გვერდში უდგას. მეგობრობს უცხოეთში მცხოვრებ ქართველებთან. თუმცა, თითქმის ყოველ წელს ჩამოდის თბილისში და ქართულ გარემოში ცდილობს დროის გატარებას, დასვენებას.
– როგორც ვიცი, თბილისში დაიბადეთ. მომიყევით, როგორ ცხოვრობდით საქართველოში?
– კი, თბილისში დავიბადე, თუმცა ჩემი ბავშვობა ბუნდოვნად მახსოვს. 8 წლის ვიყავი, როდესაც ხატვა დავიწყე, მაშინ ჯერ კიდევ თბილისში ვცხოვრობდი. ბევრ რამეს ვხატავდი, ნატურმორტებს, უფრო ხშირად კი გოგონებს და მერე კაბებს ვაცმევდი. სახლში ყველას უკვირდა, რადგან ჩემს ოჯახში არავინ ხატავდა, თუმცა ჩემთვის უარი არასდროს უთქვამთ, ყოველთვის იმას ვაკეთებდი, რაც მინდოდა და მხოლოდ მეხმარებოდნენ.
– კერავდით კიდეც?
– არა, კერვა სხვათა შორის, არასდროს მაინტერესებდა. ძირითადად ესკიზებს ვქმნიდი, იმას ვხატავდი, რაზეც ვფიქრობდი. უნივერსიტეტში ვისწავლე კერვა და არც ახლა მომწონს მაინცდამაინც.
– როდის გადახვედით სანკტ-პეტერბურგში საცხოვრებლად?
– 10 წლის ვიყავი, როდესაც გადავედი სანკტ-პეტერბურგში საცხოვრებლად. იქ დავდიოდი კუსტოდიევის სახელობის სამხატვრო სკოლაში. ძალიან მინდოდა ხატვა და მშობლებს ვთხოვე, სამხატვრო სკოლაში შევეყვანე. ასეც მოიქცნენ, იქ დაახლოებით 10-13 წლის ასაკში ვსწავლობდი.
– როგორც ვიცი, პირველი წარმატებაც მაშინ მოვიდა?
– დიახ, 13 წლის ვიყავი, როდესაც ვნახე პოსტერი, სადაც ეწერა, რომ ტარდებოდა ახალგაზრდა დიზაინერების კონკურსი და უნდა გამეგზავნა ესკიზები. ვიფიქრე, რატომაც არა-მეთქი, დავხატე ესკიზები და გავაგზავნე. ორ კვირაში დამირეკეს და მითხრეს, თქვენ შეგიძლიათ კონკურსში მიიღოთ მონაწილეობაო. კონკურსი სტუდენტებისთვის იყო, მაგრამ მეც მომცეს მასში მონაწილეობის უფლება. პატარა კომპოზიცია გავაკეთე. ყველას ძალიან უკვირდა. ჩემს მიმართ ძალიან დიდ ინტერესს იჩენდნენ და ეს ძალიან მომწონდა. მოხდა ისე, რომ ამის შემდეგ თუ რამე კონკურსი ჩატარდა რუსეთში, ყველგან ვმონაწილეობდი. ძირითადად, სპეციალურ პრიზებს ვიგებდი, როგორც ყველაზე პატარა მონაწილე. თან ხალხს ვეცნობოდი, ჩემს საქმეს ვსწავლობდი.
– ამიტომაც გიწოდეს ალბათ „ვუნდერკინდი”.
– შეიძლება, ვერ გეტყვით. 15 წლის რომ ვიყავი, დიდი კოლექცია გავაკეთე და მონაწილეობა მივიღე სანკტ-პეტერბურგის „ფეშენ ვიკში“. ყველაზე პატარა მონაწილე ვიყავი და ალბათ, ამან განაპირობა ეს ყველაფერი. სადაც რამეს ვაკეთებდი, ყველგან ყველაზე პატარა ვიყავი. რაც მთავარია, ყველას ძალიან მოეწონა ჩემი კოლექცია, პოპულარული გავხდი, სტუდია გავხსენი და მოკლედ, ერთ ამბავში ვიყავი. ჩემი სამოსიც იყიდებოდა, ბევრს მოსწონდა, მას ძირითადად წარმატებული, ლამაზი გოგონები იცვამდნენ. მომდევნო წელს უკვე მონაწილეობა მივიღე მოსკოვის „ფეშენ ვიკში“, იქაც ყველაფერმა კარგად ჩაიარა. იმ დროს უკვე 4-5 დიდი კოლექცია მაინც მქონდა გაკეთებული.
– თქვენი მაშინდელი სტილი, ახლანდელისგან თუ განსხვავდება?
– სტილი არ შემიცვლია, იგივე მაქვს, უბრალოდ, ახლა უფრო ჩამოყალიბებული და პროფესიონალი ვარ, რაც ადრე მომწონდა, ახლაც ის მომწონს.
– ახლა მინდა, მესაუბროთ თქვენი ცხოვრების უკვე სხვა, ლონდონურ ეტაპზე.
– 15 წლის ასაკში სანკტ-პეტერბურგში დავამთავრე სკოლა და შემდეგ ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში. მეორე კურსზე ვსწავლობდი, როდესაც მოსკოვის „ფეშენ ვიკში“ მივიღე მონაწილეობა. თავი დავანებე აკადემიაში სწავლას და გავემგზავრე ლონდონში. ჩავაბარე ძალიან ცნობილ უნივერსიტეტში – „Central Saint Martins”. ვერ ვიტყვი, რომ ჩემთვის იქ მოხვედრა რთული იყო. ჩემი ნამუშევრები ვაჩვენე, ძალიან მოეწონათ და მაშინვე ამიყვანეს. იმ დროს პეტერბურგში ყველა კურსი დავხურე და მთლიანად ლონდონში გადავედი საცხოვრებლადაც და სასწავლებლადაც. იმ დროს მხოლოდ სწავლაზე ვიყავი გადართული, დროებით, კოლექციების კეთება შევწყვიტე. ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს საქმე უნდა მეკეთებინა, სანკტ-პეტერბურგშიც მარტო ვცხოვრობდი და ლონდონშიც. შესაბამისად, არ გამჭირვებია იქ ცხოვრება. 4 წელი ვსწავლობდი, იმავდროულად, სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში ვმონაწილეობდი, ბევრს ვმოგზაურობდი, ჩემი დიპლომისთვის ვამზადებდი კოლექციას. ბაკალავრიის დამთავრების შემდეგ მოწყობილ ჩვენებაში მონაწილეობას იღებენ საუკეთესო სტუდენტები, მე მოვიგე ჯილდო საუკეთესო კოლექციისთვის. ამასაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, დაწერეს გაზეთებში, ჟურნალებში, შეფასებები საკმაოდ კარგი იყო. ამის შემდეგ გადავწყვიტე მაგისტრატურაში ჩამებარებინა. ძალიან მინდოდა, პროფესორ ლუი ვილსონთან მესწავლა, რომელთან მოხვედრაც უნივერსიტეტში ჩაბარებაზე რთულია. მან ნახა ჩემი კოლექცია, მოეწონა და ამიყვანა თავის კურსზე. მასთან წელიწად-ნახევრის განმავლობაში ვსწავლობდი, თებერვალში დავამთავრე. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, ვხვდებოდი მსოფლიოში ცნობილ ფოტოგრაფებს, დიზაინერებს. კურსის დამთავრების შემდეგ, დიპლომის ჩვენება მქონდა ლონდონის „ფეშენ ვიკზე“, სადაც მოვიგე მთავარი პრიზი. ყველა ტოპ-ჟურნალში დაიბეჭდა ჩემს შესახებ, პოპულარულმა სტილისტებმა ჟურნალებში გადასაღებად წაიღეს ჩემი კაბები, ბევრი ადამიანი გავიცანი. მოკლედ, აქედან დაიწყო ჩემს მუშაობაში ახალი ეტაპი. ლონდონში გავხსენი საკუთარი სტუდია, ახალ კოლექციაზე დავიწყე მუშაობა. რაც შეეხება იმ კოლექციას, რომელიც „ფეშენ ვიკზე“ გავიტანე, დღემდე ძალიან პოპულარულია, ბევრმა ცნობილმა პიროვნებამ ჩაიცვა ისინი. მაგალითად, კაილი მინოუგმა, მეგან ფოქსმა, ლედი გაგამ, ეშლი კოულის მომღერალმა მეუღლემ შერილ კოულმა, ბიონსემ და სულ ახლახან კი – რიჰანამაც. მეც ძალიან პოპულარული გავხდი, შეკვეთები მაქვს, ვმუშაობ. ჩემი ჩვენების შემდეგ, სხვადასხვა მაღაზიებმაც შემიკვეთეს, შევკერე და ახლა ისინი იქ იყიდება.
– სულ ახლახან ბიონსე „ემ ტი ვი მიუზიკ ევორდზე” თქვენი შეკერილი კაბით გამოვიდა.
– დიახ, ბიონსეს ძალიან მოეწონა ჩემი კოლექცია, დაგვიკავშირდა და გვთხოვა, მისთვის კაბა შეგვექმნა. ძალიან გახარებული იყო, როცა თავისი კაბა ნახა და ის ჩაიცვა „ემ ტი ვი მიუზიკ ევორდზე”, სადაც საუკეთესო მომღერლის ჯილდო მიიღო. შემდეგ ლონდონში ჰქონდა კონცერტი და დაგვპატიჟა. კონცერტის დამთავრებისთანვე მას შევხვდი. ვისაუბრეთ, ძალიან კარგი ადამიანია, ნაზი და არაჩვეულებრივი, ისევე, როგორც მისი გუნდი.
– რა გაითვალისწინეთ, როდესაც მის კაბას ქმნიდით?
– ეს კაბა კოლექციიდან ავიღეთ, მისთვის შევკერეთ და გავუგზავნეთ. კმაყოფილი დარჩა და მადლობა გადამიხადა. მითხრა, რომ ახლო მომავალში ჩვენ აუცილებლად ვითანამშრომლებთო. რა თქმა უნდა, მისი კაბა ექსკლუზიური მოდელია, არსად იყიდება, თუმცა მსგავსი კაბა მაღაზიაში იყიდებოდა და როდესაც ჩვენ ბიონსეს კაბაზე ვმუშაობდით, იმ დროს 2000 ფუნტ სტერლინგად იყიდა შერილ კოულმა და სატელევიზიო გადაცემაში ეცვა. იმ ფაქტმა, რომ ბიონსეს და კოულს ეცვა ჩემი კაბები, დიდი ბუმი გამოიწვია. სამ კვირაში ჩვენი კაბები ცნობილმა მომღერლებმა სხვადასხვა ადგილებში ჩაიცვეს. ყველას უკვირდა, ასეთი ახალგაზრდა დიზაინერი და ამდენი ტოპ-მომღერალი იცვამს მის კაბებსო, ამაზე ყველგან იწერებოდა. რიჰანასაც ძალიან მოეწონა ჩემი კოლექციიდან სტაფილოსფერი კაბა და ჩვენც გავუკეთეთ. ჩაიცვა, თუმცა მას პირადად არ შევხვედრივარ.
– დაახლოებით, რა ღირს თქვენი კაბები? მაგალითად, რა გადაიხადა საკუთარ კაბაში ბიონსემ?
– გააჩნია ვისთვის იქმნება აქედან გამომდინარე, შეიძლება ღირდეს. 1 000 ფუნტი სტერლინგიდან უსასრულობამდე. რაც შეეხება ბიონსეს, მას არაფერი გადაუხდია, ვაჩუქეთ. მაგრამ, მისი კაბა ძალიან ძვირი ეღირებოდა.
– რამდენიმე ათასი?
– კი, ეღირებოდა.
– თითქმის ყველა დიზაინერს ჰყავს თავისი მუზა. თქვენი მუზა ვინ არის?
– ერთი მუზა არ მყავს, გააჩნია კოლექციას. ისე, ძალიან მომწონს სოფი ლორენი და მონიკა ბელუჩი. საერთოდ, ასეთი ტიპის ქალები.
– ამჟამად ლონდონში ცხოვრობთ?
– კი, თუმცა ძალიან ხშირად ჩავდივარ სანკტ-პეტერბურგში, თბილისშიც ვარ ხოლმე ზაფხულობით.
– თქვენი მეუღლეც გამაცანით, ვინ არის ის და როდის დაქორწინდით?
– ჩემი მეუღლე რუსია. ჩვენ შვიდი წელია ერთად ვართ, თუმცა ორი წლის წინ დავქორწინდით. მას დამთავრებული აქვს სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიური ფაკულტეტი. ჩვენ ერთად ვმუშაობთ, ყველაფერში მეხმარება, 24 საათის განმავლობაში ერთად ვართ.
– თავად რომელი დიზაინერის სამოსს იცვამთ და თქვენთვის, მეუღლისთვის თუ ქმნით სამოსს?
– სხვადასხვა დიზაინერების სამოსს ვიცვამ, ძალიან უბრალოდ – ყველაფერი შავი და სადა. როგორც ამბობენ ხოლმე, „საპოჟნიკ ბეზ საპოგ”, აი ასე ვართ ორივე. თუმცა, ჩემი კოლექციიდან, ერთი-ორი კაბა აქვს ჩემს მეუღლეს.
– რა გეგმები გაქვთ?
– ახალ კოლექციაზე ვმუშაობ და თებერვალში „ლონდონ ფეშენ ვიკში“ მივიღებ მონაწილეობას. ჯერჯერობით საკუთარი მაღაზიის გახსნა არ მჭირდება. უბრალოდ, ჩემი სამოსი, ჯერ ლონდონში იყიდება და ახალი სეზონიდან უკვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გაიყიდება. თუ თბილისიდან ვინმე შემიკვეთავს, დიდი სიამოვნებით შევკერავ. ჩვენ ძირითადად „პრეტ-ა-პორტეზე“ ვმუშაობთ, თუმცა ექსკლუზიურ მოდელებსაც ვქმნით, მაგალითად, მომღერლებისთვის.