ინტიმური საუბრები
მე და ჩემი ცოლი ერთმანეთს ვეღარ ვუგებთ
მე და ლიკა ხუთი წელია, ცოლ-ქმარი ვართ. მანამდე მთელი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს, ანუ ექვსი წელიწადია, ერთმანეთს ვიცნობდით და ამ ხნის განმავლობაში არც შეყვარებულობის, არც ცოლქმრობის პერიოდში ერთი შეკამათებაც კი არ მოგვსვლია, ისე შეხმატკბილებულები ვიყავით. რა თქმა უნდა, იმას არ ვამტკიცებ, რომ ან ერთს, ან მეორეს არასდროს არაფერი შეგვშლია ან ერთმანეთისთვის რამე არ გვიწყენინებია, მაგრამ ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაშიც კი, ანუ საჭირო დროს, ერთმანეთს ვუთმობდით, ვუთმენდით, უკანაც ვიხევდით, არც ბოდიშის მოხდა გვეთაკილებოდა და ამის შემდეგ უფრო მეტად გვიყვარდა ერთმანეთი. ერთი სიტყვით, სრულ ჰარმონიაში ვცხოვრობდით. ყველა ჩვენს მეგობარს და ახლობელს უკვირდა ჩვენი ასეთი ურთიერთობა და ვერ იგებდნენ, როგორ ვახერხებდით ჩხუბის, კონფლიქტების, წყენისა და გაბუტვის გარეშე ცხოვრებას. ჩვენ კი ის გვიკვირდა, როგორ უნდა გეწყინოს რამე იმ ადამიანისგან, რომელიც ძალიან გვიყვარს. უფრო სწორად, რატომ უნდა მიიყვანოს საქმე წყენამდე ან ერთმა, ან მეორე მხარემ. ერთი სიტყვით, ჩვენს საახლობლოში იდეალურ წყვილად ვითვლებოდით და იმდენი ილაპარაკეს ჩვენს ურთიერთობაზე, რომ, მგონი, თვალი გვეცა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ამ ბოლო დროს მე და მარიკა აშკარად ვეღარ ვუგებთ ერთმანეთს. ვეღარ ვუგებთ კი არა, შეიძლება ითქვას, აბსოლუტურად უცხოები გავხდით ერთმანეთისთვის. ვფიქრობ რომ, ეს მარტო ლიკას ბრალი არ არის. აშკარად მეც ვეღარ ვარ ჩემს „მატორზე“, მაგრამ ასეა თუ ისე, როგორც კატა და თაგვი, ისე ვაღიზიანებთ ერთმანეთს. სხვა დროს როგორი სისულელეც არ უნდა მეთქვა, ყველაფერი მოსწონდა, ყველაფერზე მეთანხმებოდა, ახლა კი, რომ სწყუროდეს და წყალი მივუტანო, შეიძლება, იმაზეც ამიწიკვინდეს. მეც აშკარად აღარ მყოფნის ნერვები, რომ ყოველ სულელურ გამოხდომაზე ველოლიავო და „გადასარევი“ დუეტი გამოგვდის: თუ სახლში ვართ, ნორმალურ საუბარს ვერ გაიგონებ, – ის წივის და კივის, მე კი ვიღრინები და ასე ვუშლით ერთმანეთს ნერვებს. რა მოხდა, რა დაგვემართა, წარმოდგენა არ მაქვს. ძალიან ხშირად ვფიქრობ ხოლმე ამაზე და ვერანაირ დასკვნამდე ვერ მივდივარ. ისიც კი ვიფიქრე, იქნებ, ერთმანეთი აღარ გვიყვარს-მეთქი, მაგრამ ასე არ არის, რადგან, რომ წარმოვიდგენ, რომ ერთი დღე მაინც არ მოვიდეს სახლში. ალბათ, გავგიჟდები, ნამდვილად ვერ გავძლებ. თვითონაც ძალიან წუხს ამ ამბავს და ვერ გაურკვევია, რა გვემართება. მიმტკიცებს, ისევ ისე მიყვარხარო. არადა, აშკარად შარზე ვართ. ამას წინათ საკუთარი თავი იმაში გამოვიჭირე, რომ სავარძელში რომ ვიჯექი და გაზეთს ვკითხულობდი, თან ლიკას ვადევნებდი თვალს (უფრო სწორად, ამას თვალის დევნება კი არა, თვალთვალი ჰქვია), რომ რამეში „გამომეჭირა“ და შენიშვნა მიმეცა. მერე აღმოჩნდა, რომ ისიც ასევე მითვალთვალებდა და ისე ერთდროულად ვეცით ერთმანეთს ჩვენ-ჩვენი შენიშვნებით, რომ იმ მომენტში ისიც კი გავიფიქრე, მგონი, ორივემ „გავრეკეთ“-მეთქი.
ჩემს ერთ ძალიან ახლობელ ადამიანს გავანდე ჩემი გასაჭირი. მან კი მითხრა, ასეთი რამ ხშირად ხდება ცოლ-ქმარს შორის და თუ ახლავე არ მიიღეთ ზომები, თქვენი კინკლაობა სერიოზულ ჩხუბში გადაიზრდება და მართლა შეგძულდებათ ერთმანეთიო. რა ზომები-მეთქი, ვკითხე იმედმოცემულმა. რა და დროებით უნდა ცალ-ცალკე იცხოვროთ. თუნდაც ერთი თვის განმავლობაში არ უნდა ნახოთ ერთმანეთი. არც დაურეკოთ, არანაირად არ დაეკონტაქტოთ და, თუ რამდენიმე ხანში იგრძნობთ, რომ ერთმანეთი მოგენატრათ, უერთმანეთოდ ვეღარ ძლებთ, ესე იგი, ყველაფერი თავის ადგილზე დადგაო.
რომ დავფიქრდი, მივხვდი, ალბათ, მართლაც სწორი გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ უცებ ისიც ვიფიქრე, ხომ შეიძლება, ამ ერთი თვის განმავლობაში ან ჩემს, ან მის ცხოვრებაში ვინმე გამოჩნდეს? რა ვიცი, ნათქვამია, თვალი თვალს რომ მოშორდება, გულიც გადასხვაფერდებაო. ჩვენც რომ ასე დაგვემართოს, მერე რაღა ვქნა? თანაც, როგორ ვუთხრა, ან შენ გადადი ერთი თვით დედაშენთან, ან მე გადავალ-მეთქი? ხომ ეგონება, რომ მასთან გაყრა მინდა და რაღაც სისულელეებს ვიგონებ. აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე, არადა, ვგრძნობ, კიდევ ცოტა ხანსაც რომ გაგრძელდეს ჩვენი ასეთი ცხოვრება, ნამდვილად რაღაც საშინელება მოხდება.
თაზო, 27 წლის.
დედა მაინც გავხდები
თორმეტი წელია, გათხოვილი ვარ. მთელი თორმეტი წლის განმავლობაში ერთადერთი თემა, რაზეც მე და ჩემი ქმარი ვჩხუბობდით, შვილის ყოლა იყო. ტყუილს ვერ ვიტყვი, სანამ შემირთავდა, მანამდე მითხრა, თუ თანახმა იქნები იმაზე, რომ შვილს არასოდეს გამიჩენ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდები ჩემი ცოლიო. მაშინ ისე მიყვარდა, რომ ამ სიტყვების აზრს არც ჩავწვდომივარ. მართალია, რაღაც მომენტში არ მესიამოვნა, მაგრამ დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, ვიფიქრე, მერე ისე შევაყვარებ თავს, დავითანხმებ-მეთქი, მაგრამ ჩემი იმედები არ გამართლდა. პირველი-ორი წელი ხმა არ ამომიღია. მშვენივრად შევეწყვეთ ერთმანეთს, მერე კი თანდათანობით გამიძლიერდა დედობის სურვილი. ისე მინდოდა შვილი, ლამის ყოველ ღამე ვხედავდი სიზმარში, როგორ ვმშობიარობდი, როგორ ვუვლიდი და ვეფერებოდი ჩემს შვილს, მაგრამ ქმარს ვერ ვუბედავდი თქმას. ძალიან ბევრი ვიფიქრე და ქალურ ეშმაკობას მივმართე: ქმარი დავათვრე და მასაც დაავიწყდა, სიფრთხილის დაცვა და დავფეხმძიმდი, მაგრამ საშინელი ტოქსიკოზის გამო მიმიხვდა, ძალით წამიყვანა ექიმთან და ბავშვი მომაშორებინა. წლების განმავლობაში კიდევ ორჯერ განმეორდა ასეთი შემთხვევა, მერე კი ბედს დავმორჩილდი და შევეგუე იმ აზრს, რომ უშვილოდ უნდა გადავგებულიყავი. გაყრითაც ვერ გავეყარე, რატომ, არ ვიცი, მაგრამ ჩემი ქმრის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა. ამ შინაგან ბრძოლაში ვიყავი, რომ, ერთი „კეთილისმყოფელისგან“ გავიგე, ჩემს ქმარს საყვარელი ჰყოლია, რომელსაც მისთვის შვილი გაუჩენია. ეს ისეთი შოკი იყო ჩემთვის, კინაღამ შევეწირე ნერვიულობას. მაშინვე გავვარდი გინეკოლოგთან, რომ გამეგო, შევძლებდი თუ არა შვილის გაჩენას. თავიდან ფეხამდე გამომიკვლიეს და მითხრეს, რომ დედა ვეღარასოდეს გავხდებოდი. ამ ინფორმაციამ მთლად მომიღო ბოლო, მაგრამ რაღას ვიზამდი. იმ საღამოს ისე ცუდად ვიყავი, რომ ქმარს ვერაფერი ვუთხარი, მეორე დღეს კი პასუხი მოვთხოვე ყველაფერზე. მან კი არც აცივა, არც აცხელა და პირდაპირ მითხრა: ძალიან მინდოდა, შვილი იმ ქალისგან მყოლოდა, ვინც მართლა შემიყვარდებოდაო. ახლა მთლად დავიბენი – თუ არ გიყვარდი, რაღას მირთავდი-მეთქი, ვკითხე, მეგონა, რომ მიყვარდი, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. გასაგდებად კი მაინც ვერ გაგიმეტეო. ეს „გასაგდებად“ ისე მომხვდა გულზე, ყველა დანარჩენი ტკივილი დამავიწყდა. იმ დღესვე ჩავალაგე ჩემი ნივთები და დედაჩემთან დავბრუნდი, მაგრამ ასეთ გაუბედურებას არ შევარჩენ – ყველაფერს შუაზე გავუყოფ და მთელ ქალაქს გავაგებინებ, რა ჩიტიც ბრძანდება. მერე ვნახავთ, როგორ დაიწყებს ბრექვას და მაგარი კაცის როლის თამაშს.
გათხოვებით აღარ გავთხოვდები (ღმერთმა დამიფაროს ყველა კაცისგან), მაგრამ დედა აუცილებლად გავხდები – ახალშობილს ვიშვილებ, შეიძლება ორი ბაშვი ერთად ვიშვილო და მთელ ჩემს ცხოვრებას მთლიანად მათ მივუძღვნი.
ლანა, 38 წლის.
ჩემი უჭკუობის გამო ცხოვრებაში მარტო დავრჩი
უკვე შუა ხანს მიღწეული კაცი ვარ. ისე გამეპარა თვალსა და ხელს შუა წლები, პირადი ცხოვრება ვერ ავაწყვე. ძალიან დიდი სამეგობრო მყავდა და ახლაც მყავს. სანამ ყველანი ახალგაზრდები ვიყავით, რომ იტყვიან, უჩემოდ წყალს არ სვამდნენ. მერე კი ნელ-ნელა ყველამ ოჯახი შექმნა. ზოგს გაუმართლა, ზოგს არა და „მეორე წრეზე“ წავიდა. მხოლოდ მე არ ვჩქარობდი ქალების მუსუსი ვიყავი, მეგონა, სულ ახალგაზრდა ვიქნებოდი და ქალებიც მუდამ ცვენაზე მეყოლებოდა, მაგრამ, დროთა განმავლობაში ის ჩემთან „ნაგულავები“ ქალებიც დათხოვდნენ და საკმაოდ რესპექტაბელურ კაცებს გაჰყვნენ ცოლად. ისე, კაცმა რომ თქვას, აბა, რა უნდა ექნათ, როდემდე უნდა ელოდათ ჩემთვის, ხელს როდის ვთხოვდი?! თითოეულთან ცალ-ცალკე და ყველასთან ერთად თვეების განმავლობაში ურთიერთობის მიუხედავად, აშკარად არ ვაპირებდი, რომელიმეს ნიშნობის ბეჭდითა და თაიგულით მივდგომოდი კარზე და მათაც თავს უშველეს. მერე თანდათანობით შემომეცალნენ და დღეს მარტო ვარ. ახლა ძალიან ბევრ რამეს ვნანობ და დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, სულ სხვანაირად მოვიქცეოდი. უამრავი შეცდომა მაქვს ჩადენილი. შეცდომას ვინ არ სჩადის, მაგრამ ზოგი შეცდომის გამოსწორება შესაძლებელია, უმრავლესობისა – შეუძლებელი. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ჩემი ყველა შეცდომა სწორედ ამ უმრავლესობას ეკუთვნის, ანუ, ვერც ერთს ვეღარ გამოვასწორებ. ამათგან კი ორს გამოვყოფ: ორჯერ მიყვარდა ნამდვილი სიყვარულით და ორივე დავკარგე, თანაც ისე „დურაკულად“, ახლა რომ მახსენდება, სიბრაზე მიპყრობს: სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ ის გოგონა აყვანილი ყოფილა. ვინც მე ეს ამბავი მიამბო, მითხრა, რომ თვითონაც იცის ამის შესახებო და მეც, ჩემი სიბრიყვით, ვითომ დავამშვიდე – რა მნიშვნელობა აქვს, ვინ გაგაჩინა, მთავარი ის არის, რომ შენი გამზრდელები არაჩვეულებრივი ადამიანები არიან და შენზე ამოსდით მზე და მთვარე-მეთქი. როგორც გაირკვა, თამუნას არაფერი სცოდნია და ჩემმა სიტყვებმა ისე გააგიჟა, დასაბმელი გახადა. ცხადია, ჩემი დანახვაც აღარ ისურვა და ჩვენ ერთმანეთს დავშორდით. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რაც მათ ოჯახში მოხდა ამ ყველაფრის შემდეგ.
ორიოდე წლის შემდეგ სხვა შემიყვარდა. სულ ერთად ვიყავით და დღე-დღეზე ქორწილსაც ვგეგმავდით, მაგრამ ისე მოხდა, რომ ერთი წლით საქართველოდან წასვლა მომიწია რუსეთში სამუშაოდ. შევთავაზე, ხელი მოვაწეროთ და შენც წამოდი-მეთქი, მაგრამ სტუდენტი იყო და სწავლას თავი ვერ მიანება. მისმა მშობლებმაც მითხრეს, ერთი წელი უცბად გაივლის, რომ ჩამოხვალ, ნანასაც დამთავრებული ექნება უმაღლესი და მერე რაც გინდათ, ის ქენითო. სხვა რა გზა მქონდა, დავეთანხმე. მეგობრებმა დიდი ზარ-ზეიმით გამაცილეს, ნანაც ცრემლების ღვრით გამომეთხოვა და წავედი. ცხადია, როგორც ხდება ხოლმე (ყოველ შემთხვევაში, მაშინ ასე ხდებოდა), ასე რომ, თვითონ ამის შესახებ არაფერი იცოდა, ნანა ჩემს რამდენიმე ძმაკაცს „ჩავაბარე“ – ყურადღება მიაქციეთ-მეთქი. ახლა რომ ვუფიქრდები მათ საქციელს, სადღაც ვამტყუნებ-კიდეც, ასე რომ მოიქცნენ, თუმცა მაშინ მადლობებიც ვუხადე ერთგულებისთვის. მათი ერთგულება კი იმაში მდგომარეობდა, რომ ყოველი კვირის ბოლოს წერილებს მიგზავნიდნენ სრული ანგარიშით, ან საქალაქთაშორისო ტელეფონით მირეკავდნენ და დაწვრილებით მიყვებოდნენ ნანას ყოველ ნაბიჯს – ვის ხვდებოდა, ვისთან დადიოდა, ვისთან მეგობრობდა. სწორედ მათგან შევიტყვე იმის შესახებაც, რომ ჩემს საცოლეს, თურმე, ვიღაც თაყვანისმცემელი გამოუჩნდა, რომელსაც ნანა ჯერ სიახლოვეს არ იკარებდა, მერე კი მაინც შეხვდა რამდენჯერმე. ძალიან „მაყუთა როჟაა“ და, ეტყობა, მაგით „შეაბაო“, – მწერდნენ. მერე ისიც შემატყობინეს, რომ ნატა იმ ბიჭს (უფრო სწორად, იმ კაცს, რადგან ბევრით უფროსი ყოფილა) დაშორებია და ვიღაცისთვის უთქვამს, ძუნწი და ეჭვიანია, მაგისი ცოლი არასოდეს გავხდები, ისევ ჩემს შეყვარებულს უნდა დაველოდოო. ამ ამბავმა ჩემზე ძალიან იმოქმედა და, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში ყოფნის ერთი წლის განმავლობაში მე თვითონ რამდენიმე ქალთან მქონდა ურთიერთობა (მათგან ერთი შვილის გაჩენასაც კი აპირებდა და ძალით გავაკეთებინე აბორტი), ნანას დავდე ბრალი ღალატში და შევუთვალე, დამივიწყე-მეთქი. ვითომ მე უარესი არ გავაკეთე. ნანამ ცრემლებით დასვრილი წერილი გამომიგზავნა, რაღაცეებს მიხსნიდა და პატიებას მთხოვდა, მაგრამ მე ძალიან შეუვალი ვიყავი. მივწერე – „რეზერვის“ კაცი არც არასდროს ვყოფილვარ და არც ვიქნები-მეთქი. ასე დავკარგე მეორე სიყვარულიც. იმის მერე ქალების მეტი რა მყოლია, მაგრამ ნამდვილი სიყვარულით არავინ მყვარებია.
ჰოდა, ვზივარ ახლა მარტო, ვასკდები გულს და ჩემს უიღბლობაში ყველას ვადანაშაულებ, საკუთარი თავის ჩათვლით. იმ პერიოდში ერთი ჭკვიანი ადამიანი მაინც რომ აღმოჩენილიყო ჩემ გვერდით და ჭკუა დაერიგებინა, ასე ხომ არ დამემართებოდა?!
კახა, 55 წლის.
ვერ გავიგე, სად დავუშვი შეცდომა
ამ წერილს ჩუმად გწერთ, ისე, რომ ჩემმა შვილებმა არ იციან. შეიძლება, რომ წაიკითხონ, მიხვდნენ, ვინც არის ავტორი და შავი დღეც მაყარონ, მაგრამ სახელებს შეგნებულად ვცვლი და, არც ის არის გამორიცხული, საკუთარი ისტორია თავისად ვერც კი აღიქვან. უფრო მეტიც, შესაძლოა, იმ „ვიღაცეების“ საქციელი განსჯის საგნად აქციონ, გაამტყუნონ და დაგმონ კიდეც.
ქმარი ადრე გარდამეცვალა და ტყუპი ქალიშვილი მარტომ გავზარდე. მართალია, ცოტ-ცოტას დედაც მეხმარებოდა და დედამთილიც, მაგრამ ორივე რაიონში ცხოვრობდა (ერთი – რაჭაში, მეორე – სამეგრელოში), მაგრამ ფიზიკურად დამხმარე არავინ მყავდა. თან, იმათი გამოგზავნილი ცოტაოდენი პროდუქტი ორ ბავშვს როგორ ეყოფოდა. გარდა ამისა, მარტო ჭამა ხომ არ არის საქმე, ბავშვებს რამდენი ხარჯი სჭირდებათ, თქვენც კარგად მოგეხსენებათ. ამიტომ, სანამ გოგოები ბაღში დამყავდა, ორ ადგილას ვმუშაობდი, სკოლაში რომ წავიდნენ, ძალაუნებურად ერთ-ერთ სამსახურს თავი დავანებე, ბავშვები მარტო რომ არ ყოფილიყვნენ სახლში და ნამცხვრების ცხობა დავიწყე. ერთი სიტყვით, არანაირ სამუშაოს არ ვარიდებდი თავს, რომ ჩემს შვილებს არაფერი მოჰკლებოდათ. გათხოვებაზე არც მიფიქრია. შეიძლება, არც დაიჯეროთ, მაგრამ მეგობარიც კი არ მყოლია – პირადი ცხოვრება მთლიანად უარვყავი და მხოლოდ ბავშვები იყვნენ ჩემი საზრუნავი.
შეძლებისდაგვარად არაფერი დამიკლია. ობლობა რომ არ ეგრძნოთ, ყველაფერში ვუგებდი, ყველაფერში ხელს ვუწყობდი. ოჯახის საქმეც ვისწავლე, კარგი განათლებაც მივეცი, ახლობლები თუ შორებლებიც შევაწუხე და კარგ სამსახურებშიც მოვაწყვე. რომ გათხოვდნენ, ორივე კარგად გავამზითვე.
ჩემმა ქმარმა დიდი ბინა დაგვიტოვა. მართალია, ქალაქის ცენტრში არ იყო, მაგრამ არც გადასაკარგავში ვცხოვრობდით. გოგოები რომ გათხოვდნენ, სანამ ფეხზე ვიდექი და საქმის გაკეთება შემეძლო, ხშირად მოდიოდნენ ჩემთან და რჩებოდნენ კიდეც. მერე გადამეკიდნენ, ამხელა ბინაში მარტო რომ ხარ, ხომ ხედავ, წესიერად ვერც კი უვლი (არადა, გადასარევად ვუვლიდი), გაყიდე, ჩვენ-ჩვენი წილი მოგვეცი და შენთვის პატარა ბინას ვიყიდით. ერთ მოხუც ადამიანს ერთოთახიანზე მეტი რაში გჭირდებაო. არ იყო გაყიდვის აუცილებლობა, არც ერთს არ უჭირდა ისე, რომ ბინა გამეყიდა, მაგრამ, ვიფიქრე, რამე რომ მომივიდეს, დებს შორის უსიამოვნება არ მოხდეს ბინის გაყოფის გამო-მეთქი და ამაზეც დავთანხმდი. ბინა გავყიდე, ერთოთახიანი ბინის ფული ჩემთვის გადავდე, დანარჩენი თანხა კი შუაზე გავუყავი.
ბინა მიყიდეს, მაგრამ იმას სორო უფრო ერქვა,ვიდრე ბინა, თუმცა, არც ამაზე ამომიღია ხმა. თან ისე შორს ვიყავი ტერიტორიულად ორივესგან, რომ თვეში ერთხელ ძლივს მოდიოდნენ, მაგრამ, რაღაცნაირად ვახერხებდი, რომ სხვისი ხელის შემყურე და მოსავლელი არ გავმხდარიყავი. ამასობაში წლები გავიდა, მეც მოვხუცდი. ფიზიკურად არა მიშავდა რა, მაგრამ მხედველობა ისე დამიქვეითდა, პურზეც კი ვეღარ გავდიოდი მარტო. ძალიან რომ გამიჭირდა, ჩემს შვილებს დავურეკე და ვთხოვე, მომხედეთ-მეთქი. დარეკვიდან ორი კვირის შემდეგ იკადრეს მოსვლა და ისეთი ამბავი ატეხეს, მეზობლების შემრცხვა. ერთმანეთს დაუწყეს ჩხუბი, შენზე უფრო მეტი აქვს დედას დახარჯული და შენ უნდა წაიყვანო შენთანო, – ყველა კაბის და ფეხსაცმლის ფული დაუთვალეს ერთმანეთს და ბოლოს ისე წავიდნენ, ჩემთვის არც ერთს არ უთქვამს, მე წაგიყვანო. ან ამის შემდეგ რომელთან უნდა ვიცხოვრო, ხომ ყოველ ლუკმას ყელში ამომადენენ! არადა, ჩემი მარტო დატოვება აღარ შეიძლება. საკუთარი თავის დარდი აღარ მაქვს, რამე რომ დამემართოს უპატრონობით, ისევ მაგათ არ მოეჭრებათ თავი?! ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, მოხუცთა თავშესაფარში წავსულიყავი, მაგრამ თუ მთლად უპატრონო არ ხარ, თურმე, კარგა გვარიანი თანხა უნდა იხადოს პატრონმა. ჩემი შვილები კი ფულის გადამხდელები არიან?! აღარ ვიცოდი, რა მექნა. ჩემი გასაჭირი ჩემს უახლოეს მეზობელს გავანდე. მან ორი გზა მასწავლა და მითხრა, თუ ჭკუაში დაგიჯდება, რომელიც გინდა ამოირჩიე და მე დაგეხმარებიო. ისე, ყველა კარგი ეშმაკია, ყველა გამორჩენაზეა, მაგრამ ეს ჩემი შვილები სხვა არჩევანს რომ არ მიტოვებენ?!
მოკლედ, ამ ჩემმა მეზობელმა მითხრა, თუ შენს ოთახს მე გადმომიფორმებ, სიკვდილამდე საკუთარი დედასავით მოგივლიო. რომ შემატყო, ეს აზრი დიდად არ მომეწონა, მეორე გზა მირჩია: შენი ოთახი მომყიდე და იმ თანხით კი მოხუცთა თავშესაფარში ოცი წელი შეინახავ თავსო. მოვიფიქრებ და რამდენიმე დღეში გეტყვი პასუხს-მეთქი. ვფიქრობ და ვერ გადამიწყვეტია, როგორ მოვიქცე. შვილების ჩუმად ასეთი ნაბიჯის გადადგმა მაინც არ მინდა; რომ ვუთხრა, შეიძლება, ისეთი ამბავი ამიტეხონ, სიკვდილი მანატრებინონ, არადა, ჩემი მარტო ცხოვრებაც აღარ შეიძლება – მოხუცმა და დაბრმავებულმა ქალმა რა გავაკეთო? ეს სიკვდილიც რომ აღარ მოდის?
ღამეებს თეთრად ვათენებ ფიქრში: რა შემეშალა შვილების აღზრდაში, სად დავუშვი შეცდომა, რატომ გამოვიდნენ ასეთი გულცივები და ანგარიშიანები? რა ვიცი, ძალიან ხშირად გამიგია, როცა ადამიანი იგებს, რომ აყვანილი შვილია, ყველა ღონეს ხმარობს, რომ თავისი ბიოლოგიური დედა იპოვოს და, უკანასკნელი ლოთი ან ქუჩის ქალიც რომ აღმოჩნდეს, მაინც უვლის და პატრონობს. ამ ჩემს შვილებს რა დაემართათ, რა ყინულის ლოდი უდევთ გულში, რომ მოხუც დედასთან სანახავად მისვლაც არ უნდათ?! ღმერთო, შეუნდე ორივეს!
ნათელა, 84 წლის.
რედაქციაში შემოსული უამრავი წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.
„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.
ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com
ან მოიტანოთ რედაქციაში
წერილის სახით.