რისთვის გამოიყენა ივა კუზანოვმა მამამისის მიერ შენახული თავის ქალა და როგორ გამოუვიდა პირველი ოპერაცია – ქალის კაცად გადაკეთება
ივა კუზანოვი ექიმების ოჯახში დაიბადა. შვილებმა, ალეკომ და გუგამ მამის გზა აირჩიეს და ცოლებიც ექიმები შეარჩიეს. ბატონი ივას ანუ კუზანოვების დიდი ოჯახი თბილისის ერთ-ერთ ძველ, ოქროს უბანში, იტალიურ ეზოში ცხოვრობს და ისტორიაც საკმაოდ საინტერესო აქვს. როგორი ბავშვობა ჰქონდათ ივა და კოკა კუზანოვებს, როგორ დაოჯახდნენ და მიაღწიეს წარმატებას, ყველაფერს თავად პროფესორი მოგიყვებათ.
ივა კუზანოვი: მე და ჩემი ძმა ამ ეზოში დავიბადეთ და გავიზარდეთ. ეს სახლი ბაბუაჩემის და მისი ძმის იყო, რომელიც მერე კომუნისტებმა წაგვართვეს. ბიძაჩემმა და მამაჩემმა კი, დაიბრუნეს. ეზოში ექვსი ბიჭი ვიყავით. ერთი გოგო გვყავდა – დოდო კეკელიძე. ის მსუქანი იყო, ჩვენ – გამხდრები. ბომბას ვეძახდით, ყველას გვცემდა. ბებიაჩემი ამბობდა – უფრთხილდითო. ეს გოგო ჩემზე ერთი თვით უმცროსი იყო და დედაჩემს რომ არ ჰქონდა საკმარისი რძე, დედამისი სოფო მაჭმევდა ძუძუს. მახსოვს, ეზოში ქვაფენილი და წითელი ხის ჭიშკარი გვქონდა. ერთხელ, თამაშის დროს ცუდად გავხდი. გამოიძახეს სასწრაფო. ეზოდან რომ გავყავდით საკაცეთი, ჩემი ძმა დამეწია და ხელში რეზინები ჩამიდო, რომელზეც სულ ვჩხუბობდით – არა ჩემია, არა ჩემიაო. მთელი ოპერაციის დროს, რაც ნარკოზში ვიყავი, ეს რეზინები ხელში მეჭირა, ხელიდან ვერ გამაშვებინეს.
– თქვენს მშობლებზე რას გვიამბობთ?
– ჩემი მშობლები სამედიცინოზე სწავლობდნენ და მესამე კურსზე დაქორწინდნენ. ქორწილი ამ ეზოში ჰქონიათ. წინათ, სხვანაირი ქორწილები იცოდნენ, ხომ იცით, ყანწების შეჯიბრებითა და დოლ-გარმონით. მამაჩემის მხრიდან ერთი კაცი ყოფილა – ტატანა. პატარა გაწყობილი მაგიდა კბილებით აუღია და უცეკვია. დედაჩემის მხრიდან კი, ერთი ცალხელა კაცი ყოფილა – წყალობა, რომელსაც შამპანურის ბოთლი თავზე შემოულაწუნებია. მშობლების ჩხუბი არასდროს გაგვიგია. ულამაზესი წყვილი იყო. მამაჩემი ცნობილი ქირურგი გახლდათ. დღე და ღამე სამსახურში იყო. მოვიდოდა, შეჭამდა და დაისვენებდა. დედაჩემი გვაჩუმებდა – მამა არ გააღვიძოთო.
– როგორი ბავშვი იყავით?
– კოკა სასწაული ცელქი, სკოლის ყოჩი იყო. ერთხელ კლასში მასწავლებელი ჩაკეტა. მთელი ღამე კლასში გაატარა. მეორე დღეს დირექტორმა უთხრა, არავინ არ მინდა, მამაშენი მოვიდესო. მამაჩემიც მივიდა. სკოლაში უთხრეს, ძალიან ავია და რამე მოუხერხეთო. მამაჩემმა პირდაპირ უთხრა – მომეცით საბუთები ინტერნატში წავიყვანო. გაგიჟდნენ მასწავლებელი და დირექტორი – არა, ბატონო გუგა, ინტერნატი არ არის საჭიროო.
– იმხანად ინტელიგენცია კარგად ცხოვრობდა. ალბათ, არც თქვენი ოჯახი იყო გამონაკლისი. სად დადიოდა დასასვენებლად პროფესორ გუგა კუზანოვის ოჯახი?
– ზედიზედ შვიდი წელიწადი ცემში ვისვენებდით. იყო ასეთი სანატორიუმი „მზიური“, რომლის დირექტორი და უფროსი ექიმი დედ-მამას მეგობრები იყვნენ. ჩვენებს არ ჰქონდათ იმდენი შესაძლებლობა, რომ კურორტებზე გვევლო. ჩვენთვის ეს სანატორიუმი ციხე იყო. იქიდან ვერც გამოხვიდოდი და ვერც შეხვიდოდი. ერთი დადებითი ჰქონდა – სპორტული კომპლექსი იყო და კარნავალები ეწყობოდა. ასე თუ ისე, ვერთობოდით, მაგრამ მაინც ორი თვე უდედმამოდ ძნელია. ბებია გვაკითხავდა. მე კოკას არ ვგავდი, ცოტა ეშმაკი ვიყავი, სიტუაციებიდან გამოძრომა კარგად შემეძლო და უფრო მეტად მას ხვდებოდა. ხშირად ვჩხუბობდით, სულ ცემა-ტყეპა გვქონდა. ზოგჯერ, როგორც უფროს ძმას, მითმობდა.
დედა და მამა ჩინეთში ერთი თვით წავიდნენ და ბებიასთან, დედაჩემის დედასთან, ვარასთან ვიყავით. დასახმარებლად მისი და ჩამოვიდა და ისიც ჩვენთან ერთად იყო. ტახტზე იწვა. კედელზე დიდი ფარდაგი ეკიდა. ლურსმანზე თოკი ჩამოვაბით, მამაჩემს თავის ქალა ჰქონდა სახლში შენახული, შიგ ბატარეები ჩავდეთ, გავანათეთ, ღამე ჩამოვწევდით და ავწევდით, თან კარს ვაჭრიჭინებდით. ღამე გაიღვიძა და უყურებს. მერე ეზოში გავარდა კივილით. ისევ ჩემს ძმას მოხვდა.
– მართალია, საკუთარ თავზე ძნელია ლაპარაკი, მაგრამ ალბათ, თქვენზე უკეთ არავინ იცის, როგორი ხასიათის ხართ.
– საერთოდ, კუზანოვები ძალიან ჯიუტები ვართ. თუ ვიტყვით, რომ წითელია, ჩემმა ძმამ უნდა თქვას – არა, თეთრია. მამაჩემი და ბიძაჩემიც ზუსტად ასე იყვნენ და ჩვენი შვილებიც ასეთები არიან. როცა გინდა, რომ მიზანს მიაღწიო, ეს გეხმარება, თუმცა ბევრ რაღაცაში ხელის შემშლელიცაა. ვიცოდი, რომ არასწორად ვაკეთებდი, მაგრამ ხასიათი მაინც მაკეთებინებდა ამას.
– მიკროპლასტიკური ქირურგიაც თქვენი მიზანი იყო?
– ოჯახში ყველა ექიმი იყო და გასაკვირია, რომ მეც ექიმი ვყოფილიყავი. ჩემი ძმა კინოდოკუმენტალისტია. ჩემი შვილებისთვის არასოდეს მითქვამს, ექიმობა აირჩიეთ, უფრო წყნარად რომ იყოთ-მეთქი. მიკროქირურგი რატომ გავხდი, ესეც საინტერესოა.
– მაშინ გვიამბეთ, როგორ დაიწყო თქვენი კარიერა.
– როცა ინსტიტუტი დავამთავრე, ჯანმრთელობის მინისტრი, აკადემიკოსი ვახტანგ ბოჭორიშვილი იყო. მან გამოსცა ბრძანება: ახალდამთავრებულებმა ორი წელი რაიონში უნდა იმუშაონო. იმ დროს მოსკოვიდან ჩამოვიდა საბჭოთა კავშირის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე ედუარდ ვანციანი, თითქმის ყველა წამყვან ქირურგთან ერთად. მათ შორის იყო მსოფლიოში ცნობილი სისხლძარღვთა ქირურგი დებეკი. ჩვენი მინისტრი, მამაჩემი და სხვები დელეგაციას ბორჯომში გაჰყვნენ, საქართველო დაათვალიერებინეს. მე და ჩემი მეგობარი მერაბ დვალიც თან ვახლდით ფოტოაპარატებით და სტუმრებს სურათებს ვუღებდით. მასპინძლებმა მოსკოველი სტუმრებისთვის სუფრა ლიკანის საბანკეტო დარბაზში გაშალეს. დებეკი ფეხზე წამოდგა, მე და მერაბს გადმოგვხედა და თქვა: გადავწყვიტე, ეს ბიჭები ამერიკაში წავიყვანო და კარგ ქირურგებად გავზარდოო. სიტუაცია ვანციანმა განმუხტა: ბიჭებს ამერიკაში ვერ გაგატანთ, მათ მოსკოვში კლინიკურ ორდინატურაში წავიყვანო. ბოჭორიშვილიც დაეთანხმა რუს კოლეგას. მე და მერაბი მთელი ღამე ვიჯექით და სურათებს ვბეჭდავდით, თან განცხადება დავწერეთ მინისტრის სახელზე მოსკოვში წასვლასთან დაკავშირებით. მეორე დღეს მინისტრს კაბინეტში ვეახლეთ, ფოტოები მივუტანეთ, მოეწონა. იქვე მოაწერა ხელი განცხადებას. აი, ასე, საქართველოდან მარტო მე და მერაბი წავედით მოსკოვში.
– ბედისწერის გჯერათ?
– ალბათ, ბედის ამბავიც არის. მადლობელი ვარ უფლის, რომ არანაირ წინააღმდეგობას არ წავაწყდი. როცა მოსკოვში მოვხვდი, ზოგადი ქირურგი უნდა გავმხდარიყავი, როგორც მამაჩემი, მაგრამ მაშინ დაინერგა მიკროქირურგია. მე ამ ჯგუფში მოვხვდი. მამაჩემს დავურეკე და ვუთხარი, სისხლძარღვთა მიკროქირურგიაში უნდა გადავიდე-მეთქი და კინაღამ გადაირია, მაგრამ მაინც ჩემი გავიტანე. ერთი სიტყვით, საბჭოთა კავშირში ჩვენ ვიყავით მიკროქირურგიის დამფუძნებლები. მერე გადმოვედით საქართველოში და აქაც არავინ იყო ამ სფეროში.
– ქუჩა თუ გიზიდავდათ?
– ქუჩა მაშინ ძალიან დიდი სკოლა იყო, თან ისეთ უბანში, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობთ. მეოცე სკოლა დავამთავრე, ნინოშვილისა და კლდიაშვილის კუთხეში. ირგვლივ ბევრი სკოლა იყო. სკოლებს შორის მეგობრობაც გვქონდა და გარჩევებიც. არაფერი ისეთი არ ყოფილა, რომ გზას ავცდენოდით. გვიჩხუბია. წინათ მოდაში იყო სიგარეტი და საბაბს ეძებდნენ, თუ გთხოვდნენ და არ აღმოგაჩნდებოდა, ჩხუბი იწყებოდა. ხომ იცით, ახალგაზრდა ბიჭები, ჰორმონები მუშაობს ამ დროს და ძალა ერჩით.
– თქვენ და ალამ სად გაიცანით ერთმანეთი?
– ჩვენი სიყვარული სკოლაში დაიწყო, მერვე კლასიდან. სამედიცინო ინსტიტუტში დაღესტანში ჩავაბარე გამოცდები. რომ მივდიოდი, ალას ვუთხარი, უნდა გამომყვე-მეთქი. ერთი წელი მელოდებოდა. რომ ჩამოვედი, მეორე კურსზე ვიყავით და დავქორწინდით. ჩვენს შეუღლებაში დიდი როლი მამაჩემმა ითამაშა. მამას ყოველთვის მოსწონდა ალა. მესამე კურსზე ვიყავი, გუგა რომ გაჩნდა. რვა წლის შემდეგ ალიკა დაიბადა. ვიცოდი, რომ ბიჭები იქნებოდნენ. მათ შორის ამხელა ასაკობრივი სხვაობა იმიტომ არის, რომ მერე მე და ალა მოსკოვში წავედით, მეც ვმუშაობდი, ალაც. ჩვენი ქორწილი იყო ძალიან ლამაზი. მამაჩემმა გააკეთა ისევ ჩვენს ეზოში. მეზობელმა ამისთვის თავისი ოროთახიანი ბინა დაცალა. თამადა იყო ცნობილი მთავარი ექიმი ლევან აბაშიძე. გართობა მიბარებული ჰქონდა მსახიობ მარინე თბილელს და ქსოვრელებს. კინტოები არ იყვნენ პროგრამაში და ძალიან გაგვიკვირდა, როცა შემოვიდნენ. ერთ კინტოს თავზე თევზით სავსე ლანგარი ედო, მეორეს კი – ორი მტრედი ეჯდა. გაუშვეს, სადაც ჩვენ ვიჯექით, თავთან გაკეთებულ რკალზე შემოსხდნენ. რამდენიმე სკლინტი ჩამოვარდა და ალას ფატაზე დაეცა, მე – კოსტიუმზე. კინტოების შემოსვლა ქსოვრელების მოწყობილი იყო.
– გაიხსენეთ პირველი ოპერაცია.
– პირველი ოპერაცია გავაკეთე, როცა მეოთხე კურსზე ვიყავი. ამაში მამას მეგობარი ნოდარ დარჩია დამეხმარა. ეს იყო კუჭის რეზექცია. რაც შეეხება გადაკეთებას, საბჭოთა კავშირში პირველად გაკეთდა ხელის ტრანსპლანტაცია. კახეთში ძმამ ძმას თამაშის დროს მოაჭრა ხელი, ნაჯახი მოხვდა. ბებიამ ვედროში ჩააგდო მოჭრილი მტევანი და ასე ჩამოიყვანა თავისი ოთხი წლის შვილიშვილი. ეს ბიჭი ახლა ოცდაათი წლისაა. ასეთივე ოპერაცია იყო ორი მტევნის ერთდროული მიკერება. ერთ კაცს ციხეში მოაჭრეს ხელები და აღვუდგინე. გოგო გადაკეთდა მამაკაცად, მერე იყო პირველი ფალოსის აღდგენა. ამის გამო „ბოლივუდში“ დაგვპატიჟეს და დოკუმენტური ფილმი გადაიღეს, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში „დისქავერზე“ აჩვენებდნენ.
– თქვენი შვილების დაოჯახებაზე, იმ ავარიაზეც გვიამბეთ, როცა ნინო და გუგა სასწაულად გადარჩნენ და რძალს ოპერაცია თქვენი ხელით გაუკეთეთ.
– გუგამ და ნინომ ერთმანეთი მწვანე კონცხზე გაიცნეს. მე ჩოგბურთს ვთამაშობდი პლეხანოვის კორტებზე, რომ ჩამოვიდნენ. უცებ გამომეცხადნენ. გუგამ მითხრა – გაიცანი ეს ჩემი მეგობარიაო. სამ დღეში გამოაცხადა, ცოლად მომყავსო და ერთ თვეში მოიყვანა. რაც შეეხება ავარიას, მანქანით მოდიოდნენ გუგა, ნინო და მათი უფროსი ქალიშვილი. ზღვიდან თბილისში ბრუნდებოდნენ. მათ წინ სატვირთო მანქანა მიდიოდა და დიდი რკინა ჰქონდა უკან გამოშვერილი. გუგა ამ მანქანას შეუვარდა. ნინოს სახესა და მკლავზე გადაუარა რკინამ. ბაიას, მისი ბედი, რომ ეძინა და გადარჩა. ნინოს გავუკეთე ოპერაცია. ახლა არაფერი ეტყობა. ცხვირი სულ ჩამტვრეული ჰქონდა, კისერსა და მხარზე ჭრილობა ჰქონდა და გაიკერა.
ალეკო სამედიცინოზე აბარებდა და ნიშნის გასაგებად წავედი. მაშინ შევამჩნიე, რომ ლამაზ გოგოს უტრიალებს. პირველი კურსი რომ დაამთავრა, გამოაცხადა, თამუნა მიყვარს და ცოლად უნდა მოვიყვანოო. ჩვენი შვილები ცუდ პირობებში გაიზარდნენ, ომის გარდა ვერაფერი ნახეს. ორივეს ქორწილი, ასევე, ამ ეზოში გადავიხადეთ. მახსოვს, ჭიშკარი ჩავკეტეთ, რომ მხედრიონელები არ შემოვარდნილიყვნენ.