კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის იყო შვილით ყველაზე ამაყი მარინა კოდუა და ზაზა ფაჩულიას რა ბიზნესს მართავს ის საქართველოში


ყველასთვის საყვარელი სპორტსმენი ზაზა ფაჩულია წლების განმავლობაში საამაყო ქართველია ყველა ადამიანისთვის. მისით, უპირველესად, დედა ამაყობს, რომელმაც ყველაფერი ჩადო შვილის აღზრდაში. ზაზას დედა, ქალბატონი მარინა კოდუა საქმიანი, მომხიბვლელი და წარმატებული ადამიანია. მასთან სტუმრობა მართლაც სასიამოვნო აღმოჩნდა და ინტერვიუც შესაბამისი.



მარინა კოდუა: უპირველესად, იმით ვამაყობ, რომ ჩემი შვილი კარგი ადამიანია. ეს პირადად მე მეხება და ჩემი დამსახურებაა. რაც შეეხება იმას, რომ ზაზა კარგი სპორტსმენია, ეს მისი დამსახურება და ღვთის წყალობაა.

– ძალიან დიდ დროს ატარებთ ერთმანეთის გარეშე, რაც ალბათ, საკმაოდ რთული შესაგუებელია, მით უმეტეს, რომ ერთადერთი შვილის დედა ხართ.

– ძალიან ძნელია. რამდენიმე დღის წინ ვეუბნებოდი ზაზას, ახლა ხომ ხარ მშობელი და მიხვდი, რა ძნელია ჩემთვის ცალ-ცალკე რომ ვართ-მეთქი. აქამდე სულ ერთად ვიყავით, ახლა კი, ენაცვალოს ჩემი თავი, თიკა არის მის გვერდით და მშვიდად ვარ. ვიცი, რომ მოვლილია, კარგად არის და ისინი ერთმანეთის პატრონები არიან. მშვიდად ვარ, მაგრამ სულ მენატრებიან. ადრე ერთი თუ მენატრებოდა, ახლა ოთხი მენატრება. ჩემთვის მთავარი ის არის, რომ კარგად არიან.

– ძალიან სწრაფად გახდით ორი შვილიშვილის ბებია.

– ტექნიკა გაუმჯობესდა. ზაზა ამერიკაში მარტო წავიდა, რომ ჩავედი უკვე ორნი იყვნენ. მეორე ჩასვლაზე სამნი დამხვდნენ, ხოლო ახლა – ოთხნი. თითო ჩასვლაზე ერთით მეტი მხვდება. ჩემი შვილი დედისერთაა და მადლობა უფალს, თიკამ და-ძმის სიყვარული იცის, რა არის. ეკლესიური გოგოა და რამდენ შვილსაც უფალი მისცემს, ყველას გააჩენს. ამით მე ძალიან ბედნიერი ვარ.

– როგორი დედამთილი ხართ?

– თიკა ჩემი მეგობარია, ამას გულწრფელად გეუბნებით. როცა მე და თიკა ვჭორაობთ და ამ დროს ზაზა შემოვა, ვჩუმდებით. ჩემი შვილი ამაზე გიჟდება, რატომ მე არ მეუბნებითო. იმიტომ, რომ ეს „მეჟდუ ნამი დევოჩკამიო,“ პასუხობს თიკა. თუ რამე საიდუმლო მაქვს, თუ რამე მჭირდება, ზაზას კი არა, თიკას ვეუბნები. სანამ დედამთილი და დედა ვიქნებოდი, ქალი ვიყავი. ამიტომ, როცა ქალი ხარ, ქალის გესმის. თუ რამე უმნიშვნელო, ბავშვურ რამეზე ჰქონიათ შეკამათება, ყოველთვის თიკას ვიცავ. ზაზა მაინც დედისერთაა და ეგოისტია. ეს უნდა ვაღიარო. მინდა-არ მინდა, ასეა. იცის, რომ დედა მისია, სულ ზაზა, ზაზა... ახლა თიკა გამოჩდა. ეჭვიანობს, თიკა უფრო გიყვარს, ვიდრე მეო. თიკა არაჩვეულებრივი ბავშვია, ასე მგონია, ჩემს ხელში გაიზარდა. როგორია იცით? დიდთან დიდი, პატარასთან პატარა. ძალიან გაგებული ბავშვია და ერთმანეთთან ძალიან შეხუმრებულები ვართ.

– როგორი შეგრძნება გაქვთ, როცა ზაზას თამაშს ესწრებით?

– უმართავი გულშემატკივარი ვარ. თამაშზე წასვლამდე საკუთარ თავს სულ ვაფრთხილებ, მარინა შენ სერიოზული ქალი ხარ, აღარ ხარ პატარა გოგო-მეთქი. მიუხედავად ამისა, თამაშის დაწყებიდან 5 წუთში, როგორ ვდგავარ სკამზე, არ ვიცი. ყველაფერი მავიწყდება და ჩემი ყვირილი ყველგან ისმის. რაც მთავარია, სულ ზაზას ვეჩხუბები, სხვას არავის. ზაზა მეუბნება, გაითვალისწინე, როცა თბილისშია თამაში, ყველას ესმის შენი ქართულიო. უცხოეთში ამ მხრივ უფრო თავისუფლება მაქვს და რასაც მინდა ვყვირივარ. თბილისში ძალიან მიჭირს. არასდროს ვჯდები ისეთ ადგილზე, სადაც სხვა მოთამაშეების ოჯახის წევრები სხედან. უფრო გიჟ „ბალეშიკებში“ მირჩევნია. ხანდახან ზაზას ვაგინებ, მაგრამ ამ დროს ვინმემ რომ მითხრას – მეცო, ხომ მოვკალი.

– ერთი შეხედვით, ზაზა საკმაოდ მკაცრ შთაბეჭდილებას ტოვებს უცნობებზე, თუმცა ასე სულაც არ არის. თიკას მიმართაც საკმაოდ ლმობიერია და დიდი სურვილი აქვს, მას საკუთარი საქმე ჰქონდეს. თავიდანვე ასეთი იყო, თუ უცხოეთმა შეცვალა?

– ზაზა უცხოეთში საერთოდ არ შეცვლილა. ის ისევ ტიპური ქართველია. ბავშვობიდან შეჩვეულია, რომ ქალმა უნდა იმუშაოს და დაიხარჯოს. ქალი ყოველდღე უნდა გამოეწყოს და გარეთ გავიდეს. მე მთელი ცხოვრება ვმუშაობდი, ისევე როგორც ოჯახის ყველა წევრი.

– თბილისში თქვენ ზაზას ბიზნესს უძღვებით. როგორ მოირგეთ საქმიანი ქალის იმიჯი?

– ორი წელია სასტუმროს ვამუშავებ. თავიდან ცოტა გამიჭირდა. რასაკვირველია, მეც კომუნისტური წყობიდან მოვდივარ. მივდიოდი სამსახურში, მე არაფერი მეკითხებოდა. ვაკეთებდი ჩემს საქმეს, ხელფასი და ავანსი სწრაფ-სწრაფად მოდიოდა და ასე. ახლა კი, როცა ხელმძღვანელი ვარ, ჩემზე გაცილებით ბევრია დამოკიდებული. მე ვარ ზაზა ფაჩულიას დედა და ყველაფერი წესრიგში უნდა მქონდეს. ამით ორმაგი პასუხისმგებლობა მაკისრია. მამაჩემი სენაკში საკმაოდ ცნობილი პიროვნება იყო. სულ მოწესრიგებული უნდა ვყოფილიყავი, რადგან პედაგოგების შვილი ვიყავი. ყოველთვის იუმორით ვამბობ, ადრე მამაჩემის შვილი ვიყავი, ახლა კი ზაზა ფაჩულიას დედა ვარ-მეთქი. მერე ბებია ვიქნები და ასე, სულ ფორმაში უნდა ვიყო.

– სახელი ვინ შეურჩია სასტუმროს?

– მე. „ზიფი“ ანუ ზაზა ფაჩულია. ცოდვა გამხელილი ჯობია, მინდოდა ჩემი სახელიც ჩამემატებინა და „ზიფიემ“, ყოფილიყო, მაგრამ არავინ, შემომთავაზა და გავჩუმდი.

– ზაზა თუ ერევა სასტუმროს საქმეში?

– არანაირად, ბოლომდე მონდობილია ჩემზე.

– ძალიან სასიამოვნო და მყუდრო გარემოა თქვენთან. ვისი დიზაინით არის გაკეთებული?

– ყველაფერი აბსოლუტურად, ჩემი გემოვნებით არის გაკეთებული. არ იფიქროთ, ზაზამ შემაქო, როცა აქაურობა დაათვალიერა. მაინც იპოვა რაღაც, რის გამოც შენიშვნა მომცა. მეც თავს ვიმართლებდი, ეს ჯერ ვერ მოვასწარი-მეთქი. სხვათა შორის, ზაზა საკმაოდ მკაცრია.

– როდის იგრძენით, რომ ზაზა გაიზარდა და ბავშვი აღარ იყო?

– დამიჯერეთ, ზაზა რომ დაიბადა, უკვე კაცი იყო. არ მიყვარს, რომ აქებენ, ჩემი შვილი ისეთია, 3 წლის ასაკში შექსპირს ორიგინალში კითხულობსო და ასე შემდეგ. ჩემს შვილს სულ კრიტიკულად ვუყურებ, მაგრამ ვაღიარებ, რომ დაიბადა, უკვე კაცი იყო. 3 წლის იყო, ქუჩაში ვიღაც უცნობმა მამაკაცმა მანქანა გაგვიჩერა. ბავშვიანად გავიწიე, უცნობმა მანქანა დახია უკან და კომპლიმენტი მითხრა. 3 წლის ბავშვი ვერ გავაჩერე, რატომ გაგიჩერა მანქანა, რა უნდოდაო. სულ გაგიჟდა. უკვე ეტყობოდა, რომ ტიპური ქართველი მამაკაცი იყო.

– როგორია ვარსკვლავის დედობა?

– არაჩვეულებრივი. ეს არის ჩემი ბედნიერება, მე სხვა ბედნიერება არ მქონია. შენი შვილი რომ უყვართ, ამაზე კარგი რა უნდა იყოს. სულ მეშინია ერთი რამის. ქართველებმა რა სისწრაფითაც ვიცით ადამიანის ცაში აყვანა, იმავე სისწრაფით ვიცით ძირს დანარცხება. სხვათა შორის, ზაზა ძალიან ნერვიულობს, როცა საქართველოში აქვს თამაში. მას ყოველთვის მეტი შეუძლია, ვიდრე აკეთებს. მისგან ყოველთვის ბევრს ვითხოვთ. გვავიწყდება, რომ ის ვარსკვლავიც ჩვეულებრივი, ჩვენნაირი ადამიანია. ქუჩაში ერთმა ბავშვმა მეორეს უთხრა, ბიჭო შენ რა ზაზა ფაჩულიას „პრიჩოსკა“ დაგიყენებიაო. სიხარულისგან კინაღამ ვიტირე. ერთხელ კროსვორდშიც კითხვა შემხვდა ზაზაზე. კინაღამ გავგიჟდი. მიხარია, ჩემი გაზრდილი, ჩემი სხეულის ნაწილი ასეთი რომ არის.

– ამერიკულ ცხოვრებაზე რას იტყვით. ადვილად შეეგუეთ იქაურ სტილს?

– რა ვქნა, ჩემი ტალახიანი თბილისი მირჩევნია გაპრიალებულ ამერიკას. სხვათა შორის, იქ უფრო მეტად თავისუფალი ადამიანები არიან. მეც ასეთი გავხდი. თუ ჩემთვის საყვარელ ადამიანს, სპორტსმენს ან მსახიობს დავინახავ, არ ვიცნობ, მაგრამ მივდივარ და ვეფერები. რამდენიმე დღის წინ ზვიადაური პირველად ვნახე. მივედი და მოვეფერე, დედიკო გენაცვალე, შემოგევლე, შენ ჩვენი სიამაყე ხარ-მეთქი. ერთმანეთს გვერდი არ უნდა ჩავუაროთ, აუცილებლად უნდა ვუთხრათ თბილი სიტყვები. ეს ალბათ ამერიკამაც მასწავლა. ამით შეზღუდულები არ უნდა ვიყოთ. ვისაც სხვისი წარმატება უხარია, ყველამ უნდა გაიხაროს.

– რაზე ოცნებობთ?

– ძალიან ძნელია გქონდეს შესაძლებლობა, კარგად იყო, მაგრამ თუ შენს გვერდით ადამიანი კარგად არ არის, არ არსებობს, ვერ იქნები ბედნიერი. სრულყოფილი ბედნიერება მინდა, ეს არის ჩემი ოცნება. ამისათვის კი ყველა ძალიან კარგად თუ არა, საშუალოდ მაინც უნდა იყოს.

– რა არის თქვენთვის ყველაზე დიდი კომპლიმენტი?

– ჩემი კომპლიმენტი ჩემი შვილია. მინდა, ერთი ამბავი მოგიყვეთ. ბაზარში ვიყავი და ერთმა გლეხმა, მიყურა, მიყურა და შენნაირი კულტურის მინისტრი მინდა მყავდესო. ისე ალალად და საყვარლად მითხრა, გადავეხვიე. ეს ყველაზე დიდი კომპლიმენტია, რაც მიმიღია.

– როდის გეგმავთ ზაზასთან გამგზავრებას?

– ორ თვეში ერთხელ მათთან მივდივარ. ამერიკიდან რომ მოვდიოდი, ჩემებს ვუთხარი, მე მეტს აღარ ჩამოვალ, აწი თქვენ გელოდებით-მეთქი. როგორია, ორ თვეში ერთხელ ამერიკაში გადაფრინდი-გადმოფრინდი... მიუხედავად ამისა, ვეღარ ვძლებ და უკვე იმას ვფიქრობ, როდისთვის დავჯავშნო ბილეთი.

– თვითონ როდისთვის გეგმავენ ჩამოსვლას?

– მესამე თუ არ დაიწყეს, ზაფხულისთვის ჩამოვლენ. ქორწილი ხომ უნდა გადაიხადონ, ჯვარი ხომ უნდა დაიწერონ საქართველოში?!

– როდის იყავით ყველაზე ამაყი საკუთარი შვილით?

– ზაზა ნამდვილი პატრიოტია და ამაში შარშან, ომის დროს, დავრწმუნდი. ამერიკის საელჩოში უთხრეს, რომ ოჯახი გამოეყვანა. ზაზა ტელეფონში მიყვიროდა, მე დედა ცოცხალი მინდა, წამოდიო. მეც მინდა დედა და ვერ დავტოვებ აქ-მეთქი. ამის მერე, ზაზას რომ ჰკითხეს, შენი ოჯახი გამოვიყვანოთო? ჩემი ოჯახი მთელი საქართველოაო, უპასუხა. ეს რომ გავიგე, იცით რა დამემართა? აღარც ომის მეშინოდა და მზად ვიყავი, ცხელ წერტილში პირველი წავსულიყავი. ყველაზე ამაყი ჩემი შვილით, სწორედ მაშინ ვიყავი, როცა თქვა – მთელი საქართველოა ჩემი ოჯახიო. ამის შემდეგ ზაზა ორმაგად შემიყვარდა და საკუთარი თავიც, ასეთი შვილი რომ გამიზრდია.


скачать dle 11.3