რატომ „პწკენდა“ ალეკო შალამბერიძე პრეზიდენტს და როგორ გაუშვეს ის სახელისუფლებო პარტიიდან
უკვე რამდენიმე თვეა, რაც წინა მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ალეკო შალამბერიძე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაუნდობლად უტევს და მის გასამართლებას ითხოვს. ამის მიუხედავად, ექს-დეპუტატი ბოლომდე იყო სახელისუფლებო პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თუმცა, როგორც ჩანს, მან ცნობილი ქართველი კინოპერსონაჟის ბედი გაიზიარა – ალეკო შალამბერიძეს დეპეშაც კი არ გაუგზავნეს თურმე, ისე დაატოვებინეს დაძველებული პარტიის მანდატი.
– ბატონო ალეკო, რას საქმიანობთ მას შემდეგ, რაც აქტიური პოლიტიკიდან წახვედით?
– მას შემდეგ, რაც აქტიური პოლიტიკიდან წავედი, ხან სად ვმუშაობდი, ხან – სად. ერთხანს ვიყავი ენერგეტიკის სამეთვალყურეო საბჭოში, მერე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ვთანამშრომლობდი. ახლა ვცდილობ, ინფორმაცია მივაწოდო ადამიანებს, თუ როგორ წარმომიდგენია, ჩვენს ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაწყვეტა.
– ძველი სახეების უმეტესობა სამეთვალყურეო საბჭოებში და მარეგულირებელ კომისიებშია თავმოყრილი, სადაც მათ საკმაოდ მაღალი ხელფასები აქვთ, თქვენ რატომ არ დაგასაქმეს ასე საფუძვლიანად?
– მე თავისუფალი ადამიანი ვარ და მიმაჩნია, რომ ადამიანმა ის უნდა გააკეთოს, რაც სურს. მართალია, ეს გარკვეულ ეკონომიკურ რისკებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ადამიანმა თავისი ადგილი უნდა ეძებოს იქ, სადაც მოსწონს. ძველი სახეებიდან თითქმის ყველა თანაბრად არის დასაქმებული, ამ ხალხზე იზრუნეს „კოლექტიურად“, ინდივიდების გარჩევა არ ყოფილა. კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო სააკაშვილი. როცა ზრუნავ შენიანებზე ეს კარგი თვისებაა მეგობრობის „ამბავში“, მაგრამ პოლიტიკაში, არ შეიძლება. მაგალითად, ჩვენი მგოსანი, ნოდარ გრიგალაშვილი, პრეზიდენტის მრჩეველია განათლების საკითხებში, ვიღაც – სხვაგან, ნორმალურ სამსახურშია.
– თქვენც ყოფილიყავით მგოსანი და დღეს ან თანაშემწე იქნებოდით, ან რომელიმე მარეგულირებელში მშვიდად აიღებდით ხელფასს, 5 000 ლარს და ხმას არ ამოიღებდით.
– რა თქმა უნდა, მაგრამ ეტყობა, არ ვარ ასეთი. მეც ასეთი ადამიანი რომ ვიყო, უფრო მეტსაც მივაღწევდი. მე, როგორც ჩანს, უფრო უკონტროლო აღმოვჩნდი. ამდენს რომ ვაკრიტიკებდი პრეზიდენტს, ალბათ, ამიტომაც მომცა სიგნალი და „უმუშევარი“ დამტოვა. ჩემი შეცდომაა, თავის დროზე რომ არ ავტეხე გნიასი, ისიც ჩემი შეცდომაა, 2003 წელს და რევოლუციის ტალღას ავყევი. მე მაშინვე ვიცოდი, რომ რევოლუცია არ იყო სწორი და ერთი პიროვნების მეორეთი შეცვლით, საქმე არ გამოვიდოდა. მაგრამ, იმდენად დიდი იყო ეს ტალღა, მეც თავით გადავეშვი. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, ადამიანებმა გაიგონ, რომ საჭიროა პრეზიდენტის შეუზღუდავი ძალაუფლების შეკვეცა. ამ ქვეყანაში ერთი კაცის დემოკრატია არ უნდა იყოს. ქვეყანა, რომ გადარჩეს საპარლამენტო მმართველობაზე უნდა გადავიდეთ.
– ოთხი წელი იყავით სააკაშვილის ხელისუფლების უმრავლესობის წევრი, მაშინ არაფერს ამბობდით ამ ყველაფერზე, რაც პარლამენტში აღარ ხართ, სააკაშვილს ძალიან მწვავედ აკრიტიკებთ.
– როცა პარლამენტის წევრი ვიყავი, მაშინაც ვაკრიტიკებდი მიშა სააკაშვილს, ოღონდ ძირითადად პრივატულ საუბრებში, რამდენჯერმე საჯაროდაც გავაკეთე ეს. მაშინ ჩემი „პწკენა“ ეხებოდა გადასახადების დაწევას, პრემიერის პარლამენტის წევრად ყოფნას, რადგან დღესაც ასეა, პრემიერები არ მიდიან პარლამენტში მაშინაც კი როცა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი დგას, როგორიცაა ბიუჯეტის განხილვა. ამ დროს პრემიერები პარლამენტში ფინანსთა მინისტრს ან მოადგილეს აგზავნიან ხოლმე. გადასახადების შემცირებასთან დაკავშირებული აჟიოტაჟის დროს, პრეზიდენტმა ოცდამეორე საუკუნის ადამიანიც კი მიწოდა. არ ვიცი, ეს ჩემს გასაშაყირებლად თქვა, თუ კარგი გაგებით. მე მახსოვს, პარლამენტის წევრი ვიყავი, როდესაც ახალი წლის წინა დღეებში გავაკეთე საკმაოდ მკვეთრი განცხადება. პრეზიდენტი გამოვიდა და თქვა: ჩვენთან უმუშევრობის პრობლემა აღარაა, დასაქმება 90 პროცენტით გაიზარდაო. მე ზრდილობიანად ვთქვი: 90 კი არა 60 პროცენტია-მეთქი. 31 დეკემბერი იყო, შემწვარი გოჭი გამოვიტანე საცხობიდან და მაია ნადირაძემ დამირეკა. გოჭი მანქანის სახურავზე დავდე და ვუპასუხე. მაიამ მითხრა: რამ გათქმევინა, რომ უმუშევრობაა, მიშა სააკაშვილი გადარეულია შენს ნათქვამზეო? მე ვუთხარი: მაია, მაგ კაცს მეტი დარდი არ აქვს? ხომ თქვა, გაზეთებს არ ვკითხულობ და მაინცდამაინც ჩემი ინტერვიუ წაიკითხა-მეთქი? სულ რამდენიმე წუთით კი დამეკარგა იმ გოჭის ჭამის სურვილი, მაგრამ ბევრი არ მინერვიულია (იცინის). მიშა დიდხანს ჩქმალავდა ამ პრობლემას. მისი მთავარი მიზანი იყო აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნება და როცა აღმოჩნდა, რომ თავისი მთავარი მიზანი დაამთავრა, ახლა გადავიდა ეკონომიკის გაძლიერებაზე და ისეთ ფრთიან ფრაზებს ისვრის, როგორიცაა, „ჩვენი გადარჩენა გადის მშენებლობაზე“. სააკაშვილმა დაამთავრა თავისი საქმიანობა და ახლა პოლიტიკის განვითარების მუხრუჭად იქცა.
ბოლო თვეებში არაერთხელ დავაყენე წინადადება, რომ პრეზიდენტი კომპრომისულ ნაბიჯებზე წასულიყო. რადგან ძალა გააჩნია მას და ვისაც ძალა აქვს, კომპრომისზეც ის უნდა წავიდეს. ვისაც ძალა არ აქვს, ის თავისთავად კომპრომისია. ალბათ, გახსოვთ, რომ თებერვალში პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, მისი უფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ იყო შეზღუდვა. ეს იყო ფიარი და ამ თემაზე საუბარი ინიციატივის პარლამენტში შესვლისთანავე დამთავრდა. არ შეიძლება, რომ პრეზიდენტი იყოს სახელმწიფოს მეთაურიც და მთავრობის თავმჯდომარეც. ეს არის ძალიან დიდი ძალაუფლება. როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრი და ერთ-ერთი პოლიტიკოსი, ვცდილობდი, რომ ეს დამენახვებინა პრეზიდენტისთვის. მე ვერ შევძლებდი პრეზიდენტთან შეხვედრას, მაგრამ ვცდილობდი, შევხვედროდი იმ ხალხს, ვისაც გავლენა აქვს პრეზიდენტზე. ბევრი დაპირების მიუხედავად, ვერც თარგამაძეს შევხვდი, ვერც ბოკერიას. მე მოვახერხე შეხვედრა მესამე ეშელონის წარმომადგენლებთან, მაგრამ მათ ვერ შეძლეს ჩემი შეხვედრების ორგანიზება ვერც ერთ გავლენიან პოლიტიკოსთან.
– იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტს უტევთ, თქვენ მაინც ხართ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. ამის გამო თანაპარტიელები არაფერს გეუბნებიან?
– მიშა სააკაშვილისგან ჩემ მიმართ ადგილი ჰქონდა პოლიტიკას, რომელსაც ის მუდმივად ატარებს – ეს არის ადამიანის არაფრად ჩაგდების პოლიტიკა, რომელმაც მგონი, გაამართლა. მაგრამ მომდიოდა ხმები, რომ პრეზიდენტი იყენებდა ჩემს პოზიციას და ამბობდა: არა მარტო ოპოზიციას აქვს თავისი კრიტიკული აზრის გამოთქმის საშუალება, აგერ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ არის ადამიანი, რომელიც გვაკრიტიკებსო. იცით, რა პოზიცია აქვთ? გიჟი თავისუფალია, ილაპარაკე და იყავი. ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი უკვე აღარ ვარ და მართლაც ჩიტივით თავისუფალი ვარ. (იცინის).
– გაგრიცხეს პარტიიდან?
– არათუ გამრიცხეს, კიდევ უფრო უარესი მოხდა. ალბათ, გახსოვთ, რომ მე წამოვაყენე იდეა, მერის არჩევნებთან დაკავშირებით პრაიმერი სახელისუფლებო გუნდშიც ჩატარებულიყო, რადგან მქონდა ინფორმაცია, რომ არსებობდა კიდევ სხვა კანდიდატურები, მათ შორის, აჩიკო გეგენავასი. დემოკრატიის განვითარება უნდა დაგვეწყო პარტიიდან, და ვთქვი, მერობის კანდიდატადაც დავსახელდები-მეთქი. ამ განცხადებამ გამოიწვია დიდი ვნებათაღელვა.
– თქვენი ამბიციები ძალიან შორს წასულა.
– დემოკრატიულ ქვეყნებში ყველა ადამიანს აქვს უფლება არჩეულ იქნას, ამა თუ იმ თანამდებობაზე და მე ეს უფლება გამოვიყენე. მიმაჩნდა, რომ ჩემი დადებითი და უარყოფითი მხარეები, საჯაროდ, საზოგადოებამ უნდა გაარკვიოს. ამის შესახებ მე განცხადებაც გავგზავნე „ნაციონალურ მოძრაობაში“, პარტიის გენერალურმა მდივანმა კი განაცხადა, რომ ჩვენი წევრი დიდი ხანია აღარ არისო, მერე თქვეს მანდატი დაუძველდაო. ღვინის და კონიაკის დაძველება გამიგია და მანდატიც თუ ძველდებოდა, არ ვიცოდი...
– საწევროს მაინც თუ იხდიდით, რომ შარი არავინ მოგდოთ?
– როდესაც შემოვიდა კანონი პარტიების დაფინანსების შესახებ, პარტიაში გადაწყდა, რომ იქიდან დაფინანსებულიყო საწევრო და პარტიის წევრები ყოველთვიური შესატანით არ შეწუხებულიყვნენ. მცირე მასშტაბიანი კორუფციული გარიგებაა... მე აღმოვჩნდი აგული ერისთავის როლში, ტელეგრამა მაინც გამოეგზავნათ ჩემთვის? (იცინის) არც დეპეშა მომსვლია, არც წერილი, მაგრამ, როგორც ჩანს, პარტიიდან გარიცხული ვარ. მე ვიცი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა არის სირცხვილი. იმდენი შეცდომები დაუშვა ხელისუფლებამ, რომ იმის თქმა, ამ პარტიის წევრი ვარო, სირცხვილიც არის და „გმირობაც“. თქვენ მეტყვით, თუ სამარცხვინო იყო, აქამდე დაგეტოვებინა იქაურობაო, მაგრამ ერთი პარტიიდან წამოსვლით, მეორეში გადასვლით ან ახალი პარტიის შექმნით, პრობლემები არ გადაწყდება. იქ ვიყავი იმიტომ, რომ იქნებ ვინმესთვის რამე გამეგებინებინა. დღეს ნაციონალური მოძრაობა, ისეა, როგორც მკვდარზე გვირგვინი. ყველაფერს წყვეტს ერთი კაცი. მიშა სააკაშვილს აქვს მოკიდებული ყველაფერი და სხვას საქმეს არ უტოვებს. მე მოვესწარი ბრეჟნევის დროს და კარგად მახსოვს მისი მმართველობა. სააკაშვილი ჰგავს ბრეჟნევს, რომელიც ქვეყანასაც მართავდა, მთავრობასაც და სასამართლოსაც. მართალია მიშა ახალგაზრდაა, მაგრამ გონებრივად ძველი ყაიდის კაცს მოგვაგონებს.
– როგორც ძველი სახეების უმეტესობას, თქვენც გექნებათ თქვენი ბიზნესი. ასე რომ, საწუწუნოდ არ უნდა გქონდეთ საქმე.
– ერთი მეგობარი სულ მაშაყირებს: შე უპატრონო, ერთი „ბუტკა“ მაინც ჩაგედგა სადმე, ამ სიცივეში პალტოს გარეშე, პიჯაკით რომ დადიხარ, ღირსი ხარო. (იცინის) არაა ბიზნესი ცუდი საქმე, უკეთესია, ყველა ადამიანი თუ იქნება მესაკუთრე, მნიშვნელობა არ აქვს რისი. მაგრამ, მე არ ვარ ბიზნესისთვის დაბადებული, თან რამდენიმე საქმეს ერთად ვერ ვაკეთებ. პირდაპირ გეტყვით, რომ ხშირად მეც მიკვირს, როგორ ვახერხებ ოჯახის რჩენას. მეც ისე ვმიუნჰაუზენობ, როგორც ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი.
– პარლამენტარის პენსიას მაინც არ იღებთ, რომ პალტო იყიდოთ?
– ჯერ არ ამიღია, საპენსიო ასაკამდე ექვსი თვე მაკლია, მერე მეშველება (იცინის). სააკაშვილიც გავა ნაადრევ პენსიაზე, მაგრამ ეგ ჩემსავით უპალტოოდ არ ივლის. ბოლო დროს ბავშვივით ტყავის და დუტის კურტკები აცვია, კურტკას მაინც იშოვის. შევარდნაძემ იარა პალტოს გარეშე, მაგან რომ იაროს? (იცინის).