რომელ ქვეყანაში მოიხიბლა მამაკაცების ფეხებით ნანა ფაჩუაშვილი და რატომ დადიოდა ის მექსიკაში ტუჩებდახეთქილი
ყველა ადამიანი ოცნებობს მოგზაურობაზე. ზოგი ამ ოცნების ახდენას ახერხებს, ზოგსაც იმედი სამომავლოდ გადააქვს. მსახიობმა ნანა ფაჩუაშვილმა ბევრი უცხო ქვეყანა მოიარა და, როგორც თავად ამბობს, სწორედ თავისი პროფესიისა და თეატრიდან გასტროლების წყალობით, თვალს წყალი არაერთხელ დაალევინა.
თუ რომელი ქვეყნის მამაკაცებით მოიხიბლა ის, რატომ ფიქრობდა უცხოეთში დასახლებაზე, ვისგან მიიღო თამამი როლის გამო ძვირად ღირებული საჩუქარი იტალიაში და როგორ დაასისხლიანა ის კოალამ ავსტრალიაში, ამაზე თავად ქალბატონი ნანა მოგვიყვება.
ნანა ფაჩუაშვილი: არ მეგულება ადამიანი, მოგზაურობა არ უყვარდეს. იმაზე კარგი შეგრძნება რა შეიძლება იყოს, როცა უცხო მხარეში ჩასული, შთაბეჭდილებების ქვეშ ხვდები, თვალს წყალს დაალევინებ და შენს ფანტაზიასა და მოთხოვნილებებს გაამდიდრებ. რუსთაველის თეატრიდან ხშირად დავდიოდი გასტროლებზე და თითქმის მთელი მსოფლიო მაქვს შემოვლილი.
– რამდენჯერ დაალევინეთ თვალს წყალი და რამდენ ქვეყანაში „დადგით ფეხი“?
– ამ ქვეყნების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. შემიძლია, გითხრათ, რომელ ქვეყანაში არ ვარ ნამყოფი, ესენია იაპონია და ჩინეთი. ყველა ქვეყანას თავისი სილამაზე აქვს, მაგრამ იტალიამ და ავსტრალიამ ძალიან მომხიბლა. თან, დიდხანს მომიწია ამ ქვეყნებში ყოფნა. ავსტრალიაში, ოკეანესთან ახლოს იყო პატარა, ლამაზი ქალაქი პერტი და ვიფიქრე, აი აქ სიამოვნებით ვიცხოვრებდი-მეთქი. ამ ქალაქის ხედი მთელი ათი წელი მეკიდა ოთახში. ავსტრალიაში ცხოვრობს ჩემი თბილისელი კარის მეზობელი, იქ რომ ჩავედი ქალაქები ფეხით შემომატარა. არ დამავიწყდება ერთ დღეს ზოოპარკში წამიყვანა. გამოგიტყდებით და გეტყვით, რომ ცხოველების დიდად მოყვარული არ ვარ. იქ ვნახე პატარა კოალა. ისეთი საყვარელი იყო, მისი ხელში აყვანა მოვინდომე, მაგრამ ისეთ დღეში ჩავვარდი... მოკლედ, ჩამოიყვანეს ხიდან, მომაწოდეს, ავიყვანე ხელში ეს თითქოს უწყინარი ცხოველი, ვიღებ სურათს და უცბად, თათი გადამხვია და ისე ჩამავლო თავისი ბასრი ბრჭყალები, რომ მთელი ზურგი დამისისხლიანა. იმხელა შევყვირე... თვალები კინაღამ გადმომცვივდა. (იცინის). დიდხანს ვიშუშებდი მისგან მოყენებულ იარას. კოალას ხელში დამჭერი იმ დღის შემდეგ ნამდვილად აღარ ვარ. მაგრამ, კენგურუებმა თავისი ეშმაკობით ნამდვილად დაიმსახურეს ჩემი სიყვარული. თეთრი კენგურუ თუ არსებობდა, არც კი ვიცოდი. რომ დავინახე, კინაღამ გადავირიე სიხარულით.
– თქვენზე ამბობენ, უცხოეთში თავისი საჭმელებით მიდისო. იქაური კერძები არ მოგწონთ?
– ერთი გამოუსწორებელი თვისება მაქვს, კერძოდ არასეზონური ტანსაცმელი მიმაქვს უცხოეთში და იქ ამის გამო კურიოზულ სიტუაციებში ვვარდები ხოლმე. მახსოვს, ლონდონში რომ წავედით, საზაფხულო ტანსაცმელი წავიღე. ფოტოზე სასაცილოდ ჩანს: ხალხს თბილი ჩექმები აცვია, მე კი „ბასანოშკებით“ ვარ გადაღებული. ხან პირიქითაც მემართება: სხვებს თუ „სარაფანჩიკები“ აცვიათ, მე თბილი სვიტერი მაქვს ჩაცმული. რაც შეეხება საჭმელს, ის ყოველთვის მიმქონდა თან. ერთ საიდუმლოს ვინახავდი, კერძოდ, აქედან გატარებული ნიგოზი მიმქონდა. უცხოეთში წყალში გავხსნიდი, სუნელებს დავამატებდი და უგემრიელეს ბაჟეს ვაკეთებდი. ასე რომ, ყველგან ქართულ საჭმელებს მივირთმევდი. არ დამავიწყდება, ავსტრალიაში მივფრინავდი. ჩემი მეგობარი მოსკოვში დიდი გასტრონომის დირექტორი იყო. არ უჭირდა იმ დროისთვის დეფიციტური პროდუქტების შოვნა, ჩამილაგა დიდ ჩანთაში და გამატანა შებოლილი ძეხვეული, ხიზილალები, არაჩვეულებრივი კონსერვები... ჩავედი ასე „მსუყედ“ ავსტრალიაში და აეროპორტის მებაჟემ ხიზილალიან-ძეხვეულიანად ჩემი ხელით სანაგვე ყუთში არ ჩამაგდებინა ის ჩანთა?! წარმოიდგინეთ, რა ხასიათზე დავდგებოდი. თურმე კარანტინი იყო გამოცხადებული და სხვა ქვეყნიდან საკვების შეტანა სასტიკად იკრძალებოდა. არ დამავიწყდება, მექსიკაში ჩასულმა იმდენი ანანასი ვჭამე კარგა ხანს დახეთქილი მქონდა ტუჩები. მე რა ვიცოდი?
– ყველაზე მეტად რომელი ქვეყნის მამაკაცებით მოიხიბლეთ?
– იტალიელმა მამაკაცებმა მომხიბლეს ყველაზე მეტად, ისეთი მოწესრიგებულები, გაპიწკინებულები, ტრადიციულები, ტემპერამენტიანები და დახვეწილები არიან. თვალები სულ უბრწყინავთ და ქალის ყურადღებას ნამდვილად იპყრობენ. არ დამავიწყდება, შოტლანდიაში ჩასულები, როგორ ვუყურებდით მამაკაცებს ფეხებზე. მათ ხომ მოკლე „კაბა-შოტლანკები“ აცვიათ და, ვისაც ლამაზი ფეხები ჰქონდა, ისე უხდებოდა, ბევრ გოგონას შეშურდებოდა მათი. ქუჩაში რომ მივდიოდით, კაცებს ფეხებზე ვაკვირდებოდით. (იცინის). საფრანგეთში კი ქალების ჩაცმულობამ გამაოცა: საოცრად ლამაზი, გამჭვირვალე კაბები ეცვათ, ისეთი, მარტო მამაკაცს კი, არა ქალსაც რომ გაექცევა თვალი. ინგლისელი მამაკაცებიც მიმზიდველები არიან.
– ქალბატონო ნანა, იტალიაში ერთ-ერთ მინისტრს მართლა უთხარით ცოლობაზე უარი?
– იტალიელი მამაკაცის ყურადღება მე კი არა ჩემმა გმირმა – ალისამ უფრო მიიპყრო. მოკლედ, „სამკაციანი პიესა“ გვქონდა იტალიაში წაღებული. ამ სპექტაკლში რამაზ ჩხიკვაძე იყო ჩემი მეუღლე, კახი კავსაძე კი – ყოფილი შეყვარებული. ჩემი გმირი იყო ყოფილი მსახიობი, რომელიც კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა. ამ სპექტაკლში იყო რამდენიმე თამამი სცენა, რომელიც მე და რამაზს გვქონდა. ეტყობა, იმ კაცს ამ სცენებმა დაუტოვა ჩემზე ისეთი შთაბეჭდილება, რომ თავს უფლება მისცა ალისას გაარშიყებოდა. ერთ-ერთი სპექტაკლის შემდეგ ბანკეტი მოგვიწყვეს. მაგიდასთან, ჩემგან მოშორებით, ის კაციც იჯდა. უცებ პატარა ყუთი ამოიღო ჯიბიდან და გვერდით მჯდომს ანიშნა ჩემზე, გადაეცითო. მთელი სუფრა მოიარა ამ ყუთმა და ჩემამდეც მოაღწია. გავხსენი ეს ლამაზი, უცხოდ შეფუთული კოლოფი და რას ვხედავ... შიგნით დევს ულამაზესი, ხელით ნაკეთი ოქროს ფოთოლი თავისი ძეწკვით. საკმაოდ ძვირად ღირებული სამკაულია. ასე რომ, ალისამ თავისი თამამი ყოფაქცევის გამო დაიმსახურა ეს საჩუქარი. თან წარწერაც ახლდა ყუთს, სადაც ეწერა, რომ მეპატიჟებოდა თავის ვილაში. როცა ვიკითხე, ვინ არის-მეთქი, მითხრეს, კავშირგაბმულობის მინისტრია და არც ცოლი ჰყავსო.
– დაპატიჟება მიიღეთ?
– ქართველი ქალი ხომ იცით? ჯიუტად დავდექი, ეს როგორ შემომთავაზა-მეთქი. ახლა კი ვნანობ, მაგრამ... მოკლედ, ვუთხარი, დაპატიჟებისთვის გმადლობთ, მაგრამ არ წამოვალ-მეთქი. მითხრა, ბანკეტის შემდეგ სასტუმრომდე მანქანით მიგაცილებთ და თუ გზაში გადაიფიქრეთ, შემატყობინეთო. მართლაც, მთელი გზა უკან ვიხედებოდი – არაჩვეულებრივი „მერსედესით“ მოჰყვებოდა კუდში ჩვენს მიკროავტობუსს და თან აპიპინებდა. თავადაც სიმპათიური, ცისფერთვალება, ნაღდი იტალიელი მამაკაცი იყო.
– ესე იგი, მინისტრის ცოლობაზე უარი თქვით?
– კაცმა არ იცის, ცოლობას შემომთავაზებდა თუ არა... (იცინის). მაგრამ, მის გრძნობებს რომ ცივად ვუპასუხე, ეს ფაქტია. მან სავიზიტო ბარათიც მომცა, რომელსაც კარგა ხანს ვინახავდი, მერე კი დავკარგე. ჩემს მეუღლეს მოვუყევი იტალიიდან დაბრუნებულმა ეს ისტორია და, როგორც გაირკვა, სწორედ მან გადამალა სადღაც ის სავიზიტო ბარათი. სახლში ვეძებე, მაგრამ ვეღარსად ვნახე. თორემ, ახლა ხომ დავეკონტაქტებოდი ჩემს ძველ „პაკლონიკს“ (იცინის).
– უცხოეთში ჩასვლისას ძვირად ღირებულ სასტუმროს ირჩევთ თუ ამას მნიშვნელობა არ აქვს?
– არ დამავიწყდება, ავსტრალიაში, რამაზ ჩხიკვაძის შემოქმედებითი საღამო ჩატარდა და რვა მსახიობი წაგვიყვანა. ძალიან მაღალი დონის სასტუმროში დავბინავდით. ისეთი იატაკი ეგო, ფეხს რომ ადგამდი, გეგონებოდა მინდორში ხარო. ოთახში იყო კარი, დააჭერდი ღილაკს ხელს, კარი იღებოდა, შეხვიდოდი და პირდაპირ აუზთან ჩადიოდი. დუბაიში კი სასტუმროდან ისეთი ხედი დამხვდა... ფარდა გადავწიე და რას ვხედავ: ულამაზეს აუზში წყალი ლივლივებს. იმ ღამესვე ვისკუპე ფანჯრიდან და ნომრიდან პირდაპირ წყალში ამოვყავი თავი. ეს განცდა არასდროს დამავიწყდება.
– შოპინგებზე სიარული გიყვართ?
– უცხოეთში ჩასულს ძალიან მიყვარს შოპინგებზე სიარული. ყველასთვის ვიძენ საჩუქრებს და ვცდილობ, შინ დაბრუნებულმა ამით გავახარო მეგობრები. ერთხელ გასტროლებზე ვიყავით საბერძნეთში. რობერტ სტურუამ გაგვაფრთხილა, არ დავინახო, ვინმემ ჭაღი იყიდოთ და ათრიოთო. არადა, ძალიან ლამაზი ჭაღები იყო და, არც იაფი ღირდა. მაღაზიაში რომ შევედი და ეს ჭაღები დავინახე, რობიკოც დამავიწყდა, თეატრიც და გასტროლებიც. მოკლედ, საკმაოდ დიდი თანხა გადავიხადე და ვიყიდე. თან ვიფიქრე, ახლა ეს ისე როგორ წავიღო, რომ რობიკომ არ დაინახოს-მეთქი. კარგად შევფუთე და მალულად წამოვიღე. ჩამოვედით თბილისის აეროპორტში. შეფუთული ჭაღი რომ დაინახა მოსაცდელში, სადაც ავტობუსს ველოდებოდით, იყვირა, ეს ვისიაო, თან ფეხი მიარტყა. როგორ ვიტყოდი, რომ ჩემი იყო. გავისუსე. ის კი მოვახერხე მეთქვა, ჩვენი არ არის, ეტყობა, სხვა მგზავრისაა-მეთქი. დაიჯერა. ახლა თქვენ დამიჯერებთ, რომ ის გატეხილი ჭაღი დღემდე ჩემს სახლში ჰკიდია და რობიკომ ამის შესახებ არც არაფერი იცის?! (იცინის).
ნონა დათეშიძე