როგორ ეხმარებოდნენ ოსური ფორმირებები საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას რუსული სამხედრო თვითმფრინავების ჩამოგდებაში
რუსეთის სტრატეგიისა და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრმა დაპირებისამებრ აგვისტოს ომის წლისთავზე უკვე გამოაქვეყნა წიგნი „აგვისტოს ტანკები“. წიგნს სამი ავტორი ჰყავს: მიხაილ ბარაბანოვი, ანტონ ლავროვი და ვიაჩესლავ ცელუიკო. წიგნი რამდენიმე თავისგან შედგება: პირველ თავში მოთხრობილია ქართული არმიის მშენებლობის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში. მეორე ნაწილი ეხება საომარი მოქმედებების ქრონოლოგიას. მესამე ნაწილი 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ქართული არმიის მდგომარეობასა და ამიერკავკასიაში შექმნილ ძალთა ბალანსს ასახავს. ასევე, წიგნი მოგვითხრობს ომის მიმდინარეობისას ქართული ძალებისა და რუსული ავიაციის დანაკარგების, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ბაზების მოწყობის შესახებ. ვფიქრობთ, ქართველი მკითხველისთვის საინტერესო იქნება იმის გაგება, თუ როგორ ხედავს მოწინააღმდეგე 2008 წლის აგვისტოს ომს. ამჯერად ყურადღებას შევაჩერებთ რუსული ავიაციისა და ქართული შეიარაღებული ძალების დანაკარგებზე, რაზეც მისი ავტორი ანტონ ლავროვი მოგვითხრობს.
– რა დანაკარგები ჰქონდა რუსულ ავიაციას აგვისტოს ომის დროს და რა იყო ამის მიზეზი: ქართული ჰაერსაწინააღმდეგო ძალების სათანადო დონე თუ რუსული სამხედრო ავიაციის ხარვეზები?
– ყველაზე დიდი მოულოდნელობა სწორედ რუსული ავიაციის დანაკარგები იყო აგვისტოს ხუთდღიან ომში. თავდაპირველად ასეთ მცირეხნიან და არათანაზომადი ძალის მქონე მოწინააღმდეგესთან ომში რუსული თვითმფრინავების დანაკარგები აიხსნა ქართული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების ეფექტურობით, თუმცა რუსული თვითმფრინავების დაღუპვის დეტალური ანალიზისას სურათი შეიცვალა.
მხარეების ოფიციალური ინფორმაცია დანაკარგების შესახებ განსხვავდება ერთმანეთისგან: რფ-ის მაღალჩინოსნების განმარტებით, რუსულმა მხარემ დაკარგა 4 თვითმფრინავი: სამი „სუ-25“ და ერთი მოიერიშე „ტუ-22მ3“. ქართული მხარის ვერსიით, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს გამოაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, საომარი მოქმედებების მიმდინარეობისას, საერთო ჯამში, ქართველებმა 21 რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს. თუმცა, რეალურად, ქართულმა მხარემ მხოლოდ ერთი ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის ფოტოები და ვიდეომასალა გამოაქვეყნა. ჩვენი მონაცემებით, პირველი დანაკარგი რუსული ავიაციის მხრიდან იყო „სუ-25“, რომელსაც მართავდა პოდპოლკოვნიკი ოლეგ ტერებუნსკი. ის ზარის გზაზე ჩამოაგდეს „სამხრეთ ოსეთის“ შეიარაღებულმა ნაწილებმა. თვითმფრინავის ჩამოგდება დააფიქსირა „ვესტის“ გადამღებმა ჯგუფმა და ის ჩამოგდებულ ქართულ თვითმფრინავად გაასაღეს. ამის მიზეზი იყო ის, რომ რამდენიმე საათით ადრე ოთხმა ქართულმა „სუ-25-მა“ იერიში მიიტანა მიმდებარე ტერიტორიაზე, ამიტომაც ოსურმა მხარემ იფიქრა, რომ მეხუთე „სუ 25-იც“ ქართველების იქნებოდა და ამ მიზეზით ჩამოაგდეს. პირველ და ყველაზე დიდ წარმატებას ქართულმა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა მიაღწიეს საომარი მოქმედებების დაწყებიდან ერთი დღის შემდეგ: როდესაც მათ 9 აგვისტოს, დილით, ჩამოაგდეს რუსული მოიერიშე „ტუ-22მ3“, საჩხერის რაიონის ტერიტორიაზე. რუსული მოიერიშე ასრულებდა გაფრენას ქართული ქვეითი ნაწილის ბაზის დასაბომბავად. თვითმფრინავის მეთაური დაიღუპა, მეორე პილოტმა კი, მაიორმა ვიაჩესლავ მალკოვმა, მოასწრო კატაპულტირება, მაგრამ ტყვედ ჩავარდა. 19 აგვისტოს მაიორი მალკოვი გაცვალეს ქართველ ტყვეებზე. იმავე დღეს, ქართულმა მხარემ ჩამოაგდო კიდევ ერთი რუსული მოიერიშე „სუ 24მ“. ის ორ ბომბდამშენთან ერთად ასრულებდა ჯგუფურ გაფრენას ქართული არტილერიის ჩასახშობად. თვითმფრინავი მრავალრიცხოვანი ქართველი თვითმხილველის თვალწინ იქნა ჩამოგდებული. ამის ამსახველი კადრები გადაღებულია მობილურ ტელეფონებზე და დევს ინტერნეტშიც. შტურმანი დაიღუპა, მეთაური კი დაშავდა და ტყვედ ჩავარდა. ისიც 19 აგვისტოს გაიცვალა, მაიორ მალკოვთან ერთად, ქართველ ტყვეებში. თითქმის იმავდროულადვე ჩამოაგდეს ქართველებმა კიდევ ერთი რუსული მოდერნიზებული „სუ-25სმ“, მას იერიში მიჰქონდა ქართული ჯარის კოლონაზე, რომელიც გორი-ცხინვალის გზაზე გადაადგილდებოდა. პილოტმა მოასწრო კატაპულტირება და გადარჩა. თუმცა დღემდე გაუგებარია, თუ ვინ ჩამოაგდო ეს თვითმფრინავი. შესაძლოა, ის ისევ ოსურმა ძალებმა ჩამოაგდეს, რომლებსაც შეცდომით ქართული ეგონათ. საერთო ჯამში, 9 აგვისტო ყველაზე მძიმე დღე იყო რუსული ავიაციისთვის ამ ომის განმავლობაში, ერთ დღეში რამდენიმე თვითმფრინავი დაკარგა. შემდეგი იყო „სუ-25ბმ“. მას ჰქონდა ამოცანა, რომ დაეცვა რუსული სამხედრო კოლონის გადაადგილება ჯავიდან ცხინვალისკენ. თვითმფრინავი ჩამოაგდეს, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ეს იყო ქართული თვითმფრინავი, რომელიც რუსულმა ძალებმა გაანადგურეს. მაგრამ, რეალურად ეს რუსული ავიაციის კუთვნილი თვითმფრინავი იყო, რომელიც რუსებმავე ჩამოაგდეს. 11 აგვისტოს, დილით, ჩამოაგდეს კიდევ ერთი რუსული „სუ-24მ“, მაგრამ არა ქართულმა, არამედ – რუსულმა სახმელეთო ძალებმა, რომლებიც გორისკენ მიიწევდნენ. ისევ იმავე მიზეზით: თვითმფრინავი ქართული ეგონათ. ეკიპაჟმა მოასწრო კატაპულტირება. უკვე საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, 16 აგვისტოს, ღამით, „იუჟნაია ოსეტიაში“ კატასტროფა განიცადა ვერტმფრენმა „მი-8მტკო-მ, “ აეროდრომზე დაფრენისას გამოედო მეორე ვერტმფრენს და ცეცხლი გაუჩნდა.
– საერთო ჯამში, თქვენი მონაცემებით, რა დანაკარგები ჰქონდა რუსულ მხარეს როგორც ტექნიკის, ისე ცოცხალი ძალის მხრივ?
– დაიღუპა ეკიპაჟის 4 წევრი, ქართულმა მხარემ ტყვედ აიყვანა ორი მფრინავი: პოლკოვნიკი ზინოვი და მაიორი მალკოვი, რომლებიც, როგორც გითხარით, გაცვალეს ქართველ ტყვეებში და დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება ერთი სამხედრო მოსამსახურე. რაც შეეხება ტექნიკის დანაკარგებს: რუსულმა ავიაციამ დაკარგა 6 საფრენი საშუალება: ერთი – „სუ-25სმ“ და ორი – „სუ-25ბმ“, ორი – „სუ24მ“ და ერთი – „ტუ-22მ3“. მათგან ორი ნამდვილად ქართულმა მხარემ ჩამოაგდო, სამი ეგრეთ წოდებული „მეგობრული ცეცხლით განადგურდა და დღემდე დაუდგენელია, როგორ ჩამოვარდა კიდევ ერთი თვითმფრინავი. გარდა ჩამოგდებული თვითმფრინავებისა, ოთხმა „სუ-25-მა“ მიიღო სერიოზული დაზიანებები, თუმცა აეროდრომებამდე მიფრენა მოახერხეს. ასე რომ, ჩვენს ხელთ არსებული ფაქტები არ ადასტურებს თავდაპირველ ვერსიას ქართული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების ეფექტურობის შესახებ.
რაც შეეხება საბრძოლო გაფრენებს: პირველი დღე-ღამის განმავლობაში რუსულმა სამხედრო ავიაციამ განახორციელა რამდენიმე ათეული გაფრენა. იერიშები მიჰქონდა არა მხოლოდ საომარი მოქმედებების ტერიტორიაზე, არამედ საქართველოს სიღრმეშიც და თითქმის ყოველთვის იყენებდნენ არამართვად იარაღს. 9 აგვისტოს შემდეგ ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა უკვე ვერც ერთი რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდება ვეღარ შეძლეს. ქართულმა ძალებმა მხოლოდ ერთხელ მიაღწიეს მიზანს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემით, უფრო ეფექტურად მოქმედებდნენ ისინი საზენიტო-სარაკეტო დანადგარებით. მიუხედავად ამისა, ძალიან უსიამოვნო იყო ის ფაქტი, რომ რუსული თვითმფრინავების თითქმის ნახევარი „მეგობრული ცეცხლით“ იქნა ჩამოგდებული, რაც ადასტურებს, რომ არ არსებობდა კოორდინაცია შეიარაღებულ ძალებს შორის. ფაქტობრივად, არ არსებობდა კავშირი ქვეითებსა და ავიაციას შორის და ისინი ორ სხვადასხვა ომს აწარმოებდნენ: მფრინავებს არ ჰქონდათ ზუსტი ინფორმაცია, რა ხდებოდა მიწაზე, არ ჰქონდათ ინფორმაცია საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შესახებ. თავის მხრივ, არც რუს ქვეითებს ჰქონდათ ინფორმაცია, რა ხდებოდა ჰაერში და არ იყვნენ დარწმუნებული, რომ იქ რუსული ავიაცია ბატონობდა. რუსული თვითმფრინავები რუსებსა და ოსებს ხშირად ქართული ეგონათ, უხსნიდნენ ცეცხლს: მათ ათჯერ მიიტანეს იერიში რუსულ თვითმფრინავებზე ყველანაირი საბრძოლო საშუალებიდან და სწორედ ამან გამოიწვია რუსული ავიაციის დიდი დანაკარგები.
– როგორი იყო, თქვენი მონაცემებით, ქართული მხარის დანაკარგები?
– ოფიციალური მონაცემებით, ქართული არმიის დანაკარგები შემდეგნაირია: დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგულია 170 სამხედრო მოსამსახურე, დაჭრილების რაოდენობა კი 1 964 ადამიანს შეადგენდა. ასეთ დიდი განსვლა დაჭრილებსა და დაღუპულებს შორის მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ჰქონდათ ინდივიდუალური თავდაცვის თანამედროვე საშუალებები: ჯავშანჟილეტები და „კასკები“. ქართველები ძირითადად დაიჭრნენ რუსული საარტილერიო და საავიაციო იერიშის შედეგად, ასეთ პირობებში თავდაცვის ინდივიდუალურ საშუალებებს მინიმუმამდე დაჰყავს მსხვერპლის ოდენობა. ქართული მონაცემებით, კარგად იმუშავა სამედიცინო-საევაკუაციო სამსახურმაც. ჩვენი მონაცემებით, ყველაზე დიდი ადამიანური დანაკარგი ჰქონდა მეოთხე ბრიგადას, რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა 8 და 9 აგვისტოს ცხინვალისთვის ბრძოლებში. მისი 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონი მოხვდა რუსული ავიაციის ცეცხლის ქვეშ „დუბოვაია როშჩაში“ და მხოლოდ იქ დაიჭრა და დაიღუპა 100-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. მეორე ქვეითმა ბრიგადამ ყველაზე მეტი დანაკარგი განიცადა 11 აგვისტოს, როდესაც უკან დახევისას, ბრიგადა ზურგში შეეჯახა რუს მედესანტეებს. ცალკეულმა სატანკო ბატალიონებმა თავიანთი მთავარი დანაკარგები განიცადეს 8 აგვისტოს ცხინვალსა და მის შემოგარენში, სადაც დაკარგეს 7 ტანკი. დაახლოებით, 15 ქართველი მოსამსახურე ჩავარდა ტყვედ. ეროვნულმა გვარდიამ ყველაზე დიდი დანაკარგები განიცადა 8-დან 9 აგვისტოს ღამით, როდესაც სენაკის ბაზის დაბომბვისას დაიღუპა 9 რეზერვისტი. ქართულმა საჯარისო ფორმირებებმა, საერთო ჯამში, დაკარგა პირადი შემადგენლობის, დაჭრილებითა და დახოცილებით, 15 პროცენტი, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია ასეთი მცირეხნიანი კონფლიქტისთვის. მინიმალური დანაკარგები ჰქონდა, ანუ მხოლოდ დაჭრილები ჰყავდა საარტილერიო დანაყოფს. საგრძნობლად დასუსტებული მეორე და მეოთხე ბრიგადისა და ცალკეული სატანკო ბატალიონების ფონზე, ყველაზე ნაკლებად დაზარალდნენ: პირველი ქვეითი ბრიგადა, რომელიც ერაყიდან ჩამოვიდა და მესამე ქვეითი ბრიგადა. მათ მთლიანობაში შეინარჩუნეს ბრძოლისუნარიანობა. ამასთან, საერთოდ არანაირი ზარალი არ განუცდია ელიტურ სამხედრო დანაყოფებს.
– რა იყო, თქვენი აზრით, ქართული მხარის ასეთი დიდი დანაკარგების მიზეზი?
– ქვეით ბრიგადებს შორის არ არსებობდა კავშირი, დაიღუპნენ და დაიჭრნენ ბატალიონების მეთაურები, თუმცა ბატალიონების დონეზე მართვა მაინც შენარჩუნებული იყო, მაგრამ ზოგიერთი ნაწილი დაიყო ცალკეულ მცირე ნაწილებად, მათ არ ჰქონდათ ერთმანეთთან კავშირი და მოქმედებდნენ დამოუკიდებლად. არ იყო ორგანიზებული უკან დახევა, რამაც გამოიწვია პანიკა და ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა მიატოვეს შეიარაღება. ძლიერი მორალურ-ფსიქოლოგიური დარტყმა იყო ინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ, რომ მეოთხე ბრიგადა სრულიად განადგურდა, რომ უამრავი რუსი სამხედრო შევიდა საქართველოს ტერიტორიაზე და მოსალოდნელი იყო თბილისის შტურმი. რუსული სამხედრო ვერტმფრენების ხშირმა ფრენამ კი გამოიწვია ეგრეთ წოდებული „ავიაშიში“ ქართულ შეიარაღებულ ძალებში.
– როგორია, თქვენი მონაცემებით, ქართული მხარის სამხედრო ტექნიკის დანაკარგები?
– საომარი მოქმედებების დროს ყველაზე მეტი ტანკი დაიკარგა: საერთო ჯამში, ცხინვალთან განადგურდა 10 ქართული „ტ-72“. ძირითადი დანაკარგები ქართველებმა განიცადეს 8 აგვისტოს ცხინვალის შტურმისას. ქართულმა ძალებმა დაკარგეს რამდენიმე „ბე ემ პე“ და ჯავშანმანქანა „კობრა“. მიუხედავად იმისა, რომ ქართული არტილერია უშუალოდ კონფლიქტის ზონასთან მუშაობდა და მუდმივად რუსული ავიაციისა და არტილერიის ცეცხლის ქვეშ იმყოფებოდა, მათ მხოლოდ ერთი ტექნიკური დანაკარგი აქვთ: ერთი თვითმავალი „დანა“. ექვსი „დანა“ მათ მიატოვეს 11 აგვისტოს უკან დახევისას, ისიც ტექნიკური გაუმართაობის გამო, მაგრამ 12 აგვისტოს ქართულმა ძალებმა მოახერხეს მათი ევაკუაცია. ასე რომ, რუსების ხელში აღმოჩნდა მხოლოდ ერთი თვითმავალი ჰაუბიცა, რომელიც გორის ბაზაზე ნახეს და კიდევ ერთი „დანა“, გორთან მიტოვებული. უკან დახევისას ქართულმა არტილერისტებმა დამალეს ექვსი თვითმავალი ზარბაზანი „პიონი“, რომლებიც ჯერაც ვერ აღმოაჩინეს რუსულმა ჯარებმა. რაც შეეხება ავიაციას: საომარი მოქმედებების დროს ქართულმა ავიაციამ დაკარგა 3 სატრანსპორტო თვითმფრინავი და 4 ვერტმფრენი. ავიაციის ასეთი მცირე დანაკარგები აიხსნება იმით, რომ ქართული საბრძოლო ავიაცია ჰაერში მხოლოდ 8 აგვისტოს დილით აფრინდა. ამის შემდეგ ქართულმა მხარემ გადამალა თავისი ავიაცია, თუმცა ვერტმფრენებს ეპიზოდურად იყენებდა 11 აგვისტომდე. რაც შეეხება ფლოტსა და სანაპირო დაცვას: ფაქტობრივად, ყველა ვარგისი სამხედრო ხომალდი და კატარღა ფოთიდან ბათუმში გადაიყვანეს. დაცარიელებულ ფოთის პორტში დარჩენილი იყო მხოლოდ ორი კატერი და რამდენიმე სანაპირო დაცვის კატარღა. უცნობია, რატომ არ გადაიყვანეს ისინიც ბათუმში, ალბათ, ტექნიკური გაუმართაობის გამო. შესაბამისად, ფოთის ბაზას სერიოზული დაზიანებები არ მიუღია. ომის მიმდინარეობისას, განადგურდა ყველა ასაფრენი ბილიკი საქართველოს ტერიტორიაზე. თუმცა, მაგალითად, კოპიტნარში ჩამოგდებულ იქნა 60 ბომბი, რამაც, მართალია, შეუძლებელი გახადა იქიდან თვითმფრინავების აფრენა და დაფრენა, მაგრამ 30 ბომბი არ აფეთქდა. ყველაზე დიდი ზარალი მიადგა მეორე ბრიგადისა და სენაკის ავიაბაზებს, თუმცა, კოპიტნარის მსგავსად, ბომბების ნაწილი არც აქ აფეთქდა და ვერ მოხერხდა ინფრასტრუქტურის, სამხედრო მარაგებისა და ტექნიკის სრულად განადგურება.
– ლაპარაკი იყო, რომ ქართულმა მხარემ დიდი რაოდენობით ტანკები დაკარგა, თქვენი მონაცემებით, ეს ასე არ არის?
– ამ მხრივ, დანაკარგები ზომიერი იყო და არ გადასცილებია 20 ერთეულს, იგულისხმება ყველა ტიპის ჯავშანმანქანა. ეს აიხსნება იმით, რომ რუსულ და ქართულ ნაწილებს შორის უშუალო ბრძოლები არ ყოფილა. ამასთან, რუსულმა ავიაციამ ვერ შეასრულა წარმატებით თავისი ამოცანა და ვერ შეძლო ქართული მძიმე ტექნიკისა და ავიაციის განადგურება. ქართული მხარის ყველაზე მთავარი დანაკარგია პირადი შემადგენლობის დანაკარგი. 12 აგვისტოს პირადი შემადგენლობის მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო, თუმცა, მიუხედავად ამისა და დეზორგანიზაციისა, ქვეითთა ნახევარი მზად იყო, გაეწია ორგანიზებული წინააღმდეგობა თბილისის ბუნებრივად გამაგრებულ მისადგომებთან. მიუხედავად სამხედრო დანაკარგებისა, ქართული შეიარაღებული ძალებისა და შინაგანი ჯარის ნაწილების რაოდენობა დაახლოებით იგივე იყო, რაც რუსული ძალების რაოდენობა. ამდენად, რუსეთის პრეზიდენტის მიერ 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერა რომ დასრულებულიყო ბრძანებით: „სდექ“ და რუსეთის ჯარს არ დაეკავებინა გორი, სენაკი, ფოთი და საქართველოს სხვა ქალაქები და დასახლებული პუნქტები, ორი აზრი არ არსებობს: ქართული ჯარი გადაარჩენდა მთელ თავის შეიარაღებასა და არსენალს და ეს საშუალებას მისცემდა საქართველოს, ყოველგვარი მატერიალური დანაკარგების გარეშე გამოსულიყო ამ ომიდან.
P. S. ჩვენ განზრახ არ გავუწიეთ ოპონირება რესპონდენტს, რათა მიგვეღო მაქსიმალური ინფორმაცია, გაგვეგო მისი მოსაზრება და შეფასება აგვისტოს ომის შესახებ, რაც ხანდახან თვით საგნობრივ კამათზეც კი არანაკლებ მნიშვნელოვანია.