რატომ არ მოსწონს წარსულში მამა ბასილ კობახიძეს მცხეთის ჯვარი და სამების ტაძარი
საზოგადოებას ახსოვს, წარსულში მამა ბასილ კობახიძის სკანდალური განცხადებები ქართული ეკლესიის მისამართით, თუმცა ვასილ კობახიძე, რომელმაც, როგორც თავად ამბობს, სამი წლის წინათ პროტესტის ნიშნად დატოვა ქართული ეკლესია, ტრადიციას არც ამჯერად ღალატობს და უწინდელზე არანაკლებ სკანდალურ განცხადებებსაც აკეთებს. სწორედ ამ მიზეზით შევხვდით მას და გავესაუბრეთ. ინტერვიუს, ჟურნალის ფორმატიდან გამომდინარე, შემოკლებით გთავაზობთ.
– ბოლო რამდენიმეწლიანი პასიურობის შემდეგ, ისევ გააქტიურდით, რატომ?
– უბრალოდ ქართულ მედიას ეშმაკისგან უფრო ურჩევნია ინტერვიუს აღება, ვიდრე ჩემგან. მედიასივრცეში ჩემი ინტერვიუები არ იბეჭდებოდა იმ მიზეზით, რომ ის საკითხები, რომლებზეც მე ვსაუბრობ, ტაბუირებულია. თუმცა ეგრეთ წოდებულ თავისუფალ ინტერნეტსივრცეში ჩემი სტატიები ვრცელდებოდა როგორც ანალიტიკურ, ისე მიმდინარე პრობლემებზე. მეც გამიხარდებოდა, ახალი არაფერი ყოფილიყო, მაგრამ სიტუაცია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, კიდევ უფრო დამძიმდა. მე ვსაუბრობ იმ საკითხებზე, რაშიც ჩემს თავს კომპეტენტურად მივიჩნევ: ეს არის სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა, მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებული შიდა მდგომარეობა. მაშინ ვფიქრობდი, რომ უფსკრულის ფსკერს უკვე მივაღწიეთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჯერ კიდევ ბევრი გზა გვაქვს გასავლელი ფსკერამდე.
– „ფსკერში“ რას გულისხმობთ?
– უპირველეს ყოვლისა, ეს არის ექსტრემისტული და შავბნელი მსოფლმხედველობა, რომელსაც მთლიანად მართლმადიდებელი ეკლესია თავზე ახვევს მრევლსა და საზოგადოებას. ეს არის პრორუსული იდეოლოგიური პროპაგანდა მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების გამოყენებით. მხედველობაში მაქვს რუის-ურბნისის მიტროპოლიტი იობი, რომლის ხელმძღვანელობით გამომავალმა ჟურნალმა დაბეჭდა, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსის ჯარი არის ღმერთის მიერ გამოგზავნილი.
– სად დაიბეჭდა ეს?
– ჟურნალ „ქვაკუთხედში“. ჩვენ ვთქვით ამის შესახებ, ტელევიზიითაც ითქვა, მიუხედავად ტაბუირებისა, მაგრამ არათუ საყვედური უთხრეს მიტროპოლიტ იობს, არამედ კიდევ უფრო დაიახლოვეს.
– რის თქმა გინდათ? რომ საქართველოს ეკლესია მიესალმება რუსეთის ჯარის მიერ საქართველოს დაპყრობას და დარბევას?!
– საქართველოს ეკლესიამ ეს უკვე განაცხადა ამ ქმედებით. საქართველოს სინოდის წევრი მიესალმა რუსულ ბომბებს საქართველოს ტერიტორიაზე და თქვა, რომ ეს არის ღმერთის მცდელობა, შეცვალოს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ორიენტაცია. ჩემი შეხედულებით, საქართველოს საპატრიარქო არის კრემლის პოლიტიკის გამტარებელი, არის მოსკოვის საპატრიარქოს ფილიალი და შესაბამისი სიტუაციაც გვაქვს. მე მხედველობაში მაქვს ის ურთიერთობები და მიმოსვლები, რასაც ახორციელებს საპატრიარქოს დელეგაციები, როდესაც მოხდა რუსეთთან ურთიერთობის აქტუალიზება, როდესაც კათოლიკოს-პატრიარქი შეხვდა მედვედევს და ვითომ გაათავისუფლა პერევი...
– გადიოდნენ, არა, პერევიდან?!
– მე არ ვიცი, თქვენი ჟურნალი როგორი პოლიტიკური ორიენტაციისაა.
– არანაირი პოლიტიკური ორიენტაცია არ გვაქვს.
– პერევის ამბავი არის სისულელე და ჩვენი საზოგადოების მოტყუება, რასაც წარმატებით ახორციელებს ჩვენი მედიის დიდი ნაწილი და, უპირველესად, საქართველოს საპატრიარქოს ჟურნალები. მეორე ტყუილი არის ის, რომ მოსკოვის საპატრიარქო წავიდა რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ და არ აღიარებს ცხინვალსა და აფხაზეთს.
– დარწმუნებული ვარ, ყველამ იცის, რომ ეს არის რუსული პოლიტიკის თამაში: რუსული ეკლესია არ აღიარებს, რა თქმა უნდა, რუსეთის ხელისუფლების სურვილით, ყველა ხიდი არ დაწვა იმისთვის, რომ გვევაჭროს?
– მიხარია, თუ თქვენ ასეთი აზრი გაქვთ, მაგრამ ვაკეთებ რა ამ საკითხების მონიტორინგს ჩვენს პრესაში, ვმსჯელობ რა ჩვენი პოლიტოლოგების გამონათქვამებით, აქ ამ ამბავს დიდი სიხარულით ხვდებიან. საერთოდ, რელიგიის ფაქტორს კრემლი ყველაზე ეფექტურად იყენებს. როდესაც პრეზიდენტი მედვედევი ამბობს, ჩვენ არ ვცნობთ საქართველოს არც ერთ ლეგიტიმურ ხელისუფლებას და ვცნობთ მხოლოდ ამ ერის სულიერ ლიდერებს, როგორებიც არიან ილია მეორე და მალხაზ გულაშვილი...
– მე არ მომისმენია, მედვედევს ეთქვას, მალხაზ გულაშვილს ვცნობ სულიერ ლიდერადო, როდის თქვა?
– ამას მე ვამბობ და მხედველობაში მაქვს სახალხო დიპლომატიის ის პროცესი, რომელსაც ახორციელებს რუსეთის საზოგადოებრივი პალატა, კრემლის ორგანიზაცია.
– რა თქმა უნდა, მაგრამ მთელი რუსეთი კრემლია?
– ეს იყო „კაგებეს“ ორგანო და აქ ჩემთვის პრობლემაა ის, რომ ეს ყველაფერი დალოცვილი იქნა კათოლიკოს-პატრიარქის მიერ. მან დალოცა მალხაზ გულაშვილი და თან გააყოლა ჭყონდიდის ეპისკოპოსი.
– აბა, უნდა დაეწყევლა და ეს უფრო ქრისტიანული იქნებოდა?
– არ უნდა მიეღო მონაწილეობა ამაში, არ უნდა ჩაედინა მკრეხელობა და წმიდა პანტელეიმონის ხატი არ უნდა გაეგზავნა რუსეთის საზოგადოებრივი პალატისთვის.
– მე პირიქით მგონია.
– კათოლიკოს-პატრიარქს არ აქვს უფლება, ეკლესიის დაუკითხავად, ეკლესიისა და ღმერთის სახელით მიიღოს მონაწილეობა მართლმადიდებელი სიწმიდეებით მანიპულირებაში. მათ შორის უკანასკნელია ის, რომ რუსეთის ახალმა პატრიარქმა კირილემ ვლადიმირის სახელობის ხატის ასლი გამოგზავნა. ხატს აეროპორტში მუხლმოდრეკით დახვდნენ და ხელით ჩამოიტანეს.
– აბა, უნდა გადაემსხვრიათ თვითმფრინავზე? მართლმადიდებლები ხომ ვცემთ პატივს ზოგადად მართლმადიდებლურ სიწმიდეებს?
– მე ამას არ ვამბობ. მე ვამბობ, რომ კრემლის რელიგიურ თამაშებში არ უნდა მიიღოს მონაწილეობა საპატრიარქომ. აქვე დავამატებ საზოგადოებისთვის უცნობ დეტალებს: ეს დელეგაციები, რომლებიც ხშირად ჩადიან მოსკოვში, მოსკოვის სასულიერო მაღალჩინოსნების გარდა, რომლებიც ანაფორის ქვეშ „კაგებეშნიკები“ არიან, ხვდებიან კრემლის მაღალჩინოსნებს. ისეთებს, როგორებიცაა მინისტრ ლავროვის მოადგილე კარასინი, მედვედვის პირადი წარმომადგენელი შვიდკოი, ყოფილი ელჩი საქართველოში კოვალენკო და არც ამბობენ, რაზე საუბრობენ მათთან.
– თქვენ ხომ არ იცით, რაკი გცოდნიათ, რომ ასეთი შეხვედრა შედგა?
– ჩემთვის ცნობილია ის, რომ ისინი შეხვდნენ უფრო ნაკლებად ცნობილ, მაგრამ მნიშვნელოვან პერსონებს. ასევე, გაუგებარია ბატონი ზურაბ აბაშიძის ჩართვა საეკლესიო დელეგაციებში. ჩამოსვლის შემდეგ ის ამბობდა, რომ რუსეთის პატრიარქს ძალიან უყვარს საქართველო.
– ის დიპლომატია და ამბობს იმას, რასაც შეიძლება, არც ფიქრობდეს. ყოველდღიურობაშიც კი, თუ ჩვენი ნაცნობი ნაძირალაა, არ ვეუბნებით ამას, რადგან კარგად აღზრდილები ვართ.
– ეკლესიაში ასე არ არის, ეკლესია მოწოდებულია, იყოს მორალისა და ზნეობის წინა ფრონტზე. მე ვამბობ, რომ ჩვენი ეკლესია უნდა იყოს მორალისა და ზნეობის ეტალონი და არა ისეთი, როგორიც დღესაა: ეს არის შავბნელი ინსტიტუცია, რომელიც ემსახურება კრემლის ინტერესებს და აშინებს საზოგადოებას.
– რას გულისხმობთ? ვის აშინებენ?
– მხედველობაში მაქვს ცალკეული ადამიანების დაშინება, არამართლმადიდებელი ადამიანების დაშინება. ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციაა წმიდა დავით მეფის სახელობის მრევლი, რომელიც, ასევე, აშინებს სახელმწიფოს.
– რა ეტყობა ამ ხელისუფლებას წმიდა დავით მეფის სახელობის მრევლით შეშინებულის?!
– თუ მე მეკითხებით, ეს ჩემი აზრია.
– გეკითხებით, მაგრამ ჩემს აზრსაც ვამბობ, იმიტომ რომ მიკვირს, რასაც ამბობთ?
– ჩემი აზრით, ხელისუფლებას აშინებს მართლმადიდებლურ-პატრიოტული მიზეზით ხალხის აჯანყებითა და დამხობით, ამიტომაც ხელისუფლება, ერთი მხრივ, მედიაში კრძალავს საპატრიარქოს ყოველგვარ კრიტიკას.
– მე ვერ ვიტყოდი ამას მედიაზე.
– და, მეორე მხრივ, იქმნება ყოველდღიურად მოდღესასწაულე ეკლესიის ხატი. საზოგადოების დიდმა ნაწილმა იცის, რომ ეს დამოკიდებულება დაფუძნებულია შიშზე და სწორედ ამითაა გამოწვეული პრეზიდენტის, დედაქალაქის მერის პირმოთნეობა ეკლესიისადმი. დღეს ყველა ქადაგებს, პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებიც კი. ამას წინათ ვნახე, პრობაციის მინისტრის მოადგილის, კოკა სეფერთელაძის, ქადაგება.
– რას ამბობდა?
– ქადაგებდა და, საერთოდაც, ხშირად ვისმენ სხვადასხვა მაღალჩინოსნების ქადაგებებს. სწორედ შიშითაა განპირობებული ეკლესიის მოქრთამვა. მხედველობაში მაქვს საპატრიარქოსთვის უზარმაზარი ქონების გადაცემა. ეკლესიას გავლენა უნდა ჰქონდეს არა შიშით, არამედ მორალური ავტორიტეტით. დღეს კი რა შინაარსი აქვს ეკლესიის გავლენასა და ავტორიტეტს? ეს არის ისეთი მაგიური რეიტინგი და გავლენა, როგორიც ჰქონდათ ეგვიპტეში ქურუმებისადმი.
– მე არავის ვიცნობ ჩემ გარშემო ისეთს, ასეთი პრიმიტიული დამოკიდებულება რომ ჰქონდეს ეკლესიისადმი?
– თქვენ ჟურნალისტი ბრძანდებით და გეტყვით: პატრიარქმა სასულიერო პირებს აუკრძალა ინტერვიუების მიცემა ნებართვის გარეშე. მეტიც, ძალიან დამძიმდა ეს აკრძალვა, თუკი ნებართვის გარეშე რომელიმე სასულიერო პირი მისცემს ინტერვიუს ჟურნალისტს, ეს იქნება ანტიკანონიკური, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთ სასულიერო პირს დაედება საეკლესიო სასჯელი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მღვდლები პატრიარქის მონები არიან.
– მე, როგორც ჟურნალისტს, სასულიერო პირისგან ინტერვიუს აღების პრობლემა არასდროს შემქმნია. ვერ დავდებ თავს სასულიერო წესების ცოდნაზე, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, ეკლესია, სარწმუნოება დგას გარკვეულ წესებზე, რომლებისგანაც გადახვევა დაუშვებელია?
– ეკლესიაში სხვა რაღაცაა. ჩვენ ხომ ვხედავთ, რომ ჩვენი სასულიერო პირები ძვირად ღირებული მანქანებით დადიან და მათ კრიტიკას წარმოაჩენენ ღმერთის კრიტიკად?! უამრავი ადამიანია გაჭირვებული ამ ქვეყანაში და ამ დროს მხოლოდ იმ პირამიდის, რომელსაც სამების ტაძარს უწოდებენ, ღამეულ განათებაზე რამდენი ფული იხარჯება?!
– ალბათ, იმდენი, რამდენიც ტელეანძის, პრეზიდენტის სასახლის ან გარე განათებაზე?
– ეს კითხვა, აბა, სააკაშვილი ჯობია, არასწორია, რადგან პატრიარქი და სააკაშვილი რელევანტური ფიგურები არ არიან. თუ ჩინოვნიკი კარგად ცხოვრობს, ეს მისი საქმეა.
– ეს კი ნამდვილად არ არის მისი საქმე, იმიტომ რომ ჩინოვნიკი არსებობს ჩემით და ჩემ მიერ გადახდილი გადასახადებით.
– და ასჯერ მეტად ცუდია, როდესაც ამას აკეთებს სასულიერო პირი და მათ უბრალოდ ჩაანაცვლეს კანონიერი ქურდების ინსტიტუტი. მღვდლებს ავტომანქანებზე აქვთ სერია „ეკლ“, ისევე, როგორც პოლიციას – „პოლ“ და საწყალ მრევლს ხმა არ ამოეღება. ან რატომ არ უნდა შეიძლებოდეს კათოლიკოს-პატრიარქის კრიტიკა? რატომ ახშობს კრიტიკას?! თქვენ ხომ ჟურნალისტი ხართ: შეიძლება, არსებობდეს ადამიანი, რომლის კრიტიკაც არ შეიძლება?!
– ერთია, რომ ჟურნალისტი ვარ, მაგრამ მეორეა ის, რომ ეკლესია ცხოვრობს თავისი წესებით და დოგმებით და არა სიტყვის თავისუფლების დეკლარაციის პრინციპებით?
– რაც შეეხება საკრალიზაციის ხარისხს: ყველაზე ნაკლები საკრალიზაცია სწორედ ქრისტიანობაშია. გარდა ამისა, დოგმა და ადამიანი არ არის ერთი და იგივე.
– მე ეს არც მითქვამს.
– როდესაც საპატრიარქოს შემოაქვს და სპეკულანტობს „პივითა“ და სიგარეტით, ეს არის ამორალობა. ამას აღიარებს გაზეთ „საქართველო XXI საუკუნეში“ საპატრიარქოს ყოფილი ფინანსისტი. არადა, როგორც კი ერთი საცოდავი სტატია დაიბეჭდება მედიაში, პატრიარქი მაშინვე აკეთებს განცხადებას, გავაძლიეროთ ლოცვები, იმიტომ რომ მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია საპატრიარქოს წინააღმდეგო. ეპისკოპოსები ჟურნალისტებს ანათემით ემუქრებიან. ის არ ებრძვის ეკლესიას, ვისაც სიგარეტი შემოაქვს?! რა შუშია აქ ლოცვების გაძლიერება?!
– რა არის ცუდი ლოცვების გაძლიერებაში? 50-ე ფსალმუნი ცოდვების მისატევებელია, 90-ე – ავისგან დასაცავი. თუ ბევრჯერ წაიკითხავს, წამკითხველისთვისვე არ არის კარგი?!
– მე მომყავს საპატრიარქოს განცხადება: იმიტომ უნდა გავაძლიეროთ ლოცვები, რომ მედიაში გაძლიერდა ანტიეკლესიური კამპანიაო. ანუ რა? რაც უფრო ხშირად წავიკითხავთ 50-ე ფსალმუნს, ჟურნალისტებს დავუკარგავთ წერის სურვილს?!
– იქნებ დავუკარგავთ სიგარეტის შემოტანის სურვილს იმას, ვისაც ის შემოაქვს?
– თვითონვე შემოაქვთ! ეს არის მკრეხელური განცხადება. ვინ ჰგონიათ ამათ ღმერთი?
– ვინც ყველას თავისას მოჰკითხავს, მიუხედავად იმისა, რამდენჯერ აქვს წაკითხული 50-ე ფსალმუნი.
– აბსოლუტურად მაგიური დამოკიდებულებაა ლოცვისადმი, ფსალმუნებისადმი. ისევე, როგორც იმ პირამიდისადმი, არ მრცხვენია და გავიმეორებ: პირამიდისადმი, რომლის წინაც ჩერდებიან და პირჯვარს იწერენ, ყოველგვარი რელიგიური გრძნობის გარეშე. ამორალური საქციელია, დაადგა თბილისს ამხელა პირამიდა და გეგონოს, რომ ეს არის ქართველი ერის სახე.
– თქვენი ლოგიკით, მცხეთის ჯვარიც პირამიდაა, რომელიც მცხეთას თავზე დაადგეს?
– როგორ აშენდა ისიც? მეფე ბრძანებდა და შენდებოდა. საერთოდ, პეტერბურგი ადამიანების ძვლებზეა აშენებული.
– მაშინ ასე გკითხავთ: ვინ ვიქნებოდით დღეს ჩვენ, რომ არ გვქონდეს მცხეთის ჯვარი, სვეტიცხოველი, ვარძია, გელათი, ალავერდი? ადამიანები, რომლებმაც ბოლო 18 წელიწადში ორჯერ ვიომეთ და ორივეჯერ საკუთარ ჩრდილებს გამოვასწარით ბრძოლის ველიდან?!
– ეს არის ისტორიის იდეოლოგიზაციის შედეგი. მთავარია ადამიანი.
– რა თქმა უნდა, მაგრამ ადამიანი მთავარია იმით, რას შექმნის და დაუტოვებს მომავალ თაობებს? თქვენი ლოგიკით, დავით აღმაშენებელი უნდა შევაჩვენოთ, ძალიან სასტიკი იყოო?
– რატომ? დავით აღმაშენებელმა დაწერა „გალობანი სინანულისანი“.
– იქნებ სხვაც წერს, დავაცადოთ. თქვენ ჩემზე კარგად იცით, რომ ჩვენი სარწმუნოება ბოლო წუთამდე გაძლევს შესაძლებლობას, რაც უნდა ვიგინდარა და ცოდვილი იყო, მოინანიო და მოგეტევოს ყველაფერი.
– კი ბატონო, დავაცადოთ, მაგრამ ეკლესიური ცხოვრება ჭაობად გადაიქცა. გამოსავალი აქედან არის ის, რის ჩახშობასაც ცდილობს საპატრიარქო: საჯაროობა, დებატები და დისკუსია, ამ საკითხების პრესაში გამოტანა.
– თქვენ ამბობთ, რომ ქართული ეკლესია სავსეა აგენტებით, არის მოსკოვის საპატრიარქოს ფილიალი, უხარია, რომ რუსეთმა დაბომბა საქართველო, რაც სრული აბსურდია. ამის თქმა უფრო მეტი ზიანის მომტანი არ არის?
– გავმიჯნოთ საერო და საეკლესიო სფერო. საეკლესიო სფეროში, თუ არ გაქექე პრობლემა, დალპება. ამიტომაც სწორედ საჯაროობაა გამოსავალი. იმ სასულიერო პირებს რომ სცოდნოდათ, როგორც კი კორუფციულ საქმეს ჩავიდენ, ამაზე დაიწერებაო, არ ჩაიდენდნენ. თუ კრიტიკა იქნება, აღარ შეხვდებიან კარასინს. ხალხი მიდის ეკლესიაში იმისთვის, რომ დამშვიდდეს იმ ეგზისტენციალური შიშებისგან, რაც ამ ხელისუფლებამ ჩაუნერგა. ანუ ეკლესია არის დამამშვიდებელი წამალი და, როდესაც მოდის ვასილ კობახიძე და გვეუბნება, იქაც პრობლემებიაო, უფრო მძიმდება სიტუაცია. მაგრამ ქრისტიანობა არ არის პრობლემებისგან გაქცევა და მისტიკურ ნირვანაში ლივლივი. ქრისტიანობა არის მძაფრი და მტკივნეული ცხოვრება. ასე რომ, საჯაროობაა ერთადერთი გამოსავალი.
– მგონია, რომ საზოგადოებამ პოლიტიკური ცხოვრების საჯაროობას უნდა მიაღწიოს და შემდეგ გაერკვეს სულიერ საკითხებში.
– ეკლესიიდან უნდა დავიწყოთ, იმიტომ რომ დადებითი ეკლესიიდან უნდა გადაედოს ხელისუფლებას.
– ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ ხელისუფლების მოვალეობაა საზოგადოებაში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება.