ყველაზე ავადმყოფი ჯანმრთელები
ანუ „მე ღორისა არაფერი ვიცი“
„…ჟამიანის ფარდულში ვიყავი, ამიტომაც ვერ ვეახლებიო მეფეს. ხელახლა მივიდა განმგეთუხუცესი: მეფე გიბრძანებსო მოსვლას. არსაკიძე მიეახლა, საპატიო მანძილზე შედგა… მეფემ ახლოს მოსვლა უბრძანა: „შენზე ნაკლებად მამაცი ხომ არ გგონივარ, ლაზო?“
ქართული ელმედიის სასახელოდ უნდა ითქვას, ყოველდღიურად აწვდის მოსახლეობას ინფორმაციას, რომ ჩვენს ქვეყანაში „ღორის გრიპი“ გეგმაზომიერად ვითარდება; მოქალაქეები ავადდებიან, ოღონდ მსუბუქად, თანაც ისე, რომ სახლებშივე წამლობენ საკუთარ თავებს. ერთი სიტყვით, ისეთი იდილიაა, უნებლიეთ გაგახსენდება, რომ „საბჭოთა ავადმყოფი ყველაზე ჯანმრთელი ავადმყოფი იყო მთელ მსოფლიოში“ და იმის იმედიც გაგიკრთება გულში, იქნებ პოსტრევოლუციური საქართველოს ავადმყოფიც ყველაზე ჯანმრთელი ავადმყოფი იყოსო. ასეა თუ სხვაგვარად, მოარული ხმებით, „ღორის გრიპმა“ თბილისურ სკოლებშიც შეაღწია (ან, ვითომ რატომ ვერ შეაღწევდა?!), ოღონდ, იმავე მოარული ხმებით, ლოტოტრონგავლილ დირექტორებს დირექტივაც მიეცათ: „ღორის გრიპის“ ამბავი სკოლის კედლებს არ უნდა გასცდეს, თუნდაც მთელს პედკოლექტივს, თავის აღსაზრდელებიანად, ღრუტუნი აუტყდეთო. ხოლო, რაკი სკამი ტკბილია (ეს ბნელ დროს იყო: „რაც უნდა ჭირი მომკერძონო“), დირექტორებიც მორჩილად მისდევენ ინსტრუქციებს. პერიოდულად შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებიც ესტუმრებიან ხოლმე საჯარო სკოლებს: მოსწავლეებს ხელების ხშირ-ხშირად დაბანასაც ურჩევენ, აღმზრდელებს კი პირბადეებს ურიგებენ (უფასოდ!). გამომდინარე იმ გამოცდილი ჭეშმარიტებიდან, რომ „ღმერთი არ გასწირავს“, უდავოა, რომ „ღორის გრიპსაც“ მოვინელებთ, თუმცა მაინც გაუგებარია, რატომ ფიქრობენ იქ, ზემოთ, რომ ქართველი ავადმყოფიც ყველაზე ჯანმრთელი ავადმყოფი აღმოჩნდება. აქედან გამომდინარე კი, იბადება კითხვა: ჩვენი პატიოსანი გვამებიდან (თუ „ღორის გრიპზე“ არ იქნებოდნენ აცრილი) რამდენი დაიკვეხნიდა: „შენზე ნაკლებად მამაცი ხომ არ გგონივარ, მასწავლებელოო“?!