კლასიკური რეცეპტი
ერთი შეხედვით, ბანალური სიუჟეტი: ჩვენი თანამედროვე ადამიანი ხვდება ბნელ, შუა საუკუნეებში და მაშინვე გამოიგონებს დენთს. ამით ცვლის ისტორიის დინებას. თქვენ, ალბათ, გაგეღიმებათ. ვინ იცის დენთის რეცეპტი, რომელმა ჩვეულებრივმა ადამიანმა. არადა დენთის კლასიკური რეცეპტი მარტივია: ერთმანეთში უნდა შევურიოთ კალიუმის ნაფხვენი, ხის ნახშირი და გოგირდი. ეს ნარევი მშვენივრად ფეთქდება, მაგრამ ექსპერიმენტს მაინც ნუ ჩაატარებთ.
დენთის მასიური გამოყენება 3 000 წლის წინათ დაიწყო. მისი შექმნის ზუსტი თარიღი და ავტორი ჩვენთვის უცნობია. ცნობილია მხოლოდ სამშობლო – ჩინეთი. დენთით პირველად ბოროტი სულები დააფრთხეს.
დენთი საბრძოლველად პირველად ევროპელებმა გამოიყენეს. თარიღიც ცნობილია – მეთოთხმეტე საუკუნე. მისი საომარი თვისებები ბერმა ბარტოლდ შვარცმა აღმოაჩინა, რომელიც ფილოსოფიურ ქვას ეძებდა. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ სანამ ევროპა თოფს აიღებდა ხელში, აზიელები დენთით მტრის ციხესიმაგრეებს აფეთქებდნენ, მაგრამ ადამიანის მოსაკლავად არ იყენებდნენ. რაც შეეხება მძიმე არტილერიას, მისი გამოგონების იდეა არაბებს ეკუთვნით.
შვარცის ექსპერიმენტების შემდეგ გაჩნდა დენთის ქარხნები. ცეცხლსასროლი იარაღის შექმნამ ომების ბედი კარდინალურად შეცვალა. ახლა ბრძოლას იგებდა ფეხოსანი, თოფებით შეიარაღებული ჯარი და „ომის ღმერთი“ – არტილერია.
დაახლოებით, 150 წლის წინათ, ომის საქმეში კიდევ ერთი რევოლუცია მოხდა. გაჩნდა დენთი, რომელიც კვამლს არ ტოვებდა, ანუ გასროლის შემდეგ არ ჩნდებოდა გაზის მხრჩოლავი ღრუბელი. ამასთან გაიზარდა ტყვიის სიჩქარე, შესაბამისად, მისი მომაკვდინებელი ძალაც. ჯარისკაცებს უკვე შეეძლოთ, დამალულიყვნენ და ისე ესროლათ მოწინააღმდეგისთვის, ასევე შეუმჩნევლად შეეცვალათ პოზიციაც.