რომელი მცენარის დარგვა შეიძლება ზამთარში და რა დაალპობს კალანჰოეს
საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მებაღე-დიზაინერთან, თენგიზ პაპავასთან საუბრისას გავარკვიეთ, რომ, თურმე, ზოგიერთი მცენარის დათესვა ზამთარშიც კი შესაძლებელია. თუ რომელია ეს მცენარე და როგორ უნდა მოვუაროთ მას, ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
– ბატონო თენგიზ, რომელია საქართველოში ფართოდ გავრცელებული და იშვიათი მცენარე?
– ასეთი მცენარე ქართული ზამბახია. საქართველოში ის მართლაც ფართოდაა გავრცელებული. მას ულამაზესი ყვავილი და შეფოთლილი ღეროები აქვს. მისი ყვავილი ძალიან ორიგინალური და თავისებურია. ის გაზაფხულის მშვენებაა და ძირითადად გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში. ამ მცენარის ყველაზე დადებითი მხარე არის ის, რომ შეგიძლიათ, ბინაშიც გაახაროთ და ბაღშიც. ამასთანავე, გეტყვით, რომ მისი ყვავილი ლარნაკშიც ძლებს რამდენიმე დღე. თუ თქვენ სურვილი გაქვთ, გქონდეთ ზამბახი, იოლად გაახარებთ, მთავარია, სწორად შეურჩიოთ ნიადაგი და იცოდეთ მისი დათესვის პრინციპი. ზამბახი ნაკლებად პრობლემურია და, სხვა მცენარეებისგან განსხვავებით, გამორიცხულია ზამთარში მისი გაფუჭება.
– როგორ ნიადაგში ჩავრგათ მცენარე?
– ამ მცენარეს უყვარს ზედმიწევნით სუფთა და კარგად დამუშავებული ნიადაგი. მისი მიწის დამუშავებისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ ბალახისგან საფუძვლიანად გაწმინდოთ. ბაღში ჩათესვის წინ ყვავილის ჩასარგავი ნიადაგი კარგად მოფოცხეთ. ზამბახი დიდ მოთხოვნებს უყენებს ნიადაგის საკვებ ნივთიერებას. ამიტომ, სასურველია, ბოლქვი კარგად განოყიერებულ ნაკვეთზე ჩათესოთ.
– რომელი სასუქის მიწოდებას გვირჩევთ ამ მცენარისთვის?
– მისთვის საუკეთესო სასუქია გამომწვარი ნაკელი, ასევე, მინერალური სასუქები: გოგირდმჟავა ამონიუმი, სუპერფოსფატი და კალიუმის მარილი.
– რომელ თვეში უნდა ჩავრგათ ზამბახი?
– მცენარე დარგეთ რაც შეიძლება ადრე გაზაფხულზე ან ზამთარში. სასურველია, ზოლებივით ჩარგოთ მიწაში ან თქვენი სურვილის მიხედვით.
– თუ ბინაში გვინდა ზამბახის გახარება?
– ამ შემთხვევაში, ზამბახის ნიადაგი უნდა დაამზადოთ შემდეგნაირად: ორი წილი ფოთლოვანი მიწა, თითო-თითო წილი კომპოსტი და ტორფი. შეგიძლიათ, ჩარგათ ერთი-ორი ბოლქვი და სინათლეში დადგით, განსაკუთრებით – ზამთრის პერიოდში.
– ოთახის მცენარეც ზამთარში ირგვება?
– სასურველია, თუ ოთახის ზამბახს შემოდგომით დარგავთ. აპრილიდან კი, თქვენ უკვე უხვყვავილიანი მცენარე გექნებათ ბინაში.
– ძირითადად წელიწადის რომელ სეზონზე სჭირდება მცენარეს სასუქით განოყიერება?
– ზამბახს ზამთრის ბოლოს სჭირდება დამატებითი კვება. თებერვლიდან მცენარეს მიაწოდეთ მინერალური სასუქი, აყვავებამდე ორ-სამჯერ.
– როდის ყვავის ქართული ზამბახი და როგორ მოვუაროთ მცენარეს ყვავილობის პერიოდში?
– მცენარე ყვავილობას იწყებს აპრილიდან და გრძელდება აგვისტომდე. როგორც კი მცენარე ყვავილობას დაიწყებს, სასუქით კვება შეწყვიტეთ. შემოდგომამდე მცენარე თავადვე იწყებს ფოთლების ხმობას და ცვენას. ამ დროს მორწყვა უნდა შეამციროთ, ხოლო შემდეგ, დასვენების პერიოდში – თებერვლამდე – საერთოდ შეწყვიტეთ მორწვა.
– როგორ მოვუაროთ მცენარეს ზამთრის ამ თვეებში?
– ეს ორი თვე მცენარეს დასვენების პერიოდი აქვს. შეგიძლიათ, ბოლქვი ამოიღოთ, დაასვენოთ და შეინახოთ მშრალად. როდესაც ზამთარი მიიწურება, შემდეგ გადარგეთ, ოღონდ, ჩარგვის წინ ბოლქვი დაალბეთ. საქართველოში ბევრია ლამაზად მოყვავილე ზამბახი, მაგრამ პირველ ყოვლისა, საყურადღებოა მისი სახეობები: კოლხეთის ზამბახი და ყვითელი ზამბახი. თუ თქვენს სახლს ეზო არ აქვს, გული არ დაგწყდეთ, ზამბახის გახარება და მოვლა შესაძლებელია ოთახშიც, თანაც, ძალიან წარმატებულად.
– რას გვეტყვით კალანჰოეს შესახებ?
– კალანჰოე ათასგვარი ფორმის, ზომისა და ფერის არსებობს. მისი პატარა და ფერადი ყვავილები საოცარ ეფექტს ქმნის ოთახში. მიუხედავად იმისა, რომ კალანჰოეს ნაირსახეობა არსებობს, ყველას თითქმის ერთნაირი გარემო და პირობები სჭირდება.
– როგორ გარემოში გავახაროთ კალანჰოე?
– მცენარეს ძალიან უყვარს სინათლე, ამიტომ, განათებულ ადგილას დადგით. რაც უფრო რუხი ან ბუსუსიანია, მით მეტი სინათლე სჭირდება. თუ გსურთ, შეგიძლიათ, ეს მცენარე სააბაზანოშიც დადგათ. ის კომპაქტური ზომის იზრდება დაახლოებით 45 სანტიმეტრი სიმაღლის და არც დიდ ადგილს დაიკავებს თქვენს ბინაში.
– ამ ზამთარს როგორ მოვუაროთ კალანჰოეს, საჭირო ხომ არ არის მისი გამათბობელთან ახლოს დადგმა რომ არ შესცივდეს?
– მას მოსწონს ოთახის ტემპერატურა, იტანს ზამთრის სიგრილესაც და ძალიან დიდი სითბოს შექმნა მისთვის საჭირო არ არის. თუ ბინაში 10 გრადუსი სითბო მაინც იქნება, მაშინ მცენარე ზამთარს იოლად გადაიტანს. ამიტომ, ნუ ეცდებით ზამთარში მისთვის ადგილის შეცვლას. ამ სეზონზე ეცადეთ, იშვიათად მორწყათ.
– წელიწადის სხვა სეზონებზე არ სჭირდება მცენარეს უხვად მორწყვა?
– მას ბევრი წყალი არც სხვა დროს სჭირდება. გირჩევთ, მცენარის ნიადაგს შეშრობა აცადოთ მორწყვიდან მორწყვამდე. კარგია, თუ წყალს ლამბაქზე დაუსხამთ და ასე ქვემოდან მორწყავთ ხოლმე. რამდენიმე კვირაში ერთხელ მორწყეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით ან გაანოყიერეთ ნიადაგი.
– როდის ველოდოთ კალანჰოეს ლამაზ ყვავილებს?
– მისი ყვავილები გაზაფხულზე იშლება. გახსოვდეთ, რომ მცენარის დაყვავილების შემდეგ დამჭკნარი ყვავილები რეგულარულად მოაშორეთ, რათა მცენარის ლპობა არ გამოიწვიოს.