კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისთვის დააწინაურეს მონღოლებმა ეგარსლან ბაკურციხელი და იყო თუ არა იგი მამათმავალი


მონღოლთა ბატონობის პერიოდში საქართველოში იყო შემთხვევები, როდესაც პოლიტიკურ ასპარეზზე მოულოდნელად ჩნდებოდნენ ისეთი პირები, რომლებიც მართალია, მცირე ხნით, მაგრამ მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ ქვეყნის ცხოვრებაში. შემდეგ კი ასევე მოულოდნელად ქრებოდნენ. მეცამეტე საუკუნის 40-იანი წლების საქართველოში ერთ-ერთი ასეთი პიროვნება გახლდათ ეგარსლან ბაკურციხელი. სწორედ მის შესახებ გვესაუბრება ისტორიკოსი მიხეილ ბახტაძე.


მიხეილ ბახტაძე: წყაროებში არანაირი პირდაპირი ცნობა ეგარსლან ბაკურციხელის წარმომავლობის შესახებ არ მოიპოვება. ჟამთააღმწერელთან ის მეცამეტე საუკუნის 40-იანი წლების ამბების თხრობისას ჩანს. როდესაც მონღოლებმა საქართველო დუმნებად დაჰყვეს, ეგარსლანი პირველი დუმნის მეთაურად დაინიშნა. მას დაექვემდებარა: ჰერეთი, კახეთი და კამბეჩოვანი. სავარაუდოა, რომ ეგარსლან ბაკურციხელი „უგვარო„ არ იყო, მაგრამ არც დიდებულთა ყველაზე მაღალ წრეს წარმოადგენდა. მაგალითად, როგორებიც იყვნენ თორელები, მხარგრძელები, გაგელები, თმოგველები, სურამელები.

მემატიანის სიტყვებით, ეგარსლანი იყო „კაცი ღრმად მოუბარი„, მაგრამ ამავე დროს „არარათა ნიჭთა და ზნეთა სამამაკაცოთა მქონებელი„. ძალიან საინტერესოა, თუ რას უნდა ნიშნავდეს სიტყვები „არარათა ნიჭთა და ზნეთა სამამაკაცოთა მქონებელი„. მეცნიერთა ერთი ნაწილის აზრით, ეს სიტყვები სარწმუნოებისაგან განმდგარსა და ადამიანურ ღირსებებს მოკლებულს ნიშნავდა. სხვათა მოსაზრებით, ამ სიტყვების ქვეშ, მამათმავლობაც კი შეიძლება ვიგულისხმოთ. ჩვენი აზრით, სწორია ის თვალსაზრისი, რომ ეგარსლან ბაკურციხელი ცუდი სარდალი და მეომარი იყო. რადგან „მამაკაცი„ აღნიშნავს არა მარტო კაცს, არამედ აგრეთვე „მამაცს„, „გმირს„. სამამაკაცო ზნე და ნიჭი კი იქნება სიმამაცე, გმირობა, გულადობა, კარგი მეომრობა, სარდლობა და ასე შემდეგ ასეთი პიროვნების დანიშვნა დუმნისთავად კი მართლაც გასაკვირი უნდა ყოფილიყო და მხოლოდ მონღოლთა წინაშე ეგარსლანის დიდი დამსახურებით თუ აიხსნებოდა.

– როგორც არ უნდა ყოფილიყო, მონღოლები არ დანიშნავდნენ დუმნისთავად ისეთ პიროვნებას, ვისთანაც ცუდი დამოკიდებულება ექნებოდათ.

– ცხადია, ეგარსლანს მონღოლებთან კარგი დამოკიდებულება უნდა ჰქონოდა და სწორედ ამიტომ დანიშნეს ის დუმნისთავად. უფრო მეტიც, ის მონღოლთა დიდი ნდობითაც სარგებლობდა და სწორედ ამან მისცა მას საშუალება უმეფობის დროს, ფაქტობრივად, მთელი ქვეყნის თუ არა, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს გამგებელი მაინც გამხდარიყო.

მიუხედავად პრივილეგიური მდგომარეობისა და აქედან გამომდინარე, ალბათ, პირადი კეთილდღეობისაც, ეგარსლანი, სხვა ქართველ დიდებულებთან ერთად, კოხტისთავს შეიკრიბა და მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყების მომზადება გადაწყვიტა.

– განხორციელდა თუ არა ეს აჯანყება?

– მონღოლებმა, სხვებთან ერთად ეგარსლანიც შეიპყრეს, ანისში წაიყვანეს და მხოლოდ ცოტნე დადიანის თავგანწირვამ იხსნა იგი და სხვა ქართველი დიდებულებიც სიკვდილისგან. ჟამთააღმწერლის ინფორმაციიდან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ აჯანყების წარუმატებელი მცდელობის შემდეგაც, ეგარსლან ბაკურციხელი კვლავ ინარჩუნებდა პირველობას ქართველ ფეოდალთა შორის. ქართველ მემატიანეს თუ ვენდობით, ეგარსლან ბაკურციხელს მეფობის სურვილიც კი გასჩენია. ეგარსლანის განდიდებით უკმაყოფილო ქართველი ფეოდალები შანშე მხარგრძელი, ვარამ გაგელი, ყვარყვარე ჯაყელი, სარგის თმოგველი, გრიგოლ სურამელი და სხვანი, შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს, მეფედ რუმის სასულთნოში მყოფი დავით ლაშა-გიორგის ძე მოეყვანათ.

აქ, ალბათ, უნდა განვმარტოთ, რომ 1242 წელს გარდაიცვალა საქართველოს მეფე რუსუდანი. მისი ძე და ტახტის მემკვიდრე – დავითი ამ დროს ყარაყორუმში იყო წასული დიდ ყაენთან მეფედ დასამტკიცებლად. შეიქმნა ვითარება, როდესაც ქვეყანაში მეფე აღარ იყო. სწორედ ამ დროს წინაურდება ეგარსლანი.

უცნობია, თუ რა სამსახური გაუწია მან მონღოლებს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ უკანასკნელებმა ეგარსლანი დუმნისთავად დანიშნეს. ამაში არაფერი იქნებოდა განსაკუთრებული, რომ არა ერთი მომენტი, ეგარსლანი სამხედრო საქმეში „არარა ნიჭთა მქონებელი„ იყო. ასეთ პიროვნების დუმნისთავად დანიშვნა კი იმდენად გამაოგნებელი ფაქტი იყო, რომ ჟამთააღმწერელი რამდენჯერმე საგანგებოდ აღნიშნავს ამას. როგორც ჩანს, ეგარსლანმა მონღოლების დიდი ნდობა და შესაბამისად, მხარდაჭერაც მოიპოვა და ამ გზით ქართველ დიდებულთა შორის პირველობას მიაღწია. მისი პირველობა სხვათათვის მაინც მიუღებელი აღმოჩნდა. ჟამთააღმწერელი აღნიშნავს, რომ ეგარსლანის დაწინაურებას, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს ფეოდალები მტკივნეულად აღიქვამდნენ. როგორც ჩანს, დასავლეთ საქართველოში მისი გავლენა ან მეტად მცირე იყო, ანდა საერთოდ არ არსებობდა. ამას, ალბათ, ის განაპირობებდა, რომ დასავლეთ საქართველოში თავად მონღოლთა გავლენა იყო მცირე.

რა თქმა უნდა, ეგარსლან ბაკურციხელს თავისი მომხრეები ქართველ დიდებულთა წრეშიც ეყოლებოდა. თუმცა, ეგარსლანის მოწინააღმდეგე ბანაკი გაცილებით დიდი და ძლიერი იყო. მას დაუპირისპირდნენ: შანშე მხარგრძელი, ვარამ გაგელი, ყვარყვარე ჯაყელი, სარგის თმოგველი, გრიგოლ სურამელი, გამრეკელი, თორელები, ორბელები და სხვანი. აღმოსავლეთ საქართველოს ოთხი დუმნისთავი (შანშე, ვარამი, გრიგოლი, გამრეკელი) მის წინააღმდეგ გამოვიდა. ეგარსლანის მთავარი დასაყრდენი, ალბათ მაინც მისადმი მონღოლთა კეთილგანწყობა იყო. რაც შეეხება ტახტის კანონიერ მემკვიდრეს, გარკვეული როლი ამაში, ალბათ, მართლაც ეგარსლანის დაწინაურების საკითხმა ითამაშა, მაგრამ არა მთავარი და გადამწყვეტი. ისედაც ყველასათვის ცხადი უნდა ყოფილიყო, რომ სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი იყო მეფის არსებობა.

რუმის სასულთნოდან ჩამოყვანილ დავით ლაშა-გიორგის ძეს ყველა ცნობილი ქართველი ფეოდალი მიეგება, გარდა ეგარსლანისა.

– ამის მიზეზი ის იყო, რომ ეგარსლან ბაკურციხელი თავად ოცნებობდა ტახტის მფლობელობაზე?

– ძნელი სათქმელია, სერიოზულად ფიქრობდა თუ არა ეგარსლანი სამეფო ტახტის დაკავებას (როგორც ამას ჟამთააღმწერელი და ვახუშტი ბატონიშვილი წერენ), მაგრამ ცხადია, იმდენად დიდი და სერიოზული ამბიციები ჰქონდა პირველობასთან დაკავშირებით, რომ სამშობლოში დაბრუნებულ ტახტის მემკვიდრე უფლისწულს არც კი მიეგება.

როგორც ცნობილია, დავით ლაშა-გიორგის ძე საყაენოში წავიდა და მას თან – შანშე მხარგრძელის ძე ზაქარია, ვარამ გაგელის ძე აღბუღა და სარგის თმოგველი წაყვნენ. მონღოლთა ყაენის კარზე ჩასულ დავით ლაშა-გიორგის ძეს იქ თავისი მამიდაშვილი დავით რუსუდანის ძე და მისი თანმხლები პირები: ავაგ მხარგრძელი, გრიგოლ სურამელის ძე ბეგა, გამრეკელი და ბეშქენ ამირეჯიბი დახვდნენ. რა ურთიერთობა ჰქონდათ, ორივე დავითსა და მათ თანმხლებ ფეოდალებს ყაენის კარზე ყოფნისას, ასევე ეგარსლან ბაკურციხელსა და სხვა ქართველ დიდებულებს ერთმანეთთან უცნობია. სავარაუდოა, რომ ვითარება არ უნდა შეცვლილიყო.

ყველაფერი საყაენოდან ავაგ მხარგრძელის დაბრუნებამ გადაწყვიტა.

– რა მოჰყვა საქართველოში ავაგ მხარგრძელის დაბრუნებას?

– სამშობლოში დაბრუნებულ ავაგ მხარგრძელს დიდებულები შეეგებნენ და მათ შორის ეგარსლანიც. მემატიანე წერს, რომ ავაგს ეგონა ეგარსლანი ცხენიდან ჩამოვიდოდა და ისე სცემდა თაყვანს. მაგრამ, ეგარსლანი „განლაღებული იყო„ და ეს არ იკადრა. მაშინ განრისხებულმა მხარგრძელმა ეგარსლანს მათრახით ცემა დაუწყო. თავის მხლებლებს კი უბრძანა ბაკურციხელი ცხენიდან ჩამოეთრიათ. ნაცემი და შეურაცხყოფილი ეგარსლანი გააძევეს. ამის შემდეგ, მისი ბედი უცნობია. ავაგ ამირსპასალარის საქციელი – სხვა დიდებულთა თვალწინ ბაკურციხელის ცემა და გაგდება, კარგად მიუთითებს თუ როგორ სძულდათ ქართველ დიდებულებს ეგარსლანი.

ეგარსლან ბაკურციხელის მოღვაწეობის ჩვენთვის ცნობილი პერიოდი 1243-1247 წლებით განისაზღვრება. უცნობია, ჰყავდა თუ არა შთამომავლობა და რა ბედი ეწია საერთოდ მას.


скачать dle 11.3