მოგონებები თუ ხელს გიშლიან
მეხსიერება აქვს ყველა ადამიანს და ჯანმრთელი ტვინი ყოველთვის იმსახურებს ინფორმაციას. ბუნებრივია, ვერ დავადანაშაულებთ იმაში, რომ დღემდე გვაწუხებს წარსულის ცუდი მოგონებები. არ არსებობს პიროვნება, რომელსაც არ ჰქონდეს სამწუხარო მოგონება. შეცდომებისგან არავინაა დაზღვეული და ბუნებრივია, სწორედ ისინი გვახსენებენ თავს ცუდად. პიროვნული სიძლიერე გამოიხატება იმაში, თუ როგორ ვუმკლავდებით ნეგატიურ ინფორმაციას, რომელიც ჩვენს მეხსიერებაშია დალექილი. არავითარ შემთხვევაში, არ დანებდეთ მას და არ მისცეთ საშუალება, შეაფერხოს თქვენი წინსვლა. არ არსებობს გამოუვალი სიტუაციები და თუ წარსულში რაღაც ვერ გამოგივიდათ, არ ნიშნავს იმას, რომ მომავალშიც ვერაფერს მიაღწევთ. ძველი სიბრძნე გვასწავლის: „გახსოვდეს წარსული, იცხოვრე აწმყოთი და იოცნებე მომავალზე„. ანუ, მთავარია, არაფერი აურიოთ. არ იცხოვროთ წარსულით და არ იოცნებოთ დღევანდელ დღეზე. ყოველი დილა მოქმედებისთვის თენდება და გულხელდაკრეფილი არ უნდა იჯდეთ. იღბალი არ ანებივრებს იმას, ვისაც ჰგონია, რომ ყველა სიკეთე თითის გაუნძრევლად უნდა დაეყაროს თავზე.
ზოგიერთი ადამიანი საერთოდ არ ცდილობს სტრესული სიტუაციიდან გამოსვლას. მხოლოდ მოგონებებით ცხოვრობს და დასტირის საკუთარ უბედობას. არ არსებობს მარადიული უბედურება. ზუსტად ისე, როგორც არ არსებობს მარადიული ბედნიერება. წარსულში არ უნდა „გაიჭედოთ„. თუ სიყვარულში ხელი მოგეცარათ, ნუ დააბრალებთ ამას საკუთარ უიღბლობას. ნუ იფიქრებთ და იდარდებთ იმაზე, რომ არავინ აღარ შეგიყვარებთ. რომ არ უყვარხართ, ეს მისი პრობლემაა და არა თქვენი. დაივიწყეთ და თამამად იარეთ წინ. თქვენი ზეიმის დრო ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ის აუცილებლად დადგება. ბედნიერება გვერდს არ აგივლით.