ვინ არის არანორმალურად ნიჭიერი და ზედმეტად სექსუალური „ექიმი ჰაუსის“ ვარსკვლავი ოლივია უაილდის აზრით და რატომ შედგა მისი ჯვრისწერა ღია სასკოლო ავტობუსში
ჟურნალ „მაქსიმის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვით, ჰოლივუდის ეს ლამაზმანი 2009 წლის ყველაზე სექსუალურ ქალად დასახელდა და აღსანიშნავია, რომ მან უკან მოიტოვა სექსსიმბოლოებად აღიარებული: ანჯელინა ჯოლი, მეგან ფოქსი, ადრიანა ლიმა, რიჰანა და ჯენიფერ ლავ ჰიუიტი. საუბარია ამერიკული და ირლანდიური პასპორტის მქონე ოლივია უაილდზე, მეგაპოპულარული „ექიმი ჰაუსის“ ვარსკვლავზე, ჰიუ ლორის გმირის მიერ „მეცამეტედ“ წოდებულ მედიკოსზე, რომლის პერსონაჟმა ახალი ინტრიგები და განსხვავებული ინტერესი გაუჩინა სერიალის მაყურებლებს.
ოლივია ჯეინ უაილდი 1984 წელს დაიბადა ნიუ-იორკში, ლესლი და ენდრიუ ქიობერნების ოჯახში, რომელსაც რთულია უწოდო ტრადიციული. მისი მშობლები ამერიკაში ცნობილი ჟურნალისტები არიან, ლესლი გადაცემა „60 წუთის“ პროდიუსერი, ხოლო ენდრიუ პოლიტიკური სტატიებისა და წიგნების ავტორია. როდესაც ოლივიას მშობლები მივლინებით არ იმყოფებოდნენ ავღანეთში, ერაყში ან კოლუმბიაში (ისინი ძირითადად მსოფლიოს ცხელ წერტილებში მუშაობდნენ), მათ სახლში, ჯორჯთაუნში ბოჰემური საღამოები იმართებოდა, რომლებსაც მხოლოდ განსაზღვრული სოციალური ფენის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. „ექიმი ჰაუსის“ ვარსკვლავის დედა იხსენებდა, რომ ბავშვობაში ოლივია ყოველთვის ინტერესდებოდა ამ საღამოებით და ერთხელ მან მსახიობ რიჩარდ ჰოლბრუკისა და „როლინგ სთოუნზის“ მუსიკოსის, მიკ ჯაგერის ლაპარაკის მოსმენაც კი სცადა. თუმცა, ლეგენდარულმა მიკმა შეამჩნია პატარა გოგონა, რომელიც კედლის უკან იმალებოდა და ხელში აყვანილი შეიყვანა ოთახში და საწოლში დააწვინა. სხვათა შორის ოლივია, რომელმაც ფსევდონიმი ოსკარ უაილდის საპატივსაცემოდ აიღო, დღემდე ამაყობს ამ ფაქტით და საკუთარ თავს ერთადერთ ადამიანად მიიჩნევს მსოფლიოში, რომელიც თვით მიკ ჯაგერმა ჩააწვინა ლოგინში და „იავნანა“ უმღერა.
პროფესიული საქმიანობის გამო, ოლივიას ოჯახი ხშირად იცვლიდა მისამართს და ამის გამო მომავალმა ვარსკვლავმა რამდენიმე სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი გამოიცვალა. თავდაპირველად, ის ჯორჯთაუნის „დეი სქულში“ დადიოდა, შემდეგ მასაჩუსეტსის შტატის „ფილიპს აკადემიაში“ განაგრძო სწავლა. დაბოლოს, ოჯახის ირლანდიაში გადაბარგების შემდეგ, ოლივიამ, რომელმაც მსახიობობა ორი წლის ასაკში გადაწყვიტა, დუბლინის „გეითი სქულ ოფ ექტინგში“ გაიარა სამსახიობო კურსები. ცნობისათვის, ოლივიას, ბაბუა ევროპაში ცნობილი, ირლანდიელი ნოველისტი და ჟურნალისტი კლოდ ქიობერნია, ხოლო პოპულარული დეტექტივების ავტორი სარა კოდუელი – მისი ახლო ნათესავი.
ამერიკაში დაბრუნების შემდეგ ოლივიამ ჰოლივუდის დაპყრობა გადაწყვიტა და მშობლების დახმარებით, თავდაპირველად, ქასთინგების დირექტორის თანაშემწის ადგილზე მოეწყო ერთ-ერთ სტუდიაში. იქ ყოველდღიურად ათასობით ფოტოსურათს ათვალიერებდა და საინტერესო ტიპაჟების ძებნით იყო დაკავებული. ასე გაგრძელდებოდა მანამ, სანამ პროდიუსერები მისით არ დაინტერესდნენ და „ფოქსის“ არხზე, მართალია წარუმატებელ, მაგრამ დამწყები მსახიობისთვის ბრწყინვალე სატრამპლინო სერიალ – „სქინში“ მიიწვიეს. 2003-2007 წლებში ოლივიამ რამდენიმე წარმატებულ ბლოკბასტერში ითამაშა, ესენია: „მეზობელი გოგონა“, „ალფა დოგი“, სისხლიანი თრილერი „ტურისტები“ და კინაღამ ბონდის გოგონას როლს გამოჰკრა ხელი ფილმში „კაზინო როიალი“. თუმცა, საბოლოოდ ის კიდევ ერთ ახალგაზრდა მსახიობ ევა გრინს ერგო. წარმატებული გამოდგა ასევე, მისი როლი სერიალ „მარტოხელა გულებში“. მაგრამ, რასაც ნამდვილი სუპერ-პოპულარობა და მაყურებლის სიყვარული ჰქვია, ოლივიას გახმაურებულ „ექიმ ჰაუსში“, ჰანთინგტონის დიაგნოზით დაავადებული ბისექსუალი ექიმის – რემი ჰედლის ანუ გრეგორი ჰაუსის მიერ წოდებულ, „მეცამეტეს“ როლის შესრულების შემდეგ ერგო. თავის პარტნიორს „ექიმი ჰაუსის“ გადასაღებ მოედანზე, განუმეორებელ ჰიუ ლორის, ოლივია ასეთი სიტყვებით ახასიათებდა ერთ-ერთ ინტერვიუში: „ის არის არანორმალურად ნიჭიერი და ზედმეტად სექსუალური. გვერდს რომ ჩავუვლი, იმ მომენტში ვერაფერზე ვეღარ ვფიქრობ და ერთადერთი, რაც გამომდის ეს ჩუმი კვნესაა, რომელიც ჩემს ბაგეებს სწყდება“.
თავისი მეუღლე – ტაო რისპოლი, პროდიუსერი და მუსიკოსი, ოლივიამ ლოს-ანჯელესში გადაბარგების შემდეგ გაიცნო. ხანგრძლივი ურთიერთობის შემდეგ, ისინი დაქორწინდნენ. ჯვრისწერის ცერემონიამ, ღია სასკოლო ავტობუსში, ჰიპების სტილში ჩაიარა და მას მხოლოდ ძალიან ახლობელი ადამიანები ესწრებოდნენ. სხვათა შორის, ოლივია უაილდი ყოველ ინტერვიუში ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მისი მეუღლე ტაო რისპოლი, იტალიური არისტოკრატული ოჯახის შთამომავალია. მამამისი – დადო რისპოლი, იტალიელი პრინცია, რომელიც მეგობრობდა სალვადორ დალისთან, მარლონ ბრანდოსთან და მიკ ჯაგერთან. საინტერესოა, რომ რისპოლების ოჯახს გარკვეული პრობლემები ჰქონდა ნარკოტიკებთან და ამასთან დაკავშირებით ტაომ ფილმის გადაღება გადაწყვიტა. 2009 წლის ნოემბრის ბოლოს კინოეკრანებზე გამოვიდა დამოუკიდებელი დრამა „ფიქს“, რომელიც ნარკოტიკების პრობლემას ეხება და სადაც მთავარ როლს „ექიმი ჰაუსის“ ვარსკვლავი, ოლივია უაილდი ასრულებს.
კინოს გარდა ოლივია უაილდი აქტიურად არის ჩართული ამერიკულ პოლიტიკაში და თავის პარტნიორთან, კალ პენთან ერთად „ექიმი ჰაუსიდან“, იგი მხარდაჭერას უცხადებდა ამერიკის ახლადარჩეულ პრეზიდენტს ბარაკ ობამას და მონაწილეობდა სხვადასხვა სახის სააგიტაციო პროგრამებში. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ბარაკ ობამამ პირადად დაურეკა ოლივია უაილდს და მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.